ჩაის კულტურის სარეველები
ჩაი მრავალწლიანი, მარადმწვანე მცენარეა. ათასწლეულების მანძილზე იგი ცნობილი იყო მხოლოდ აზიაში, ევროპაში კი XVI საუკუნეში შემოვიდა.
დღესდღეობით ჩაის ყველაზე დიდ მწარმოებლებად ითვლებიან ჩინეთი, ინდოეთი და შრი-ლანკა.
ჩაის მრავალი სახეობა არსებობს – შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე. მათ დამუშავების ტექნოლოგიისა და ხარისხის მიხედვითაც განასხვავებენ.
პოპულარულია ასევე ჩაი სხვადასხვა დანამატებით, მაგალითად – ჟასმინით, ვარდით, მანგოთი და სხვა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის სახეობად ითვლება ბაიხის ჩაი, რომლის შემადგენელი კომპონენტი უმეტესად ტიპსი ანუ ბუსუსებიანი კვირტია.
შავ და მწვანე ჩაის ზუსტად ერთი და იმავე ბუჩქიდან კრეფენ, შავ ჩაის დამუშავების შედეგად იღებენ, მწვანე ჩაი კი უფრო ნაკლებ დამუშავებას საჭიროებს და, შესაბამისად, უფრო მეტად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებათა წინააღმდეგ.
საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. შავი ზღვის ტენიანი სუბტროპიკული კლიმატი ქმნის იდეალურ პირობებს ჩაის წარმოებისთვის დასავლეთ საქართველოს ხუთ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი და აფხაზეთი. საქართველოში ჩაის წარმოებისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები მე-19 საუკუნის შუა პერიოდში აღმოაჩინეს და პირველი ჩაის პლანტაციებიც სწორედ ამ დროს გაშენდა.
საქართველო იყო ჩაის მთავარი მწარმოებელი ქვეყანა საბჭოთა კავშირში, ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 70 ათასი ჰა ჩაის პლანტაცია არსებობდა. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, სამოქალაქო ომისა და ბაზრების დაკარგვის პარალელურად, ქართული ჩაის სექტორიც ჩამოიშალა, ამ რთული მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. წლიდან წლამდე ჩაის წარმოებამ იკლო, რის შედეგადაც დღეს მხოლოდ 1,800 ტ. ჩაი იწარმოება.
ჩაის პლანტაციებში გავრცელებულია სხვადასხვა მავნე ორგანიზმი, მათ შორის აღსანიშნავია სარეველა მცენარეები: კაროლინის ძაღლყურძენა (Solanum carolinense L.), ეწრის გვიმრა (Pteridium tauricum Presl. V. Kreez.), მთის ჩადუნა (Dryopteris filix mas (L.) Schott.), ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia L.), გლერტა (Cynodon dactylon (L.) Pers.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.), მწვანე ძურწა (Setaria viridis (L) P. B.), მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P. B.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), შალაფა (Sorghum halepense (L.) Pers.).
ავშანფოთლიანი ამბროზია - Ambrosia artemisiifolia L.
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, ნიადაგში აღწევს 4 მ-მდე; ღერო - სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, 0.1-2.5 მ სიმაღლის; ფოთლები - ერთი ან ორმაგ ფრთისებრდანაკვთული, ქვედა მხრიდან შებუსული; ყვავილები - ყვითელი, კალათად შეკრებილი (ერთსახლიანი მცენარეა მდედრობითი და მამრობითი ყვავილებით); ნაყოფი - უკუკვერცხისებური თესლურაა საბურველით, ცენტრში ერთი დიდი ქაცვით და 5-7 პატარა ქაცვებით ირგვლივ თესლის ზედა მრგვალ ნაწილზე; მომწვანო-მონაცრისფრო, ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.25 მმ, სიგანე და სისქე 1.5-2 მმ. ნაყოფს ანუ თესლურას ადვილად შორდება საბურველი, თესლი უკუკვერცხისებური, გლუვი, ბზინვარე, ყავისფრიდან შავამდე, სიგრძე 1.5-2.2 მმ, სიგანე და სისქე 1-1.5 მმ. ყვავილობა - ივლისის ბოლო, აგვისტო; ნაყოფს იძლევა სექტემბერ-ოქტომბერში.
მხოხავიჭანგა - Agropyrum repens (L.) P. B.
მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ფესურა გრძელი, ვრცელდება, როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად - 5-15 სმ - მდე; ღეროს სიმაღლე 40-150 სმ; ფოთოლი - შიშველი, ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - რთული თავთავი; თესლი - მარცვალი, ჩალისფერი, სიგრძე - 0.5 სმ.
ეწრის გვიმრა - Pteridium tauricumPresl. V. Kreez.
მრავალწლიანი, სპოროვანი, ფესურიანი, ძნელად აღმოსაფხვრელი მცენარეა გვიმრისებრთა ოჯახიდან, რომლის სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ფესურა - მხოხავი, ფოთოლი - 2-3-ჯერ ფრთისებრდანაკვთულია, ქვედა მხარე წითური ხშირი ბუსუსებითაა შებუსული, მრავლდება ფესურითა და სპორებით. სპორები ივლის-აგვისტოში მწიფდება.
გლერტა - Cynodon dactylon (L.) Pers.
მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან 15-50 სმ სიმაღლის; ღერო დატოტვილი, სწორი; ფოთლები ლანცეტისებური, უხეში; ყვავილედი - თავთავი წვრილი. კილიანი მარცვალი მოგრძო-კვერცხისებური, სიგრძე 2.25 – 2.75 მმ, სიგანე 0.5 – 0.75 მმ; მარცვალი ოვალურ-კვერცხისებრი, ყავისფერი, სიგრძე 1.25-1.75 მმ, ერთი მცენარე იძლევა 10000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს.
კაროლინის ძაღლყურძენა - Solanum carolinense L.
მრავალწლიანი, ფესვნაყარი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, კარტოფილს წააგავს. საქართველოში შეზღუდულადაა გავრცელებული; ღერო სწორი, 30-120 სმ სიმაღლის, მსხვილი დატოტვილი ვარსკვლავა ბეწვებით და მაგარი მოყვითალო ეკლებით; ფოთლები მოკლე ყუნწიანი, მთლიანი, მორიგეობით განლაგებული, წაგრძელებული, კვერცხისებრი, 5–15 სმ სიგრძის, ფრთისებრ დანაკვთული, შუა ძარღვი და ყუნწი დაფარულია ვარსკვლავა ბეწვებით; ყვავილები - მოცისფრო - მოთეთრო ან იასამნისფერია. მთელი მცენარე დაფარულია ბუსუსებით, ყუნწისა და ფოთლის მთავარ ძარღვებზე 4–5 მმ სიგრძის მოყვითალო ეკლებია განლაგებული. ნაყოფი - კენკრა, მოყვითალო ან ნარინჯისფერი, მრგვალი, გლუვი ზედაპირით (1.5 – 2 სმ), კენკრაში 40-60 თესლია, თესლის სიგრძე 2–3 მმ, ოვალური, გვერდებშეჭყლეტილი, ყვითელი ან ყავისფერი, ფოსოებიანი ზედაპირით, მცირე ზომის ჭიპი მოთავსებულია თესლის წიბოზე.
ბურჩხა- Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.
ერთწლიანი, მარცვლოვანი სარეველაა, სიმაღლით 15-100 სმ, ფოთლები ლანცეტისებური, სიგანით 2.5 სმ, ყვავილედი ერთ ყვავილიანი საგველაა; კილიანი მარცვალი კვერცხისებურ-ელიფსური, ზემოთ წაწვეტებული, სიგრძე 3 -3.5 მმ, სიგანე 2 მმ; მარცვალი ოვალურ-კვერცხისებრი, მოყავისფრო, ცვილისებური ზედაპირით, სიგრძე 2 მმ, სიგანე 1.5 მმ. ნიადაგიდან 80% აზოტი გამოაქვს, ერთი მცენარე იძლევა 40 000 თესლს.
მწვანე ძურწა - Setaria viridis (L) P. B.
ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველაა. ფესვი - ფუნჯა; ღეროს სიმაღლე 20 – 100 სმ; ფოთოლი ლანცეტისებური, ყვავილედი - თავთავი, სიგრძით 3 – 12 სმ; მარცვალი ოვალურ-კვერცხისებრი, მოყვითალო-ყავისფერი, სიგრძე 2 – 2.5 მმ, სიგანე 0.75 -1.5 მმ, თესლის სიცოცხლისუნარიანობა 4 წელი.
ხვართქლა - Convolvulus arvensis L.
მრავალწლიანი ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი, შხამიანი სარეველა მცენარეა ხვართქლასებრთა ოჯახიდან. ღერო - მხვიარა შიშველი წვრილი, სიმაღლე ერთი მეტრი; ფოთლები - ვიწრო შუბისმაგვარი; ყვავილი - თეთრი ან ვარდისფერი; ნაყოფი -კოლოფი, მონაცრისფრო-მწვანე, მონაცრისფრო-ყავისფერი, ნაცრისფერი, მომრგვალო-ოვალური, ხაოიანი ზედაპირით, სიგრძე 6-7.5 მმ, სიგანე 6.5 მმ, თესლი უკუკვერცხისებრი, სამწახნაგოვანი, ზედაპირი გლუვი, მონაცრისფრო-ყავისფერი, მუქი ნაცრისფერი, თითქმის შავი, სიგრძე 2.5 – 3.5 მმ, სიგანე 2 - 2.5 მმ.
შალაფა - Sorghum halepense (L.) Pers.
მიეკუთვნება მარცვლოვანთა ოჯახს, ფესურიანი, აბეზარი, ძნელად აღმოსაფვრელი სარეველა მცენარეა; ღერო - სწორმდგომი, 2 მ-მდე; ფოთოლი - ლანცეტისებური; ყვავილედი თავთავი; ნაყოფი - მარცვალი, მოგრძო კვერცხისებური, ყავისფერი, სიგრძე 5-6 მმ, სიგანე 2 მმ, ერთ თავთავში 500-800-მდე მარცვალია.
ავტორები
მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის
დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის
მთავარი სპეციალისტი
ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის
დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის
მთავარი სპეციალისტი