აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული სარეველა მცენარეები
სარეველები ველურად მოზარდი მცენარეებია, ისინი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მათი რამდენიმე ათასი სახეობა არსებობს, საქართველოშიც მრავალი სარეველა მცენარე გვხვდება. სარეველა მცენარეები კარგად ეგუებიან ადგილობრივ პირობებს, ნიადაგსა და კლიმატს.
აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელია ზომიერი კლიმატი, კონტინენტური მშრალი ჰავა, ყველაზე ნალექიანი პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა, სწორედ ეს განაპირობებს ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი სარეველა მცენარეების გავრცელებას.
ქვემოთ მოცემულია აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სარეველა მცენარის მოკლე დახასიათება.
ყაყაჩო - Papaver hybridum L.
ერთწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, დატოტვილი, სუსტი, ჯაგრისებურად შებუსული; ღეროსეული ფოთლები ვიწრო ხაზურად არის დანაკვთული; ყვავილი - ვარდისფერი ან წითელი, ყუნწი და კოკრები ჯაგრებითაა დაფარული, გვირგვინის ძირი მცირე შავი ლაქით არის წარმოდგენილი, ყვავილობს აპრილ-ივნისში; ნაყოფი - კოლოფი ოვალური, 4-8 ღარიანი, შებუსული, ჩალისფერ-ნაცრისფერი, სიგრძე 20-30 მმ, დიამეტრი 15-20 მმ; თესლი - თირკმლისებური, ჩაღრმავებებით, მბზინავი, მოყვითალო-ყავისფერი, მუქი ყავისფერი, მოშავო, სიგრძე 0.5-0.75 მმ, სიგანე 0.5 მმ; ასარევლიანებს მარცვლოვნებს.
ყაყაჩურა - Glaucium corniculatum (L.) J. Rudolph.
ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან; ღერო - წახნაგიანი, ღარებიანი, 10-40 სმ სიმაღლის, გაფარჩხულ-დატოტვილი, ჯაგრებით დაფარული; ფოთლები - ღრმად ფრთისებრ განკვეთილი არათანაბარ ხერხკბილა სეგმენტებად, ფესვთანური ფოთლები ყუნწიანია, ღეროსეული - მჯდომარე; ყვავილი - წითელი, ძირში მოშავო-იისფერი ლაქით; ნაყოფი - კოლოფი, მოგრძო, ოდნავ მოღუნული, ორბუდიანი; თესლი - ოვალური, ოდნავ შეჭყლეტილი, ზურგიდან ამობურცული, ქვედა მხრიდან - შეწეული, თესლის ნაკერი (ნაწიბური) - მოგრძო ხაზოვანი, ზედაპირი მსხვილი ბადისებური, სუსტად მბზინავი, მუქი ყავისფერი, შავი, სიგრძე 1-1.5 მმ, სიგანე 0.75-1 მმ. ასარევლიანებს მარცვლოვან და სათოხნ კულტურებს.
მახობელი - Cephalaria syriaca (L.) Schard.
ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა გოქშოსებრთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, დატოტვილი, სიმაღლე 70 -100 სმ; ფოთოლი - მოგრძო ლანცეტისებრი, მთლიანი, მოპირდაპირედ განლაგებული, ზედა ფოთლები ხაზურაა და კიდემთლიანი; ყვავილები - ცისფერი, თავაკებად შეკრებილი, ყვავილობს შუა ზაფხულში; თესლურა უკუკვერცხისებრი, ოთხწახნაგიანი, ყავისფერი, იშვიათად მოშავო, სიგრძე 7-10 მმ, სიგანე 2.5-3.5 მმ; ერთ მცენარეზე ვითარდება 200-300 თესლი, რომლებიც დიდხანს ინარჩუნებენ აღმოცენების უნარს; ასარევლიანებს მარცვლოვნებს. მახობელის თესლის მინარევი ხორბლის თესლს აძლევს ლურჯ ფერსა და მწარე გემოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხორბლის ფქვილში მისი 1-2%-ის შერევა პურს სურნელოვანს და რბილს ხდის.
პატარძალა - Anchusa italica Retz.
ორ ან მრავაწლიანი ბალახოვანი მცენარეა ლაშქარასებრთა ოჯახიდან; მთელი მცენარე უხეში ჯაგრითა შებუსული; ღერო დატოტვილი, 20-100 სმ სიმაღლის; ფოთლები ოვალური ან მოგრძო-ლანცეტაა, ქვედა ფოთლები ყუნწიანი, ზედა - მჯდომარე; ყვავილი მეწამული-მოლურჯო ფერისაა, შეკრული მტევან ყვავილედად, ყვავილობს მაის-აგვისტოში; კაკლუჭა - მოღუნული კვერცხისებური, ნაოჭიანი ზედაპირით, მწიფდება ივნისიდან.
სელიჭა - Linaria Mill.
მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან; ფესურა - წვრილი, გრძელი; ღერო - სწორმდგომი, მარტივი ან დატოტვილი, შეფოთლილი, 30-90 სმ სიმაღლის; ფოთლები - ლანცეტისებური ან ხაზურა - ლანცეტისებური, ბოლოწაწვეტებული, შეუბუსავი, მჯდომარე; ყვავილები - შეკრული მტევნად, ყვითელი, 5-15 სმ სიგრძის, ყვავილობს ზაფხულის განმავლობაში; ნაყოფი - მოგრძო ელიფსური კოლოფი, სიგრძე 9-11 მმ, სიგანე 6-7 მმ, მწიფდება შემოდგომაზე; თესლები მომრგვალო, შუაში ბრტყელი, ამობურცული, წვრილი, მუქი ყავისფერი- მოშავო, დიამეტრი 1.75-2.25 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 8000-30000 თესლი, რომელიც ქარით ადვილად ვრცელდება.
დევისპირა - Antirrhinum majus L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან; ღერო - სწორი, დატოტვილი, 15-100 სმ სიმაღლის; ფოთლები: ქვედა - მოპირდაპირედ განლაგებული, ზედა - მორიგეობით განლაგებული, ლანცეტისებურ-ოვალური; ყვავილი - არასწორი ფორმის, ორტუჩა, თითქოს გაღებულ დევის პირს მოგვაგონებს, ყვითელი, თეთრი, ვარდისფერი, სტაფილოსფერი და სხვ., ყვავილობს ივნისიდან ყინვების დაწყებამდე; ნაყოფი - ორბუდიანი, მრავალთესლიანი კოლოფი, 1 გრ-ში 5000-8000 თესლია.
ბაყაყურა - Silybum marianum L.
ორწლიანი, ეკლიანი, ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ღერო - მარტივი ან დატოტვილი, შეუბუსავი, 1-1.5 მ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, ელიფსური, ფრთისებრდანაკვთული, ეკლიანი, ფირფიტა მწვანე ფერის თეთრი ლაქებით, მბზინავი; ყვავილი - იასამნისფერი, ვარდისფერი ან თეთრი, შეკრებილი კალათა ყვავილედად, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლურა უკუკვერცხისებრი, ოდნავ შეჭყლეტილი, თეთრიდან ყავისფრამდე შეფერვის, თეთრ ან ღია ყვითელ თესლებს აქვთ ყავისფერი ზოლები, სიგრძე 5-7 მმ, სიგანე 3.25 მმ.
გულსოსანა - Verbascum blattaria L.
ორწლიანი, ბალახოვანი მცენარეა შავწამალასებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორმდგომი, მარტივი, სუსტად დატოტვილი, ქვემოთ შეფოთლილი, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები - მჯდომარე ან მოკლე ყუნწით, მოგრძო ლანცეტისებური; ყვავილედი - მარტივი, გრძელი მტევანი, ყვავილი - ყვითელი, შუაში იასამნისფერი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - ორბუდიანი, სფეროსებური კოლოფი, თესლი - პირამიდისებური, ზიგზაგისებურ-ტალღოვანი ზედაპირით, მუქი ყავისფერი, სიგრძე 0.75-1 მმ, სიგანე 0.5 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 20000-40000 თესლი; ასარევლიანებს მარცვლოვნებს.
დეზურა - Consolida regalis S. F. Gray
ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ბაიასებრთა ოჯახიდან, ღეროს სიმაღლე 30-60 სმ-მდე; ფოთლები მორიგეობით განლაგებული; ყვავილი - ლურჯი ან იასამნისფერი, ზოგჯერ ვარდისფერი ან თეთრი, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; თესლი სამწახნაგოვანი, კვერცხისებური, ოდნავ მოღუნული, სიგრძე - 2.5 მმ, სიგანე - 1.5-2 მმ, თესლს ივითარებს ივლისიდან ოქტომბრამდე; ასარევლიანებს ხორბალს.
ყვითელი ტუხტი - Althaea rugosa Alef.
მრავალწლიანი მცენარეა 50-200 სმ-მდე ბალბასებრთა ოჯახიდან; ღერო სწორი, ცილიდრული, შებუსული; ფოთლები 5-7 ფრთისებრდანაკვთული, ყუნწიანი, მორიგეობით განლაგებული; ყვავილები ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე; თესლი თირკმლისებური, მონაცრისფრო-ყავისფერი, გლუვი, სიგრძე 2.5-2.75 მმ, სიგანე 2 მმ, თესლმსხმოიარობა ივლისიდან, ერთ მცენარეზე ვითარდება 400-1000 თესლი.
კიტრანა - Ecballium elaterium (L.) A. Rich.
მრავალწლიანი, შხამიანი მცენარეა გოგრისებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, სქელი, სუსტად დატოტვილი, მოთეთრო, ხორციანი; ღერო - მხოხავი, ულვაშების გარეშე, 50-150 სმ სიგრძის; ფოთოლი - მორიგეობით განლაგებული, გულისებურ-კვერცხისებრი, დაკბილული, გრძელყუნწიანი; ყვავილი - ღია ყვითელი, ყვავილობს ივლის-სექტემბერში; ნაყოფი - მონაცრისფრო-მწვანე ან მწვანე, წვნიანი, მოგრძო ან მოგრძო-კვერცხისებური, სიგრძე 4-6 სმ, სიგანე 1.5-2.5 სმ, ზედაპირი დაფარულია ეკლებით; თესლი - მუქი ყავისფერი, მოგრძო, პატარა, გლუვი, სიგრძე 4 მმ, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
ქვაპურა - Bupleurum rotundifolium L.
ერთწლიანი ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან, იზრდება ერთეული ან მრავალი; ღერო - ზედა ნაწილში დატოტვილი, სიმაღლით 70 სმ-მდე; ფოთლები - წვრილი, ლანცეტა, ყუნწისმაგივრად ქვედა ძირშევიწროვებული, ზედა - მჯდომარე ფოთლები; ყვავილედი - ქოლგა, მრავალრიცხოვანი, წვრილი, რამდენიმე რკალისებრად მოღუნული სხივებით, ყვავილი ყვითელი, დიდი არათანაბარი ზომის მწვანე საბურველის ფოთოლაკები, ჯამის კბილები შეუმჩნეველია; ნაყოფი შედგება ორი წაგრძელებული ან კვერცხისებრი, ოდნავ შეჭყლეტილი 2-3 მმ სიგრძის თესლურასგან, რომლებიც მომწიფებისას ერთმანეთს სცილდებიან.
ასარევლიანებს თავთავიან კულტურებს, საშემოდგომო ხორბლის ნათესებს; მცენარის მიწისზედა ორგანოები შეიცავს ალკალოიდებს, საპონინებს, კუმარინს, მთრთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, გამოიყენება სამკურნალოდ.
ქოთანა - Silene L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, ძლიერი, დატოტვილი; ღერო - სწორი, შეუბუსავი, 40-100 სმ სიმაღლის; ფოთლები - ლანცეტისებური ან კვერცხისებურ-ლანცეტისებური; ყვავილი - თეთრი, ყვავილობს ივნის-სექტემბერში; ნაყოფი - სფერული კოლოფი, თესლი - მოუმწიფებელი მოწითალო-ყავისფერი, მომწიფებული - მუქი ნაცრისფრიდან შავამდე, ბორცვიანი ზედაპირით, ბორცვები რიგებად ჩალაგებული, ოვალურ-თირკმლისებური, სიგრძე 1-1.8 მმ, სიგანე 1-1.3 მმ, მწიფდება ივნისიდან.
ხოვერა - Galium tricorne With.
ერთწლიანი, ბალახოვანი, მხოხავი სარეველა მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან, სიგრძით 10-60 სმ; ღერო - მარტივი, მხოხავი, ოთხწახნაგიანი; ფოთლები - ხაზურა-ლანცეტისებური, რგოლებად შეკრებილი; ყვავილი - მოთეთრო, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - კაკლუჭა, მრგვალი, ყავისფერი, ბორცვიანი, დიამეტრით 2-3.5 მმ, თესლი მრგვალი, კაკლუჭისმაგვარი; ასარევლიანებს მარცვლოვან და სათოხნ კულტურებს.
ქვათესლა - Lithospermum arvense L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ლაშქარასებრთა ოჯახიდან. ფესვი - ძლიერი, სქელი, მუქი წითელი; ღერო - სწორმდგომი, სქელი, დატოტვილი, სიმაღლით 50-80 სმ; ფოთლები - ლანცეტისებური, მორიგეობით განლაგებული, ზემოთ - მუქი მწვანე, ქვემოთ - უფრო ღია ფერის; ყვავილი - პატარა, მოყვითალო-თეთრი, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი - კაკლუჭა, კვერცხისებური, სამწახნაგოვანი, მბზინავი, მონაცრისფრო, ბორცვიანი ზედაპირით, სიგრძე 2-3.5 მმ, სიგანე 1.75-2.25 მმ. ასარევლიანებს ხორბალს.
ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი Ph.D,
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი Ph.D,
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი