ლაბორატორიის ისტორია
საქართველოში პირველი ვეტერინარული ლაბორატორია 1907 წელს დაარსდა და მას შემდეგ უწყვეტად ფუნქციონირებს. 80-იან წლებში უკვე არსებობდა ძლიერი დიაგნოსტიკური ლაბორატორიული ქსელი (1 რესპუბლიკური, 1 ავტონომიური რესპუბლიკის, 19 რეგიონული და 18 რაიონული ლაბორატორია). 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის #307 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია”, რომლის ფუნქციებშიც ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის გარდა, შევიდა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა და საკვები პროდუქტების ექსპერტიზა. ამჟამად, თანამედროვე მეთოდებისა და აპარატურის მეშვეობით, კვლევები მიმდინარეობს სამივე მიმართულებით. 2020 წელს ლაბორატორია ჩამოყალიბდა "სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის" სახელწოდებით.
ლაბორატორიის კვლევითი ბაზის ჩამოყალიბებაში და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, რის საფუძველზეც მოხდა ლაბორატორიის შენობა–ნაგებობების კაპიტალური შეკეთება (თბილისსა და რეგიონებში) და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა. შედეგად მივიღეთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების მეორე დონის ლაბორატორიები (BSL2).
ლაბორატორიის კადრები დაკომპლექტებულია კვალიფიციური თანამშრომლებით, რომელთაც გაიარეს სწავლება ა.შ.შ.-ის და ევროპის წამყვან საცნობარო ლაბორატორიებში.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ ახალი მოთხოვნები წარმოშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ საერთაშორისო დონეზე, ქვეყნის მასშტაბითაც, სავალდებულო იქნება საკვები პროდუქტების უსაფრთხოება. საქართველოს მიერ „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების თანახმად, საჭირო გახდა საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა.
2014 წლის მარტში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა ISO 17 025-ის მიხედვით, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის ყველა იმ გამოკვლევის შედეგს, რომელსაც ლაბორატორია ჩაატარებს. ლაბორატორიაში ასევე დანერგილია ISO 9001:2008 მოთხოვნის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა.
დიაგნოსტიკა და კვლევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს რომ, აქ მიღებული ანალიზი აბსოლუტურად სანდოა და ზუსტად იგივეა, როგორიც იმავე სტანდარტით აკრედიტებულ ნებისმიერ ლაბორატორიაში ნებისმიერ ქვეყანაში.
დღეისათვის გამართულია და მუშაობს ლაბორატორიული ქსელი, რომელიც მოიცავს 3 ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე) და 10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე, მესტია). ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.