სამეცნიერო სტატიები
ფესვის გალიანი ნემატოდები-Meloidogyne spp
ამჟამად Meloidogyne-ს გვარის 90-ზე მეტი სახეობაა აღწერილი. მათი უმეტესობა პოლიფაგი და მნიშვნელოვანი ენდოპარაზიტია. გალიანი ნემატოდები გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და მსოფლიოს ყველა ზომიერ ზონაში. მათი მავნეობა ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით დახურულ გრუნტში მებოსტნეობის სასათბურე მეურნეობებში. Meloidogyne-ს სახეობები ძალზე სერიოზული მავნებელია მთელს მსოფლიოში. ევროპაში ახლახანს გამოვლენილი M. Chitwoodi და M. Fallax - საკარანტინო პარაზიტული მავნებელია, ასევე საქართველოსთვის და შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო კონტროლის ზომებს. საქართველოში გხვდება, როგორც ღია ასევე დახურულ გრუნტში გალიანი ნემატოდების შემდეგი სახეობები: Meloidogyne incognita - სამხრეთ გალიანი ნემატოდა, M.hapla - ჩრდილოეთის გალიანი ნემატოდა, M.arenaria - არაქისის გალიანი ნემატოდა, M.javanica და M.acrita - ბამბის გალიანი ნემატოდა. გალიანი ნემატოდას ზრდასრული მდედრი წარმოადგენს მსხლისებრი ფორმის, პრიალა ზედაპირის მქონე პარკს. მისი წინა ნაწილი წაგრძელებულია კისრის მაგვარად, რომლის ბოლოში მოთავსებულია პირის ხვრელი. სხეულის უკანა ნაწილი ოვალური ან სფერულია, ბოლოში მომრგვალებულია.ზრდასრული მდედრის სიგრძე ჩვეულებრივ 800-1000 მიკრონია, სიგანე 500-600 მიკრონი. ზომები იცვლება გეოგრაფიული ზონის და მკვებავი მცენარის მიხედვით. გალიანი ნემატოდა კვერცხებს დებს საკვერცხე პარკში - ოოთეკაში. ლარვის საბოლოო ფორმირება ემბრიონის განვითარების ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია. ხელსაყრელ პირობებში გრძელდება 8-17 დღე. საბოლოოდ ფორმირებული ლარვა კვერცხშივე იცვლის კანს და ამის შემდეგ გამოდის კვერცხის გარსიდან უკვე მეორე ასაკის ე.წ. წინაპარაზიტული ანუ ინვაზიური ლარვა.მეორე ასაკის ლარვა ერთადერთი ინვაზიური სტადიაა, აქვს მოძრაობის უნარი, იჭრება მცენარის ფესვში, გადაადგილდება და თავსდება შერჩეულ ადგილას, სადაც მისი შემდგომი პოსტემბრიონალური განვითარება მიმდინარეობს. კარგავს მოძრაობის უნარს და იწყებს გასქელებას. პარაზიტული ლარვის განვითარება მიმდინარეობს მცენარის ქსოვილში და მისთვის შესაფერის, ხელსაყრელ პირობებში მესამე და მეოთხე სტადიების განვითარება სწრაფად მიმდინარეობს. გალიანი ნემატოდების განვითარებაში 4 ასაკია, მაგრამ მათგან 3 რუდიმენტულია. გალიანი ნემატოდებისთვის უმთავრესია ეკოლოგიური ფაქტორები. ნემატოდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ტემპერატურა და ტენი. მათი ზემოქმედება ხდება ნიადაგის ან მცენარის მეშვეობით. ტემპერატურულ პირობებს შეუძლია ხელი შეუწყოს ან შეაკავოს ფიტოპარაზიტული ნემატოდების განვითარება-გამრავლებას და შესაბამისად იმოქმედოს მავნეობის სიძლიერეზე. ტენს, რაც შეეხება მისი საკმარისი რაოდენობა საჭიროა ნემატოდის გადაადგილების და არსებობისათვის. გამომშრალ ნიადაგში ნემატოდების მოქმედება წყდება, ისინი ან იღუპებიან ან ანაბიოზურ მდგომარეობაში გადადიან. გალიანი ნემატოდის ლარვამ თუ მოასწრო მცენარეში შეჭრა და განვითარების დაწყება, მაშინ ტენის ნაკლებობა მასზე მოქმედებს მცენარის მეშვეობით, რადგან მელოიდოგინეზით დაავადებული მცენარე თავად განიცდის ტენის ნაკლებობას მასში წყლისა და საკვები ნივთიერებების მიმოქცევის დარღვევის შედეგად. ცნობილია, რომ ინვაზიური ლარვები ძირითადად იჭრებიან ახალგაზრდა მცენარის ფესვებში ზრდის კონუსთან ახლოს. მაგრამ იჭრებიან ასევე ძველ ფესვებშიც. ნემატოდა სტილეტით ჩხვლეტასთან ერთად უჯრედში უშვებს ე.წ. ნერწყვს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა უჯრედის წვენის ნემატოდასათვის ადვილად შესათვისებელ ფორმად გარდაქმნა, მაგრამ რამდენადაც ეს გამონაყოფი შეიცავს პექტოლიტურ და პროტეოლიტურ ფერმენტებს, როგორც ორგანიზმში შეჭრილი უცხო ცილა, მოქმედებს პატრონ მცენარის მეტაბოლიტურ პროცესებზე. მცენარის პირველი რეაქცია ფესვში გალიანი ნემატოდას ლარვის შეჭრაზე, ეს არის ფესვის გასქელება ანუ გალის წარმოქმნა, რაც დაკავშირებულია ნემატოდას ეგზოფერმენტულ მოქმედებასთან. გალიანი ნემატოდისთვის გალი არის საცხოვრებელი გარემო, რომელიც იცავს მას გარესამყაროს არახელსაყრელი გავლენისაგან, ამარაგებს საკვები ნივთიერებებით, უზრუნველყოფს მის განვითარებას და გამრავლებას. მცენარის მიწისზედა ნაწილებში ამ დროს წყლისა და საკვები ნივთიერებების სინთეზური პროცესები ნელდება, რაც იწვევს მცენარის დასუსტებას, საბოლოოდ მოსდევს ფესვში სხვადასხვა მიკროორგანიზმების შეჭრა და დაავადების გარღმავება, მცენარის ნაადრევი დაღუპვა. ნემატოდებსა და მცენარეებს შორის შეიძლება მოხდეს სამი ძირითადი ურთიერთქმედება: 1) ნეიტრალური(იმუნური), ინფექციის გარეშე;2) თავსებადი(შესაფერისი მასპინძელი)ნემატოდების რეპროდუქციასთან;3) შეუთავსებელი (შეუფერებელი მასპინძელი), ნემატოდების შემცირებული რეპროდუქციით (რეზისტენტული რეაქცია). რეკომენდაციები:• სარწყავი სისტემის ტიპის გათვალისწინება (არ არის სასურველი მიგდებით მორწყვა, რაც მავნებლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს);• მექანიკური იარაღების დეზინფექცია;• სარგავი-სათესი მასალის გამძლე ჯიშებით ან ჰიბრიდებით ჩანაცვლება;• ხშირი თესლბრუნვები;• გალიანი ნემატოდისადმი მიმღებიანი კულტურები თესლბრუნვიდან ამოღებული უნდა იქნეს არანაკლებ 4-5 წლით;• მცენარის გაძლიერება საკვები ნივთიერებებით;• ნიადაგის გასუფთავება ზეტმეტი მცენარეული ნარჩენებისა თუ სარეველა მცენარეებისაგან;• დაინვაზირებული მცენარეების ამოძირკვა და განადგურება;• ნიადაგის ხშირი გაფხვიერება;• ფუმიგაცია, ნემატოციდების გამოყენება და სხვა. სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვის ღონისძიებების სწორად წარმათვისა და პროდუქციის დანაკარგების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია წინასწარ იქნას ნიადაგი და სარგავ-სათესი მასალა შემოწმებული ფიტოჰელმინთებზე, რაც აგარიდებთ თავიდან გაუთვალისწინებელ, ზედმეტ ხარჯებს. ავტორები: ნინო ბადალაშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის, ენტომოლოგიის ლაბორატორიის უფროსინინო ნაზარაშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის, ენტომოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი
კივის სარეველები
კივი (აქტინიდია) სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლის ლიანასებრი, ფოთოლმცვენი, ხეხილოვანი მცენარეა, მისი სამშობლო ჩინეთია, იგი ჩინეთის მეფეებისთვის დელიკატესს წარმოადგენდა. პირველად კივი ბრიტანელებმა იგემეს. 1906 წელს ახალმა ზელანდიელებმა ამ მცენარის თესლი მოიპოვეს, სწორედ მათ უწოდეს აქტინიდიას კივი, რადგან ამ ქვეყნის სიამაყეს, უცნაურ, უფრთო და უკუდო ჩიტს მიამსგავსეს. ევროპაში მას „ჩინურ ხურტკმელს“ უწოდებენ. ჩვენთან იგი ახალი სუბტროპიკული კულტურაა და ფართო გავრცელება ჰპოვა აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში და აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში. აქტინიდიის კულტურა საქართველოში მე-20 საუკუნის 80-იან წლებში შემოვიდა. დღეისთვის საქართველოში კივის ფართობების მთლიანი რაოდენობა 250 ჰექტარს, საშუალო მოსავლიანობა 15-20 ტონაა ჰექტარზე. ნაყოფი კარგად ინახება ხილსაცავებში ან მაცივრებში.კივი მდიდარია ვიტამინებით (C, PP, B1, B6, B12, A, E) და მიკროელემენტებით (I, Mg, K), შეიცავს ფერმენტებს, მინერალურ მარილებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რბილობი არომატული, წვნიანი და გემრიელია. აქტინიდიას ბაღებში გავრცელებულია ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველა მცენარეები: ბურჩხა (Echinochloa Crus-galli (L.) R. et Sch.), ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia L.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca (L.) P. B.), ცხენისკუდა (Erigon canadensis L.), გვირილა (Pyrethrum L.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense (L.) Scop.), ჩაქვის ბალახი (Pollinia imberbis Nees), ტყის ჭორტანა (Commelina communis L.), გვიმრა (Dryopteris L.), მაყვალი (Rubus L.), გლერტა (Cynodon dactylon (L.) Pers.), ანწლი (Sambucus ebulus L.), ეკალღიჭა (Smilax excelsa L.), მჟაუნა (Rumex acetosa L.), ქასრა (Calamagrostis epigeios L.), ლაკარტია (Paspalum digitaria Poir.), ოშოშა (Glechoma hederacea L.), ჩვეულებრივი მატიტელა (Polygomun aviculare L.) და სხვა. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.ცხენისკუდა - Erigeron canadensis L.ერთწლიანი ბალახოვანი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო - სწორმდგომი, მწვანე, მარტივი, ზედა ნაწილში დატოტვილი, შებუსული, 15-150 სმ სიმაღლის; ფოთლები - ლანცეტისებური, მწვანე, შებუსული; ყვავილი ღია ყვითელი, 2.5-3 მმ, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლურა ლანცეტისებური, მოყვითალო, სიგრძე 1.2-1.5 მმ, სიგანე 0.2-0.3 მმ, ქოჩრის სიგრძე 2.5-3 მმ. ჩაქვის ბალახი - Pollinia imberbis Neesერთწლიანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, აქვს რძელი, წვრილი ფესვები; ღეროს სიგრძე 40-100 სმ, დატოტვილი, აღმავალი, შეუბუსავი; ფოთლები ლანცეტისებური, სუსტად შებუსული, მწვანე; ყვავილედი - თავთავი, ლანცეტისებური, 4,5-6 მმ სიგრძის, ყვავილობს ზაფხულის ბოლოს; მარცვალი - ელიფსური, მოყვითალო-მოწითალო, ზომით 2.8-3 მმ, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. ტყის ჭორტანა, კომელინა - Commelina communis L.ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა კომელინისებრთა ოჯახიდან; ფესვი - ფუნჯა; ღერო - დატოტვილი, მხოხავი, 15-40 სმ-მდე სიმაღლის; ფოთლები - კვერცხისებურ-ლანცეტისებური, მჯდომარე, მორიგეობით განლაგებული, ყვავილი - ცისფერი, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; ნაყოფი - ორბუდიანი კოლოფი, თესლი - კვერცხისებური, სამწახნაგიანი, ბორცვიანი ზედაპირით, მონაცრისფრო - ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.5 მმ, სიგანე 1.5-2.5 მმ, აღმოცენების უნარს ექვს წლამდე ინარჩუნებს. ქასრა - Calamagrostis epigeios (L.) Roth.მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ფესურა - მხოხავი; ღერო - სწორმდგომი, 80-150 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა, ბრტყელი, უხეშხაოიანი, მონაცრისფრო-მწვანე; ყვავილედი - საგველა, 20-30 სმ სიგრძის, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; თესლის სიგრძე 1-2 მმ, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ოშოშა - Glechoma hederacea L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა, შეიცავს ალკალოიდებს, დამახასიათებელია სპეციფიკური სუნი; ფესურა - მხოხავი, წვრილი, მოკლე ფესვებით; ღერო - მხოხავი, ოთხწახნაგიანი, ოდნავ შებუსული, 20-50 სმ სიმაღლის, მიწასთან შეხებისას ფესვიანდება; ფოთლები - მომრგვალო თირკმლისებური, გრძელი ყუნწით, მოპირდაპირედ განლაგებული, გლუვი, ოდნავ შებუსული; ყვავილები - მცირე ზომის, ორტუჩა, იასამნისფერი ამ მოცისფრო იასამნისფერი, რამდენიმე ერთად 3-4 შეკრული ფოთლის უბესთან, ყვავილობს ზაფხულის პირველ ნახევარში; ნაყოფი - ყავისფერი, კვერცხისებური კაკლუჭა, სიგრძე 2 მმ, მწიფდება აგვისტოში. ყვითელი ძურწა - Setaria glauca (L.) P. B.ერთწლიანი, მარცვლოვანი, საგაზაფხულო სარეველა მცენარეა, გვალვაგამძლე; ფესვი - ფუნჯა, ღერო - სწორმდგომი, სიმაღლით 10–60 სმ; ფოთლები - ხაზურ-ლანცეტისებური, მოყვითალო-მომწვანო; ყვავილედი - თავთავი, მოყვითალო, სიგრძით 4-6 სმ; მარცვალი - კვერცხისებურ-ოვალური, მოყვითალო-მომწვანო ან მუქი ყავისფერი, განივად დანაოჭებული ზედაპირით, სიგრძე 2-2.75 მმ, სიგანე 1.5-1.75 მმ, სიცოცხლისუნარიანობა 30 წელია. ეკალღიჭა - Smilax excelsa L.მრავალწლიანი, მარადმწვანე, ხვიარა, ბუჩქოვანი, მცენარეა 30-50 სმ სიმაღლის, აქვს ძლიერი ფესურა, ფესვები ვრცელდება 1 მ-მდე, ღერო დაფარულია ეკლებით, ფოთლები სამკუთხა-კვერცხისებრი ან მორგვალო-კვერცხისებრი, ფუძე გულისებრი, რკალური დაძარღვით, წაწვეტებული, ყუნწიანი, დახასიათებელია ორი ულვაში, ყვავილი თეთრი, პატარა, შეკრული ქოლგად, ნაყოფი მრგვალი, წითელი კენკრაა. ჩვეულებრივი მატიტელა - Polygonum aviculare L.ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა წიწიბურასებრთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - 10-80 სმ სიგრძის, გართხმული, ძლიერ დატოტვილი, რომელიც ყვავილობის შემდეგ მაგრდება; ფოთლები - ელიფსური, მორიგეობით განლაგებული; ყვავილები წვრილი, ყვავილობს აპრილიდან შემოდგომის ბოლომდე, ინტენსიურად - ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - კაკლუჭა შავი ან ყავისფერი, სამწახნაგოვანი, ზედაპირი წვრილმარცვლოვანი, სიგრძე 2.25-3 მმ, სიგანე 1-1.75 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 2000 თესლი, მწიფდება ივლის-სექტემბერში, აღმოცენების უნარს ხანგრძლივად ინარჩუნებს. მინდვრის ნარი - Cirsium arvense L. Scop.მრავალწლიანი, ორლებნიანი, აბეზარი, ფესვნაყარი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; მცენარე იზრდება დაახლოებით 1.5 მეტრამდე; ფესვი 4-6 მ სიღრმეს აღწევს; ღერო - სწორმდგომი, ეკლიანი, ფოთლები - ეკლიანი, დაკბილული, ყვავილი - მოვარდისფრო-იასამნისფერი; ნაყოფი - თესლურა, ქოჩრით, უკუკვერცხისებური, წენგოსფერი მოყვითალო, ან ყავისფერი, სიგრძით 3 მმ. ერთი მცენარე 50 000 თესლს იძლევა. ავტორები: მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სარეველა მცენარეები
დასავლეთ საქართველოს ტენიანი სუბტროპიკული კლიმატი, პერიოდული ყინვიანი ზამთარი, ნალექების უხვი რაოდენობა ხელს უწყობს მცენარეული საფარის და მათ შორის სარეველა მცენარეების მრავალფეროვნებას.ქვემოთ მოცემულია დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სარეველა მცენარის მოკლე დახასიათება. ბოსტნის ია - Veronica persica Poir.ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან; ღერო - მხოხავი, სუსტი, დატოტვილი, ცილინდრული, შებუსული, 10-70 სმ სიგრძის; ფოთოლი - მოპირდაპირედ განლაგებული, კვერცხისებური, ზედა - მჯდომარე, დანარჩენი - ყუნწიანი, დაკბილული; ყვავილი - ცისფერი, 15 მმ დიამეტრის, ყვავილობს გაზაფხულ-ზაფხულში; ნაყოფი - კოლოფი, თესლი მოგრძო, სუსტად დანაოჭებული, სიგრძე 1.5-2.5 მმ. საპონელა - Anagallis arvensis L.ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა, განსაკუთრებით შხამიანია ფესვები, რადგან შეიცავს საპონინებს. ფესვი - მთავარღერძა, წვრილი; ღერო - მხოხავი, 5-30 სმ სიგრძის; ფოთლები - მოპირდაპირედ მჯდომარე, კიდემთლიანი; ყვავილები - წითელი, ცისფერი ან თეთრი, ვითარდება ფოთლის უბესთან, დიამეტრით 10-15 მმ; ნაყოფი - კოლოფი, მომრგვალო, ერთბუდიანი, თესლი მცირე ზომის, მწიფდება აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე. გოქშო - Dipsacus laciniatus L.ორწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა ცხრატყავასებრთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, წახნაგოვანი, ეკლიანი, 50-150 სმ სიმაღლის; ფოთლები: ფესვთანური - მოკლეყუნწიანი, მოგრძო-კვერცხისებრი, ფრთისებრდანაკვთული ან დაკბილული, ღეროსეული - მჯდომარე, მოპირდაპირედ განლაგებული, მოგრძო, ეკლიანი; ყვავილედი - თავაკი, 5-8 სმ სიგრძის, ყვავილი ღია იასამნისფერი ან თეთრი, სიგრძე 13 მმ, ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფს იძლევა სექტემბერში.დედაფუტკარა - Stachys L.მრავალწლიანი, ფესურიანი, შხამიანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, მეჩხერი ბუსუსებით დაფარული, სიმაღლით 35-120 სმ, ფოთოლი - მოგრძო ელიფსური ან ლანცეტა, მორიგეობით განლგებული; ყვავილები - მოწითალო - იასამნისფერი, რთული, თავთავისებრ ყვავილედებად შეკრებილი, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი - მუქი ყავისფერი, კვერცხისებრი, 1.5 მმ, მწიფდება აგვისტოში. აბზინდა - Artemisia absinthium L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, ახასიათებს სპეციფიკური სუნი და მწარე გემო. ფესვი - ფუნჯა; ღერო - სწორმდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი, ცილინდრული, 1 მ სიმაღლის, მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი; ფოთლები - ფესვთან განლაგებული სამჯერ ფრთისებრგანკვეთილია, ღეროს ფოთლები - ორჯერ ფრთისებრგანკვეთილი, ზედა ფოთლები სამნაკვთიანი ან მთლიანი, მორიგეობით განლაგებული; ყვავილედი - კალათა, სფეროსებური, 2.5-3.5 მმ დიამეტრით, ყვავილი ყვითელი, წვრილი, მილისებური, ყვავილობს ივნის-ივლისში; თესლურა ყავისფერი, მოგრძო ცილინდრული, 1 მმ, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. გამოიყენება მცენარეთა დაცვაში, ხალხურ ვეტერინარიასა და მედიცინაში. ორკბილა - Bidens tripartita L.ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, წვრილი; ღერო - ერთეული, სწორმდგომი, მოწითალო, 60-90 სმ; ფოთლები - მოპირდაპირე, მოკლე ყუნწით, სამნაკვთიანი, ლანცეტისებური, კიდედაკბილული, შიშველი მუქი მწვანე; ყვავილედი - კალათა, 1.5 მმ დიამეტრის, ყვავილი ყვითელი, ყვავილობს ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე; თესლურა - უკუკვერცხისებრი, ყავისფერი, 2 ქაცვით, ჭიპი შეჭყლეტილი, ოვალური, სიგრძე ქაცვების გარეშე 5-8 მმ, სიგანე 2-3 მმ, ქაცვების სიგრძე 3-4 მმ, თესლი მწიფდება სექტემბრის ბოლოს ოქტომბერში, ერთ მცენარეზე ვითარდება 250 თესლი. ეწრის გვიმრა - Pteridium tauricum Presl. V. Kreez.მრავალწლიანი, სპოროვანი, ფესურიანი, ძნელად აღმოსაფხვრელი მცენარეა გვიმრასებრთა ოჯახიდან, რომლის სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ფესურა - მხოხავი, ფოთოლი - 2-3-ჯერ ფრთისებრდანაკვთული, ქვედა მხარე წითური ხშირი ბუსუსებითაა შებუსული, მრავლდება ფესურითა და სპორებით. სპორები ივლის-აგვისტოში მწიფდება.ლიკოპოდიუმი - Lycopodium clavatum L.მრავალწლიანი, მარადმწვანე, ბალახოვანი მცენარეა ლიკოპოდიუმისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 30-50 სმ; ღერო და ტოტები მრავალრიცხოვანი, წვრილი, ლანცეტა ფოთლებით აქვს დაფარული, გრძელი, მხოხავი ღეროები მიწაზე თოკების მსგავსად დევს და ალაგ-ალაგ ფესვებითაა მიმაგრებული, ღეროს სიგრძე 1-3 მ, ღეროზე ამოდის განსაკუთრებული, მოგრძო, 2-3 თავთავისებრი წარმონაქმნით დაბოლოებული ტოტები, ამ თავთავებში სპორები ივლის-აგვისტოში მწიფდება. მთის ჩადუნა - Dryopteris filix mas (L.) Schott.გვიმრასებრთა ოჯახის წარმომადგენელია, 1 მ-დე სიმაღლის სპოროვანი, ფესურიანი, მრავალწლიანი მცენარეა, ფესურა კარგად აქვს განვითარებული და ძველი ფოთლების ყუნწების ძირებსა და მრავალ თხელშრიან ქერქშია გახვეული, მიწის ზემოთ განვითარებული ღერო არ გააჩნია; ფოთლები დიდი ზომის, კენტფრთართული, ფესვის ყელთა ჯგუფურადაა შეკრებილი, ახალგაზრდა ფოთლები სპირალურადაა დახვეული და ზრდისას თანდათან სწორდება, ძლიერ შხამიანი მცენარეა; მცენარეთა დაცვაში გამოიყენება ნემატოდების წინააღმდეგ. ოქროწკეპლა - Solidago virgaurea L.მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო - სწორმდგომი, შეფოთლილი, შებუსული, 30-100 სმ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობითი, ელიფსური, კიდედაკბილული; ყვავილედი - კალათა, 10-15 მმ, ყვავილი ყვითელი, ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე, თესლი მწიფდება ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე; თესლურა - ცილინდრული, 3-4 მმ, შებუსული, მუქი ფერის ქოჩრით 4-5 მმ სიგრძის. ყვავილის მტვერი ალერგიის გამომწვევია. ტყის ჭორტანა, კომელინა - Commelina communis L.ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა; ფესვი - ფუნჯა; ღერო - დატოტვილი, მხოხავი, 15-40 სმ-მდე სიმაღლის; ფოთლები - კვერცხისებურ-ლანცეტისებური, მჯდომარე, მორიგეობით განლაგებული, ყვავილი - ცისფერი, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; ნაყოფი - ორბუდიანი კოლოფი, თესლი - კვერცხისებური, სამწახნაგიანი, ბორცვიანი ზედაპირით, მონაცრისფრო - ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.5 მმ, სიგანე 1.5-2.5 მმ. ასარევლიანებს ხორბლეულს, წიწიბურას, სელს, ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურებს, ბოსტანს, ბაღებს. შვიტა - Equisetum L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა შვიტასებრთა ოჯახიდან; იზრდება ნოტიო ნიადაგზე; ფესურა მცოცავი, რუხი მოშავო; ღერო მკრთალი წაბლისფერი, 15-30 სმ სიმაღლის; ყვავილები არ აქვს; მრავლდება ფესურით და სპორებით, რომლებიც აპრილ-მაისში მწიფდება; თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული; ძნელად ამოსაძირკვი სარეველაა.ჩაქვის ბალახი - Pollinia imberbis Neesერთწლიანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, აქვს გრძელი, წვრილი ფესვები; ღეროს სიგრძე 40-100 სმ, დატოტვილი, აღმავალი, შეუბუსავი; ფოთლები ლანცეტისებური, სუსტად შებუსული, მწვანე; ყვავილედი - თავთავი, ლანცეტისებური, 4.5-6 მმ სიგრძის, ყვავილობს ზაფხულის ბოლოს; მარცვალი - ელიფსური, მოყვითალო-მოწითალო, ზომით 2.8-3 მმ, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.ლურჯი ნარი, ლურჯეკალა - Eringium coeruleum M. B.მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, შეუბუსავი, მოლურჯო, ზემოთ დატოტვილი, 50-მდე სიმაღლის; ფოთლები - მთლიანი ან ფრთისებრდანაკვთული, ტყავისებური, ეკლიანი; ყვავილი - პატარა, მოლურჯო-ცისფერი; ნაყოფი დაფარული ქერქლით.ხებალახა - Solanum dulcamara L.მრავალწლიანი შხამიანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 30-180 სმ, აქვს ფესურა; ღერო - გრძელი, კუთხოვანი, დატოტვილი, სუსტად შებუსული; ფოთოლი - მორიგეობით განლაგებული, მოგრძო-კვერცხისებრი, ბოლოწაწვეტებული, მთლიანი, აქვს არასასიამოვნო სუნი; ყვავილი - იასამნისფერი, იშვიათად თეთრი ან ვარდისფერი, ყვავილობს მაის-აგვისტოში; ნაყოფი - კენკრა, კვერცხისებური ან ელიფსური, წითელი, მბზინავი, მრავალთესლიანი, დიამეტრით 1 სმ, თესლი მრგვალი, ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი, გვერდებთან შეჭყლეტილი, სიგრძე 1.75-2.25 მმ, სიგანე 1.5-1.75 მმ, მწიფდება ივლის-სექტემბერში; ასარევლინებს ჩაის პლანტაციებს, ბაღებს და სხვა. ლაკარტია - Paspalum digitaria Poir.მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესურა - მოკლე, მხოხავი; ღერო აღმავალი, 10-50 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა; ყვავილედი - თავთავი, ყვავილობს აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე; კილიანი მარცვალი - კვერცხისებური, გლუვი, მბზინავი, სიგრძეზე სუსტად დაღარული (დანაოჭებული), ღია ყვითელი, ზოგჯერ ღია ნაცრისფერი, სიგრძე 2-2.25 მმ, სიგანე 1.25 მმ; თესლი (მარცვალი) - ოვალურ-კვერცხისებური, ზურგის მხრიდან ამობურცული, მუცლის მხარეს - შეწეული, ყავისფერი. ასარევლიანებს სიმინდს, ჩაის პლანტაციებს, ბრინჯს. ნესტიან პირობებში მცენარე ავადდება სოკოვანი დაავადებით - ჭვავის რქა (Claviceps paspali ), პირუტყვი დაავადებული ლაკარტიათი ჭამისას ავადდება „ბანდალათი“. გალინსონგა - Galinsoga parviflora Cav.ერთწლიანი, ბალახოვანი, ფართოფოთლიანი, საგაზაფხულო სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ღერო - სწორმდგომი, შიშველი ან მცირედ შებუსული, ჩვეულებრივ დატოტვილი, სიმაღლით 10-100 სმ; ფოთლები - მოპირისპირედ განლაგებული, კვერცხისებური, კიდეებზე წვრილად დაკბილული; ყვავილედი - კალათა, პატარა ზომის, განაპირა ყვავილები თეთრია, შიდა - ყვითელი,ყვავილობს ივლის-სექტემბერში; თესლურა - მართკუთხედისებრი, 1-1.5 მმ სიგრძის, აქვს საფრენი, ერთ მცენარეზე ვითარდება 300 000 თესლი. გავრცელებულია ნათესებში, ტყისპირა მიდამოებში. ავტორები:მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
მარწყვის სარეველები
მარწყვი მნიშვნელოვანი კენკროვანი კულტურაა. იგი ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. მისი ნაყოფი გემრიელი და არომატულია. ის მდიდარია ვიტამინებით (A, C, K, E, B6,), მიკროელემენტებით (Ca, Mg, Fe, I, Co, P და სხვ.), ორგანული მჟავებით, ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებით, გამოირჩევა კვებითი, გემური, სამკურნალო, ანტიოქსიდანტური თვისებებით. ნაყოფი იყენებენ როგორც ნედლი სახით, ასევე მურაბის, მარმელადის, ნაყინის, ტკბილეულის და ლიქიორის წარმოებაში, აგრეთვე შესაძლებელია მისი გაყინული სახით შენახვა, კონსერვისა და წვენის მომზადება.მარწყვის სამშობლო ჩრდილოეთი დ სამხრეთი ამერიკაა, ყველაზე მსხვილი მწარმოებლებია: აშშ, ახალი ზელანდია, ევროპა, ავსტრალია, იაპონია. საქართველოში იგი მოჰყავთ როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში.მარწყვი ზიანდება სხვადასხვა მავნე ორგანიზმით, რომელთაგან აღსანიშნავია სარეველები. მარწყვის ძირითადი სარეველებია: ბალბა (Malva sylvestris L.), გაზაფხულის თავყვითელა (Senecio vernalis W. et K.), ცხენისკუდა (Erigeron canadensis L.), ბერულა (Gnaphalium purpureum L.), ღიჭა (Sonchus arvensis L.), ღორის ქადა (Lactuca serriola L.), ბაყაყურა (Silybum marianum L.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), თავნასკვა (Cyperus L.), იონჯა (Medicago sativa L.), თეთრი (Melilotus alba Desr.) და ყვითელი ძიძო (Melilotus officinalis L.), გლერტა (Cynodon dactylon (L.) Pers.) და სხვა. ქვემოთ მოცემულია მათი მოკლე დახასიათება.ბალბა - Malva sylvestris L.ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა ბალბასებრთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, დატოტვილი, შებუსული, 30-120 სმ-მდე; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, გრძელი ყუნწით, 5-7 ფრთისებრდანაკვთული, ხერხისებრ დაკბილული; ყვავილი - მოვარდისფრო-იასამნისფერი, 1-5 ცალის რაოდენობით, ფოთლის იღლიებში განლაგებული, ყვავილობს ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე; თესლი მომრგვალო - თირკმლისებური, შეჭყლეტილი, გლუვი, მოყავისფრო, სიგრძე და სიგანე 1.75-2 მმ, მწიფდება არათანაბრად, აგვისტოდან ყინვების დაწყებამდე. გაზაფხულის თავყვითელა - Senecio vernalis W. et K.საგაზაფხულო ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - მარტივი, ზედა ნაწილში დატოტვილი, შებუსული 10-60 სმ სიმაღლის; ფოთლები - ყუნწიანი, მოგრძო, ფრთისებრდანაკვთული; ყვავილედი -კალათა, ყვავილი - ყვითელი, ყვავილობს მარტიდან ივნისამდე; თესლურა ცილინდრული, 2-3 მმ სიგრძის, ერთ მცენარეზე ვითარდება 40 000 თესლი.ცხენისკუდა - Erigeron canadensis L.ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო - სწორმდგომი, მწვანე, მარტივი, ზედა ნაწილში დატოტვილი, შებუსული, 15-150 სმ სიმაღლის; ფოთლები - ლანცეტისებური, მწვანე, შებუსული; ყვავილი ღია ყვითელი, 2.5-3 მმ, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლურა ლანცეტისებური, მოყვითალო, სიგრძე 1.2-1.5 მმ, სიგანე 0.2-0.3 მმ, ქოჩორი 2.5-3 მმ.ღიჭა - Sonchus arvensis L. მრავალწლიანი, ფესვნაყარი, აბეზარი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 150-170 სმ; ფესვი - მთავარღერძა, ნიადაგში ვრცელდება 4 მ-ზე, ჰორიზონტალურად - 1 მ-ზე; ღერო - სწორმდგომი, ეკლიანი; ფოთლები - დაკბილული; ივითარებს ყვითელ, ბაბუაწვერას მსგავს ყვავილებს; ნაყოფი - მოგრძო-ოვალური თესლურაა, ნაოჭიანი, ოდნავ მოხრილი, მუქი ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.2 მმ, სიგანე 0.7-1.2 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 6000-20000 თესლი, სიცოცხლისუნარიანობა 5 წელი.ღორის ქადა - Lactuca serriola L.ორწლიანი ბალახოვანი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესურა ვრცელდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად; ღერო - სწორმდგომი, ეკლიანი, უხეში, სიმაღლე 60-150 სმ, შეიცავს რძისებურ სითხეს; ფოთოლი - მჯდომარე მონაცრისფრო - მწვანე, დაკბილული; ყვავილედი - კალათა, ყვავილი წვრილი ყვითელი, ყვავილობს ივნის-სექტემბერში; ნაყოფი - თესლურა, უკუკვერცხისებრი, ყავისფერი, თეთრი საფრენით, ჭიპი მომრგვალებული, ზედაპირი დანაოჭებული, სიგრძე 3-3.25 მმ, სიგანე 1-1.25 მმ.ბაყაყურა - Silybum marianum L.ორწლიანი, ეკლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ღერო - მარტივი ან დატოტვილი, შეუბუსავი, 1-1.5 მ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, ელიფსური, ფრთისებრდანაკვთული, ეკლიანი, ფირფიტა მწვანე ფერისაა თეთრი ლაქებით, მბზინავი; ყვავილი - იასამნისფერი, ვარდისფერი ან თეთრი, შეკრებილი კალათა ყვავილედად, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლურა უკუკვერცხისებრი, ოდნავ შეჭყლეტილი, თეთრიდან ყავისფრამდე შეფერვის, თეთრ ან ღია ყვითელ თესლებს აქვთ ყავისფერი ზოლები, სიგრძე 5-7 მმ, სიგანე 3.25 მმ.გლერტა - Cynodon dactylon (L.) Pers.მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან 15-50 სმ სიმაღლის; ღერო - დატოტვილი, სწორი; ფოთლები - ლანცეტისებური, უხეში; ყვავილედი - თავთავი წვრილი. კილიანი მარცვალი მოგრძო - კვერცხისებური, სიგრძე 2.25-2.75 მმ, სიგანე 0.5-0.75 მმ; მარცვალი ოვალურ - კვერცხისებრი, ყავისფერი, სიგრძე 1.25-1.75 მმ, ერთი მცენარე იძლევა 10000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს. თავნასკვა - Cyperus L.მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ისლისებრთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, 10-80 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა, მჯდომარე; ყვავილედი - ქოლგისებური; ნაყოფი - მოგრძო კაკლუჭა.ჩვეულებრივი იონჯა - Medicago sativa L.ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესურა - ძლიერი, სქელი, ნიადაგში ღრმად ვრცელდება; ღერო - სწორმდგომი, შიშველი ან სუსტად შებუსული, ზედა ნაწილში ძლიერ დატოტვილი, 80 სმ სიმაღლის; ფოთოლი - სამფოთოლაკიანი, ყუნწიანი, მოგრძო უკუკვერცხისებური, კიდემთლიანი; ყვავილი - იასამნისფერი, ყვავილობს მაის-ივნისში; პარკი სპირალურად დახვეული 2-4-მაგად, თესლი მოგრძო თირკმლისებური, ჭიპი მრგვალი, თეთრი, მუქი არშიით, ზედაპირი გლუვი, ყვითელი, მოყვითალო - ყავისფერი, სიგრძე 2-2.75 მმ, სიგანე 1.25-1.5 მმ.თეთრი ძიძო - Melilotus alba Desr.პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია, 2 მ-მდე იზრდება; ფესვი - მთავარღერძა, ნიადაგში 2 მ-ზე ვრცელდება; ფოთლები - სამნაკვთიანი, მორიგეობით განლაგებული; ყვავილი - თეთრი, წვრილი, შეკრებილი მტევნებად; ნაყოფი - დანაოჭებული, ოვალური ფორმის პარკია, ღია ან მუქი ნაცრისფერი, 1-2 თესლით, სიგრძე 2.75 – 3.5 მმ, სიგანე 1.75-2.25 მმ, თესლი მოგრძო თირკმლისებური, გვერდიდან შეჭყლეტილი, ჭიპი მომრგვალებული, ზედაპირი გლუვი, ყვითელი, მოყვითალო-მწვანე, მოყვითალო-ყავისფერი, სიგრძე 1.75-2.25 მმ, სიგანე 1.25-1.5 მმ.ყვითელი ძიძო -Melilotus officinalis L.ორწლიანი, ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ფოთოლი - რთული, სამნაკვთიანი, ლანცეტისებური, დაკბილული; ყვავილი - წვრილი, ყვითელი, ყვავილობს ივნის-სექტემბერში; ნაყოფი - პარკი, უკუკვერცხისებური, სიგრძით 3-4 სმ, რომელშიც ერთი, იშვიათად ორი თესლია, მწიფდება აგვისტოდან; თესლი კვერცხისებრი ფორმის, გლუვი ან ოდნავ ჩაღრმავებული, მუქი მოყვითალო, ღია ყავისფერი, სიგრძე 1.75-2.25 მმ, სიგანე 1-1.25 მმ, ჭიპი მრგვალი, ნათელი, მცირე ზომის; თესლი ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას 6-7 წელს; ზამთარგამძლე და გვალვაგამძლე მცენარეა. ბერულა - Gnaphalium purpureum L.მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო - სწორი, მარტივი, ბუსუსებით დაფარული, 20-30 სმ სიმაღლის; ქვედა ფოთლები ლანცეტისებური; პატარა ცილინდრული კალათები სათითოოდ სხედან ზედა ფოთლების უბეებში; აქვს მოყვითალო-მოთეთრო ყვავილები, ყვავილობს ივლისიდან სექტემბრამდე. თესლები (თესლურა) - წვრილი, მოგრძო თითისტარისებური, ოდნავ ჩაჭყლეტილი, წვერისკენ ოდნავ შევიწროებული, თესლის წვერს გააჩნია ადვილად ცვენადი ქოჩორი, ერთგვაროვანი ბუსუსებით, ზედაპირი გლუვი, მომწვანო-ნაცრისფერი, ღია ყავისფერი, სიგრძე 0,5-0,8 მმ, სიგანე 0,2 მმ. ხარობს ნესტიან ნიადაგებში. ავტორები: მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი Ph.D,სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი Ph.D,სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
ციტრუსების სარეველები
ციტრუსოვანი კულტურები მარადმწვანე მცენარეებია ტეგანისებრთა ოჯახიდან. ისინი მიეკუთვნებიან სუბტროპიკულ ხეხილოვნებს, მოჰყავთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (ფართობი აღწევს 1200 ათას ჰა-ს). სამრეწველო წარმოების მხრივ ციტრუსებიდან პირველ ადგილზეა ფორთოხალი, შემდეგ გრეიპფრუტი, მანდარინი, ლიმონი, ლაიმი და სხვა. მათი ნაყოფი გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი, აქვს დიეტური და სამკურნალო მნიშვნელობა, შეიცავს ლიმონმჟავას, შაქარს, C (60 მგ%-ზე მეტს), P, B ჯგუფის ვიტამინებს, პექტინს და სხვ.; ნაყოფს იყენებენ ნედლად (ხილად), გადამუშავებული სახით (წვენი, მურაბა, ცუკატი, ლიქიორი) და კულინარიაში. კანისაგან, ყვავილისა და ფოთლისგან იღებენ ეთეროვან ზეთს საპარფიუმერიო და კვების მრეწველობისთვის.ციტრუსოვანი კულტურების სამშობლოა ინდოეთი, ჩინეთი და ინდოჩინეთი, ევროპაში ცნობილი იყო მე-13 საუკუნეზე ადრე. მათ დიდი ფართობი უკავია აშშ-ში, ჩინეთის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში, იაპონიაში, ინდოეთში, პაკისტანში, ავსტრალიაში, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში. მსოფლიოში ციტრუსების წარმოება 1985-2005 წლებში სწრაფად გაიზარდა. ციტრუსების წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჩინეთი, შემდეგ მექსიკა, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, არგენტინა, ავსტრალია და ჩილე.საქართველოში ციტრუსოვანი კულტურები ცნობილია მე-12 საუკუნიდან. პირველად მათი ინტროდუქცია მოხდა მე-19 საუკუნის ბოლოს - მე-20 საუკუნის დასაწყისში. ციტრუსების პლანტაციები გაშენებულია დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე: აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში, სადაც ღია გრუნტის პირობებში მოჰყავთ მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი და სხვა. 1991 წლისათვის ციტრუსოვნებს საქართველოში 27 ათასი ჰა ეკავა. ციტრუსები ზიანდება სხვადასხვა მავნე ორგანიზმით (მავნებლები, დაავადებები, სარეველები), რომელთაგან აღსანიშნავია სარეველა მცენარეები. ციტრუსების პლანტაციებში გავრცელებულია შემდეგი სარეველები: დიდი ხვართქლა (Calystegia sepium L.R.Br), მელაკუდა (Alopecurus pratensis L.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.), აბზინდა (Artemisia absinthium L.), მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P. B.), გლერტა (Cynodon dactylon (L.) Pers.), ღვარძლი (Lolium temulentum L.), მწყერფეხა (Digitaria ischaemum L.), ჟუნჟრუკი (Stallaria media (L.) Cyr.), შალაფა (Sorghum halepense (L.) Pers.), შვიტა (Equisetum L.), მატიტელა (Polygonum L.), თავცეცხლა (Galeopsis tetrahit L.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medic.), ბოსტნის ია (Veronica persica Poir.), რძიანა (Euphorbia L.), კუროსთავი (Tribulus terrestris L.), ჭინჭარი (Urtica diodica L.), აბილილი (Ipomea purpurea Roth.), წითელი წივანა (Festuca rubra L.), მარწყვაბალახა (Potentilla tormentilla Neck.), გალინსონგა (Galinsoga parviflora Cav.), ღორის ბირკა (Xanthium strumarium L.) და სხვა.ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.დიდი ხვართქლა - Calystegia sepium L.R.Br. მრავალწლიანი, ფესურიანი, აბეზარი, შხამიანი სარეველა მცენარეა ხვართქლასებრთა ოჯახიდან; ფესვები ღრმად ვრცელდება ნიადაგში; ღერო - სუსტია, ხვიარა, შეუბუსავი, 2-3 მ სიგრძის; ფოთლები - მარტივი, მორიგეობით განლაგებული, ყუნწიანი, გულისებურ-შუბისებრი, შეუბუსავი; ყვავილი - ზარისმაგვარი, თეთრი ან ვარდისფერი, ყვავილობს მაისიდან სექტემბრის ჩათვლით; ნაყოფი - მომრგვალო კოლოფი, ერთბუდიანი, მრავალთესლიანი, დიამეტრით 1 სმ; თესლი - უკუკვერცხისებრი, სამწახნაგიანი, სუსტად დანაოჭებული, გლუვი, თითქმის შავი, მუქი ყავისფერი, მოყვანილობით ჰგავს ხვართქლას თესლს, მაგრამ შედარებით მსხვილია, სიგრძე 3.5-4.5 მმ, სიგანე 2.25-3 მმ.მელაკუდა - Alopecurus pratensis L. მრავალწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესურა - მოკლე; ღერო - სწორი, 50-120 სმ სიმაღლის; ყვავილედი - საგველა, ყვავილობს ივნისში; მარცვალი ოვალურ-კვერცხისებრი, ღია ყვითელი, სიგრძე 1.25-2 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 600-800 თესლი, მწიფდება ივლისში. აბზინდა - Artemisia absinthium L. მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, ახასიათებს სპეციფიკური სუნი და მწარე გემო. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორმდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი, 1 მ სიმაღლის, მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი; ფოთლები - ფესვთან განლაგებული სამჯერ ფრთისებრგანკვეთილია, ღეროს ფოთლები - ორჯერ ფრთისებრგანკვეთილი, ზედა ფოთლები სამნაკვთიანი ან მთლიანია; ყვავილედი - კალათა, სფეროსებური, 2.5-3.5 მმ დიამეტრით, ყვავილი ყვითელი, წვრილი, მილისებური, ყვავილობს ივნის-ივლისში; თესლურა ყავისფერი, მოგრძო ცილინდრული, 1 მმ, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. აბილილი - Ipomea purpurea Roth. ერთწლიანი, ლიანა მცენარეა ხვართქლასებრთა ოჯახიდან; ღერო - ხვიარა ან გართხმული, შებუსული, 6 მ-მდე სიგრძის; ფოთლები - მწვანე, კვერცხისებურ-წაწვეტებული, მწვანე, გრძელი ყუნწით; ყვავილი - ერთეული, დიდი, ძაბრისებრი, იასამნისფერი, მეწამული, 6 სმ დიამეტრის; თესლი - სამწახნაგიანი, ყავისფერი, გლუვი.ბოსტნის ია - Veronica persica Poir. ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან; ღერო - მხოხავი, სუსტი, დატოტვილი, ცილინდრული, შებუსული, 10-70 სმ სიგრძის; ფოთოლი - მოპირდაპირედ განლაგებული, კვერცხისებური, ზედა - მჯდომარე, დანარჩენი - ყუნწიანი, დაკბილული; ყვავილი - ცისფერი, 15 მმ დიამეტრის, ყვავილობს გაზაფხულ-ზაფხულში; ნაყოფი - კოლოფი, თესლი მოგრძო, სუსტად დანაოჭებული, სიგრძე 1.5-2.5 მმ.შვიტა - Equisetum L. მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა შვიტასებრთა ოჯახიდან; იზრდება ნოტიო ნიადაგზე; ფესურა მცოცავი, რუხი მოშავო; ღერო მკრთალი წაბლისფერი, 15-30 სმ სიმაღლის; ყვავილები არ აქვს; მრავლდება ფესურით და სპორებით, რომლებიც აპრილ-მაისში მწიფდება; თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული; ძნელად ამოსაძირკვი სარეველა მცენარეა.კუროსთავი - Tribulus terrestris L. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა; ფესვი - მთავარღერძა, წვრილი; ღერო -დატოტვილი, მიწაზე გართხმული, 10-60 სმ; ფოთოლი - წვილფრთართული; ყვავილი - წვრილი, ყვითელი, ერთეული, ყვავილობს შუა გაზაფხულიდან ყინვების დაწყებამდე; ნაყოფი - კაკლუჭა, დაფარულია ეკლებით, ჩალისფერი, სიგრძე 4-6 მმ, სიგანე 3-5 მმ, თესლი მოგრძო - ოვალური, გლუვი, ღია ყავისფერი, სიგრძე 2.75-3 მმ, სიგანე 0.75-1 მმ.გალინსოგა - Galinsoga parviflora Cav. ერთწლიანი, ბალახოვანი, ფართოფოთლიანი, საგაზაფხულო სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ღერო - სწორმდგომი, შიშველი ან მცირედ შებუსული, ჩვეულებრივ დატოტვილი, სიმაღლით 10-100 სმ; ფოთლები - მოპირისპირედ განლაგებული, კვერცხისებური, კიდეებზე წვრილად დაკბილული; ყვავილედი - კალათა, პატარა ზომის, განაპირა ყვავილები თეთრია, შიდა - ყვითელი,ყვავილობს ივლის-სექტემბერში; თესლურა - მართკუთხედისებრი, 1-1.5 მმ სიგრძის, აქვს საფრენი, ერთ მცენარეზე ვითარდება 300 000 თესლი.რძიანა - Euphorbia L. მრავალწლიანი, ფესურიანი, შხამიანი ბალახოვანი სარეველაა რძიანასებრთა ოჯახიდან; ფესვი - ძლიერი, დატოტვილი, სქელი, ვრცელდება 4 მ-მდე; ღერო - სწორი, მარტივი, დატოტვილი ზედა ნაწილში, ნაცრისფერი, 30-70 სმ სიმაღლის, შეიცავს თეთრ რძისმაგვარ სითხეს და შხამიან ნივთიერებას ეუფორბინს.; ფოთლები - ხაზურა ან ლანცეტისებრი, სიგრძე 2-9 სმ; ყვავილი - შეკრებილია 15 სხივური ქოლგის სახით, ყვითელი, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; ნაყოფი - კოლოფი, სამბუდიანი, ჩალისფერ - ყავისფერი, თესლი ოვალური, მოგრძო - კვერხცისებური, ზემოთ დიდი დანამატით, ზედაპირი გლუვი, მბზინავი, ნაცრისფერი, სიგრძე 2.5-3.25 მმ, სიგანე 1.5-2 მმ.წითელი წივანა - Festuca rubra L. მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესურა - მხოხავი; ღერო - სწორი, გლუვი, 20-70 სმ სიმაღლის; ფოთლები -ბრტყელი, ხაზურა, სიგანით 0.1-0.3 სმ; ყვავილედი - საგველა, 10 სმ-მდე სიგრძის, ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი - მარცვალი, მოგრძო ცილინდრული, სუსტად დანაოჭებული, მუქი ყავისფერი, ერთ მცენარეზე ვითარდება 200-500 თესლი.მარწყვაბალახა - Potentilla tormentilla Neck. მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან. ფესურა - მსხვილი, ჰორიზონტალური, ცილინდრული ან გორგლისებრია, მოწითალო-წაბლისფერი, მრავალრიცხოვანი წვრილი ფესვებით; ღერო - სწორი, დატოტვილი, წვრილი, 30 სმ, მოკლე ბუსუსებით დაფარული, ღეროს ფოთლები მჯდომარეა, სამყურა, ფესვთან განლაგებული ფოთლები გრძელყუნწიანია, ყვავილობის დროს უკვე დამჭკნარია; ყვავილები 10 მმ დიამეტრისაა, გრძელყუნწიანი, ჯამი ორმაგია, 4 გარეთა და 4 შიგნითა ფოთლით. ყვავილობს მაისის შუა რიცხვებიდან სექტემბრამდე; ნაყოფი - მრგვალია, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ღორის ბირკა - Xanthium strumarium L. ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, უხეში, დატოტვილი, მონაცრიფრო-მწვანე ან მოწითალო, შებუსული, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები - გულისებური, 3-5 ნაკვთიანი, კიდედაკბილული, ყუნწიანი, ზემოდან - მწვანე, ქვემოდან - ღია მწვანე, 10 სმ-მდე სიგრძის; ყვავილი - შეკრებილია ფოთლის უბესთან, ყვავილობს ივლის -სექტემბერში; ნაყოფი - მოგრძო-ოვალური, ეკლიანი თესლურა, დიამეტრით 1-2 სმ, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.გლერტა - Cynodon dactylon (L.) Pers. მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან 15-50 სმ სიმაღლის; ღერო დატოტვილი, სწორი; ფოთლები ლანცეტისებური, უხეში; ყვავილედი - თავთავი წვრილი. კილიანი მარცვალი მოგრძო - კვერცხისებური, სიგრძე 2.25 – 2.75 მმ, სიგანე 0.5 – 0.75 მმ; მარცვალი ოვალურ - კვერცხისებრი, ყავისფერი, სიგრძე 1.25-1.75 მმ, ერთი მცენარე იძლევა 10000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს. მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი Ph.D,სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტინინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი Ph.D,სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული სარეველა მცენარეები
სარეველები ველურად მოზარდი მცენარეებია, ისინი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მათი რამდენიმე ათასი სახეობა არსებობს, საქართველოშიც მრავალი სარეველა მცენარე გვხვდება. სარეველა მცენარეები კარგად ეგუებიან ადგილობრივ პირობებს, ნიადაგსა და კლიმატს.აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელია ზომიერი კლიმატი, კონტინენტური მშრალი ჰავა, ყველაზე ნალექიანი პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა, სწორედ ეს განაპირობებს ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი სარეველა მცენარეების გავრცელებას.ქვემოთ მოცემულია აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სარეველა მცენარის მოკლე დახასიათება. ყაყაჩო - Papaver hybridum L.ერთწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, დატოტვილი, სუსტი, ჯაგრისებურად შებუსული; ღეროსეული ფოთლები ვიწრო ხაზურად არის დანაკვთული; ყვავილი - ვარდისფერი ან წითელი, ყუნწი და კოკრები ჯაგრებითაა დაფარული, გვირგვინის ძირი მცირე შავი ლაქით არის წარმოდგენილი, ყვავილობს აპრილ-ივნისში; ნაყოფი - კოლოფი ოვალური, 4-8 ღარიანი, შებუსული, ჩალისფერ-ნაცრისფერი, სიგრძე 20-30 მმ, დიამეტრი 15-20 მმ; თესლი - თირკმლისებური, ჩაღრმავებებით, მბზინავი, მოყვითალო-ყავისფერი, მუქი ყავისფერი, მოშავო, სიგრძე 0.5-0.75 მმ, სიგანე 0.5 მმ; ასარევლიანებს მარცვლოვნებს. ყაყაჩურა - Glaucium corniculatum (L.) J. Rudolph.ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან; ღერო - წახნაგიანი, ღარებიანი, 10-40 სმ სიმაღლის, გაფარჩხულ-დატოტვილი, ჯაგრებით დაფარული; ფოთლები - ღრმად ფრთისებრ განკვეთილი არათანაბარ ხერხკბილა სეგმენტებად, ფესვთანური ფოთლები ყუნწიანია, ღეროსეული - მჯდომარე; ყვავილი - წითელი, ძირში მოშავო-იისფერი ლაქით; ნაყოფი - კოლოფი, მოგრძო, ოდნავ მოღუნული, ორბუდიანი; თესლი - ოვალური, ოდნავ შეჭყლეტილი, ზურგიდან ამობურცული, ქვედა მხრიდან - შეწეული, თესლის ნაკერი (ნაწიბური) - მოგრძო ხაზოვანი, ზედაპირი მსხვილი ბადისებური, სუსტად მბზინავი, მუქი ყავისფერი, შავი, სიგრძე 1-1.5 მმ, სიგანე 0.75-1 მმ. ასარევლიანებს მარცვლოვან და სათოხნ კულტურებს. მახობელი - Cephalaria syriaca (L.) Schard.ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა გოქშოსებრთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, დატოტვილი, სიმაღლე 70 -100 სმ; ფოთოლი - მოგრძო ლანცეტისებრი, მთლიანი, მოპირდაპირედ განლაგებული, ზედა ფოთლები ხაზურაა და კიდემთლიანი; ყვავილები - ცისფერი, თავაკებად შეკრებილი, ყვავილობს შუა ზაფხულში; თესლურა უკუკვერცხისებრი, ოთხწახნაგიანი, ყავისფერი, იშვიათად მოშავო, სიგრძე 7-10 მმ, სიგანე 2.5-3.5 მმ; ერთ მცენარეზე ვითარდება 200-300 თესლი, რომლებიც დიდხანს ინარჩუნებენ აღმოცენების უნარს; ასარევლიანებს მარცვლოვნებს. მახობელის თესლის მინარევი ხორბლის თესლს აძლევს ლურჯ ფერსა და მწარე გემოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხორბლის ფქვილში მისი 1-2%-ის შერევა პურს სურნელოვანს და რბილს ხდის. პატარძალა - Anchusa italica Retz.ორ ან მრავაწლიანი ბალახოვანი მცენარეა ლაშქარასებრთა ოჯახიდან; მთელი მცენარე უხეში ჯაგრითა შებუსული; ღერო დატოტვილი, 20-100 სმ სიმაღლის; ფოთლები ოვალური ან მოგრძო-ლანცეტაა, ქვედა ფოთლები ყუნწიანი, ზედა - მჯდომარე; ყვავილი მეწამული-მოლურჯო ფერისაა, შეკრული მტევან ყვავილედად, ყვავილობს მაის-აგვისტოში; კაკლუჭა - მოღუნული კვერცხისებური, ნაოჭიანი ზედაპირით, მწიფდება ივნისიდან. სელიჭა - Linaria Mill.მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან; ფესურა - წვრილი, გრძელი; ღერო - სწორმდგომი, მარტივი ან დატოტვილი, შეფოთლილი, 30-90 სმ სიმაღლის; ფოთლები - ლანცეტისებური ან ხაზურა - ლანცეტისებური, ბოლოწაწვეტებული, შეუბუსავი, მჯდომარე; ყვავილები - შეკრული მტევნად, ყვითელი, 5-15 სმ სიგრძის, ყვავილობს ზაფხულის განმავლობაში; ნაყოფი - მოგრძო ელიფსური კოლოფი, სიგრძე 9-11 მმ, სიგანე 6-7 მმ, მწიფდება შემოდგომაზე; თესლები მომრგვალო, შუაში ბრტყელი, ამობურცული, წვრილი, მუქი ყავისფერი- მოშავო, დიამეტრი 1.75-2.25 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 8000-30000 თესლი, რომელიც ქარით ადვილად ვრცელდება. დევისპირა - Antirrhinum majus L.მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, დატოტვილი, 15-100 სმ სიმაღლის; ფოთლები: ქვედა - მოპირდაპირედ განლაგებული, ზედა - მორიგეობით განლაგებული, ლანცეტისებურ-ოვალური; ყვავილი - არასწორი ფორმის, ორტუჩა, თითქოს გაღებულ დევის პირს მოგვაგონებს, ყვითელი, თეთრი, ვარდისფერი, სტაფილოსფერი და სხვ., ყვავილობს ივნისიდან ყინვების დაწყებამდე; ნაყოფი - ორბუდიანი, მრავალთესლიანი კოლოფი, 1 გრ-ში 5000-8000 თესლია. ბაყაყურა - Silybum marianum L.ორწლიანი, ეკლიანი, ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ღერო - მარტივი ან დატოტვილი, შეუბუსავი, 1-1.5 მ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, ელიფსური, ფრთისებრდანაკვთული, ეკლიანი, ფირფიტა მწვანე ფერის თეთრი ლაქებით, მბზინავი; ყვავილი - იასამნისფერი, ვარდისფერი ან თეთრი, შეკრებილი კალათა ყვავილედად, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლურა უკუკვერცხისებრი, ოდნავ შეჭყლეტილი, თეთრიდან ყავისფრამდე შეფერვის, თეთრ ან ღია ყვითელ თესლებს აქვთ ყავისფერი ზოლები, სიგრძე 5-7 მმ, სიგანე 3.25 მმ. გულსოსანა - Verbascum blattaria L.ორწლიანი, ბალახოვანი მცენარეა შავწამალასებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორმდგომი, მარტივი, სუსტად დატოტვილი, ქვემოთ შეფოთლილი, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები - მჯდომარე ან მოკლე ყუნწით, მოგრძო ლანცეტისებური; ყვავილედი - მარტივი, გრძელი მტევანი, ყვავილი - ყვითელი, შუაში იასამნისფერი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - ორბუდიანი, სფეროსებური კოლოფი, თესლი - პირამიდისებური, ზიგზაგისებურ-ტალღოვანი ზედაპირით, მუქი ყავისფერი, სიგრძე 0.75-1 მმ, სიგანე 0.5 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 20000-40000 თესლი; ასარევლიანებს მარცვლოვნებს. დეზურა - Consolida regalis S. F. Grayერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ბაიასებრთა ოჯახიდან, ღეროს სიმაღლე 30-60 სმ-მდე; ფოთლები მორიგეობით განლაგებული; ყვავილი - ლურჯი ან იასამნისფერი, ზოგჯერ ვარდისფერი ან თეთრი, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; თესლი სამწახნაგოვანი, კვერცხისებური, ოდნავ მოღუნული, სიგრძე - 2.5 მმ, სიგანე - 1.5-2 მმ, თესლს ივითარებს ივლისიდან ოქტომბრამდე; ასარევლიანებს ხორბალს. ყვითელი ტუხტი - Althaea rugosa Alef.მრავალწლიანი მცენარეა 50-200 სმ-მდე ბალბასებრთა ოჯახიდან; ღერო სწორი, ცილიდრული, შებუსული; ფოთლები 5-7 ფრთისებრდანაკვთული, ყუნწიანი, მორიგეობით განლაგებული; ყვავილები ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე; თესლი თირკმლისებური, მონაცრისფრო-ყავისფერი, გლუვი, სიგრძე 2.5-2.75 მმ, სიგანე 2 მმ, თესლმსხმოიარობა ივლისიდან, ერთ მცენარეზე ვითარდება 400-1000 თესლი. კიტრანა - Ecballium elaterium (L.) A. Rich.მრავალწლიანი, შხამიანი მცენარეა გოგრისებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, სქელი, სუსტად დატოტვილი, მოთეთრო, ხორციანი; ღერო - მხოხავი, ულვაშების გარეშე, 50-150 სმ სიგრძის; ფოთოლი - მორიგეობით განლაგებული, გულისებურ-კვერცხისებრი, დაკბილული, გრძელყუნწიანი; ყვავილი - ღია ყვითელი, ყვავილობს ივლის-სექტემბერში; ნაყოფი - მონაცრისფრო-მწვანე ან მწვანე, წვნიანი, მოგრძო ან მოგრძო-კვერცხისებური, სიგრძე 4-6 სმ, სიგანე 1.5-2.5 სმ, ზედაპირი დაფარულია ეკლებით; თესლი - მუქი ყავისფერი, მოგრძო, პატარა, გლუვი, სიგრძე 4 მმ, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ქვაპურა - Bupleurum rotundifolium L.ერთწლიანი ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან, იზრდება ერთეული ან მრავალი; ღერო - ზედა ნაწილში დატოტვილი, სიმაღლით 70 სმ-მდე; ფოთლები - წვრილი, ლანცეტა, ყუნწისმაგივრად ქვედა ძირშევიწროვებული, ზედა - მჯდომარე ფოთლები; ყვავილედი - ქოლგა, მრავალრიცხოვანი, წვრილი, რამდენიმე რკალისებრად მოღუნული სხივებით, ყვავილი ყვითელი, დიდი არათანაბარი ზომის მწვანე საბურველის ფოთოლაკები, ჯამის კბილები შეუმჩნეველია; ნაყოფი შედგება ორი წაგრძელებული ან კვერცხისებრი, ოდნავ შეჭყლეტილი 2-3 მმ სიგრძის თესლურასგან, რომლებიც მომწიფებისას ერთმანეთს სცილდებიან.ასარევლიანებს თავთავიან კულტურებს, საშემოდგომო ხორბლის ნათესებს; მცენარის მიწისზედა ორგანოები შეიცავს ალკალოიდებს, საპონინებს, კუმარინს, მთრთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, გამოიყენება სამკურნალოდ. ქოთანა - Silene L.მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, ძლიერი, დატოტვილი; ღერო - სწორი, შეუბუსავი, 40-100 სმ სიმაღლის; ფოთლები - ლანცეტისებური ან კვერცხისებურ-ლანცეტისებური; ყვავილი - თეთრი, ყვავილობს ივნის-სექტემბერში; ნაყოფი - სფერული კოლოფი, თესლი - მოუმწიფებელი მოწითალო-ყავისფერი, მომწიფებული - მუქი ნაცრისფრიდან შავამდე, ბორცვიანი ზედაპირით, ბორცვები რიგებად ჩალაგებული, ოვალურ-თირკმლისებური, სიგრძე 1-1.8 მმ, სიგანე 1-1.3 მმ, მწიფდება ივნისიდან. ხოვერა - Galium tricorne With.ერთწლიანი, ბალახოვანი, მხოხავი სარეველა მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან, სიგრძით 10-60 სმ; ღერო - მარტივი, მხოხავი, ოთხწახნაგიანი; ფოთლები - ხაზურა-ლანცეტისებური, რგოლებად შეკრებილი; ყვავილი - მოთეთრო, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - კაკლუჭა, მრგვალი, ყავისფერი, ბორცვიანი, დიამეტრით 2-3.5 მმ, თესლი მრგვალი, კაკლუჭისმაგვარი; ასარევლიანებს მარცვლოვან და სათოხნ კულტურებს. ქვათესლა - Lithospermum arvense L.მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ლაშქარასებრთა ოჯახიდან. ფესვი - ძლიერი, სქელი, მუქი წითელი; ღერო - სწორმდგომი, სქელი, დატოტვილი, სიმაღლით 50-80 სმ; ფოთლები - ლანცეტისებური, მორიგეობით განლაგებული, ზემოთ - მუქი მწვანე, ქვემოთ - უფრო ღია ფერის; ყვავილი - პატარა, მოყვითალო-თეთრი, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი - კაკლუჭა, კვერცხისებური, სამწახნაგოვანი, მბზინავი, მონაცრისფრო, ბორცვიანი ზედაპირით, სიგრძე 2-3.5 მმ, სიგანე 1.75-2.25 მმ. ასარევლიანებს ხორბალს.ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი Ph.D,სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიმაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი Ph.D,სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
ჩაის კულტურის სარეველები
ჩაი მრავალწლიანი, მარადმწვანე მცენარეა. ათასწლეულების მანძილზე იგი ცნობილი იყო მხოლოდ აზიაში, ევროპაში კი XVI საუკუნეში შემოვიდა. დღესდღეობით ჩაის ყველაზე დიდ მწარმოებლებად ითვლებიან ჩინეთი, ინდოეთი და შრი-ლანკა. ჩაის მრავალი სახეობა არსებობს – შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე. მათ დამუშავების ტექნოლოგიისა და ხარისხის მიხედვითაც განასხვავებენ. პოპულარულია ასევე ჩაი სხვადასხვა დანამატებით, მაგალითად – ჟასმინით, ვარდით, მანგოთი და სხვა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის სახეობად ითვლება ბაიხის ჩაი, რომლის შემადგენელი კომპონენტი უმეტესად ტიპსი ანუ ბუსუსებიანი კვირტია. შავ და მწვანე ჩაის ზუსტად ერთი და იმავე ბუჩქიდან კრეფენ, შავ ჩაის დამუშავების შედეგად იღებენ, მწვანე ჩაი კი უფრო ნაკლებ დამუშავებას საჭიროებს და, შესაბამისად, უფრო მეტად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებათა წინააღმდეგ. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. შავი ზღვის ტენიანი სუბტროპიკული კლიმატი ქმნის იდეალურ პირობებს ჩაის წარმოებისთვის დასავლეთ საქართველოს ხუთ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი და აფხაზეთი. საქართველოში ჩაის წარმოებისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები მე-19 საუკუნის შუა პერიოდში აღმოაჩინეს და პირველი ჩაის პლანტაციებიც სწორედ ამ დროს გაშენდა.საქართველო იყო ჩაის მთავარი მწარმოებელი ქვეყანა საბჭოთა კავშირში, ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 70 ათასი ჰა ჩაის პლანტაცია არსებობდა. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, სამოქალაქო ომისა და ბაზრების დაკარგვის პარალელურად, ქართული ჩაის სექტორიც ჩამოიშალა, ამ რთული მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. წლიდან წლამდე ჩაის წარმოებამ იკლო, რის შედეგადაც დღეს მხოლოდ 1,800 ტ. ჩაი იწარმოება. ჩაის პლანტაციებში გავრცელებულია სხვადასხვა მავნე ორგანიზმი, მათ შორის აღსანიშნავია სარეველა მცენარეები: კაროლინის ძაღლყურძენა (Solanum carolinense L.), ეწრის გვიმრა (Pteridium tauricum Presl. V. Kreez.), მთის ჩადუნა (Dryopteris filix mas (L.) Schott.), ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia L.), გლერტა (Cynodon dactylon (L.) Pers.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.), მწვანე ძურწა (Setaria viridis (L) P. B.), მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P. B.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), შალაფა (Sorghum halepense (L.) Pers.). ავშანფოთლიანი ამბროზია - Ambrosia artemisiifolia L.ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, ნიადაგში აღწევს 4 მ-მდე; ღერო - სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, 0.1-2.5 მ სიმაღლის; ფოთლები - ერთი ან ორმაგ ფრთისებრდანაკვთული, ქვედა მხრიდან შებუსული; ყვავილები - ყვითელი, კალათად შეკრებილი (ერთსახლიანი მცენარეა მდედრობითი და მამრობითი ყვავილებით); ნაყოფი - უკუკვერცხისებური თესლურაა საბურველით, ცენტრში ერთი დიდი ქაცვით და 5-7 პატარა ქაცვებით ირგვლივ თესლის ზედა მრგვალ ნაწილზე; მომწვანო-მონაცრისფრო, ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.25 მმ, სიგანე და სისქე 1.5-2 მმ. ნაყოფს ანუ თესლურას ადვილად შორდება საბურველი, თესლი უკუკვერცხისებური, გლუვი, ბზინვარე, ყავისფრიდან შავამდე, სიგრძე 1.5-2.2 მმ, სიგანე და სისქე 1-1.5 მმ. ყვავილობა - ივლისის ბოლო, აგვისტო; ნაყოფს იძლევა სექტემბერ-ოქტომბერში. მხოხავიჭანგა - Agropyrum repens (L.) P. B.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ფესურა გრძელი, ვრცელდება, როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად - 5-15 სმ - მდე; ღეროს სიმაღლე 40-150 სმ; ფოთოლი - შიშველი, ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - რთული თავთავი; თესლი - მარცვალი, ჩალისფერი, სიგრძე - 0.5 სმ. ეწრის გვიმრა - Pteridium tauricumPresl. V. Kreez.მრავალწლიანი, სპოროვანი, ფესურიანი, ძნელად აღმოსაფხვრელი მცენარეა გვიმრისებრთა ოჯახიდან, რომლის სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ფესურა - მხოხავი, ფოთოლი - 2-3-ჯერ ფრთისებრდანაკვთულია, ქვედა მხარე წითური ხშირი ბუსუსებითაა შებუსული, მრავლდება ფესურითა და სპორებით. სპორები ივლის-აგვისტოში მწიფდება. გლერტა - Cynodon dactylon (L.) Pers.მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან 15-50 სმ სიმაღლის; ღერო დატოტვილი, სწორი; ფოთლები ლანცეტისებური, უხეში; ყვავილედი - თავთავი წვრილი. კილიანი მარცვალი მოგრძო-კვერცხისებური, სიგრძე 2.25 – 2.75 მმ, სიგანე 0.5 – 0.75 მმ; მარცვალი ოვალურ-კვერცხისებრი, ყავისფერი, სიგრძე 1.25-1.75 მმ, ერთი მცენარე იძლევა 10000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს. კაროლინის ძაღლყურძენა - Solanum carolinense L.მრავალწლიანი, ფესვნაყარი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, კარტოფილს წააგავს. საქართველოში შეზღუდულადაა გავრცელებული; ღერო სწორი, 30-120 სმ სიმაღლის, მსხვილი დატოტვილი ვარსკვლავა ბეწვებით და მაგარი მოყვითალო ეკლებით; ფოთლები მოკლე ყუნწიანი, მთლიანი, მორიგეობით განლაგებული, წაგრძელებული, კვერცხისებრი, 5–15 სმ სიგრძის, ფრთისებრ დანაკვთული, შუა ძარღვი და ყუნწი დაფარულია ვარსკვლავა ბეწვებით; ყვავილები - მოცისფრო - მოთეთრო ან იასამნისფერია. მთელი მცენარე დაფარულია ბუსუსებით, ყუნწისა და ფოთლის მთავარ ძარღვებზე 4–5 მმ სიგრძის მოყვითალო ეკლებია განლაგებული. ნაყოფი - კენკრა, მოყვითალო ან ნარინჯისფერი, მრგვალი, გლუვი ზედაპირით (1.5 – 2 სმ), კენკრაში 40-60 თესლია, თესლის სიგრძე 2–3 მმ, ოვალური, გვერდებშეჭყლეტილი, ყვითელი ან ყავისფერი, ფოსოებიანი ზედაპირით, მცირე ზომის ჭიპი მოთავსებულია თესლის წიბოზე. ბურჩხა- Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.ერთწლიანი, მარცვლოვანი სარეველაა, სიმაღლით 15-100 სმ, ფოთლები ლანცეტისებური, სიგანით 2.5 სმ, ყვავილედი ერთ ყვავილიანი საგველაა; კილიანი მარცვალი კვერცხისებურ-ელიფსური, ზემოთ წაწვეტებული, სიგრძე 3 -3.5 მმ, სიგანე 2 მმ; მარცვალი ოვალურ-კვერცხისებრი, მოყავისფრო, ცვილისებური ზედაპირით, სიგრძე 2 მმ, სიგანე 1.5 მმ. ნიადაგიდან 80% აზოტი გამოაქვს, ერთი მცენარე იძლევა 40 000 თესლს. მწვანე ძურწა - Setaria viridis (L) P. B.ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველაა. ფესვი - ფუნჯა; ღეროს სიმაღლე 20 – 100 სმ; ფოთოლი ლანცეტისებური, ყვავილედი - თავთავი, სიგრძით 3 – 12 სმ; მარცვალი ოვალურ-კვერცხისებრი, მოყვითალო-ყავისფერი, სიგრძე 2 – 2.5 მმ, სიგანე 0.75 -1.5 მმ, თესლის სიცოცხლისუნარიანობა 4 წელი. ხვართქლა - Convolvulus arvensis L.მრავალწლიანი ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი, შხამიანი სარეველა მცენარეა ხვართქლასებრთა ოჯახიდან. ღერო - მხვიარა შიშველი წვრილი, სიმაღლე ერთი მეტრი; ფოთლები - ვიწრო შუბისმაგვარი; ყვავილი - თეთრი ან ვარდისფერი; ნაყოფი -კოლოფი, მონაცრისფრო-მწვანე, მონაცრისფრო-ყავისფერი, ნაცრისფერი, მომრგვალო-ოვალური, ხაოიანი ზედაპირით, სიგრძე 6-7.5 მმ, სიგანე 6.5 მმ, თესლი უკუკვერცხისებრი, სამწახნაგოვანი, ზედაპირი გლუვი, მონაცრისფრო-ყავისფერი, მუქი ნაცრისფერი, თითქმის შავი, სიგრძე 2.5 – 3.5 მმ, სიგანე 2 - 2.5 მმ. შალაფა - Sorghum halepense (L.) Pers.მიეკუთვნება მარცვლოვანთა ოჯახს, ფესურიანი, აბეზარი, ძნელად აღმოსაფვრელი სარეველა მცენარეა; ღერო - სწორმდგომი, 2 მ-მდე; ფოთოლი - ლანცეტისებური; ყვავილედი თავთავი; ნაყოფი - მარცვალი, მოგრძო კვერცხისებური, ყავისფერი, სიგრძე 5-6 მმ, სიგანე 2 მმ, ერთ თავთავში 500-800-მდე მარცვალია. ავტორებიმაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისდეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიისმთავარი სპეციალისტინინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისდეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიისმთავარი სპეციალისტი
თხილის კულტურის სარეველები
თხილს კაკლოვან კულტურებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თხილის კულტურა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და დღესაც მსოფლიო ბაზრის ყურადღების ცენტრშია, მისი ძირითადი მწარმოებლებია: თურქეთი, იტალია, აშშ, აზერბაიჯანი, ესპანეთი და სხვ. საქართველოსთვის თხილს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა, იგი მოსახლეობის შემოსავლის წყარო იყო. ჩვენი ქვეყნიდან გასული საუკუნის 20-იან წლებამდე დიდი რაოდენიბით თხილი გადიოდა ევროპის ბაზარზე, მაგრამ საბჭოთა პერიოდში თხილის ნარგაობა შემცირდა და შესაბამისად შემცირდა ექსპორტიც. მდგომარეობა შეიცვალა მხოლოდ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, როცა დასავლეთ საქართველოში განახლდა თხილის პლანტაციების გაშენება და შეიქმნა გადამამაუშავებელი ქარხნები.საქართველოში თხილი გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე აჭარის, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, იმერეთის და აღმოსავლეთ საქართველოს (ლაგოდეხი, ყვარელი) რაიონებში.გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ თხილის ერთ-ერთი სამშობლო საქართველოა. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ქართველური ტომები აშენებდნენ თხილის გარეულ ფორმებს. დღეისთვის გავრცელებული რამდენიმე ათეული აბორიგენული ჯიშის სახელწოდებები - შველისყურა, ანაკლიური, გულშიშველა, ხაჭაპურა, ნემსა და მრავალი სხვა მათ ადგილობრივ წარმოშობაზე მიგვითითებს.თხილი ზიანდება სხვადასხვა მავნე ორგანიზმებით (დაავადებები, მავნებლები, სარეველები). თხილის სარეველებია: ეწრის გვიმრა (Pteridium tauricumPresl. V. Kreez.), ჩადუნა (Dryopteris Adans.), მაყვალი (Rubus L.), ეკალღიჭა (Smilax excelsaL.), გრაკლა (SpiraeaL.), ოქროწკეპლა (Solidago virga aureaL.), კაროლინის ძაღლყურძენა (Solanum carolinenseL.), ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifoliaL.), მწვანე ძურწა (Setaria viridis (L.) P. B.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca(L.) P. B.), მწყერფეხა (Digitaria sanguinalis (L.) Scop.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexusL.), ღიღილო (Centaurea depressa M. B.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), გვირილა (Pyrethrum), მინდვრის მდოგვი (Sinapis arvensis L.), ღიჭა (Sonchus L.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense(L.) Scop.), ჩაქვის ბალახი (Pollinia imberbis Nees), ბურჩხა (Echinochloa crus-galli(L.) R. et Sch.) და სხვა. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.ეწრის გვიმრა - Pteridium tauricum Presl. V. Kreez. მრავალწლიანი, სპოროვანი, ფესურიანი, აბეზარი, ძნელად აღმოსაფხვრელი მცენარეა გვიმრასებრთა ოჯახიდან, რომლის სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ფესურა - მხოხავი, ფოთოლი - 2-3-ჯერ ფრთისებრდანაკვთულია, ქვედა მხარე წითური ხშირი ბუსუსებითაა შებუსული, მრავლდება ფესურითა და სპორებით. სპორები ივლის-აგვისტოში მწიფდება. ასარევლიანებს საძოვრებს, ჩაის პლანტაციებსა და ციტრუსოვანთა ბაღებს. არასასიამოვნო სუნის გამო აფრთხობს ბევრ მწერს, მის ფოთლებთან ობის სოკო ვერ ვითარდება. ჩადუნა - Dryopteris Adans. მრავალწლოვანი, ბალახოვანი, სპოროვანი, ფესურიანი, შხამიანი მცენარეა კალამურასებრთა ანუ ნამდვილი გვიმრების ოჯახიდან, სიმაღლით 1 მ-მდე სიმაღლის. მიწის ზევით განვითარებული ღერო არ გააჩნია. ფესურა კი კარგადაა განვითარებული და ძველი ფოთლების ყუნწების ძირებსა და მრავალ თხელშრიან ქერქშია გახვეული. კენტფრთართული დიდი ზომის ფოთლები ფესვის ყელთან ჯგუფურადაა შეკრებილი; ახალგაზრდა ფოთლები სპირალურადაა დახვეული და ზრდის მსვლელობაში თანდათან სწორდება. მაყვალი - Rubus L.მრავალწლიანი, ბუჩქოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან, ხვიარა ბუჩქია, აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი — ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედად შეკრებილი. ნაყოფი - წითელი ან მოწითალო-მოშავო წვნიანი კენკრა. ეკალღიჭა - Smilax excelsa L. მრავალწლიანი, მარადმწვანე, ხვიარა, ბუჩქოვანი მცენარეა 30-50 სმ სიმაღლის, აქვს ძლიერი ფესურა, ფესვები ვრცელდება 1 მ-მდე, ღერო დაფარულია ეკლებით, ფოთლები - სამკუთხა-კვერცხისებრი ან მომრგვალო-კვერცხისებრი, ფუძე გულისებრი, რკალური დაძარღვით, წაწვეტებული, ყუნწიანი, დამახასიათებელია ორი ულვაში, ყვავილი თეთრი, პატარა, შეკრული ქოლგად, ნაყოფი - მრგვალი, წითელი კენკრა.გრაკლა - Spiraea L. მრავალწლიანი, ბუჩქოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან, 1-1,5 მ სიმაღლის, ფესვები - ფუნჯა; ფოთლები მოგრძო-კვერცხისებრი, მორიგეობით განლაგებული, დაკბილული, ყუნწიანი; თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, ქოლგისებრ ან ფარისებრ ყვავილედებში თავმოყრილი; ნაყოფი - სუსტად შებუსული მრავალფოთლურა; თესლი - ბრტყელი, ლანცეტისებრი, ყავისფერი, სიგრძე 1.5-2 მმ, სიგანე 0.5 მმ.ოქროწკეპლა - Solidago virga aurea L. მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო - სწორმდგომი, შეფოთლილი, შებუსული, 30-100 სმ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, ელიფსური, კიდედაკბილული, ფესვთანური ფოთლები მოგრძო კვერცხისებრი ან ფართო, ნიჩბისებური, ზედა კი - ლანცეტაა, მჯდომარე; ყვავილედი - კალათა, 10-15 მმ, ყვავილი ყვითელი, ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე, თესლი მწიფდება ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე; თესლურა - ცილინდრული, 3-4 მმ, შებუსული, მუქი ფერის ქოჩრით 4-5 მმ სიგრძის. კაროლინის ძაღლყურძენა - Solanum carolinense L. მრავალწლიანი ფესვნაყარი სარეველაა, წააგავს კარტოფილს. საქართველოში შეზღუდულად გავრცელებული საკარანტინო სარეველაა. ღერო სწორი, 30-120 სმ სიმაღლის, მსხვილი, დატოტვილი ვარსკვლავისებური ბეწვებით და მაგარი, მოყვითალო ეკლებით. ყვავილები მოთეთრო ან იასამნისფერი, ნაყოფი კენკრაა, მოყვითალო ან ნარინჯისფერი, მრგვალი, გლუვი ზედაპირით (1,5-2 სმ). კენკრაში 40-60 თესლია. თესლის სიგრძე 2-3 მმ, ოვალური, მკერდშეჭყლეტილი, ყვითელი ან ყავისფერი, ფოსოებიანი ზეადპირით. მცირე ზომის ჭიპი მოთავსებულია თესლის წიბოზე. ჩაქვის ბალახი - Pollinia imberbis Nees ერთწლიანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, აქვს გრძელი, წვრილი ფესვები; ღეროს სიგრძე 40-100 სმ, დატოტვილი, აღმავალი, შეუბუსავი, შეიძლება დაფესვიანდეს; ფოთლები ლანცეტისებური, სუსტად შებუსული, მწვანე; ყვავილედი - თავთავი, ლანცეტისებური, 4,5-6 მმ სიგრძის, ყვავილობს ზაფხულის ბოლოს. მარცვალი ელიფსური, მოყვითალო-მოწითალო, ზომით 2.8-3 მმ, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. ავტორები:ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისდეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიისმთავარი სპეციალისტიმაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისდეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიისმთავარი სპეციალისტი
ხორბლის კულტურის სარეველები
ხორბალი ყველაზე მნიშვნელოვანი სასურსათო კულტურაა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. მეცნიერების აზრით, კულტურული ხორბლის სახეობები წარმოიშვა სამი ველური მარცვლოვანი მცენარისგან, რომლებიც მცირე აზიაში, სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში იზრდებოდა, იგი იყო საკულტო მზიური მცენარე უძველესი სამყაროს ყველა ხალხისთვის. ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელები ხორბალს მიიჩნევდნენ ადამიანისა და კოსმოსის განსახიერებად. საქართველო აღიარებულია ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად. არქეოლოგიური გათხრების დროს, იგი პირველად კოლხეთის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, შემდეგ შულავერში აღმოაჩინეს ჩვ. წ. აღ-მდე V-IV ათასწლეულის ნიმუშები, პურის სახეობათა მრავალფეროვნებით საქართველოში მესხეთი გამოირჩევა. მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 სახეობიდან ჩვენს ქვეყანაში აღწერილია 14: მახა, ზანდური, დიკა, ასლი, თავთუხი, ხულუგო, ხოზო, ხოტორა, დოლისპური, იფქლი და სხვ.ხორბლის ნათესებს უჭირავს მარცვლოვანი კულტურებისთვის განკუთვნილი მსოფლიოს სახნავების თითქმის ნახევარი. საქართველოში ხორბალი მოჰყავთ კახეთსა და ქართლში, მისი წარმოების მაჩვენებლი ქვეყანაში მხოლოდ 8-9 %-ს წამოადგენს, ნათესი ფართობი 80 000 ჰა-ს არ აღემატება, მოსახლეობა კი წელიწადში 700 000-800 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, ამდენად, ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული.ხორბლის წარმოების ზრდით შეიძლება წარმატებით გადაიჭრას მარცვლეულის პრობლემა, თუმცა მის მოვლა-მოყვანას ხელს უშლის სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის ერთ-ერთი სარეველა მცენარეებია, რომელთა მავნეობით გამოწვეული მოსავლის დანაკარგები საკმაოდ მაღალია. ხორბლის კულტურის სარეველებია: ღვარძლი (Lolium temulentum L.), ბეგიაური (Galium aparine L.), ყანის ჭლექი (Fallopia convolvulus L.), ყვავისფრჩხილა (Coronilla varia L.), მაწაქი (Sophora alopecuroides L.), ჰელიოტროპი (Heliotropum lasiocarpum Fisch. Et Mey.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense L.), შვრიუკა (Avena fatua L.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.), მინდვრის შვრიელა (Bromus secalinus L.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca (L.) P. B.), მწვანე ძურწა (Setaria viridis (L.) P. B.), ღიჭა (Sonchus arvensis L.), ჩვეულებრივი თივაქასრა (Poa trivialis L.), მდელოს თივაქასრა (Poa praténsis L.), ჩვეულებრივი საგველა (Apera spica-venti L.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ჩვეულებრივი ცერცველა (Vicia sativa L.), თაგვის ცერცველა (Vicia cracca L.), ბანჯგვლიანი ცერცველა (Vicia villosa Roth), ცულისპირა (Lathyrus sativus L.), თეთრი ძიძო (Melilotus alba Desr.), ყვითელი ძიძო (Melilotus officinalisL.) გლერტა (Cynodon dactylon L.) და სხვა. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება. ღვარძლი - Lolium temulentum L. ღვარძლი ერთწლიანი, მარცვლოვანი, შხამიანი სარეველაა. ფესვი - ფუნჯა, ღეროს სიმაღლე 50-100 სმ, ფოთლები - ხაზურა, თავთავი - ელიფსური, სიგრძე 10-20 სმ. კილიანი მარცვალი ოვალური, მონაცრისფრო - მოყვითალო, სიგრძე 5-6 მმ, სიგანე - 2-2,5 მმ. მარცვალი ოვალურ - კვერცხისებური, აქვს ღარი, სიგრძე 4-5 მმ. ერთ მცენარეზე ვითარდება 600 მარცვალი, მარცვალი შხამიანია, რადგან შეიცავს ალკალოიდ თიმულინს, ამდენად, მისი შერევა ხორბლის მარცვალთან არაა სასურველი. ბეგიაური - Galium aparine L. ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ენდროსებრთა ოჯახიდან, ღეროს სიმაღლე 30-80 სმ; ფოთოლი ვიწრო ლანცეტისებური; ყვავილი წვრილი, თეთრი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში. ნაყოფი კაკლუჭა, მომრგვალო, აქვს ამონაკვეთი, მონაცრისფრო - ყავისფერი, დაფარულია ჯაგრებით, სიგრძე 1,75 – 3 მმ, სიგანე 1,25 – 2,25 მმ; თესლი ნაყოფის მაგვარი, ჯაგრების გარეშე. ფართოდაა გავრცელებული ხორბლის ნათესებში, იგი ხელს უშლის მის ზრდა-განვითარებას და ამცირებს მოსავლიანობას, ბეგიაურით კვებისას ძროხის რძე იძენს წითელ ფერს, თივასთან შერევისას შეიძლება გამოიწვიოს ცხვრების სიკვდილი, თესლით კვებისას - ფრინველების მოწამვლა. ყანის ჭლექი - Fallopia convolvulus L. ერთწლიანი, ბალახოვანი, საგაზაფხულო სარეველაა, მიეკუთვნება წიწიბურასებრთა ოჯახს. ღერო - წვრილი, მარტივი ან ხვიარა, სიმაღლე 10-100 სმ. ფოთოლი ყუნწიანი, კვერცხისებურ-სამკუთხოვანი, ფუძესთან გულისებური. ყვავილი - წვრილი, თეთრი; თესლი შავი ფერის, სამწახნაგიანი, ჭიპი ყვითელი ფერის, ბრტყელი, ზედაპირი გლუვი, სიგრძე 2,5 – 3,5 მმ, სიგანე 1,75 – 2,75 მმ. 1 მცენარე იძლევა 600 თესლს; ხშირადაა გავრცელებული ხორბლის ნათესებში, იგი კონკურენციას უწევს ხორბალს, ამცირებს მოსავლიანობას. ყვავისფრჩხილა - Coronilla varia L.მრავალწლიანი, შხამიანი, საშიში სარეველაა, პარკოსანთა ოჯახიდან; ფესურა - მხოხავი, დატოტვილი; ღერო - ხვიარა, 60 სმ-მდე სიგრძის; ყვავილი - ქოლგისებური, თეთრი, ან მოთეთრო-იასამნისფერი, ყვავილობს მაის-აგვისტოში; ნაყოფი-პარკი, თესლი ცილინდრული, გლუვი, ყავისფერი, სიგრძე 2-3,25 მმ, სიგანე1-1,75 მმ, ნაყოფს იძლევა ივნისიდან სექტემბრამდე. ასარევლიანებს მარცვლოვნებს, ხორბლის ფქვილში მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 %-ს, რადგან შხამიანია მცენარის მიწისზედა ნაწილები და თესლი.მაწაქი - Sophora alopecuroides L. მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი, საშიში, მავნე სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან, ღერო - სწორმდგომი, ძლიერი, ზემოთ დატოტვილი, შებუსული, სიმაღლით 30-80 სმ; ყვავილი მოთეთროფერის; ნაყოფი - პარკი, 3-5 თესლით,სიგრძე 50-80 მმ, მონაცრისფრო-მწვანე, ან ყავისფერი, თესლი თირკმლისებურ-ოვალური, ოდნავ შეჭყლეტილი, ზედაპირი გლუვი, ოდნავ პრიალა; ყვითელი, ყავისფერი ან მომწვანო-ყავისფერი; სიგრძე 3-4,5 მმ, სიგანე 2,75-3,75 მმ. ხორბლის ფქვილში მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 %-ს, რადგან შეიცავს ალკალოიდებს. ჰელიოტროპი - Heliotropum lasiocarpum Fisch. Et Mey. მრავალწლიანი შხამიანი მცენარეა (მიწისზედა ორგანოები და თესლი); ღერო - დატოტვილი, 20-50 სმ სიმაღლის; ყვავილები წვრილი, თეთრი, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; ფოთოლი - ელიფსური; ნაყოფი (თესლი) უკუკვერცხისებური, ოვალური, წვერი მრგვალია, ფუძე - ოდნავ ოვალური, ზედაპირი უსწორმასწორო, ნაცრისფერი, ან მომწვანო-ყავისფერი, თესლის სიგრძე 1,25-1,75მმ; სიგანე 0,75-1 მმ. ხორბლის ფქვილში მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 %-ს. ავტორები: მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისდეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიისმთავარი სპეციალისტინინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისდეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიისმთავარი სპეციალისტი
სარეველა მცენარეების გამოყენება შინაური ცხოველების და ფრინველების საკვებად
მცენარეული სამყაროს 300000-მდე წარმომადგენლის გარკვეული ნაწილი სარეველა მცენარეებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან და დედამიწის სხვადასხვა კუთხეში იზრდებიან, მიუხედავად სარეველა მცენარეების მავნეობისა, ისინი მრავალმხრივ გამოიყენება პრაქტიკაში, ზოგიერთი მათგანი გამოყენებულია ცხოველების საკვებად.ცხოველები საძოვრებზე კვების დროს არჩევენ მათთვის სასარგებლო და შხამიან ბალახებს, მიუხედავად იმისა, რომ შხამა შხამიანი მცენარეა, მას პირუტყვი კარგად ჭამს შემოდგომა - ზამთრის პირზე, რთვილის (ჩაჭკნობის) შემდეგ, ამ პერიოდში იგი უვნებელია. შალაფა - ნორჩი მცენარე,მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და ცხენებისთვის კარგ საკვებს წარმოადგენს, ზრდასრული მცენარე ყვავილობის დროს საქონლისთვის საშიშია, რადგან ამ პერიოდში ვეგეტატიურ ნაწილში დიდი რაოდენობის შხამიანი ნივთიერებები გროვდება, თუმცა ახალგაზრდა მცენარეებშიც არ არის გამორიცხული მათი დაგროვება, ზოგჯერ ცხოველების მოწამვლასაც აქვს ადგილი. ქინოა - (Chenopodium quinoa) ჯიჯლაყასებრთა ოჯახის, ნაცარქათამასებრთა გვარის წარმომადგენელი პირველად გამოიყენეს პირუტყვის საკვებად 5.2–7.0 ათასი წლის წინ. ჯიჯლაყას სახეობები ფართოდაა გავრცელებული საძოვრებზე, სხვადასხვა ადგილებზე, ისინი დიდი რაოდენობით ითვისებენ ნიტრატებს და ცხოველებისთვის ერთ - ერთ არასასურველ მცენარედ ითვლება.ბურჩხა - Echinochloa crus-galli ( L. ) R. et Sch.ერთწლიანი, მარცვლოვანი სარეველა მცენარეა, სიმაღლით 15-100 სმ, ფოთლები ლანცეტისებური, სიგანით 2,5 სმ, ყვავილედი ერთ ყვავილიანი საგველაა. ნიადაგიდან 80% აზოტი გამოაქვს, ერთი მცენარე იძლევა 40 000 თესლს; კილიანი მარცვალი - კვერცხისებურ-ელიფსური, ზემოთ წაწვეტებული, სიგრძე 3-3,5 მმ, სიგანე 2 მმ. მარცვალი ოვალურ-კვერცხისებური, მოყავისფრო, ცვილისებური ზედაპირით, სიგრძე 2 მმ, სიგანე 1,5 მმ. ბურჩხა შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის კარგ საკვებ მცენარედ ითვლება, როგორც საძოვრად, ისე თივის სახით. ყვავილობისას შესანიშნავი სასილოსე მცენარეა, მისი მარცვალი ფრინველებისთვის კარგ საკვებს წარმოადგენს. ცხენებისთვის საკვებად დიდი რაოდენობით მიღება მავნებელია. მხოხავი ჭანგა - Elitrigia repens (Agropirum repens) ( L.) P. B.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, ფესურა გრძელი, ვრცელდება ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად - 5 -15 სმ - მდე; ღეროს სიმაღლე 40-150 სმ; ფოთოლი - შიშველი, ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - რთული თავთავი; თესლი - მარცვალი, ჩალისფერი, სიგრძე - 0,5 სმ. ყვავილობის და ნაყოფების პერიოდში მხოხავი ჭანგას თივა პირუტყვის მიერ კარგად იჭმევა. კვების მიზნით ცხოველებისთვის მნიშვნელოვანი საკვებია ჭანგას ფესურები, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ნათესების კულტივირების შემდეგ. მწყერფეხა - Digitaria ischaemum L.ერთწლიანი, მარცვლოვანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა. ღერო სწორმდგომი 10-50 სმ-მდე; ფოთლები - ლანცეტა, მწვანე ან მომწვანო-იასამნისფერი; ყვავილედი თავთავი, სიგრძე - 2,2-2,5 მმ; ყვავილობს ივლისში, თესლს იძლევა აგვისტო-სექტემბერში. ძირითადად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში; მარცვალი ელიფსური, მოყვითალო-ყავისფერი, სიგრძე 1-2,8 მმ. მწყერფეხა კარგ სასილოსე მწვანე მასას და თივას იძლევა. ჭვავისებრი შვრიელა - Bromus secalinus L.ერთწლიანი, მარცვლოვანი, საგაზაფხულო სარეველა მცენარეა. ღერო სწორმდგომი 30-100 სმ. ფოთლის ფირფიტა სპირალურად არის დახვეული, შებუსული, სიგანით 2-5 მმ. საგველა ყვავილედის სიგრძე 21 სმ; კილიანი მარცვალი ლანცეტისებურია, სიგრძით 7-8 მმ, სიგანით 1,7-2 მმ, კილი მომწვანო - მოყვითალო ან ჩალისფერია; მარცვალი კილის გარეშე სიგრძით 6-7 მმ, სიგანით 1-1,5 მმ, ლანცეტისებური, მუქი ყავისფერი, აქვს ღარი. ერთ მცენარეზე 5-6 ათასი თესლი ვითარდება.შვრიელას გაზაფხულიდან დაწყებული ყვავილობამდე მსხვილი რქოსანი პირუტყვი კარგად ჭამს, ძროხებს წველადობას მატებს, კარგად ძოვს ცხენი, ცხვარი და თხა. თესლებს აგროვებენ და ფქვავენ, აჭმევენ მსხვილ რქოსან პირუტყვს, ცხენებს, ღორებს. ყვითელი ძურწა - Setaria glauca ( L. ) P. B.ერთწლიანი, მარცვლოვანი, საგაზაფხულო სარეველა მცენარეა, გვალვაგამძლე; ფესვი - ფუნჯა, ღერო - სწორმდგომი, სიმაღლით 10-60 სმ; ფოთლები ლანცეტისებური, მოყვითალო - მომწვანო; ყვავილედი - თავთავი, სიგრძით 4-6 სმ; მარცვალი კვერცხისებურ - ოვალური ფორმის, მოყვითალო - მომწვანო ან მუქი ყავისფერი, სიგრძე 2-2,75 მმ, სიგანე 1,5-1,75 მმ, სიცოცხლისუნარიანობა 30 წელია. ძურწა დაყვავილებამდე ითვლება პირუტყვის და შინაური ფრინველების კარგ საკვებ მცენარედ, ადრეულ ფაზაში იყენებენ სასილოსედ, მწვანე საკვებად. გლერტა - Cynodon dactylon ( L. ) Persმრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან 15-50 სმ სიმაღლის; ღერო დატოტვილი, სწორი; ფოთლები ლანცეტისებური, უხეში; ყვავილედი - თავთავი წვრილი; კილიანი მარცვალი მოგრძო-კვერცხისებური, სიგრძე 2,25-2,75 მმ, სიგანე 0,5-0,75 მმ; მარცვალი ოვალურ-კვერცხისებური, ყავისფერი, სიგრძე 1,25-1,75 მმ, ერთი მცენარე იძლევა 10 000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს.გლერტა მსხვილი რქოსანი პირუტყვისთვის და ცხენებისთვის კარგი საკვებია, როგორც თივად, ისე საძოვრად. ჭინჭარი - Urtica diodica L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა, 60-200 მმ სიმაღლის; ღერო - სწორმდგომი, შებუსული; ფოთლები - გულისებრი, დაკბილული; ყვავილები -მოყვითალო - მწვანე, წვრილი, ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე; თესლი - კვერცხისებური, წვეროსკენ ოდნავ შევიწროებული, ფუძესთან - ფართო, ჭიპი მომრგვალო, მკაფიოდ შესამჩნევი, გლუვი, მონაცრისფრო - ყავისფერი, სიგრძე 1.25 -1.75 მმ, სიგანე 0.75 - 1 მმ, მწიფდება ივლისში. ჭინჭარს საკვებად იყენებს თითქმის ყველა სახეობის ცხოველი და ფრინველი, ის კარგი სასილოსე ნედლეულია. ჭიჭარს ხშირად უმატებენ ქატოს, კვებავენ ინდაურის, ბატის და იხვის ჭუკებს. თათრული წიწიბურა - Fagopyrum tataricum (L.) P. Gaerth.ერთწლიანი, საგაზაფხულო, ბალახოვანი სარეველა მცენარეა წიწიბურასებრთა ოჯახიდან; ფესვი მთავარღერძა; ღერო დატოტვილი, შეუბუსავი, ცილინდრული, მოყვითალო - მწვანე, ზოგჯერ მოწითალო 50-180 სმ სიმაღლის; ფოთოლი გულისებრი ან შუბისებრი, ქვედა - გრძელყუნწიანი, ზედა მჯდომარე; ყვავილი პატარა, მოყვითალო-მწვანე, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი სამწახნაგიანი კაკლუჭა, ნაცრისფერი, ყავისფერი, ზედაპირი არათანაბარი, ბორცვიანი, სიგრძე 3.5-5 მმ, სიგანე 2.5-3.5 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 1000 თესლი, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში; ასარევლიანებს საგაზაფხულო და საშემოდგომო ნათესებს, განსაკუთრებით კულტურულ წიწიბურას, რომლის თესლისგან რთული გამოსარჩევია. თათრული წიწიბურას თივას და თესლებს კარგად ჭამს პირუტყვი და შინაური ფრინველი. ლაკარტია - Paspalum digitaria Poir.მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესურა - მოკლე, მხოხავი; ღერო აღმავალი, 10-50 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა; ყვავილედი - თავთავი, ყვავილობს აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე; კილიანი მარცვალი - კვერცხისებური, გლუვი, მბზინავი, სიგრძეზე სუსტად დაღარული (დანაოჭებული), ღია ყვითელი, ზოგჯერ ღია ნაცრისფერი, სიგრძე 2-2.25 მმ, სიგანე 1.25 მმ; თესლი (მარცვალი) - ოვალურ-კვერცხისებური, ზურგის მხრიდან ამობურცული, მუცლის მხარეს - შეწეული, ყავისფერი. ასარევლიანებს სიმინდს, ჩაის პლანტაციებს, ბრინჯს. ლაკარტია იძლევა ხარისხიან თივას, ყუათიანი საკვებია მსხვილი რქოსანი პირუტყვისთვის.ნესტიან პირობებში მცენარე ავადდება სოკოვანი დაავადებით - Claviceps paspali (ჭვავის რქა - Ergot), პირუტყვი დაავადებული ლაკარტიათი ჭამისას ავადდება „ბანდალათი“. მჟაუნა - Rumex acetosa L.მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა წიწიბურასებრთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, მოკლე, დატოტვილი; ღერო - სწორი, 1 მ-მდე; ფოთლები - წვნიანი, ხორცოვანი, ყუნწიანი, ლანცეტისებური; ყვავილი - წვრილი, ვარდისფერი ან წითელი, ყვავილობს მაის-ივნისში; ნაყოფი - მუქი ყავისფერი კოლოფი, თესლები სამწახნაგოვანი, მოშავო-ყავისფერი, მბრწყინავი, სიგრძით 1.7 მმ. მჟაუნას ყველა სასოფლო-სამეურნეო პირუტყვი ჭამს, როგორც საძოვარზე, ისე თივაში შერეულს, ხასიათდება მაღალი კვებითი ღირებულებით. შვრიუკა - Avena fatua L.ერთწლიანი ერთლებნიანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 120 სმ; ფესვი - ფუნჯა; ფოთლები - ლანცეტისებური; კილიანი მარცვალი თითისტარისებური, ფხიანი, გარეთა კილი ტყავისებური, მჭიდროდ ეკვრის მარცვალს, წვეროში გაყოფილია ორად, ფხა მუხლისებური, მაგარი, გამოდის შუა ნაწილიდან, სიგრძით 12-20 მმ; მარცვალი ცილინდრული, ზედაპირი დაფარულია თხელი, მონაცრისფრო - მოყვითალო ზემოთ მიმართული ბუსუსებით, სიგრძე 6-8 მმ. შვრიუკა ძნელი გამოსარჩევია შვრიის, ხორბლის და საშემოდგომო ქერის თესლისგან.გაზაფხულიდან დაწყებული ყვავილობამდე მსხვილი რქოსანი პირუტყვი კარგად ჭამს, ძროხებს წველადობას მატებს, კარგად ძოვს ცხენი, ცხვარი და თხა; დაყვავილების შემდეგ მცენარე უხეშდება და ცხოველები აღარ ჭამენ, ამიტომ დაყვავილებამდე სათივედ უნდა გაითიბოს.ღიჭა - Sonchus arvensis L.მრავალწლიანი ფესვნაყარი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 150-170 სმ; ფესვი - მთავარღერძა, ნიადაგში ვრცელდება 4 მ -ზე, ჰორიზონტალურად - 1 მ -ზე; ღერო - ეკლიანი; ფოთლები - დაკბილული; ივითარებს ყვითელ, ბაბუაწვერას მსგავს ყვავილებს; ნაყოფი - მოგრძო-ოვალური თესლურაა, ნაოჭიანი, ოდნავ მოხრილი, მუქი ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.2 მმ, სიგანე 0.7-1.2 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 6 000-20 000 თესლი, სიცოცხლისუნარიანობა 5 წელი.ახალგაზრდა ყლორტებს სიმინდის ფქვილთან ან ქატოსთან ერთად იყენებენ შინაური ფრინველების (ინდაურის, ბატების, იხვის ჭუკების) გამოსაკვებად. ჩიტიფეტვა - Phalaris arundinacea L.მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესვთა სისტემა - ფუნჯა, ფესურა გრძელი, მხოხავი, მოყვითალო-ყავიფერი; ღერო - სწორმდგომი, შეუბუსავი, გლუვი, სიმაღლით 50-200 სმ; ფოთოლი - მარტივი, ლანცეტისებური ან ხაზურა, ბოლო წვეტიანი, ქვედა მხარეს შებუსული; ყვავილედი - საგველა, ყვავილი პატარა, მომწვანო, იასამნისფერი ელფერით, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე; ნაყოფი - ყავისფერი ან მოყვითალო მარცვალა, სიგრძით 1.7-2.5 მმ, მწიფდება ივლის-აგვისტოში; ზამთარგამძლე და ტენის მოყვარულია.გამოიყენება ცხოველების საკვებად, თივად, სასილოსედ. ავტორები: ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისდეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიისმთავარი სპეციალისტი მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისდეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიისმთავარი სპეციალისტი
ფუტკრის ნოზემატოზი (N. Ceranae; N. Apis)
მეთაფლე ფუტკრებში აღწერილია ორი მიკროსპორიდიული ფორმის პარაზიტი: Nosema apis (Zander) და N. ceranae. Nosema apis წარმოადგენს ევროპული მეთაფლე ფუტკრის პარაზიტს (Apis mellifera), ხოლო N.ceranae არის აზრიური და ევროპული ფუტკრის პარაზიტი. ნოზემოზით ავადდებიან ფუტკრის იმაგო ფორმები (დედა, მუშა და მამალი).N.ceranae აღმოჩენილია სხვადასხვა გეოგრაფიულ პოპულაციებში, როგორიცაა ევროპული ფუტკარი, სამხრეთი და ჩრდილოეთ ამერიკული და აზიური ფუტკარი. N. ceranae -ს პათოლოგია კარგად არ არის ცნობილი. ორივე სახეობა ძალიან მსგავსია, თუმცა N.ceranae მეტად სენსიტიურია ტემპერატურის მიმართ. N. apis და N.ceranae იჭრებიან მოზარდი ფუტკრის ეპითელურ უჯრედების ვენტრიკულებში. ინფექციის შეჭრა ხდება კვების ან გრუმინგის დროს. დაავადების შემთხვევები ხდება მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ფუტკრების მკურნალობა და გავრცელების პრევენცია არაეფექტურია ფუტკრების კოლონიებში.Nosema apis წარმოადგენს მცირე, ერთუჯრედიან პარაზიტულ ორგანიზმს. სახეობა მიეკუთვნება მიკროსპოროდიების კლასს, რომლებიც ადრე მიეკუთვნებოდნენ პროტოზოებს, თუმცა ახლა კლასიფიცირდნენ სოკოებად, ან სოკოს მსგავს ორგანიზმებად. მიკროსპორიდიები არიან უჯრედშიდა პარაზიტები და ისინი აინფიცირებენ ეპითელურ უჯრედებს. N.apis გააჩნია რეზისტენტული სპორები, რომლებიც უძლებენ ტემპერატურასა და დეჰიტრატაციას. Nosema ceranae პირველად აღმოაჩინეს 2005 წელს. ამ პარაზიტის არსებობისას ფუტკრები მალე იხოცებიან სკის მახლობლად, ან როდესაც ისინი ტოვებენ ადგილსამყოფელს და ძალიან იშვიათად ბრუნდებიან უკან. ეს იწვევს კოლონიის კოლაფსს. ამ ორი სახეობის განსხვავება შეუძლებელია სხვა მეთოდებით, გარდა მოლეკულური მეთოდისა (PCR). ნოზემას ორი ქვესახეობა:არსებობს ნოზემას 2 განსხვავებული ქვესახეობა, Apis mellifera , რომელსაც გააჩნია გარემოში განსხვავებული გავრცელება, პასუხისმგებელია დაავადების ორ განსხვავებულ ფორმაზე.• Nosema apis;• Nosema ceranae.ორივე სუბსახეობას გააჩნია მიძინებული საფეხური. Nosema apis პასუხისმგებელია დაავადების კლასიკურ ფორმაზე, რომელიც დამახასიათებელია ცივ და ტენიან ადგილებში. დაავადების ვიზუალიზაცია მეტად მარტივია გაზაფხულისა და ზამთრის განმავლობაში. ამ პერიოდში ხდება კოლონიის რაოდენობების შემცირება. დაავადება არასდროს ხდება ლარვულ საფეხურზე და იშვიათია დედა ფუტკრებში.ნოზემას გავრცელების მომატება ფუტკრებში ხდება შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც არის ცივი კლიმატი. დაავადების გავრცელება ფუტკრებს შორის ხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტით, დაბინძურებული საკვებიდან და წყლიდან. თაფლის შენახვამ შეიძლება ითამაშოს გარკვეული როლი დაავადების გავრცელებაში. სპორების მნიშვნელოვან რეზერვუარს წრმოადგენს განავალი, თაფლი და ფიჭა.N.apis სპორები ინაქტივირდებიან ძმარმჟავას მოქმედებისას, ან 60 გრადუსზე გაცხელებით 15 წუთის განმავლობაში. სკის სტერილიზაცია შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში სკის გაცხელებით 49 გრადუსზე. მაგრამ 60 გრადუსზე გაცხელება ვერ კლავს N.ceranae-ს სპორებს. ორივე სახეობას გააჩნიათ მიძინებული საფეხური - დიდხანს ცოცხალი სპორები. მზის პირდაპირი სხივები სპორებს კლავენ ნახევარი საათის განმავლობაში.მრავალ ქვეყანაში გამოიყენება ანტიბიოტიკებით მკურნალობა. ნოზემას სასიცოცხლო ციკლი:ინფექციის გადაცემის ყველაზე ნაცნობი გზა არის ფეკალურ-ორალური და ორალურ-ორალური, ასევე ნოზემის გადაცემა შესაძლებელია სქესობრივი გზით. ორივე პარაზიტი, პირველ რიგში, იჭრება ეპითელურ უჯრედებში, რის შემდეგაც სპორები სწრაფად მრავლდებიან. მას შემდეგ, რაც მწერის შიგნით მოხვდებიან, ვენტრიკულუსის ეპითელური უჯრედების დაინფიცირება ხდება ვეგეტატიურ სტადიაზე. უჯრედის შიგნით პარაზიტები იწვევენ მასპინძელი უჯრედის რნმ-ის სინთეზის რედუქციას. როდესაც ფუტკრის ორგანიზმში მოხვდება Nosema apis ის სპორები, ისინი აღმოცენდებიან 30 წუთის განმავლობაში კუჭში. ორგანიზმები შემდგომ შეაღწევენ კუჭის უჯრედებში. აქ ისინი აგრძელებენ ზრდას ძალიან სწრაფად, და უჯრედებს იყენებენ საკვებად.დიდი რაოდენობის სპორების წარმოქმნა ხდება მასპინძლის ორგანიზმში 6-10 დღის განმავლობაში. დაავადების სრული განვითარება ეპითელიუმში ხდება დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. პარაზიტებმა შესაძლოა ასევე შეაღწიონ და დააინფიცირონ მიმდებარე ჯანმრთელი უჯრედები. ეს ხელს უწყობს ინფექციის სწრაფ გავრცელებას.ნორმალური მონელების პროცესის განმავლობაში მოზარდ ფუტკრებში, კუჭის ჯანმრთელი უჯრედები იშლებიან კუჭის შიგნით. ისინი იხსნებიან და ათავისუფლებენ მომნელებელ ენზიმებს. ინფიცირებული უჯრედები ასევე იღვრებიან ამ მექანიზმით, მაგრამ ისინი ათავისუფლებენ ნოზემას სპორებს და არა მომნელებელ სითხეს. ამ სპორებს შეუძლიათ დააინფიცირონ ჯანმრთელი უჯრედები. მრავალი სპორა ასევე შეიძლება იყოს ფუტკრის ფეკალში. მიკროსპოროდიული პარაზიტების ინფექციის მექანიზმი დაფუძნებულია პოლარული ფილამენტის მექანიკურ ინექციაზე, რომელიც გამოდის სპორიდან. ფიზიკური ძალით ფილამენტი შეაღწევს მასპინძლის უჯრედულ მემბრანაში (ვენტრიკულარულ ეპითელურ უჯრედებში N. apis და N. ceranae). ინფექციური სპოროპლაზმა შედის მასპინძლის უჯრედულ ციტოპლაზმაში, სადაც ხდება პარაზიტის რეპლიკაცია და მოგვიანებით სპორების წარმოქმნა. პოსტ-ინფიცირებიდან 3 დღის შემდეგ N.apis მომწიფებული სპორები დიდი რაოდენობით იწყებენ განვითარებას, ხოლო დაახლოებით 1 დღის შემდეგ N.ceranae-ს სპორები. ორივე პარაზიტს აქვს ტემპერატურაზე დამოკიდებული გამრავლების სიჩქარე. გაზაფხულზე ინფექციის დონე შეიძლება გაიზარდოს, რადგან ფუტკრები იწყებენ სკის გასუფთავებას, რადგან დედოფალი იწყებს კვერცხის დებას და ფუტკრების გაფართოებული რაოდენობა ზრდის ტემპერატურას, სადაც ხდება პარაზიტების რეპლიკაცია და საბოლოოდ, იქმნება N. apis -თვის ოპტიმალური ტემპერატურა. N. ceranae უკეთესად იზრდება უფრო მაღალ ტემპერატურაზე, ვიდრე N. apis. შემთხვევები და გავრცელება:ინფექცია ჩვეუულებრივად არ ვრცელდება ინფიცირებული ფუტკრების შთამომავლობაში. ამის ნაცვლად, ახალგაზრდა ფუტკრები ინფიცირდებიან როდესაც ორალური გზით იღებენ სპორებს სკის დასუფთავებისას. ზაფხულის განმავლობაში, ამ სპორებმა შეიძლება ნოზემას აფეთქება გამოიწვიოს. წლის ამ დროს ფუტკრის დანაკარგი შეიძლება იყოს ძალიან დიდი.ზამთრის დანაკარგი ასევე შეიძლება იყოს მძიმე, რადგან ცუდი ამინდის გამო ინფიცირებული ფუტკრები დეფეკაციას ახდენენ სკაში.შემოდგომაზე დაავადების აფეთქება შეიძლება დაიწყოს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში, როდესაც ტემპერატურა არის მაღალი. პათოგენეზი:N.apis სპორების მოძებნა ხდება ფეკალში, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოხვდა მოზარდი ფუტკრის ორგანიზმში და განვითარდა საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩამოშლა. სპორების გამოძევება ხდება ფეკალით, ამ გზით ხდება სხვა ფუტკრების დაინფიცირება.მიკროსპორადიუმები ხვდებიან ასევე საკვებ ჯირკვლებში. ამ დროს ფუტკარი წყვეტს კვებავს რაც ხელს უშლის კოლონიის განახლებას. სიმპტომები:• მომნელებელი ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა დიარეა;• ფუტკრები ვეღარ ახორციელებენ სამეფო თაფლის წარმოებას;• ხდება ფუტკრების აქტივობის შემცირება;• იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება დედოფლის დასნებოვნება, კვრცხის დება მცირდება. • პირველად ხდება ნელი დეპოპულაცია, ხდება მუშაობის შემცირება, როდესაც იზრდება ფუტკრების მოუსვენრობა;• ზოგიერთ ფუტკარს არ შეუძლია დიდხანს ფრენა, ისინი სეირნობენ ფრთებგაშლილ ფორმაში, პარალიზებულები არიან, მაშინ როცა სხვა ფუტკრები იკრიბებიან მცირე ჯგუფებში;• საბოლოოდ, ფუტკრის სიკვიდილის დროს, ფუტკარს მუცელი გადიდებული აქვს, ხოლო ფეხები უკან აქვთ მკერდთან.დიაგნოზის დასმა:დაავადების საწყის სტადიაზე დიაგნოზის დასმა მარტივი არ არის. ერთადერთი საეჭვო ნიშანი არის თხევადი ექსკრემენტი.ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ჩატარდეს საველე ტესტი, რომლის საშუალებთაც მოხდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ტერმინალური ნაწილის ფერის დადეგნა: ჯანმრთელ ფუტკრებს აქვთ მოწითალო ფერის განავალი, მაშინ როდესაც, ავადმყოფ ფუტკრებს აქვთ რძისფერი - თეთრი განავალი.დამახასიათებელი ნიშნები ჩნდება მაშინ, როდესაც დაავადება მიაღწევს გარკვეულ სიმძიმეს. ლაბორატორიული ტესტის ჩატარება შეიძლება მიკროსკოპით, რა დროსაც ხდება დაკვირვება სპორებზე, რომლებიც იმყოფებიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში , ან ფეკალში, თუმცა კვლევის ამ მეთოდით არ ხდება ნოზემას ფორმების განსხვავება.ამ ორი სახეობის განსხვავება შეუძლებელია სხვა მეთოდებით, გარდა მოლეკულური მეთოდისა (PCR). ტრანსმისია:ტრანსმისია ხდება ძირითადად ფეკალ-ორალური გზით. N.apis შეუძლია სწრაფი გავრცელება დაავადებული ფუტკრიდან ფეკალის გამოყოფის გზით. დაავადების გავრცელებას ფუტკრიდან ფუტკარში შესაძლოა ხელი შეუწყოს მეფუტკრემ. დაავადებაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ბევრმა კლიმატურმა ფაქტორმა:• ცუდი ამინდი ზრდის ფუტკრის დაავადების რისკს, რადგან ფუტკრები იმყოფებიან სკაში;• ასევე, სეზონმა შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადების გავრცელებას. ხანგრძლივი, ცივი ზამთრის განმავლობაში, წვიმიანი გაზაფხულის დროს ,ფუტკარმა შეიძლება ვერ მოიპოვოს მტვერი და ნექტარი;• სხვა სახის დაავადების არსებობა (ამებიოზი ან ვირუსები) ამძაფრებს ნოზემას სიმპტომებს.ინფექციის განვითარება დამოკიდებულია როგორც კოლონიის ზომაზე, ასევე ამინდზე და წელიწადის დროებზე.ფეკალის წვეთში N. apis სპორები სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ 1 წელზე მეტ ხანს. სპორები სიცოცხლისუნარიანები შეიძლება დარჩნენე 4 თვის შემდეგაც, რაც მოხვდებიან თაფლში და 4.5 წლის განმავლობაში, ინფიცირებული ფუტკრების სკაში. დაავადების კონტროლი:• ინფექციის პრევენციისათვის აუცილებელია კარგი პრაქტიკული მენეჯმენტი და განსაკუთრებული ზრუნვა, როდესაც ხდება ადგილმდებარეობის შერჩევა (არატენიანი, არაგამოხატული ცივი ამინდები) და სკის სწორი ორიენტირება (უმჯობესია მზიან, კარგად ვენტილირებულ ტერიტორიაზე);• აუცილებელია ზამთრისათვის მომზადება (მოხდეს კარგი ხარისხის საკვების მიცემა, თუ ეს საჭიროა. ასევე, უმჯობესია მოხდეს დამუშავება ვაროების (ტკიპების) წინააღმდეგ);• საჭიროა მოხდეს მცენარეების დამარაგება, რომელსაც აქვს დიდი რაოდენობით მტვერი, რათა მოხდეს საკვების ცილებით უზრუნველყოფა გვიან ზაფხულში და შემოდგომით;• ცივ კლიმატში შეინარჩუნეთ სკაში სითბო, ზამთრის განმავლობაში, სანამ არ დადგება გვიანი გაზაფხული;• შეარჩიეთ შესაბამისი შთამომავლობა კოლონიის პოპულაციისათვის;• „შეაწუხეთ“ ფუტკრები შეძლებისდაგვარად ზამთრის განმავლობაში. როდესაც ხდება N.apis შემთხვევები, პროგნოზი არის სერიოზული, რადგან მისი დასაწყისი თითქმის ყოველთვის შეუმჩნეველია და სიმპტომების გამოვლენა ხდება მოწინავე სტადიაზე. მთავარია, დაავადებულ კოლონიაში მოხდეს მეფუტკრის ჩარევა და დაავადებულმა ფუტკარმა არ გააგრძელოს მუშაობა. თუ დაავადების გავრცელება მოხდება მასიურად, განსაკუთრებით სუსტ ოჯახებში, ფუტკარი უნდა განადგურდეს. გარემოს აღდგენა შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც მოხდება ფუტკრების განადგურება. უნდა მოხდეს სკის სტერილიზაცია (მდუაღარე წყალი, 6%-იანი სოდა და ლურჯი ალი) და უნდა მოხდეს ფიჭას განადგურება. ინფიცირებული თაფლის გამოყენება არ შეიძლება სხვა ფუტკრების საკვებად, რათა თავიდან ავირიდოთ მათი დაავადება. იმ შემთხვევაში, თუ ფუტკრების ინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, გადაიყვანეთ ისინი გამოხატულ მზიან გარემოში (არაქარიან და ცივ ადგილას), სადაც ექნებათ სუფთა სკა და ფიჭა, უნდა მოხდეს რეინფიცირების შესაძლებლობის შემცირება. აუცილებელია ფუტკრების სათანადო კვებით უზრუნველყოფა. თაფლის გამოყენება შესაძლებელია ადამიანებისთვის საკვებად. სკის განადგურებისთვის და შემდგომი დაბინძურების თავიდან ასარიდებლად მიწაში უნდა გაკეთდეს ღრმა ორმო და იქ უნდა დაიწვას სკა, ფიჭასთან ერთად. შემდგომ კი უნდა მოხდეს ორმოს სათანადოდ დალუქვა. ავტორი:თამარ ბაისონაშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი
სიმინდის მშრალი სიდამპლე
პათოგენი სოკო Stenocarpella maydis საკარანტინო მავნე ორგანიზმია, რომელიც იწვევს სიმინდის მშრალ სიდამპლეს. იგი უსრულო სოკოების ჯგუფშია გაერთიანებული. სოკოს ტელემორფი არ არის ცნობილი.გავრცელებულია თითქმის ყველა კონტინენტზე. ევროპა: იტალია, გაერთიანებული სამეფო, ჩეხეთი, სერბია. აზია: ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, კორეა, ნეპალი, პაკისტანი, ტაივანი, ტაილანდი. ამერიკა: აშშ, კანადა, მექსიკა, არგენტინა, ბელიზი, ბრაზილია, ჰონდურასი, კოლუმბია, ეკვადორი. აფრიკა: კენია, კონგო, მალავი, ნიგერია, სკაზილენდი, ტანძანია, სამხ. აფრიკა, ეთიოპია, განა, უგანდა, ზამბია, ზიმბამბვე. ოკეანეთი: ავსტრალია, ახალი ზელანდია.საქართველოში გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში.პათოგენი სოკოს მასპინძელი მცენარეებია სიმინდი (Zea mays) და ლერწამი (Arundinaria).დაავადების გავრცელება შესაძლებელია სიმინდის დაავადებული მარცვლებით, მცენარეული ნარჩენებით და ნიადაგში მოთავსებული დაავადების საწყისით.ინფექციის გავრცელება ხდება კონიდიუმებით, რომლებიც წვიმის და ქარის საშუალებით ვრცელდება. მოსავლის ნარჩენებზე ძლებს ორი წლის განმავლობაში. დაავადებული თესლი გაღივებას იძლევა, მაგრამ ღივი სუსტია, სოკოს მოქმედებას ვერ უძლებს და ვიდრე ნიადაგის ზედაპირზე გამოვა, იღუპება (50%), არ ამოდის. სუსტად დაავადებული თესლის ნაწილი აღმონაცენს იძლევა. მაგრამ სუსტია, განუვითარებელი და ხშირად ნაადრევად იღუპება Stenocarpella maydis დაავადებას განვითარების ყველა ფაზაში იწვევს.პირველი ფაზა - აღმონაცენის დაავადება.მეორე ფაზა - ზრდა-განვითარებული ორგანოების: ღეროების და ტაროების დაავადება, რომელზეც მშრალ სიდამპლეს აჩენს. დაავადება ვლინდება სიმინდის ყველა მიწისზედა ორგანოზე (ფოთოლი, ღერო, ტარო, ქეჩეჩო, ვაგინა, მარცვალი) და შეიძლება დასნებოვდეს ფესვებიც. ფოთლის ფირფიტის ფუძესთან წარმოიქმნება წაგრძელებული მოწითალო-მუქი ლაქები. ისინი თანდათანობით ერწყმიან ერთმანეთს და წარმოიქმნება მკვდარი ქსოვილების უბანი, რომლებიც მოგვაგონებს ყინვით დაზიანებას. ღეროს მუხლთაშორისებთან ჩნდება მოწითალო ლაქები, რომლებიც ერწყმის ერთმანეთს და მოიცავს მთელ ღეროს. ღეროს შუაგული იშლება. დაზიანების გარეშე რჩება მხოლოდ ჭურჭელბოჭკოვანი კონები. ძლიერი წვიმებისა და ქარის დროს ღერო გადატყდება. მუხლებთან ეპიდერმისით დაფარული შავი წერტილები ჩნდება და ღერო ხორკლიანი ხდება.გამხმარი ჩალა და სიმინდის ნარჩენები პიკნიდიუმებითაა დაფარული. ტაროში ინფექცია წვეროდან ან ყუნწიდან შედის (უფრო ხშირად). სოკოს თეთრი მიცელიუმი თავისუფლად უვლის, როგორც ტაროს ღერძს, ისე მარცვლებს და შემოკრული ფუჩეჩის ნაწილებს. მიცელიუმი ვითარდება მარცვლის რიგებშუა. ადრეულ სტადიაში დაავადებისას ტარო მთლად იშლება და უნაყოფო რჩება. რძის სიმწიფის პერიოდში დაავადებისას მარცვლები სრულდება, მაგრამ ყველა დაზიანებულია. ტაროს მოკრიალო იერი დაკარგული აქვს, მატლიანი ხდება, მარცვალი ჭკნება და ერთიმეორისაგან დაშორებული რჩება.თესლი იცვლის შეფერილობას ყავისფერამდე, განსაკუთრებით თესლის ჩანასახის მხარეს.ტაროს თმა დამპალია, მოზრდილია მარცვლებზე და შემოკრული ფუჩეჩის ნაწილებზე. პიკნიდიუმები ვითარდება ფუჩეჩზე, მარცვლებსა და ტაროს ღეროზე. პიკნიდიუმები არის მარცვლის ბუდესთან და რიგებშუა. დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელია ტენიანი გარემო, ოპტიმალური ტემპერატურა კი 28-30 გრადუსი (მინიმალური 10-15 გრადუსი), აგრეთვე მოსავლის დაგვიანებული აღება. სიმინდის მშრალი სიდამპლე სიმინდის სერიოზულ დაავადებაა. ამცირებს აღმონაცენის სიხშირეს 5-დან 37%-მდე, (ნათესები მეჩხერდება). აქვეითებს მოსავლიანობასა და მარცვლის ხარისხს. იწვევს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხვრის მიკოტოქსიკოზს. ავტორები: ნინო ბოკერიასოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი ანნა დადეგაშვილიმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი