ხორბლის კულტურის სარეველები
ხორბალი ყველაზე მნიშვნელოვანი სასურსათო კულტურაა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.
მეცნიერების აზრით, კულტურული ხორბლის სახეობები წარმოიშვა სამი ველური მარცვლოვანი მცენარისგან, რომლებიც მცირე აზიაში, სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში იზრდებოდა, იგი იყო საკულტო მზიური მცენარე უძველესი სამყაროს ყველა ხალხისთვის. ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელები ხორბალს მიიჩნევდნენ ადამიანისა და კოსმოსის განსახიერებად.
საქართველო აღიარებულია ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად.
არქეოლოგიური გათხრების დროს, იგი პირველად კოლხეთის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, შემდეგ შულავერში აღმოაჩინეს ჩვ. წ. აღ-მდე V-IV ათასწლეულის ნიმუშები, პურის სახეობათა მრავალფეროვნებით საქართველოში მესხეთი გამოირჩევა. მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 სახეობიდან ჩვენს ქვეყანაში აღწერილია 14: მახა, ზანდური, დიკა, ასლი, თავთუხი, ხულუგო, ხოზო, ხოტორა, დოლისპური, იფქლი და სხვ.
ხორბლის ნათესებს უჭირავს მარცვლოვანი კულტურებისთვის განკუთვნილი მსოფლიოს სახნავების თითქმის ნახევარი.
საქართველოში ხორბალი მოჰყავთ კახეთსა და ქართლში, მისი წარმოების მაჩვენებლი ქვეყანაში მხოლოდ 8-9 %-ს წამოადგენს, ნათესი ფართობი 80 000 ჰა-ს არ აღემატება, მოსახლეობა კი წელიწადში 700 000-800 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, ამდენად, ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული.
ხორბლის წარმოების ზრდით შეიძლება წარმატებით გადაიჭრას მარცვლეულის პრობლემა, თუმცა მის მოვლა-მოყვანას ხელს უშლის სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის ერთ-ერთი სარეველა მცენარეებია, რომელთა მავნეობით გამოწვეული მოსავლის დანაკარგები საკმაოდ მაღალია.
ხორბლის კულტურის სარეველებია: ღვარძლი (Lolium temulentum L.), ბეგიაური (Galium aparine L.), ყანის ჭლექი (Fallopia convolvulus L.), ყვავისფრჩხილა (Coronilla varia L.), მაწაქი (Sophora alopecuroides L.), ჰელიოტროპი (Heliotropum lasiocarpum Fisch. Et Mey.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense L.), შვრიუკა (Avena fatua L.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.), მინდვრის შვრიელა (Bromus secalinus L.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca (L.) P. B.), მწვანე ძურწა (Setaria viridis (L.) P. B.), ღიჭა (Sonchus arvensis L.), ჩვეულებრივი თივაქასრა (Poa trivialis L.), მდელოს თივაქასრა (Poa praténsis L.), ჩვეულებრივი საგველა (Apera spica-venti L.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ჩვეულებრივი ცერცველა (Vicia sativa L.), თაგვის ცერცველა (Vicia cracca L.), ბანჯგვლიანი ცერცველა (Vicia villosa Roth), ცულისპირა (Lathyrus sativus L.), თეთრი ძიძო (Melilotus alba Desr.), ყვითელი ძიძო (Melilotus officinalisL.) გლერტა (Cynodon dactylon L.) და სხვა.
ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.
ღვარძლი - Lolium temulentum L.
ღვარძლი ერთწლიანი, მარცვლოვანი, შხამიანი სარეველაა. ფესვი - ფუნჯა, ღეროს სიმაღლე 50-100 სმ, ფოთლები - ხაზურა, თავთავი - ელიფსური, სიგრძე 10-20 სმ. კილიანი მარცვალი ოვალური, მონაცრისფრო - მოყვითალო, სიგრძე 5-6 მმ, სიგანე - 2-2,5 მმ. მარცვალი ოვალურ - კვერცხისებური, აქვს ღარი, სიგრძე 4-5 მმ. ერთ მცენარეზე ვითარდება 600 მარცვალი, მარცვალი შხამიანია, რადგან შეიცავს ალკალოიდ თიმულინს, ამდენად, მისი შერევა ხორბლის მარცვალთან არაა სასურველი.
ბეგიაური - Galium aparine L.
ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ენდროსებრთა ოჯახიდან, ღეროს სიმაღლე 30-80 სმ; ფოთოლი ვიწრო ლანცეტისებური; ყვავილი წვრილი, თეთრი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში. ნაყოფი კაკლუჭა, მომრგვალო, აქვს ამონაკვეთი, მონაცრისფრო - ყავისფერი, დაფარულია ჯაგრებით, სიგრძე 1,75 – 3 მმ, სიგანე 1,25 – 2,25 მმ; თესლი ნაყოფის მაგვარი, ჯაგრების გარეშე.
ფართოდაა გავრცელებული ხორბლის ნათესებში, იგი ხელს უშლის მის ზრდა-განვითარებას და ამცირებს მოსავლიანობას, ბეგიაურით კვებისას ძროხის რძე იძენს წითელ ფერს, თივასთან შერევისას შეიძლება გამოიწვიოს ცხვრების სიკვდილი, თესლით კვებისას - ფრინველების მოწამვლა.
ყანის ჭლექი - Fallopia convolvulus L.
ერთწლიანი, ბალახოვანი, საგაზაფხულო სარეველაა, მიეკუთვნება წიწიბურასებრთა ოჯახს. ღერო - წვრილი, მარტივი ან ხვიარა, სიმაღლე 10-100 სმ. ფოთოლი ყუნწიანი, კვერცხისებურ-სამკუთხოვანი, ფუძესთან გულისებური. ყვავილი - წვრილი, თეთრი; თესლი შავი ფერის, სამწახნაგიანი, ჭიპი ყვითელი ფერის, ბრტყელი, ზედაპირი გლუვი, სიგრძე 2,5 – 3,5 მმ, სიგანე 1,75 – 2,75 მმ. 1 მცენარე იძლევა 600 თესლს; ხშირადაა გავრცელებული ხორბლის ნათესებში, იგი კონკურენციას უწევს ხორბალს, ამცირებს მოსავლიანობას.
ყვავისფრჩხილა - Coronilla varia L.
მრავალწლიანი, შხამიანი, საშიში სარეველაა, პარკოსანთა ოჯახიდან; ფესურა - მხოხავი, დატოტვილი; ღერო - ხვიარა, 60 სმ-მდე სიგრძის; ყვავილი - ქოლგისებური, თეთრი, ან მოთეთრო-იასამნისფერი, ყვავილობს მაის-აგვისტოში; ნაყოფი-პარკი, თესლი ცილინდრული, გლუვი, ყავისფერი, სიგრძე 2-3,25 მმ, სიგანე1-1,75 მმ, ნაყოფს იძლევა ივნისიდან სექტემბრამდე.
ასარევლიანებს მარცვლოვნებს, ხორბლის ფქვილში მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 %-ს, რადგან შხამიანია მცენარის მიწისზედა ნაწილები და თესლი.
მაწაქი - Sophora alopecuroides L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი, საშიში, მავნე სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან, ღერო - სწორმდგომი, ძლიერი, ზემოთ დატოტვილი, შებუსული, სიმაღლით 30-80 სმ; ყვავილი მოთეთროფერის; ნაყოფი - პარკი, 3-5 თესლით,სიგრძე 50-80 მმ, მონაცრისფრო-მწვანე, ან ყავისფერი, თესლი თირკმლისებურ-ოვალური, ოდნავ შეჭყლეტილი, ზედაპირი გლუვი, ოდნავ პრიალა; ყვითელი, ყავისფერი ან მომწვანო-ყავისფერი; სიგრძე 3-4,5 მმ, სიგანე 2,75-3,75 მმ.
ხორბლის ფქვილში მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 %-ს, რადგან შეიცავს ალკალოიდებს.
ჰელიოტროპი - Heliotropum lasiocarpum Fisch. Et Mey.
მრავალწლიანი შხამიანი მცენარეა (მიწისზედა ორგანოები და თესლი); ღერო - დატოტვილი, 20-50 სმ სიმაღლის; ყვავილები წვრილი, თეთრი, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; ფოთოლი - ელიფსური; ნაყოფი (თესლი) უკუკვერცხისებური, ოვალური, წვერი მრგვალია, ფუძე - ოდნავ ოვალური, ზედაპირი უსწორმასწორო, ნაცრისფერი, ან მომწვანო-ყავისფერი, თესლის სიგრძე 1,25-1,75მმ; სიგანე 0,75-1 მმ.
ხორბლის ფქვილში მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 %-ს.
ავტორები:
მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის
დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის
მთავარი სპეციალისტი
ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის
დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის
მთავარი სპეციალისტი