კივის სარეველები
კივი (აქტინიდია) სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლის ლიანასებრი, ფოთოლმცვენი, ხეხილოვანი მცენარეა, მისი სამშობლო ჩინეთია, იგი ჩინეთის მეფეებისთვის დელიკატესს წარმოადგენდა.
პირველად კივი ბრიტანელებმა იგემეს. 1906 წელს ახალმა ზელანდიელებმა ამ მცენარის თესლი მოიპოვეს, სწორედ მათ უწოდეს აქტინიდიას კივი, რადგან ამ ქვეყნის სიამაყეს, უცნაურ, უფრთო და უკუდო ჩიტს მიამსგავსეს. ევროპაში მას „ჩინურ ხურტკმელს“ უწოდებენ.
ჩვენთან იგი ახალი სუბტროპიკული კულტურაა და ფართო გავრცელება ჰპოვა აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში და აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში.
აქტინიდიის კულტურა საქართველოში მე-20 საუკუნის 80-იან წლებში შემოვიდა. დღეისთვის საქართველოში კივის ფართობების მთლიანი რაოდენობა 250 ჰექტარს, საშუალო მოსავლიანობა 15-20 ტონაა ჰექტარზე. ნაყოფი კარგად ინახება ხილსაცავებში ან მაცივრებში.
კივი მდიდარია ვიტამინებით (C, PP, B1, B6, B12, A, E) და მიკროელემენტებით (I, Mg, K), შეიცავს ფერმენტებს, მინერალურ მარილებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რბილობი არომატული, წვნიანი და გემრიელია.
აქტინიდიას ბაღებში გავრცელებულია ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველა მცენარეები: ბურჩხა (Echinochloa Crus-galli (L.) R. et Sch.), ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia L.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca (L.) P. B.), ცხენისკუდა (Erigon canadensis L.), გვირილა (Pyrethrum L.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense (L.) Scop.), ჩაქვის ბალახი (Pollinia imberbis Nees), ტყის ჭორტანა (Commelina communis L.), გვიმრა (Dryopteris L.), მაყვალი (Rubus L.), გლერტა (Cynodon dactylon (L.) Pers.), ანწლი (Sambucus ebulus L.), ეკალღიჭა (Smilax excelsa L.), მჟაუნა (Rumex acetosa L.), ქასრა (Calamagrostis epigeios L.), ლაკარტია (Paspalum digitaria Poir.), ოშოშა (Glechoma hederacea L.), ჩვეულებრივი მატიტელა (Polygomun aviculare L.) და სხვა.
ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.
ცხენისკუდა - Erigeron canadensis L.
ერთწლიანი ბალახოვანი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო - სწორმდგომი, მწვანე, მარტივი, ზედა ნაწილში დატოტვილი, შებუსული, 15-150 სმ სიმაღლის; ფოთლები - ლანცეტისებური, მწვანე, შებუსული; ყვავილი ღია ყვითელი, 2.5-3 მმ, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლურა ლანცეტისებური, მოყვითალო, სიგრძე 1.2-1.5 მმ, სიგანე 0.2-0.3 მმ, ქოჩრის სიგრძე 2.5-3 მმ.
ჩაქვის ბალახი - Pollinia imberbis Nees
ერთწლიანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, აქვს რძელი, წვრილი ფესვები; ღეროს სიგრძე 40-100 სმ, დატოტვილი, აღმავალი, შეუბუსავი; ფოთლები ლანცეტისებური, სუსტად შებუსული, მწვანე; ყვავილედი - თავთავი, ლანცეტისებური, 4,5-6 მმ სიგრძის, ყვავილობს ზაფხულის ბოლოს; მარცვალი - ელიფსური, მოყვითალო-მოწითალო, ზომით 2.8-3 მმ, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.
ტყის ჭორტანა, კომელინა - Commelina communis L.
ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა კომელინისებრთა ოჯახიდან; ფესვი - ფუნჯა; ღერო - დატოტვილი, მხოხავი, 15-40 სმ-მდე სიმაღლის; ფოთლები - კვერცხისებურ-ლანცეტისებური, მჯდომარე, მორიგეობით განლაგებული, ყვავილი - ცისფერი, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; ნაყოფი - ორბუდიანი კოლოფი, თესლი - კვერცხისებური, სამწახნაგიანი, ბორცვიანი ზედაპირით, მონაცრისფრო - ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.5 მმ, სიგანე 1.5-2.5 მმ, აღმოცენების უნარს ექვს წლამდე ინარჩუნებს.
ქასრა - Calamagrostis epigeios (L.) Roth.
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ფესურა - მხოხავი; ღერო - სწორმდგომი, 80-150 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა, ბრტყელი, უხეშხაოიანი, მონაცრისფრო-მწვანე; ყვავილედი - საგველა, 20-30 სმ სიგრძის, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; თესლის სიგრძე 1-2 მმ, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
ოშოშა - Glechoma hederacea L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა, შეიცავს ალკალოიდებს, დამახასიათებელია სპეციფიკური სუნი; ფესურა - მხოხავი, წვრილი, მოკლე ფესვებით; ღერო - მხოხავი, ოთხწახნაგიანი, ოდნავ შებუსული, 20-50 სმ სიმაღლის, მიწასთან შეხებისას ფესვიანდება; ფოთლები - მომრგვალო თირკმლისებური, გრძელი ყუნწით, მოპირდაპირედ განლაგებული, გლუვი, ოდნავ შებუსული; ყვავილები - მცირე ზომის, ორტუჩა, იასამნისფერი ამ მოცისფრო იასამნისფერი, რამდენიმე ერთად 3-4 შეკრული ფოთლის უბესთან, ყვავილობს ზაფხულის პირველ ნახევარში; ნაყოფი - ყავისფერი, კვერცხისებური კაკლუჭა, სიგრძე 2 მმ, მწიფდება აგვისტოში.
ყვითელი ძურწა - Setaria glauca (L.) P. B.
ერთწლიანი, მარცვლოვანი, საგაზაფხულო სარეველა მცენარეა, გვალვაგამძლე; ფესვი - ფუნჯა, ღერო - სწორმდგომი, სიმაღლით 10–60 სმ; ფოთლები - ხაზურ-ლანცეტისებური, მოყვითალო-მომწვანო; ყვავილედი - თავთავი, მოყვითალო, სიგრძით 4-6 სმ; მარცვალი - კვერცხისებურ-ოვალური, მოყვითალო-მომწვანო ან მუქი ყავისფერი, განივად დანაოჭებული ზედაპირით, სიგრძე 2-2.75 მმ, სიგანე 1.5-1.75 მმ, სიცოცხლისუნარიანობა 30 წელია.
ეკალღიჭა - Smilax excelsa L.
მრავალწლიანი, მარადმწვანე, ხვიარა, ბუჩქოვანი, მცენარეა 30-50 სმ სიმაღლის, აქვს ძლიერი ფესურა, ფესვები ვრცელდება 1 მ-მდე, ღერო დაფარულია ეკლებით, ფოთლები სამკუთხა-კვერცხისებრი ან მორგვალო-კვერცხისებრი, ფუძე გულისებრი, რკალური დაძარღვით, წაწვეტებული, ყუნწიანი, დახასიათებელია ორი ულვაში, ყვავილი თეთრი, პატარა, შეკრული ქოლგად, ნაყოფი მრგვალი, წითელი კენკრაა.
ჩვეულებრივი მატიტელა - Polygonum aviculare L.
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა წიწიბურასებრთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - 10-80 სმ სიგრძის, გართხმული, ძლიერ დატოტვილი, რომელიც ყვავილობის შემდეგ მაგრდება; ფოთლები - ელიფსური, მორიგეობით განლაგებული; ყვავილები წვრილი, ყვავილობს აპრილიდან შემოდგომის ბოლომდე, ინტენსიურად - ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - კაკლუჭა შავი ან ყავისფერი, სამწახნაგოვანი, ზედაპირი წვრილმარცვლოვანი, სიგრძე 2.25-3 მმ, სიგანე 1-1.75 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 2000 თესლი, მწიფდება ივლის-სექტემბერში, აღმოცენების უნარს ხანგრძლივად ინარჩუნებს.
მინდვრის ნარი - Cirsium arvense L. Scop.
მრავალწლიანი, ორლებნიანი, აბეზარი, ფესვნაყარი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; მცენარე იზრდება დაახლოებით 1.5 მეტრამდე; ფესვი 4-6 მ სიღრმეს აღწევს; ღერო - სწორმდგომი, ეკლიანი, ფოთლები - ეკლიანი, დაკბილული, ყვავილი - მოვარდისფრო-იასამნისფერი; ნაყოფი - თესლურა, ქოჩრით, უკუკვერცხისებური, წენგოსფერი მოყვითალო, ან ყავისფერი, სიგრძით 3 მმ. ერთი მცენარე 50 000 თესლს იძლევა.
ავტორები:
მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი