ფესვის გალიანი ნემატოდები-Meloidogyne spp
ამჟამად Meloidogyne-ს გვარის 90-ზე მეტი სახეობაა აღწერილი. მათი უმეტესობა პოლიფაგი და მნიშვნელოვანი ენდოპარაზიტია. გალიანი ნემატოდები გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და მსოფლიოს ყველა ზომიერ ზონაში. მათი მავნეობა ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით დახურულ გრუნტში მებოსტნეობის სასათბურე მეურნეობებში. Meloidogyne-ს სახეობები ძალზე სერიოზული მავნებელია მთელს მსოფლიოში. ევროპაში ახლახანს გამოვლენილი M. Chitwoodi და M. Fallax - საკარანტინო პარაზიტული მავნებელია, ასევე საქართველოსთვის და შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო კონტროლის ზომებს.
საქართველოში გხვდება, როგორც ღია ასევე დახურულ გრუნტში გალიანი ნემატოდების შემდეგი სახეობები: Meloidogyne incognita - სამხრეთ გალიანი ნემატოდა, M.hapla - ჩრდილოეთის გალიანი ნემატოდა, M.arenaria - არაქისის გალიანი ნემატოდა, M.javanica და M.acrita - ბამბის გალიანი ნემატოდა.
გალიანი ნემატოდას ზრდასრული მდედრი წარმოადგენს მსხლისებრი ფორმის, პრიალა ზედაპირის მქონე პარკს. მისი წინა ნაწილი წაგრძელებულია კისრის მაგვარად, რომლის ბოლოში მოთავსებულია პირის ხვრელი. სხეულის უკანა ნაწილი ოვალური ან სფერულია, ბოლოში მომრგვალებულია.ზრდასრული მდედრის სიგრძე ჩვეულებრივ 800-1000 მიკრონია, სიგანე 500-600 მიკრონი. ზომები იცვლება გეოგრაფიული ზონის და მკვებავი მცენარის მიხედვით. გალიანი ნემატოდა კვერცხებს დებს საკვერცხე პარკში - ოოთეკაში. ლარვის საბოლოო ფორმირება ემბრიონის განვითარების ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია. ხელსაყრელ პირობებში გრძელდება 8-17 დღე. საბოლოოდ ფორმირებული ლარვა კვერცხშივე იცვლის კანს და ამის შემდეგ გამოდის კვერცხის გარსიდან უკვე მეორე ასაკის ე.წ. წინაპარაზიტული ანუ ინვაზიური ლარვა.
მეორე ასაკის ლარვა ერთადერთი ინვაზიური სტადიაა, აქვს მოძრაობის უნარი, იჭრება მცენარის ფესვში, გადაადგილდება და თავსდება შერჩეულ ადგილას, სადაც მისი შემდგომი პოსტემბრიონალური განვითარება მიმდინარეობს. კარგავს მოძრაობის უნარს და იწყებს გასქელებას. პარაზიტული ლარვის განვითარება მიმდინარეობს მცენარის ქსოვილში და მისთვის შესაფერის, ხელსაყრელ პირობებში მესამე და მეოთხე სტადიების განვითარება სწრაფად მიმდინარეობს. გალიანი ნემატოდების განვითარებაში 4 ასაკია, მაგრამ მათგან 3 რუდიმენტულია.
გალიანი ნემატოდებისთვის უმთავრესია ეკოლოგიური ფაქტორები. ნემატოდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ტემპერატურა და ტენი. მათი ზემოქმედება ხდება ნიადაგის ან მცენარის მეშვეობით. ტემპერატურულ პირობებს შეუძლია ხელი შეუწყოს ან შეაკავოს ფიტოპარაზიტული ნემატოდების განვითარება-გამრავლებას და შესაბამისად იმოქმედოს მავნეობის სიძლიერეზე. ტენს, რაც შეეხება მისი საკმარისი რაოდენობა საჭიროა ნემატოდის გადაადგილების და არსებობისათვის. გამომშრალ ნიადაგში ნემატოდების მოქმედება წყდება, ისინი ან იღუპებიან ან ანაბიოზურ მდგომარეობაში გადადიან. გალიანი ნემატოდის ლარვამ თუ მოასწრო მცენარეში შეჭრა და განვითარების დაწყება, მაშინ ტენის ნაკლებობა მასზე მოქმედებს მცენარის მეშვეობით, რადგან მელოიდოგინეზით დაავადებული მცენარე თავად განიცდის ტენის ნაკლებობას მასში წყლისა და საკვები ნივთიერებების მიმოქცევის დარღვევის შედეგად.
ცნობილია, რომ ინვაზიური ლარვები ძირითადად იჭრებიან ახალგაზრდა მცენარის ფესვებში ზრდის კონუსთან ახლოს. მაგრამ იჭრებიან ასევე ძველ ფესვებშიც. ნემატოდა სტილეტით ჩხვლეტასთან ერთად უჯრედში უშვებს ე.წ. ნერწყვს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა უჯრედის წვენის ნემატოდასათვის ადვილად შესათვისებელ ფორმად გარდაქმნა, მაგრამ რამდენადაც ეს გამონაყოფი შეიცავს პექტოლიტურ და პროტეოლიტურ ფერმენტებს, როგორც ორგანიზმში შეჭრილი უცხო ცილა, მოქმედებს პატრონ მცენარის მეტაბოლიტურ პროცესებზე. მცენარის პირველი რეაქცია ფესვში გალიანი ნემატოდას ლარვის შეჭრაზე, ეს არის ფესვის გასქელება ანუ გალის წარმოქმნა, რაც დაკავშირებულია ნემატოდას ეგზოფერმენტულ მოქმედებასთან. გალიანი ნემატოდისთვის გალი არის საცხოვრებელი გარემო, რომელიც იცავს მას გარესამყაროს არახელსაყრელი გავლენისაგან, ამარაგებს საკვები ნივთიერებებით, უზრუნველყოფს მის განვითარებას და გამრავლებას. მცენარის მიწისზედა ნაწილებში ამ დროს წყლისა და საკვები ნივთიერებების სინთეზური პროცესები ნელდება, რაც იწვევს მცენარის დასუსტებას, საბოლოოდ მოსდევს ფესვში სხვადასხვა მიკროორგანიზმების შეჭრა და დაავადების გარღმავება, მცენარის ნაადრევი დაღუპვა.
ნემატოდებსა და მცენარეებს შორის შეიძლება მოხდეს სამი ძირითადი ურთიერთქმედება:
1) ნეიტრალური(იმუნური), ინფექციის გარეშე;
2) თავსებადი(შესაფერისი მასპინძელი)ნემატოდების რეპროდუქციასთან;
3) შეუთავსებელი (შეუფერებელი მასპინძელი), ნემატოდების შემცირებული რეპროდუქციით (რეზისტენტული რეაქცია).
რეკომენდაციები:
• სარწყავი სისტემის ტიპის გათვალისწინება (არ არის სასურველი მიგდებით მორწყვა, რაც მავნებლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს);
• მექანიკური იარაღების დეზინფექცია;
• სარგავი-სათესი მასალის გამძლე ჯიშებით ან ჰიბრიდებით ჩანაცვლება;
• ხშირი თესლბრუნვები;
• გალიანი ნემატოდისადმი მიმღებიანი კულტურები თესლბრუნვიდან ამოღებული უნდა იქნეს არანაკლებ 4-5 წლით;
• მცენარის გაძლიერება საკვები ნივთიერებებით;
• ნიადაგის გასუფთავება ზეტმეტი მცენარეული ნარჩენებისა თუ სარეველა მცენარეებისაგან;
• დაინვაზირებული მცენარეების ამოძირკვა და განადგურება;
• ნიადაგის ხშირი გაფხვიერება;
• ფუმიგაცია, ნემატოციდების გამოყენება და სხვა.
სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვის ღონისძიებების სწორად წარმათვისა და პროდუქციის დანაკარგების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია წინასწარ იქნას ნიადაგი და სარგავ-სათესი მასალა შემოწმებული ფიტოჰელმინთებზე, რაც აგარიდებთ თავიდან გაუთვალისწინებელ, ზედმეტ ხარჯებს.
ავტორები:
ნინო ბადალაშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის, ენტომოლოგიის ლაბორატორიის უფროსი
ნინო ნაზარაშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის, ენტომოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი