ციტრუსების სარეველები
ციტრუსოვანი კულტურები მარადმწვანე მცენარეებია ტეგანისებრთა ოჯახიდან. ისინი მიეკუთვნებიან სუბტროპიკულ ხეხილოვნებს, მოჰყავთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (ფართობი აღწევს 1200 ათას ჰა-ს).
სამრეწველო წარმოების მხრივ ციტრუსებიდან პირველ ადგილზეა ფორთოხალი, შემდეგ გრეიპფრუტი, მანდარინი, ლიმონი, ლაიმი და სხვა. მათი ნაყოფი გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი, აქვს დიეტური და სამკურნალო მნიშვნელობა, შეიცავს ლიმონმჟავას, შაქარს, C (60 მგ%-ზე მეტს), P, B ჯგუფის ვიტამინებს, პექტინს და სხვ.; ნაყოფს იყენებენ ნედლად (ხილად), გადამუშავებული სახით (წვენი, მურაბა, ცუკატი, ლიქიორი) და კულინარიაში. კანისაგან, ყვავილისა და ფოთლისგან იღებენ ეთეროვან ზეთს საპარფიუმერიო და კვების მრეწველობისთვის.
ციტრუსოვანი კულტურების სამშობლოა ინდოეთი, ჩინეთი და ინდოჩინეთი, ევროპაში ცნობილი იყო მე-13 საუკუნეზე ადრე. მათ დიდი ფართობი უკავია აშშ-ში, ჩინეთის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში, იაპონიაში, ინდოეთში, პაკისტანში, ავსტრალიაში, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში. მსოფლიოში ციტრუსების წარმოება 1985-2005 წლებში სწრაფად გაიზარდა. ციტრუსების წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჩინეთი, შემდეგ მექსიკა, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, არგენტინა, ავსტრალია და ჩილე.
საქართველოში ციტრუსოვანი კულტურები ცნობილია მე-12 საუკუნიდან. პირველად მათი ინტროდუქცია მოხდა მე-19 საუკუნის ბოლოს - მე-20 საუკუნის დასაწყისში. ციტრუსების პლანტაციები გაშენებულია დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე: აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში, სადაც ღია გრუნტის პირობებში მოჰყავთ მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი და სხვა. 1991 წლისათვის ციტრუსოვნებს საქართველოში 27 ათასი ჰა ეკავა.
ციტრუსები ზიანდება სხვადასხვა მავნე ორგანიზმით (მავნებლები, დაავადებები, სარეველები), რომელთაგან აღსანიშნავია სარეველა მცენარეები.
ციტრუსების პლანტაციებში გავრცელებულია შემდეგი სარეველები: დიდი ხვართქლა (Calystegia sepium L.R.Br), მელაკუდა (Alopecurus pratensis L.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.), აბზინდა (Artemisia absinthium L.), მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P. B.), გლერტა (Cynodon dactylon (L.) Pers.), ღვარძლი (Lolium temulentum L.), მწყერფეხა (Digitaria ischaemum L.), ჟუნჟრუკი (Stallaria media (L.) Cyr.), შალაფა (Sorghum halepense (L.) Pers.), შვიტა (Equisetum L.), მატიტელა (Polygonum L.), თავცეცხლა (Galeopsis tetrahit L.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medic.), ბოსტნის ია (Veronica persica Poir.), რძიანა (Euphorbia L.), კუროსთავი (Tribulus terrestris L.), ჭინჭარი (Urtica diodica L.), აბილილი (Ipomea purpurea Roth.), წითელი წივანა (Festuca rubra L.), მარწყვაბალახა (Potentilla tormentilla Neck.), გალინსონგა (Galinsoga parviflora Cav.), ღორის ბირკა (Xanthium strumarium L.) და სხვა.
ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.
დიდი ხვართქლა - Calystegia sepium L.R.Br.
მრავალწლიანი, ფესურიანი, აბეზარი, შხამიანი სარეველა მცენარეა ხვართქლასებრთა ოჯახიდან; ფესვები ღრმად ვრცელდება ნიადაგში; ღერო - სუსტია, ხვიარა, შეუბუსავი, 2-3 მ სიგრძის; ფოთლები - მარტივი, მორიგეობით განლაგებული, ყუნწიანი, გულისებურ-შუბისებრი, შეუბუსავი; ყვავილი - ზარისმაგვარი, თეთრი ან ვარდისფერი, ყვავილობს მაისიდან სექტემბრის ჩათვლით; ნაყოფი - მომრგვალო კოლოფი, ერთბუდიანი, მრავალთესლიანი, დიამეტრით 1 სმ; თესლი - უკუკვერცხისებრი, სამწახნაგიანი, სუსტად დანაოჭებული, გლუვი, თითქმის შავი, მუქი ყავისფერი, მოყვანილობით ჰგავს ხვართქლას თესლს, მაგრამ შედარებით მსხვილია, სიგრძე 3.5-4.5 მმ, სიგანე 2.25-3 მმ.
მელაკუდა - Alopecurus pratensis L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესურა - მოკლე; ღერო - სწორი, 50-120 სმ სიმაღლის; ყვავილედი - საგველა, ყვავილობს ივნისში; მარცვალი ოვალურ-კვერცხისებრი, ღია ყვითელი, სიგრძე 1.25-2 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 600-800 თესლი, მწიფდება ივლისში.
აბზინდა - Artemisia absinthium L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, ახასიათებს სპეციფიკური სუნი და მწარე გემო. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორმდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი, 1 მ სიმაღლის, მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი; ფოთლები - ფესვთან განლაგებული სამჯერ ფრთისებრგანკვეთილია, ღეროს ფოთლები - ორჯერ ფრთისებრგანკვეთილი, ზედა ფოთლები სამნაკვთიანი ან მთლიანია; ყვავილედი - კალათა, სფეროსებური, 2.5-3.5 მმ დიამეტრით, ყვავილი ყვითელი, წვრილი, მილისებური, ყვავილობს ივნის-ივლისში; თესლურა ყავისფერი, მოგრძო ცილინდრული, 1 მმ, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
აბილილი - Ipomea purpurea Roth.
ერთწლიანი, ლიანა მცენარეა ხვართქლასებრთა ოჯახიდან; ღერო - ხვიარა ან გართხმული, შებუსული, 6 მ-მდე სიგრძის; ფოთლები - მწვანე, კვერცხისებურ-წაწვეტებული, მწვანე, გრძელი ყუნწით; ყვავილი - ერთეული, დიდი, ძაბრისებრი, იასამნისფერი, მეწამული, 6 სმ დიამეტრის; თესლი - სამწახნაგიანი, ყავისფერი, გლუვი.
ბოსტნის ია - Veronica persica Poir.
ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან; ღერო - მხოხავი, სუსტი, დატოტვილი, ცილინდრული, შებუსული, 10-70 სმ სიგრძის; ფოთოლი - მოპირდაპირედ განლაგებული, კვერცხისებური, ზედა - მჯდომარე, დანარჩენი - ყუნწიანი, დაკბილული; ყვავილი - ცისფერი, 15 მმ დიამეტრის, ყვავილობს გაზაფხულ-ზაფხულში; ნაყოფი - კოლოფი, თესლი მოგრძო, სუსტად დანაოჭებული, სიგრძე 1.5-2.5 მმ.
შვიტა - Equisetum L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა შვიტასებრთა ოჯახიდან; იზრდება ნოტიო ნიადაგზე; ფესურა მცოცავი, რუხი მოშავო; ღერო მკრთალი წაბლისფერი, 15-30 სმ სიმაღლის; ყვავილები არ აქვს; მრავლდება ფესურით და სპორებით, რომლებიც აპრილ-მაისში მწიფდება; თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული; ძნელად ამოსაძირკვი სარეველა მცენარეა.
კუროსთავი - Tribulus terrestris L.
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა; ფესვი - მთავარღერძა, წვრილი; ღერო -დატოტვილი, მიწაზე გართხმული, 10-60 სმ; ფოთოლი - წვილფრთართული; ყვავილი - წვრილი, ყვითელი, ერთეული, ყვავილობს შუა გაზაფხულიდან ყინვების დაწყებამდე; ნაყოფი - კაკლუჭა, დაფარულია ეკლებით, ჩალისფერი, სიგრძე 4-6 მმ, სიგანე 3-5 მმ, თესლი მოგრძო - ოვალური, გლუვი, ღია ყავისფერი, სიგრძე 2.75-3 მმ, სიგანე 0.75-1 მმ.
გალინსოგა - Galinsoga parviflora Cav.
ერთწლიანი, ბალახოვანი, ფართოფოთლიანი, საგაზაფხულო სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ღერო - სწორმდგომი, შიშველი ან მცირედ შებუსული, ჩვეულებრივ დატოტვილი, სიმაღლით 10-100 სმ; ფოთლები - მოპირისპირედ განლაგებული, კვერცხისებური, კიდეებზე წვრილად დაკბილული; ყვავილედი - კალათა, პატარა ზომის, განაპირა ყვავილები თეთრია, შიდა - ყვითელი,ყვავილობს ივლის-სექტემბერში; თესლურა - მართკუთხედისებრი, 1-1.5 მმ სიგრძის, აქვს საფრენი, ერთ მცენარეზე ვითარდება 300 000 თესლი.
რძიანა - Euphorbia L.
მრავალწლიანი, ფესურიანი, შხამიანი ბალახოვანი სარეველაა რძიანასებრთა ოჯახიდან; ფესვი - ძლიერი, დატოტვილი, სქელი, ვრცელდება 4 მ-მდე; ღერო - სწორი, მარტივი, დატოტვილი ზედა ნაწილში, ნაცრისფერი, 30-70 სმ სიმაღლის, შეიცავს თეთრ რძისმაგვარ სითხეს და შხამიან ნივთიერებას ეუფორბინს.; ფოთლები - ხაზურა ან ლანცეტისებრი, სიგრძე 2-9 სმ; ყვავილი - შეკრებილია 15 სხივური ქოლგის სახით, ყვითელი, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; ნაყოფი - კოლოფი, სამბუდიანი, ჩალისფერ - ყავისფერი, თესლი ოვალური, მოგრძო - კვერხცისებური, ზემოთ დიდი დანამატით, ზედაპირი გლუვი, მბზინავი, ნაცრისფერი, სიგრძე 2.5-3.25 მმ, სიგანე 1.5-2 მმ.
წითელი წივანა - Festuca rubra L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესურა - მხოხავი; ღერო - სწორი, გლუვი, 20-70 სმ სიმაღლის; ფოთლები -ბრტყელი, ხაზურა, სიგანით 0.1-0.3 სმ; ყვავილედი - საგველა, 10 სმ-მდე სიგრძის, ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი - მარცვალი, მოგრძო ცილინდრული, სუსტად დანაოჭებული, მუქი ყავისფერი, ერთ მცენარეზე ვითარდება 200-500 თესლი.
მარწყვაბალახა - Potentilla tormentilla Neck.
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან. ფესურა - მსხვილი, ჰორიზონტალური, ცილინდრული ან გორგლისებრია, მოწითალო-წაბლისფერი, მრავალრიცხოვანი წვრილი ფესვებით; ღერო - სწორი, დატოტვილი, წვრილი, 30 სმ, მოკლე ბუსუსებით დაფარული, ღეროს ფოთლები მჯდომარეა, სამყურა, ფესვთან განლაგებული ფოთლები გრძელყუნწიანია, ყვავილობის დროს უკვე დამჭკნარია; ყვავილები 10 მმ დიამეტრისაა, გრძელყუნწიანი, ჯამი ორმაგია, 4 გარეთა და 4 შიგნითა ფოთლით. ყვავილობს მაისის შუა რიცხვებიდან სექტემბრამდე; ნაყოფი - მრგვალია, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
ღორის ბირკა - Xanthium strumarium L.
ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, უხეში, დატოტვილი, მონაცრიფრო-მწვანე ან მოწითალო, შებუსული, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები - გულისებური, 3-5 ნაკვთიანი, კიდედაკბილული, ყუნწიანი, ზემოდან - მწვანე, ქვემოდან - ღია მწვანე, 10 სმ-მდე სიგრძის; ყვავილი - შეკრებილია ფოთლის უბესთან, ყვავილობს ივლის -სექტემბერში; ნაყოფი - მოგრძო-ოვალური, ეკლიანი თესლურა, დიამეტრით 1-2 სმ, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.
გლერტა - Cynodon dactylon (L.) Pers.
მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან 15-50 სმ სიმაღლის; ღერო დატოტვილი, სწორი; ფოთლები ლანცეტისებური, უხეში; ყვავილედი - თავთავი წვრილი. კილიანი მარცვალი მოგრძო - კვერცხისებური, სიგრძე 2.25 – 2.75 მმ, სიგანე 0.5 – 0.75 მმ; მარცვალი ოვალურ - კვერცხისებრი, ყავისფერი, სიგრძე 1.25-1.75 მმ, ერთი მცენარე იძლევა 10000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს.
მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი Ph.D,
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი Ph.D,
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი