ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სამეცნიერო სტატიები

ვაზის დაავადება ესკა

ვაზის კულტურა და მოსავალი ბევრადაა დამოკიდებული გავრცელებულ მავნე დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დროულად ჩატარებაზე. თუ ეს ღონისძიებები დროულად და აგრო-ვადებში არ იქნა ჩატარებული მოსავლიანობა მინიმუმადე შემცირდება, მოსავლის ხარისხი გაუარესდება და შეფერხდება თვით მცენარის ზრდა-განვითარება. საბოლოოდ კი მცენარე დაკნინდება და დაიღუპება.ვაზის ესკა - ზაფხულის დამბლა - ტრაქეომიკოზური სოკოვანი დაავადებაა. გავრცელებულია ყველგან, სადაც მისდევენ ყურძნის მოყვანას. დაავადებას აღწერდნენ ჯერ კიდევ რომაელები და ბერძნები და ითვლება ვაზის უძველეს და სერიოზულ  დაავადებად, რომელსაც იწვევს სხვადასხვა სახეობის სოკოები. ამგვარად ესკა კომპლექსური დაავადებაა, რომლის გამომწვევი რამდენიმე პათოგენური სოკოა: Fomitoporia mediterranea, Phaeomoniella chlamydospora, Phaeoacremonium aleophilum, Stereum hirsutum. ხოლო Phellinus igniarius, Fomitoporia punctata, Phellinus punctatus – უფრო მეორადი როლი აკისრიათ.  ესკა აავადებს 10 წლის და უფრო მეტი ხნოვანების ვაზს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ იგი სანერგეშიც გვხვდება.დაავადება შეიძლება გამოიწვიოს აქტიურმა გასხვლამ, შტამბის მექანიკურმა დაზიანებამ, ცივმა ზამთარმა. მერქანში შეღწეული ეს დაავადება ვრცელდება პერიფერიაში, გადადის წლიურ კონცენტრულ რგოლებზე. იწვევს გამტარი ჭურჭელბოჭკოვანი სისტემის პარალიზებას და საბოლოოდ ვაზი იწყებს ხმობას. ვაზი უეცრად იღუპება.დაავადება ვითარდება ორი განსხვავებული ფორმით: ნელი (ქრონიკული) და მწვავე (აპოპლექსური). დაავადების ქრონიკულად განვითარება მიმდინარეობს რამდენიმე წლის განმავლობაში და ხასიათდება ფოთლების ძარღვებს შორის ფერის შეცვლით. თეთრი ფერის ჯიშის ვაზზე წარმოიქმნება ყვითელ-მოყავისფრო ლაქები, ხოლო შეფერილ (წითელ) ჯიშებზე მოწითალო ფერის ლაქები. ლაქები თანდათან ერწყმიან ერთმანეთს და მწვანე რჩება მხოლოდ ძარღვები. ფოთლები კარგავენ ტურგორს. ეს სიმპტომები თვალსაჩინოა თავიდან ყლორტის ქვედა ფოთლებზე, ხოლო შემდეგ ვითარდება მთელ ყლორტზე. პროგრესირებად ფაზაში ფოთლები ხმება და დროზე ადრე ცვივა. ეს პირველი ფორმა წლიდან წლამდე შეიძლება შეგხვდეს სხვადასხვაგვარად. ერთ წელს დაავადებულ ვაზის მხარზე სიმპტომი ხილულია მტევნებსა და ფოთლებზე, მაგრამ შემდეგ წელს იგივე მხარზე შესაძლებებლია  დაავადების სიმპტომი საერთოდ არ შეინიშნებოდეს. ქრონიკული ესკის შემთხვევაში ვაზის ბუჩქის ხმობა ხდება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ. ფოთლის სიმპტომი შეიძლება აგვერიოს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პრობლემებში, როგორიცაა მაგნიუმის ნაკლებობა, წყლის დეფიციტი ან ინფექციური დაავადება - პათოგენური სოკო Armillaria melea-თ გამოწვეული ხმობა.მცირე შემთხვევაში უცაბედი ხმობა (აპოპლექსური) ხდება ხილული სიმპტომის გარეშე. ზაფხულის პირველი ცხელი დღეების დადგომისას ჩნდება პატარა შეუმჩნეველი ლაქები, რომლებიც სწრაფად დიდდება, რამდენიმე დღის განმავლობაში ფოთლები ხმება ქვემოდან ზევით, ყლორტი კვდება. ორივე შემთხვევაში შტამბის შიდა ქსოვილი შეიცავს მკვდარ ფაშარ ზონას, რომელიც საღი ნაწილიდან გამოიყოფა თხელი მოშავო-ყავისფერი მაგარი კონსისტენციის ზონით.დაავადება სწრაფად ვრცელდება სხვა მცენარეებზე. თავდაპირველად ღეროს და მხრების შიგნითა ნაწილი მუქდება ქერქის მოცლის შემთხვევაში. ყავისფერი ლაქა ვრცელდება გამხმარი ყლორტიდან ფესვამდე. განივ ჭრილზე კი ცენტრში ჩანს ყვითელი ფაშარი მერქანი. დასნეულებული ვაზი მერქანში სკდება, მისი ფხვნილის მასასავით შიგთავსი ქარის მიერ გადადის სხვა ჯანმრთელ მცენარეებზე და მათში აღწევს, შეიძლება მთელი ვენახების დიდი ფართობები მოიცვას ან სხვა კულტურაზე გადავიდეს, მაგალითად ხეხილიც დასნეულდეს. დაავადებას ხელს უწყობს ვეგატაციის პერიოდი, მაღალ ტემპერატურაზე ხდება ფოთლებიდან ინტენსიური აორთქლება, რომლის შევსებაც არ ხდება ფესვებიდან, რადგანაც სოკომ უკვე დაშალა გამტარი ჭურჭლები და წყალი ვერ მიედინება მასში. ამ სინდრომს ადგილი აქვს განსაკუთრებით ზაფხულში. ესკა შტამბის ზედა ნაწილზე ვითარდება, მის ქვემოთ წასვლა არ ხდება და ხშირად ვაზის ფესვი საღია.სიმწიფის დასაწყისში თეთრ ჯიშებზე ნაყოფებზე წარმოიქმნება წვრილი მუქი ყავისფერიდან იისფერამდე ლაქები, რომლებიც ნელა ვრცელდება ნაყოფის მთელ ზედაპირზე. დაავადების ქრონიკული ფორმის დროს ცალკეული ნაყოფები და მტევნები შეიძლება დასნებოვდეს. ძლიერი დაავადებისას კი დაავადებული ნაყოფი ხმება.დაავადებული მცენარეები ზრდაში ჩამორჩება. ნაკლებია მათი გამძლეობა ყინვების, სიცხის და საერთოდ გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ.დაავადება ვრცელდება ქარით და დაავადებული მცენარეებით.ავტორები: ნინო ბოკერიასოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსიანნა დადეგაშვილიმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი                       

იხილეთ სრულად

ვაზის დაავადება - ეუტიპა (Eutypa dieback; Eutypa lata)

ეუტიპა ვაზის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი დაავადებაა. მას მასპინძელი მცენარეების ფართო სპექტრი გააჩნია: 80 სახეობის 27 ბოტანიკური ოჯახის მცენარეს ასნებოვნებს.სოკოვანი დაავადება წარმოქმნის იარებს როგორც შტამბზე, ასევე მხრებზე. იარა ჩნდება დაინფიცირების ადგილას. ვიზუალურად მისი აღმოჩენა ძნელია, რადგან იგი დაფარულია ძველი მკვდარი ქერქის ქვეშ, რომელიც გარკვეულწილად გაბრტყელებულია. შტამბის განივ გადანაჭერზე შეინიშნება სოლისმაგვარი ფორმის გამუქება (ნეკროზი), რომლის წვერიც შტამბის ცენტრს აღწევს. ეუტიპას სიმპტომები თვალსაჩინოა მას შემდეგ, რაც იარები კარგად გამოჩნდება. ეს კი ხდება დასნებოვნებიდან საორიენტაციოდ 2-4 წლის შემდეგ.შტამბზე ახალი ყლორტებისა და მხრების წარმოქმნასთან ერთად ყლორტები დამჭკნარი, დაბეჩავებულია. მუხლთაშორისები დამოკლებული, სიმპტომები არ ჩანს გვიან შემოდგომამდე, იმიტომ რომ დაავადებული მხრები ჩვეულებრივ კვირტების გაშლის შემდეგ ვიზუალურად დემონსტირებას უკეთებს საღ ჯანმრთელ ყლორტებს. დაავადების პირველი სიმპტომი გამოჩნდება გაზაფხულზე ვაზის ახალგაზრდა 25-45 სმ სიგრძის ყლორტზე, რომლებიც ზრდაში ჩამორჩება, რასაც იწვევს მერქანში სოკოს შეჭრის შედეგად წვენის მოძრაობის დარღვევა. დაკნინებულ ყლორტებზე  დაავადებული ფოთლები მცირე ზომისაა, მოყვითალო (ქლოროზს ჰგავს)  და დანაოჭებული, შემდეგ ხმება. ნეკროზული ჭრილობები იზრდება ქვემოთ ყლორტზე. ყლორტები ჭკნება, ხმება და ბუჩქი თანდათან იღუპება. ყვავილები ხმება ყვავილობამდე.  მტევნები დაავადებულ ყლორტზე ცუდად ფორმირდება, გამოირჩევა ძლიერ მცირე ზომისა და შაქრის არასაკმარისი დაგროვებით. მოსავლის ხარისხი დაქვეითებულია.ინფიცირება ხდება სოკოს ასკოსპორებით, რომლებიც გამოიფრქვევიან წვიმის დროს სოკოს ნაყოფსხეულიდან - პერიტეციუმიდან და შესაძლებელია მათი გადატანა დიდ მანძილზე ჰაერის ნაკადის საშუალებით. ასკოსპორები გამოიყოფიან წვიმიდან 2 საათის შემდეგ და თავისუფლდებიან 36 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ პერიტეციუმი ასკოსპორებისაგან ცარიელია. ასკოსპორები კვლავ მომწიფდება 12 დღის შემდეგ.  სპორები ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას ორი თვის განმავლობაში. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს წვიმა. დაინფიცირება ხდება ჰაერის ნაკადის გადატანილი ასკოსპორების გასხვლისას ან მექანიკური დაზიანებისას წარმოქმნილ ახალ ჭრილობასთან კონტაქტის შედეგად. ჭრილობებიდან ინფექციისადმი მგრძნობელობა მცირდება ასაკთან ერთად ანუ მცენარე ინფექციის მიმართ მდგრადი ხდება გასხვლიდან დაახლოებითნ 2-4 კვირის შემდეგ. ამგვარად, მოსვენების პერიოდის დასაწყისში წარმოქმნილი იარა უფრო მეტად მიმღებიანია, ვიდრე მოსვენების პერიოდის ბოლოს. თუმცა წყლის სტრესი ზრდის ინფექციისადმი ვაზის მიმღებიანობას. ვაზის განვითარება ფერხდება.  დაავადება ვენახში ვითარდება ნელა და ჩვეულებრივ არ შეინიშნება დასნებოვნებიდან მესამე ან მეოთხე წლამდე. ამ დროისათვის სიმპტომური ფოთლების მქონე მრავალწლიან შტამბზე უკვე განვითარებულია იარები. რამდენიმე წლის შემდეგ კი დაავადებული შტამბი და მხრები იღუპება.მეტად მიმღებიანია უფროსი ასაკის მცენარეები. ერთწლიანი ვაზი უფო მეტად მდგრადია, გამძლეა გამომწვევის მიმართ, ვიდრე ორწლიანი. ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 1-დან 3 წლამდე, ვარირებს ვაზის ჯიშთან დამოკიდებულებით.დაავადება ვრცელდება ნერგებით და კალმებით. ავტორები:ნინო ბოკერიასოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსიანნა დადეგაშვილიმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი

იხილეთ სრულად

კარტოფილის სარეველები

კარტოფილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა, მას მეორე პურს უწოდებენ; მისი სამშობლო სამხრეთი და ცენტრალური ამერიკაა. კარტოფილის კულტვირება ამერიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 14 ათასი წლის წინ დაიწყეს, იგი ევროპაში (ესპანეთში) შეიტანეს დაახლოებით მე-16 საუკუნეში, შემდეგ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში, რუსეთში კარტოფილის გავრცელებას უკავშირებენ პეტრე I-ს, რომელსაც მე-17 საუკუნის ბოლოს კარტოფილით სავსე ტომარა ჰოლანდიიდან სამშობლოში გაუგზავნია. საქართველოში კარტოფილის ნათესები პირველად მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა თბილისის ახლომახლო, ამჟამად იგი მოყავთ უმთავრესად ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ხულოს, შუახევის, ნინოწმინდის და სხვა რაიონებში, ხოლო საადრეო კარტოფილი ძირითადათ მოყავთ ბოლნისის რაიონში. კარტოფილი შეიცავს 76,3% წყალს,  23,7% მშრალ ნივთიერებას, 17,5% სახამებელს, 0,5% შაქარს, 1-2% ცილას, 1%-მდე მინერალურ მარილებს, აგრეთვე C, B1, B2, B6, PP და სხვა ვიტამინებს, ასევე მიკროელემენტებს: კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, სელენს, სპილენძს, მანგანუმს, რკინას, იოდს, დიდი რაოდენობით კალიუმს. კარტოფილისგან აწარმოებენ სახამებელს, სპირტს, აცეტონს, პლასტმასს, ფოტოფირს, წებოვან ნივთიერებებს და სხვა.  კარტოფილი ზიანდება სხვადასხვა მავნე ორგანიზმით, რომელთაგან აღსანიშნავია სარეველა მცენარეები: ძაღლყურძენა (Solanum nigrum L.), შვრიუკა (Avena fatua L.), ბურჩხა (Echinochloa crusgalli (L.) P. Beauv.), ბოლოკა (Rapistrum rugosum (L.) All.), სპერგულა (Spergula L.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medik), ქუთქუთა (Thlaspi arvense L.), ყვითელი (Setaia glauca L.) და მწვანე ძურწა (Setaria pumila (Poir.) Roem. et Schult.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), ღიღილო (Centaurea depressa M. B.), მინდვრის მდოგვი (Sinapis arvenesis L.), შალგი (Brassica campestris L.), ბეგიაური (Galium aparine L.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense L.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ხოვერა (Galium tricorne With.), ყანის ჭლექი (Fallopia convolvulus (L.) A.Love), დანდური (Portulaca oleracea L.), თავცეცხლა (Galeopsis tetrahit L.) მატიტელა (Polygonum L.), გაზაფხულის თავყვითელა (Senecio vernalis W. et K.), გვირილა (Matricaria L.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L), საგველა (Apera spica venti L.), შავთარა (Fumaria officinalis L.), ჩვეულებრივი თივაქასრა (Poa trivialis L.), მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P. B.), გლერტა (Cynodon dactylon  (L.) Pers.), ღიჭა (Sonchus arvensis L.) და სხვა.ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება. თავცეცხლა - Galeopsis tetrahit L.ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით  50 სმ; ღერო - ძლიერ დატოტვილია, რომელიც დაფარულია უხეში ბუსუსებით; ფოთლები - მოგრძო-კვერცხისებური, წაწვეტებული, დაკბილული კიდეებით; ყვავილები - მოვარდისფრო; ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - კაკლუჭა, უკუკვერცხისებური ფორმის, მონაცრისფრო-ყავისფერი, ზედაპირი მარცვლოვანი, სიგრძე 2.75–3.25 მმ, სიგანე 2–2.25 მმ; ერთ მცენარეზე ვითარდება 100-600 თესლი, მისი სიცოცხლისუნარიანობა 14 წელია.  მინდვრის სპერგულა - Spergula arvensis L.ერთწლიანი, ბალახოვანი  სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან, 15-20 სმ სიმაღლის, დაფარულია ჯირკვლოვანი ბუსუსებით; ფოთლები - ხაზურა; ყვავილები - მცირე ზომის, თეთრი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბერამდე; ნაყოფი - კოლოფი, კვერცხისებური, თესლი 1,1 მმ დიამეტრის, სფერული, ლინზისებურად შეჭყლეტილი, ყავისფერი, მწიფდება ივლისიდან აგვისტომდე, ერთი მცენარე 10000-მდე თესლს იძლევა; იგი უპირატესობას ანიჭებს მჟავე და ტენიან ნიადაგებს.  გვირილა  - Matricaria chamomilla L.ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან სპეციფიკური სუნით. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - შიშველი, შეუბუსავი, სიმაღლე 15-60 სმ, ძირიდან დატოტვილი; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, ორმაგფრთისებრ დანაკვთული; ყვავილედი კალათა, დიამეტრით 25 მმ.  ნაყოფი ცილინდრული თესლურა ოდნავ მოხრილი, გვერდებთან შეჭყლეტილი, წვრილი, ზედაპირი გლუვი,  მუქი მწვანე, მასაში მოვერცხლისფრო - ნაცრისფერი, სიგრძე 0.8 – 1.25 მმ, სიგანე 0.2-0.3 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 5000 თესლი. გამოიყენება სამკურნალოდ, აგრეთვე ხალხურ ვეტერინარიაში. ძაღლყურძენა - Solanum nigrum L.ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი ფუნჯა, ღერო სწორი, დატოტვილი, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები მარტივი, მორიგეობით განლაგებული, ოვალურ - კვერცხისებური, კიდედაკბილული; ყვავილები თეთრი, ვარსკვლავისებური, შეკრული ნახევარქოლგად, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; ნაყოფი - შავი, წვნიანი კენკრა, მრგვალი, 1 სმ დიამეტრის, მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში; თესლი მომრგვალო, კვერცხისებური, გვერდებიდან შეჭყლეტილი, ფუძესთან შევიწროებული, ჭიპი გვერდული, სუსტად შესამჩნევი, ზედაპირი ბადისებური, მოყვითალო-ჩალისფერი, სიგრძე 1.75-2 მმ, სიგანე 1.25-1.5 მმ.  შვრიუკა - Avena fatua L.ერთწლიანი ერთლებნიანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 120 სმ; ფესვი - ფუნჯა; ფოთლები ლანცეტისებური; კილიანი მარცვალი თითისტარისებური, ფხიანი, გარეთა კილი ტყავისებური, მჭიდროდ ეკვრის მარცვალს, წვეროში გაყოფილია ორად, ფხა მუხლისებურია, მაგარი, გამოდის შუა ნაწილიდან, სიგრძით 12-20 მმ; მარცვალი ცილინდრული, ზედაპირი დაფარულია თხელი, მონაცრისფრო - მოყვითალო ზემოთ მიმართული ბუსუსებით, სიგრძე 6-8 მმ.  ხოვერა - Galium tricorne With.ერთწლიანი, ბალახოვანი, მხოხავი სარეველა მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან, სიგრძით 10-60 სმ; ღერო - მარტივი, მხოხავი, ოთხწახნაგიანი; ფოთლები - ხაზურა-ლანცეტისებური, რგოლურად შეკრებილი; ყვავილი - მოთეთრო, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - კაკლუჭა, მრგვალი, ყავისფერი, ბორცვიანი, დიამეტრით 2-3.5 მმ, თესლი მრგვალი, კაკლუჭისმაგვარი; კარტოფილის გარდა ასარევლიანებს მარცვლოვან და სათოხნ კულტურებს.დანდური - Portulaca oleracea L.ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა, სუკულენტი; ღერო - გართხმული, მოწითალო ფერის 10-40 სმ; ფოთლები  მჯდომარე, ხორცოვანი; ყვავილი წვრილი, ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე; ნაყოფი კვერცხისებური ან სფეროსებური კოლოფი,  მწიფდება სექტემბერში, თესლი თირკმლისებური, ოვალურ - მომრგვალო, ზოგჯერ სუსტად დაკუთხული, გვერდებზე შეჭყლეტილი, ზედაპირი სუსტად დაკბილული, ნაკლებად მბზინვარე, შავი, მუქი ყავისფერი სიგრძე - სიგანე 0.75-1 მმ.  ასრევლიანებს ბოსტნეულ კულტურებს, იზრდება გზის პირებთან.  საგველა - Apera spica-venti L.საშემოდგომო, ერთწლიანი, მარცვლოვანი სარეველა მცენარეა. ფესვი - ფუნჯა; ღეროს სიმაღლე 30-125 სმ; ფოთოლი  - ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - საგველა; მარცვალი - ლანცეტისებურ-კვერცხისებური, ვიწრო, ღრმა ღარით, სიგრძე 2.4-0.6 მმ, სიცოცხლისუნარიანობა 1-4 წელია, აღმოცენდება შემოდგომაზე, უპირატესობას ანიჭებს მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებს.ჩვეულებრივი თივაქასრა -  Poa trivialis L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი სარეველაამარცვლოვანთა ოჯახიდან; ღეროს სიმაღლე 20-100 სმ; ფოთლები რბილი, ბრტყელი, მწვანე ან იასამნისფერ-მომწვანო, სიგანე 2-4 მმ; ყვავილედი საგველა, სიგრძე 6 სმ; მარცვალი - ელიფსოიდური ან მოგრძო, მოწითალო-ყვითელი, სიგრძე 1.3-3 მმ, ერთი მცენარე ივითარებს 1000 მარცვალს.  ავტორები:ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიმაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        

იხილეთ სრულად

ალერგიის გამომწვევი სარეველა მცენარეები

ალერგია მეოცე საუკუნის დაავადებაა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში მოსახლეობის 12-15 %-ს აწუხებს ალერგია. პოლინოზი ალერგიული დაავადებაა, ის მოსახლეობის 10%-ს აწუხებს, მას „თივის ცხელებასაც“ უწოდებენ, თუმცა რეალურად ის არა თივით, არამედ ყვავილის მტვრით არის გამოწვეული. პოლინოზს უმეტესად ხეების, მარცვლოვანი მცენარეებისა და სარეველა ბალახის მტვერი იწვევს.  ალერგიულ ადამიანებს პოლინოზი მაშინ უმწვავდებათ, როცა მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია განსაზღვრულ დონეს მიაღწევს. საქართველოსთვის დამახასიათებელია მცენარეთა ყვავილობის სამი სეზონი, რის გამოც აღინიშნება პოლინოზის გამწვავების სამი ტალღა: ადრე გაზაფხულზე, გაზაფხულ - ზაფხულის გარდამავალ პერიოდში და ზაფხულ - შემოდგომის გარდამავალ პერიოდში. ალერგიის გამომწვევი სარეველებია: ავშანფოთლიანი ამბროზია, სამნაკვთიანი ამბროზია, მხოხავი ჭანგა, თათაბო, ავშანი, ოქროწკეპლა, წივანა, ტიმოთელა, მდელოს თივაქასრა, ნაცარქათამა, მრავალძარღვა, ვირისტერფა, ოროვანდი, ასფურცელა და სხვა. ქვემოთ წარმოგდენილია ზოგერთი მათგანის  მოკლე დახასიათება.ავშანფოთლიანი ამბროზია - Ambrosia artemisiifolia L.                                                                                     ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, ნიადაგში აღწევს 4 მ-მდე; ღერო - სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, 0,1-2,5 მ სიმაღლის; ფოთლები - ერთი ან ორმაგ ფრთისებრდანაკვთული, ქვედა მხრიდან შებუსული; ყვავილები - ყვითელი, კალათად შეკრებილი, ყვავილობს ივლის -  აგვისტოში; მტვერი იწვევს ადამიანის ალერგიულ რეაქციებს.სამნაკვთიანი ამბროზია - Ambrosia trifida L.     მსხვილი, მძლავრი, ერთწლიანი საგაზაფხულო მცენარეა, სამი მეტრი სიმაღლის  ღეროთი, ვეგეტაციის ბოლოს ხევდება და იფარება უხეში, მოკლე ბუსუსებით; ფოთლები ყუნწიანი, პირდაპირ მჯდომარეა, ქვედა ფოთლები ღრმა - 3 ან 5 ნაკვთიანია, ყვავილები - ყვითელი, კალათად შეკრებილი, ყვავილობს ივლის -  აგვისტოში; მტვერი იწვევს ალერგიას და თივის ციებ - ცხელებას. მდელოს წივანა - Festuca pratensis Hunds.                                                                                        მრავალწლიანი ბალახოვანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ფესვი - ფუნჯა, ვრცელდება ღრმად ნიადაგში; ღერო - სწორმდგომი, 120 სმ-მდე; ფოთლები - ვიწრო ლანცეტისებური, ღია მწვანედან მუქ მწვანემდე; ყვავილედი - საგველა, თავთავები მოგრძო, მწვანე, ოდნავ იასამნისფერი ელფერით, ყვავილობს ივნისში.  ტიმოთელა - Phleum pretense L.                                                                                            მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ფესვთა სისტემა ძლიერაა განვითარებული, რომელიც ნიადაგში ღრმად ვრცელდება. ღერო - სწორი, 30-100 სმ სიმაღლის; ფოთოლი - ვიწრო, შეუბუსავი, მოცისფრო-მომწვანო; ყვავილედი - რთული თავთავი; ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე.  მდელოს მელაკუდა - Alopecurus pratensis L.                                                                                             მრავალწლიანი მარცვლოვანი ბალახოვანი სარეველაა, 50-120 სმ სიმაღლის; მოკლე ფესურა აქვს, ფოთოლი - მჯდომარე, მორიგეობითი, მარტივი, ხაზოვანი, მწვანე; ყვავილედი - რთული საგველა;  ყვავილობს მაის-ივნისში.თ ა თ ა ბ ო  - Atriplex patula L.                                                                                                             ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველაა ნაცარქათამასებრთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი,  დატოტვილი, სიმაღლე 30-90 სმ; ფოთლები - არასწორი რომბისებური, მორიგეობითი, კიდემთლიანი ან დაკბილული, მწვანე ფერის, ახალგაზრდა ფოთლები მონაცრისფრო-მწვანე; ყვავილედი - თავთავისებური, ყვავილები წვრილი. ოროვანდი - Arctium lappa L.                                                                                                                                                         ორწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ხორცოვანი, 60 სმ-მდე; ღერო - სწორმდგომი, 60-180 სმ სიმაღლის; ფოთლები - დიდი, გულისებური, მორიგეობითი, მარტივი, ყუნწიანი; ყვავილედი - კალათა, ყვავილები მილისებური, იასამნისფერი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში.აბზინდა - Artemisia absinthium L.                                                                                                       მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორმდგომი; ფოთლები - ფრთისებრდანაკვთული; ყვავილედი - კალათა, სფეროსებური, ყვავილი ყვითელი, წვრილი, მილისებური, ყვავილობს ივნის-ივლისში.  ოქროწკეპლა - Solidago virga aurea L                                                                                        მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა  ოჯახიდან. ღერო სწორმდგომი, შეფოთლილი, შებუსული, 30-100 სმ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობითი, ელიფსური, კიდედაკბილული. ყვავილედი - კალათა,  ყვავილი ყვითელი, ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე.ჭინჭარი  - Urtica diodica L.                                                                                            მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა, 60-200 მმ სიმაღლის; ღერო სწორმდგომი, შებუსული;  ფოთლები გულისებრი, კიდედაკბილული; ყვავილები მოყვითალო - მწვანე,  ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე. მრავალძარღვა - Plantago major L.                                                                                             მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა, 70 სმ-მდე, ფესურიანი; ფესვები - ძაფისებური, წვრილი; ფოთლები - ფართო, ოვალური ფორმის; ყვავილი წვრილი, მუქი; ყვავილობს მაისიდან - სექტემბრამდე. ორკბილა - Bidens tripartita L.                                                                                         ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, წვრილი; ღერო - ერთეული, სწორმდგომი, მოწითალო, 60-90 სმ; ფოთლები - მოპირდაპირე, მოკლე ყუნწით, სამნაკვთიანი, ლანცეტისებური, კიდედაკბილული, შიშველი მუქი მწვანე; ყვავილედი - კალათა, ყვავილი ყვითელი, ყვავილობს ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე. ავტორები:ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიმაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

იხილეთ სრულად

საღებავი სარეველა მცენარეები

მცენარეული საღებავების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. საერთაშორისო ბაზარზე მცენარეული საღებავებით შეფერილ პროდუქციას დიდი უპირატესობა ენიჭება სინთეტიკური საღებავებით  შეფერილ პროდუქციასთან შედარებით. მცენარეული საღებავები შედგება სხვადასხვა ნივთიერებებისგან, რომლებიც წარმოადგენს რთული საღებავი პიგმენტების ნარევს. მცენარეთა სამყაროში საღებავი პიგმენტები ფართოდაა გავრცელებული. მოსახლეობის მიერ ქსოვილებისა და ტყავის შესაღებად გამოიყენება სხვადასხვა მცენარე, მათ შორის სარეველებიც. საღებავად გამოყენებული მცენარეები იყოფა სხვადასხვა ჯგუფებად ფერის მიხედვით (წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი, შავი, ყავისფერი, მწვანე ფერის მომცემი სარეველა მცენარეები). ორკბილა - Bidens tripartita L.ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, წვრილი; ღერო - ერთეული, სწორმდგომი, მოწითალო, 60-90 სმ; ფოთლები - მოპირდაპირე, მოკლე ყუნწით, სამნაკვთიანი, ლანცეტისებური, კიდედაკბილული, შიშველი მუქი მწვანე; ყვავილედი - კალათა, 1.5 მმ დიამეტრის, ყვავილი ყვითელი, ყვავილობს ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე;  თესლურა - უკუკვერცხისებრი, ყავისფერი, 2 ქაცვით, ჭიპი შეჭყლეტილი, ოვალური, სიგრძე ქაცვების გარეშე 5-8 მმ, სიგანე 2-3 მმ, ქაცვების სიგრძე 3-4 მმ, თესლი მწიფდება სექტემბრის ბოლოს ოქტომბერში,  ერთ მცენარეზე ვითარდება 250 თესლი.  შესაღებად გამოიყენება ღერო და ფოთლები, მიიღება ყვითელი და ნარინჯისფერი. ბირკავა - Agrimonia eupatoria L.მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან; აქვს სქელი, მოკლე ფესურა; ღერო - მარტივი, მსხვილი, მცირედ დატოტვილი, სიგრძე 30-100 სმ; ფოთლები - რთული, კენტფრთისებრი; ყვავილედი - თავთავისებური  მტევანი, ყვავილი მოკლეყუნწიანი, ყვითელი, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; თესლურა - უკუკონუსისებრი, დაღარული, დაფარული ბუსუსებით, ყავისფერი ან მონაცრისფრო-მწვანე, ბუსუსები ღია ყვითელი ფერის, თესლის სიგრძე 4-6 მმ, სიგანე 3-5 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 200 თესლი. პრაქტიკაში მოსახლეობა იყენებს, როგორც ტყავის გამოსაქნელ ყვითელ საღებავს. დიყი - Heracleum dissectum L.მრავალწლიანი, მსხვილბალახოვანი  მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან, დაფარულია უხეში ბუსუსებით. ფესვი - მთავარღერძა, ვრცელდება 2 მ-მდე; ღერო - მსხვილი, დაღარული; ფოთლები - ღეროს ძირში გრძელყუნწიანი და ფრთისებრდანაკვთული, ზედა ფოთლები ზოგჯერ მარტივია; ყვავილი - თეთრი, მსხვილი, დიამეტრით 50-80 სმ; ნაყოფი - უკუკვერცხისებრი, ორნაწილიანი თესლურა, სიგრძე 10-12 მმ, სიგანე 8 მმ, მომწიფებისას ორ ნაწილად იყოფა. დიყის ფოთლებსა და ყვავილებს იყენებენ სამღებრო საქმეში, როგორც შალეულის, ასევე ბამბეულის ქსოვილების ყვითლად შესაღებად, ღებავენ აბრეშუმსაც.  ონტკოფა, დუდღუბო - Physalis alkekengi L.მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან. ღერო - სწორმდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი, შიშველი ან შებუსული, სიმაღლით 20-100 სმ სიმაღლის; ფოთლები - გულისებრი, ყუნწიანი, მორიგეობით ან მოპირდაპირედ განლაგებული, საკმაოდ დიდი ზომის; ყვავილი - მარტოული, იღლიური, მოთეთრო; ნაყოფი - სფეროსებრი, კაშკაშა ნარინჯისფერი, პრიალა კენკრაა, თესლი თირკმლისებური.სამღებრო საქმეში ონტკოფას ნაყოფს ხმარობენ აბრეშუმის ქსოვილების ყვითლად და ნარინჯისფრად შესაღებად. ენდრო - Rubia iberica (Fisch.) C. Koch.მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან; ფესურა - გრძელი, ჰორიზონტალური, დატოტვილი, ცილინდრული, გარედან მოწითალო - წაბლისფერი, ფესვები - ზედაპირული, დატოტვილი, ცილინდრული; ღერო - ოთხწახნაგოვანი, წიბოებზე ეკლებით, სიმაღლით 30 სმ - 1.5 მ-ს აღწევს; ფოთლები - ღეროზე რგოლებადაა განლაგებული, თითო რგოლში 4-6 ცალია განლაგებული, სიგრძე - 10 სმ, სიგანე - 3 სმ, ლანცეტა; ყვავილები - წვრილი, მომწვანო -  ყვითელი, ფოთლების იღლიებში ამოსულ დატოტვილ ნახევრად ქოლგა ყვავილედადაა შეკრებილი, ყვავილობს ივნისიდან; ნაყოფი - წვნიანი, მრგვალი, 1-2 კურკით, დანაოჭებული, მუქი ყავისფერი, შავი, ზემოდან - ამობურცული, ქვედა მხრიდან - შეჭყლეტილი, დიამეტრით 2.5-4 მმ, მწიფდება აგვისტოში.ენდრო შეიცავს ანილინის ჯგუფის საღებავებს, ინას, ალიზარინს, ამზადებენ ალიზარინის მელანს - ლითოგრაფიისთვის; ღერო-ფოთლებისგან მიიღება ყვითელი საღებავი, ფესვებიდან - წითელი; იხმარება ქსოვილების - შალეულის, აბრეშუმის შესაღებად, იღებავენ თმასაც, საღებავს იყენებენ მეცნიერული მიზნისთვისაც, ძვლის ზრდაზე დასაკვირვებლად, რისთვისაც ღებავენ ძვალოვან ქსოვილებს. პატარძალა - Anchusa italica Retz.ორ ან მრავაწლიანი ბალახოვანი მცენარეა ლაშქარასებრთა ოჯახიდან; მთელი მცენარე უხეში ჯაგრითა  შებუსული; ღერო დატოტვილი, 20-100 სმ სიმაღლის; ფოთლები ოვალური ან მოგრძო-ლანცეტაა, ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა - მჯდომარე; ყვავილი მეწამული-მოლურჯო ფერისაა, შეკრული მტევან ყვავილედად, ყვავილობს მაის-აგვისტოში; კაკლუჭა -  მოღუნული კვერცხისებური, ნაოჭიანი ზედაპირით, მწიფდება ივნისიდან. სამღებრო საქმეში გამოიყენება ფესვები, მიიღება წითელი ფერის საღებავი. ყანის ჩიტისთვალა - Asperula setosa Jaub. Et Spach. (=Asperula arvensis Grossh.)ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან. ღერო სწორი ან ფუძესთან დატოტვილი, ოთხწახნაგიანი, შეუბუსავი, 20-40 სმ სიმაღლს; ფოთლები ლანცეტისებრი ან მოგრძო ხაზურა; ყვავილები ცისფერი, იშვიათად თეთრი; ნაყოფი მომრგვალო, ორბუდიანი, მშრალი კაკლუჭა, მოყავისფრო, ბორცვიანი ზედაპირით, დიამეტრი 1.75-2.25 მმ, თესლი ნაყოფის ფორმის. ფესვები გამოიყენება სამღებრო საქმეში, მიიღება წითელი ფერის საღებავი. თავსისხლა - Sanguisorba officinalis L.მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან; ფესურა - სქელი, ჰორიზონტალური, სიგრძე 12 სმ, ხისმაგვარი, მრავალი გრძელი, წვრილი ფუნჯა ფესვებით; ღერო - სწორმდგომი, დატოტვილი, ღრუიანი, სიმაღლით 20-100 სმ; ფოთლები - კენტფრთართული 7-25 ფოთოლაკით, ფოთოლაკები წაგრძელებულია, ხერხისმაგვარად დაკბილული ფოთლები ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან - ღია მწვანე ფერისაა, ღეროს ფოთლები მჯდომარეა, მუქი წითელი; ყვავილები - მუქი წითელი, წვრილი, ოვალურ თავაკებშია შეკრებილი, ყავილობს ივნის-აგვისტოში; ნაყოფი - 3-3.5 მმ სიგრძის, ყავისფერი, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ფესვები  გამოიყენება სამღებრო საქმეში, მიიღება შავი ფერის საღებავი.კურდღლისცოცხა - Genista tinctoria L. ბუჩქისებური, შხამიანი, ფესურიანი სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან; ფესურა - დატოტვილი, ხისებური; ღერო - დატოტვილი, სწორმდგომი, ტოტები ზემოთ მიმართული; ფოთლები - ხაზურა ან ლანცეტისებური, მორიგეობით განლაგებული, კიდემთლიანი; ყვავილედი - მტევნისებური, ყვითელი ფერის, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი - ბრტყელი, ოდნავ მოხრილი პარკი, სიგრძე 3 სმ, თესლი მოშავო-ყავისფერი, ელიფსური, პრიალა, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ფოთლები და ყლორტები გამოიყენება სამღებრო საქმეში მწვანე ფერის მისაღებად. ძაღლის ქინძი - Aethusa cynapium L.ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია; ფესვი - მთავარღერძა, თითისტარისებური; ღერო დატოტვილი, 20-100 სმ-მდე სიმაღლის, ზოგჯერ 200 სმ-მდე; ფოთოლი 2-3 ფრთისებრდანაკვთული; ყვავილები თეთრი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე; თესლი მომრგვალო-კვერცხისებური, ქვედა მხრიდან ბრტყელი, ზემოდან  რკალისებური გვერდებით, ერთ მცენარეზე ვითარდება 500 თესლი, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 8 წელს, თესლს იძლევა ივლის-ოქტომბერში. სამღებრო საქმეში იყენებენ ზრდასრულ ფოთლებს, ღებავენ შალისა და აბრეშუმის ქსოვილებს, მიიღება მწვანე ფერის საღებავი.   ავტორები: ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

იხილეთ სრულად

ჩაის მცენარის მავნე ორგანიზმები

ჩაის მცენარე მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც მიეკუთვნება Theaceae-ს ოჯახს,  Camellia-ს გვარს. კულტურაში იწარმოება ჩაის სუბტროპიკული სახეობა -Thea sinensis   და ტროპიკული სახეობა - Thea assamica. ჩაის კულტურა საქართველოში შემოტანილი იქნა ჩინეთიდან. არსებობს ლეგენდა მისი წარმოშობის შესახებ: ერთ ჩინელ წმინდანს ლოცვისას ჩაეძინა, ის ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა, რომ არასოდეს დაეხუჭა თვალები, ამიტომ მოიჭრა ქუთუთოები და მიწაზე დააგდო, სადაც ჩაი ამოვიდა. დღემდე ჩინურ და იაპონურ ენებში ქეთუთოებისა და ჩაის აღსანიშნავად იყენებენ ერთსა და იმავე იეროგლიფს.მსოფლიოში ჩაის 2 მილიარდზე მეტი ადამიანი მოიხმარს. მას სასიამოვნო გემური თვისებების გარდა, სამკურნალო თვისებებიც გააჩნია, იგი შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ცილოვან ნივთიერებებს, თავისუფალ ამინომჟავებს, ალკალოიდებს, კოფეინს, პიგმენტებს, პექტინოვან ნივთიერებებს, ფერმენტებს, მინერალურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს. ჩაის მცენარის გაშენების ძირითადი მიზანია ნაზი ყლორტების დუყების მიღება, რომლისგანაც მზადდება სხვადასხვა სახის (შავი, მწვანე, ყვითელი, წითელი, თეთრი და სხვ.) ჩაი.საქართველოში ჩაის პლანტაციები გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, ტენიან სუბტროპიკულ ზონაში (აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი), თუმცა უკანასკნელი 20-25 წლის მანძილზე ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი განადგურდა; ახლო წარსულში ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახდა იმპორტიორი.  დაგეგმილია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია ფერმერულ და გლეხურ მეურნეობებში, რაც ხელს შეუწყობს ჩაის იმპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ისეთი საკითხის განხილვა, როგორცაა ჩაის მცენარის მავნე ორგანიზმები. საქართველოში ჩაის კულტურის დაავადებათა შესწავლა 1904 წლიდან დაიწყო, გამოვლენილია 51 სხვადასხვა პარაზიტული და საპროფიტული სოკო, რომელთაგან 18 სახეობა (გვარებიდან - Pestalotiopsis, Alternaria, Fusarium, Trichotecium, Cladosporium, Verticillium) პირველადაა აღნიშნული საქართველოში. ჩაის  ნაცრისფერი ლაქიანობა - Pestalotia theae sacc (sin: Pestalotiopsis theae (saw.) Stey)ფოთლებზე ჩნდება სხვადასხვა ზომის მომრგვალო, ან არასწორი მოყვანილობის მოყავისფრო ლაქები, რომლებიც აღინიშნება როგორც ფოთლის კიდეზე, ისე წვერზე და შუა ნაწილში, ზოგჯერ მთელ ფოთოლს მოიცავს. ლაქის პირვანდელი ყავისფერი შეფერილობა იცვლება და იგი ნაცრისფერი ხდება, თან გარშემორტყმულია მუქი მოყვითალო-მწვანე არშიით. ლაქის ზედა მხარეზე აღინიშნება ბაცი ყავისფერი და ნაცრისფერი ხაზები, ქვედა მხარეზე ვითარდება სოკოს ნაყოფიანობა პატარა შავი მეჭეჭების სახით.სოკოს სპორები ხუთუჯრედიანია, რომელთაგან სამი შუა უჯრედი ყავისფერია, ხოლო ორი განაპირა პერიფერიული უჯრედი უფერულია. წვეროსკენ მოთავსებულ უფერულ უჯრედს აქვს სამი უფერული ძაფისებური დანამატი, ხოლო ქვედა უფერული უჯრედი გადადის კინოდიათმტარად, რითაც სპორა მიმაგრებულია სოკოვან სარეცელზე (სოკოს ნაყოფიანობა).   გაუსხვლელ ბუჩქებზე ნაცრისფერი ლაქიანობით უმთავრესად ძველი ფოთლები ავადდება. ახალგაზრდა ფოთლების დაავადებისას ფოთოლი ჭკნება, ფერს კარგავს და ხმება. სოკო ტოტებზეც ვითარდება. ჩაის აღმონაცენების ჭკნობაჭკნობა იწყება აღმონაცენებზე, რომლებზედაც 3-6 ფოთოლია განვითარებული. პირველადი სიმპტომები ფესვის ყელზე ჩნდება - შეიმჩნევა ქერქის შეშუპება და დასკდომა, შემდეგ კი კიბოსებრი წარმონაქმნი ვითარდება. ღერო წვრილდება, ფოთლები კარგავენ ტურგორს, ყვითლდებიან, ახასიათებთ აჭრელება, საბოლოოდ კი ცვივა. აღმონაცენის  ღერო, რომელიც დაავადებული ნაწილის ზემოთაა მოთავსებული, ხმება. ფესვი მთლიანად საღია, ამიტომ გამხმარი მცენარეები ფესვის ყელიდან იძლევა ახალ ამონაყარს. ამონაყარი ყლორტები სუსტია, განუვითარებელი, ადვილად განიცდის არახელსაყრელი კლიმატური პირობების უარყოფით გავლენას, რასაც მათი მთლიანი გახმობა მოსდევს. დაავადება იწყება ვეგეტაციის დასაწყისში. მას ხელს უწყობს ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წარმოქმნა, ნიადაგის ზედაპირის გახურება (ტემპერატურული პირობები), რის შედეგადაც ხდება ახალგაზრდა მცენარის ფესვის ყელის დაწვა. დასუსტებულ ქერქზე ვითარდება სხვადასხვა სოკოები (Fusarium, Macrophoma და სხვ). ყავისფერი ანუ მურა ლაქიანობა - Colletotrichum camelliae Masseჩაის ყავისფერი ლაქიანობა საქართველოში ჩაის პლანტაციებისათვის უმთავრეს ავადმყოფობად ითვლება. ავადდება ყლორტები და ფოთლები, როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი, უხეში. ახალგაზრდა ფოთლებზე დაავადება სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ძველ ფოთლებზე. ლაქა თავდაპირველად მოყვითალოა, რომელიც შემდეგ ყავისფერი ხდება, იგი მთელ ფოთოლს ედება და ფოთოლი ხმება. ძველ ფოთლებზე ვითარდება მიწითალო-ყავისფერი ლაქა, რომელიც შემდეგ ნაცრისფერდება და მას არშია აქვს შემოვლებული. ლაქებზე უწესრიგოდაა გაფანტული შავი, წვრილი წერტილები - სოკოს ნაყოფიანობა. საბოლოოდ ლაქა იშლება და ფოთოლი ცხავდება. ფოთლის ძირითადი ქსოვილი იშლება, ძარღვები კი ბადისებურად რჩება.ყლორტები და წვრილი ტოტები დაავადების დროს ხშირად ხმება. ნორჩი ყლორტი მურა ფერის ხდება, ელასტიურობას კარგავს, ფოთლები ხმება და ცვივა. ინფექცია იჭრება მექანიკური დაზიანების ადგილიდან, დუყის მონაწყვეტიდან და ვრცელდება ქვემოთ, ტოტის მიმართულებით.ავადმყოფობის ზიანი იმაში გამოიხატება, რომ მცირდება მოსავლიანობა, რადგან ფოთლები და ყლორტები ხმება. ჩაის ტოტების კიბო - Macrophoma theicolla Peth.ავადდება ფოთლები და 2-3 წლიანი ტოტები. პირველად ტოტების ქერქი მურა ფერს იღებს, შემდეგ ლაქა ჩნდება. ლაქა ტოტის სიგრძეზე ვითარდება და ტოტის გახმობას იწვევს, ეს მაშინ ხდება, როცა ტოტის ქერქი გარშემო ლპება. ავადმყოფობისთვის ნაკლებად ხელსაყრელი პირობების დროს ტიპიური კიბოსებრი წარმონაქმნი ჩნდება: ქერქი რბილდება, ლპება და მერქანს სცილდება. შემდეგ იარის კედლებზე კალუსი ვითარდება. მასზე ვითარდება შავი წვრილი წერტილები -  სოკოს პიკნიდიუმები, როლებშიც სოკოს სპორებია მოთავსებული.  ჩაის ცერკოსპოროზი - Cercospora  theae Breda de Haanსოკო იწვევს როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი ფოთლების დაავადებას. ფოთოლზე ჩნდება მოწითალო-ყავისფერი ლაქები. ლაქის ფორმა ცვალებადია. მცენარე სუსტდება და ფოთლები ცვივა. სოკოს ნაყოფიანობა ვითარდება წენგოსფერი ფიფქის სახით ლაქის ქვედა ან ზედა მხარეზე. კონიდიუმები ცილიდრულია, მოხრილი, დაკვერცხილი ბოლოებით, დასაწყისში უფერულია, შემდეგ კი ბაცი წენგოსფერი ხდება, მრავალუჯრედიანია, 2-5 ტიხრიანი (ან უფრო მეტიც). ჩაის ფოთლების მიკოსფერელა - Mycosphaerella theae Haraსოკო გვხვდება ჩაის ისეთ ფოთლებზე, რომლებიც დაზიანებულია არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, კერძოდ, ყინვების ზეგავლენით. დასაწყისში ლაქები ყავისფერია, შემდეგ ზედა მხრიდან უფრო ბაცი ხდება; ლაქები მრგვალდება, ერთიანდება და ფოთლის ფირფიტის უდიდესი ნაწილი ხმება. სოკოს ნაყოფსხეულები - პერიტეციუმები შავი წერტილების სახით ვითარდება.ჩაის ფოთლების სილაქავეს აგრეთვე იწვევენ შემდეგი სახეობის სოკოები: Phomopsis theicola, Phyllosticta theae, Ascochyta sp. და სხვა. ჩაის ტოტების ბაქტერიული კიბო - Xanthomonas gorlenkovianum Dan. et Zilosავადდება 3-4 წლიანი და მეტი ხნის ტოტები. დაავადების ადგილას ღერო ოდნავ გასიებულია; ქერქი სკდება, იშლება და კოჟრები ჩნდება, რომელთა ზომა 1-2 სმ-ს აღწევს. კოჟრები ან ერთეულია, ან მწკრივადაა განლაგებული. დაავადებული ტოტი სუსტია და ადვილად ხმება.ჩაის მცენარის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება აგროტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები. დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ფოთლები უნდა მოკრიფოს და დაიწვას, ჩაის ბუჩქი დროულად უნდა გაისხლას  და განასხლავი განადგურდეს, ყურადღება მიექცეს ნიადაგის განოყიერებას, რადგან დაავადებები ვითარდება დასუსტებულ ბუჩქებზე; ქიმიური ღონისძიებებიდან - სპილენძის შემცველი ფუნგიციდებით წამლობა. ჩაის მცენარის ძირითადი მავნებლებიჩაის მცენარე ადვილად ზიანდება ნაირჭამია და სპეციფიკური მავნებლებით.  ნაირჭამია მავნებლებიდან აღინიშნება: ეგვიპტური კალია, ჩვეულებრივი მწვანე კალია, კუტკალიები, ბოსტანა ანუ მახრა, ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა, ამიერკავკასიის მაისის ღრაჭა, მომღრღნელი ხვატარები, კარადრინა, სიმინდის ფარვანა და სხვ. სპეციფიკური მავნებლებიდან ჩაის პლანტაციებს აზიანებენ: ნარინჯოვანთა (ჩაის) ბუგრი (Toxoptera aurantii Boyer de Fons), იაპონური ცვილისებური ცრუფარიანა (Ceroplastes japonicus Green), წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა (Chloropulvinaria floccifera West) , მანადგურებელი ფარიანა (Aspidiotus destructor Sign), კამელიის იაპონური ფარიანა (Pseudaonidia paeoniae Ckll), ტროპიკული ანუ ციანოფილის ფარიანა (Abgrallaspis cyanophylli Sign) , სათბურის თრიფსი (Heliothrips haemorrhoidalis Bouche), იაპონური მიხაკისფერი ღრაჭუნა (Maladera japonica Motsch), ჩაის ჩრჩილი (Parametriotes theae Kuzn), მრავალჭამია ფოთლიხვევია (Tortrix politana Hw), ვაზის ფოთლიხვევია (Sparghanotis pilleriana Schff),  ჩაის წიბოვანი ტკიპა (Eriophyes carinatus Green), ტკიპა ბრევიპალპუსი (Brevipalpus obovatus Dann). ნარინჯოვანთა (ჩაის) ბუგრი - Toxoptera aurantii Boyer de Fonsნარინჯოვანთა (ჩაის) ბუგრი მსოფლიოში ფართოს გავრცელებული სახეობაა. საქართველოში აღინიშნება შავი ზღვის სანაპიროზე აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში.  განვითარების ყველა ფაზაში სახლდება და აზიანებს ჩაის ახალგაზრდა ფოთლებსა და ნორჩი ყლორტების წვეროებს. ისინი სახლდებიან ფოთლის ქვედა მხრიდან. ფოთოლი და ყლორტი კარგავს ბუნებრივ ფერს, ყვითლდება, ხუჭუჭდება. ბუგრი გამოყოფს ექსკრემენტებს, რაც ხელს უწყობს ფოთოლზე სხვადასხვა საპროფიტული სოკოების (Capnodium) დასახლებას. ჩაის ფოთლები გადასამუშავებლად უვარგისი ხდება. მცენარე სუსტდება და მოსვალი მცირდება (43%-ით); მოკრეფილი ფოთოლი კი დაბალ ხარისხიანად ითვლება. წელიწადში 10-12 თაობას იძლევა. იაპონური ცვილისებური ცრუფარიანა - Ceroplastes japonicus Greenაღნიშნული მავნებელი საქართველოში შეზღუდულად გავრცელებული მავნე ორგანიზმია. იგი აზიანებს ჩაის ფოთლებს, ყლორტებს, ტოტებსა და ზოგჯერ ღეროსაც. მცენარე სუსტდება. მასზე სახლდება საპროფიტული სოკოები, რომლებიც ფოთლის გაშავებას იწვევენ. ამის გამო ფოთლები ასიმილაციის პროცესი ნელდება, ცხოველმყოფელობის პროცესი ეცემა, მცენარე კნინდება, ვერ უძლებს ყინვებს და იღუპება. ჩაის ბუჩქის მოსავალს ფოთოლი წარმოადგენს. აღწერილი დაზიანება იწვევს როგორც საერთო მოსავლის რაოდენობის დაცემას, ისე მისი ხარისხის გაუარესებას. წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა - Chloropulvinaria floccifera Westწაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა მატლისა და იმაგოს ფაზაში სახლდება ჩაის ბუჩქის ფოთლებზე, ძირითადად ქვედა მხარეზე, ასევე ყლორტებზე და იკვებება. ინტენსიურად გამრავლებისას იგი ტოტებსა და ღეროზეც სახლდება. მის მიერ გამოწვეული ზიანი გამოიხატება იმაში, რომ მძინარე კვირტები ვეღარ ვითარდებიან, იშლებიან, რასაც მოსავლის საგრძნობი შემცირება მოსდევს. ფოთლები კარგავენ ბუნებრივ მწვანე ფერს, ჭკნება და ცვივა. მავნებლის მკვებავი მცენარის სახეობათა რაოდენობა 80-ს აღემატება. მისი განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 18-250-ია. წელიწადში იძლევა ერთ გენერაციას. კამელიის იაპონური ფარიანა - Pseudaonidia paeoniae Ckllკამელიის იაპონური ფარიანა სახლდება საფოთლე ჩაის ბუჩქის ტოტებსა და ღეროზე, ჩაის თესლის შემოუსვლელ კოლოფებზე, რომელთა ზრდის შენელებას იწვევს. ფარიანას დასახლების ადგილას მცენარის ლაფნის დიდი ნაწილი გადაიქცევა ფხვიერ მასად. ფარიანათი დაზიანებული ჩაის ბუჩქის მწვანე ფოთლის მოსავალი 27-29%-ით მცირდება. იგი უარყოფით გავლენას ახდენს ჩაის პროდუქციის  (ნახევრადფაბრიკატის) არომატზე, გემოსა და ექსტრაქტზე. ტროპიკული ანუ ციანოფილის ფარიანა - Abgrallaspis cyanophylli Signმავნებლის მატლები და დედალი იმაგო ჩაის მცენარეს ძირითადად უზიანებენ ფოთლებს და გამერქნებულ ორგანოებს. ფარიანების დიდი ნაწილი სახლდება ფოთლის ქვედა მხრიდან ძარღვების გასწვრივ და წუწნის შედეგად ფოთლებზე წარმოშობს ყვითელი ფერის ლაქებს, რომლებითაც თანდათანობით იფარება ფოთლის ფირფიტა. ფოთოლი ცვივა. გამერქნებული ორგანოები ხმება. სათესლე ჩაის პლანტაციებში გარდა მწვანე ორგანოებისა, სათესლე კოლოფებსაც აზიანებს, რითაც უარყოფით გავლენას ახდენს თესლის ზრდა-განვითარებასა და მის ხარისხზე. მავნებელი წელიწადში იძლევა 2-3 თაობას. ჩაის ჩრჩილი - Parametriotes theae Kuznჩაის  ჩრჩილის მატლები აზიანებენ როგორც უხეშ ფოთლებს, ისე ნაზ ყლორტებს და გამერქნებულ ერთ-ორწლიან ტოტებს. ფოთლებში მატლები ნაღმს წარმოშობენ და პარენქიმით იკვებებიან, ყლორტებში კი  - გულით იკვებებიან, რასაც მათი გახმობა მოსდევს. ყლორტების მაქსიმალური დაზიანება მარტ-აპრილშია აღნიშნული. მატლშემცველი ყლორტები ხარისხოვანი ჩაის ფოთლის პროდუქციას ვეღარ იძლევიან. დაზიანების გამო კლებულობს ტანინი და სხვა ნივთიერებათა შედგენილობა, რაც იწვევს ჩაის ფოთლის ხარისხის გაუარესებას. ფოთლებისა და ყლორტების ასეთი დაზიანება უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ახალგაზრდა, ისე სათესლე ბუჩქების ზრდასა და მოსავალზე.ჩაის მცენარის მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება აგროტექნიკური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები. ჩაის მცენარის ძირითადი სარეველებისარეველებიდან ჩაის პლანტაციებში გავრცელებულია ეწრის გვიმრა (Pteridium tauricum V.I. Krecz),  მინდვრის შვიტა (Equesetum arvense L.), კაროლინის ძაღლყურძენა (Solanum carollinense L. )  და სხვ. ეწრის გვიმრა - Pteridium tauricum V.I. Kreczეწრის გვიმრა მრავალწლიანი, სპოროვანი, ფესურიანი მცენარეა გვიმრისებრთა ოჯახიდან, რომლის სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ფოთოლი ფრთისებრ დანაკვთულია, მრავლდება ფესურითა და სპორებით. გავრცელებულია უმეტესად დასავლეთ საქართველოში. ძნელად მოსასპობი სარეველაა. ასარევლიანებს პლანტაციებს და ნათესებს. მინდვრის შვიტა - Equesetum arvense  Lმინდვრის შვიტა მრავალწლიანი, სპოროვანი, ბალახოვანი მცენარეა; აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. უპირატესობას ანიჭებს ზომიერად ტენიან, ნაყოფიერ ნიადაგებს. თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული. ძნელად ამოსაძირკვი სარეველაა. კაროლინის ძაღლყურძენა - Solanum carollinense  Lკაროლინის ძაღლყურძენა მრავალწლიანი ფესვნაყარი სარეველაა, რომელიც კარტოფილს წააგავს. საქართველოში შეზღუდულადაა გავრცელებული. ღერო სწორია, 30-120 სმ სიმაღლის, მსხვილი დატოტვილი ვარსკვლავისებური ბეწვებით და მაგარი, მოყვითალო ეკლებით. ყვავილები მოთეთრო ან იასამნისფერია, ნაყოფი კენკრაა, მოყვითალო ან ნარინჯისფერი, მრგვალი, გლუვი ზედაპირით (1,5-2სმ). კენკრაში 40-60 თესლია. თესლის სიგრძე 2-3 მმ, ოვალური, მკერდშეჭყლეტილი, ყვითელი ან ყავისფერი, ფოსოებიანი ზედაპირით. მცირე ზომის ჭიპი მოტავსებულია თესლის წიბოზე.სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება აგროტექნიკური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები.  ავტორები:მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტინინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი                                                                                                                                           

იხილეთ სრულად

თხილის დაავადებები და სარეველები

თხილი (Corylus avellana L.)  მნიშვნელოვანი კაკლოვანი კულტურაა. ძველ ბერძნებს იგი ოჯახური ბედნიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ მიაჩნდათ, რომაელები კი მას ჯანმრთელობასა და ძალასთან აიგივებდნენ. მისი ნაყოფი ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური მარილების მაღალი შემცველობის გამო ფართოდ გამოიყენება ადამიანის ბალანსირებულ კვებაში, გადასამუშავებელ მრეწველობაში, საკონდიტრო წარმოებაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში. იგი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნიან და ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას.თხილი ტენის მოყვარული, ყინვაგამძლე მცენარეა, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ ნიადაგურ პირობებს, ოღონდ არ უყვარს ჭაობიანი და მძიმე თიხნარი ნიადაგები, უკეთ ხარობს თუ ნიადაგის მჟავიანობა  შედარებით დაბალია. თხილი ეროზიის საწინააღმდეგო კულტურაა, იცავს ნიადაგს ჩამორეცხვისგან, მისი მერქანი მსუბუქი და მტკიცეა.თხილის ნარგავები მნიშვნელოვნად ზიანდება სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან. მათი მოქმედების შედეგად მცირდება მოსავლიანობა და  ნაყოფის სასაქონლო ღირებულება.  თხილის ნაცარი - Phyllactinia coryli სწრაფად გავრცელებადი სოკოვანი დაავადება. ფოთლის ფირფიტის ზედა მხარეს ჩნდება მოყვითალო ქლოროტიული ლაქები დაახლოებით 3 სმ დიამეტრით, რომლებიც ქვედა მხრიდან იფარება ნაზი მოთეთრო ფიფქით. დაავადებული ადგილები თანდათან დიდდება, იკავებს  მთელ ფოთლის ფირფიტას და იღებს მოთეთრო შეფერილობას.  ლაქაზე ჩნდება მოწითალი-მურა წერტილები - სოკოს  სპორების (კონიდიების) შემცველი ნაყოფსხეულები. მცენარის ქვედა ფოთლები ყვითლდება, ჩამოეკიდება და ატროფირდება. კონიდიები სოკოს გამრავლების ორგანოებია და ვრცელდება ქარის საშუალებით. ფიფქი ხელს უშლის ფოტოსინთეზის პროცესს.  მცენარე გამოიყურება არაჯანსაღად, რადგანაც სოკო ართმევს მას საკვებ ნივთიერებებს. ხელსაყრელ პირობებში იწვევს ნაადრევ ფოთოცვენას. საბოლოოდ მცენარე მიდის ჭკნობამდე.  თხილის კიბოთხილის ღეროსა და ტოტების მძიმე დაავადებაა კიბო. დაავადების განვითარებისას დიდია მოსავლის დანაკარგები და შესაბამისად დიდი ეკონომიკური ზარალის მომტანია.თხილის მძიმე დაავადებას იწვევს Botryospaeria-ს გვარის წარმომადგენლები. მცენარის დასნებოვნებისას ხდება ფოთლების და ტოტების  ინფექცია, შემდეგ ფოთლების ლაქიანობა, ჭკნობა და ხმობა, ტოტებსა და ღეროზე ქერქი სკდება, ქერქის ქვეშ მერქანი გამუქებულია, წარმოიქმნება იარები, ადგილი აქვს გომოზს. სოკოს მოქმედების შედეგად ზიანდება კამბიუმის ფენა, ირღვევა საკვები ნივთიერებებისა და წყლის მიწოდება, რასაც მივყავართ მცენარის ზედა ნაწილისა და ფესვთა სისტემის დაღუპვისაკენ. ნაყოფი შავდება და ლპება. საბოლოოდ მცენარე იღუპება.დაავადების ხელშემწყობი პირობებია მცენარის სტრესული მდგომარეობა, ტემპერატურა და ტენი, მექანიკური და ყინვისგან გამოწვეული დაზიანებები, ცუდად დრენაჟირებული ნიადაგი.  ციტოსპორა (Cytospora canker) ხეების ღეროსა და ტოტებზე ახმობს ქერქის უბნებს, წარმოქმნის მომრგვალო, ოვალურ ან წაგრძელებულ ჩაღრმავებულ კერებს. იარები თავდაპირველად ჩნდება ახალგაზრდა ხეებზე ყავისფერი, ოდნავჩაღმავებული უბნების სახით ტოტების და ღეროს გლუვ ქერქზე. იარებს აქვს მომრგვალო ან ოვალური ფორმა. კიბოს განვითარებასთან ერთად თანდათან დაავადებული ღერო შემოირკალება და ხმება.ყლორტები ჩვეულებრივ ხმება ტიპიური დაზიანების გარეშე. დაზიანების უბნების ქერქზე და კიბოს საზღვრებზე  შეინიშნება ვერტიკალური ბზარები. იარების გაზრდისას გარე ქერქი შეიძლება გახდეს შავი, ყავისფერი ან ნაცრისფერი და ჩაღრმავებული. შიდა ქერქი ხდება შავი და გამოიყოფა. იარა არის მოწითალო ყავისფერი და გაჟღენთილია წყლით.                       თხილის აღმოსავლური კიბო - Eastern Filbert Blight გამომწვევი Anisogramma anomalaახალგაზრდა 6 წლამდე მცენარეებზე შეინიშნება. ის აზიანებს მცენარის ქსოვილებს და იწვევს მის სწრაფ  გაუფერულებასა და ჭკნობას. საწყისი სიმპტომი დაავადებისა არის იარები, რომლებიც ჩნდება ხის ზედა ტოტებზე, შემდეგ ისინი შეიძლება გაჩნდეს მცენარის ყველა უბანზე, რაც იწვევს ფოთლების ნაადრევ ჭკნობას და ტოტების ხმობას.  იარების წარმოქმნამდე ფლოემისა და კამბიუმის ქსოვილებში კოლონიზირებული პათოგენის მიერ ვითარდება ნეკროზული შოკოლადისფერ-ყავისფერი გაუფერულებული ლაქები. ისინი შეინიშნება გაზაფხულზე დაავადებულ ტოტებზე ქერქის მოცლის შედეგად. გაზაფხულზე პათოგენის სტრომატა ვითარდება დაავადებული ტოტების ქერქის ქვეშ, რომელიც იწვევს ტოტების სიგრძივ ჩაღრმავებულ იარებს. სტრომატა იჭრება ქერქში ივნისსა და ივლისში. იარები დიდდება სეზონიდან სეზონამდე, დაავადების განვითარებისას ხე შემოირკალება იარით. შემორკალულ ტოტებზე ფოთლები სწრაფად ჭკნება და რჩება ტოტზე ზაფხულის განმავლობაში.საბოლოოდ ხე ხმება 5-15 წლის განმავლობაში. დაავადება ვრცელდება ტენიანი ამინდის პირობებში. სპორები ვრცელდება წვიმის საშუალებით.  ფომოპსისი -Phomopsis sp.- Stem and twig cankers როგორც წესი იწყება გაზაფხულზე ზრდის ადრეულ სტადიებზე. ეს გავლენას ახდენს ფოთლებზე, ნაყოფებზე, მცენარის ყლორტებზე და იწვევს მათ დაზიანებებს, ნაყოფის სიდამპლეს. ტოტების ხმობა წვერიდან იწყება. ჯერ ჩნდება ერთეული მონაცრისფერო ლაქები, რომლებიც თანდათან იზრდება და ტოტის წვერს მთლიანად ფარავს. დაავადებული ტოტების ფოთლები თანდათან ყვითლდება, ხმება და ცვივა. დაავადების ხელშემწყობი პირობებია სეტყვა, ჭარბი ტენიანობა, მექანიკური დაზიანებული ადგილები. დაავადება დიდი ეკონომიური ზარალის მომტანია.   ფესვის ლპობა - Armillarea mellea  ნიადაგის სოკოა, რომელიც იწვევს ფესვის ლპობას.ფოთლის სიმპტომი მოიცავს მუხლთაშორისების ზრდის შეჩერებას (შენელებას), დეფოლაციას, ტოტების განტოტვას, ნაადრევ გაყვითლებულ და დაკნინებულ ფოთლებს. ქერქსა და ფოთლებს შორის წარმოიქმნება თეთრი ფერის მარაოსებრი მიცელიუმი. ფესვზე სოკო ივითარებს იზომორფებს.  ტენიან გარემოში მერქანი შეიძლება იყოს ბოჭკოვანი. შემოდგომით ღია ოქროსფერი სოკოები იზრდება დაავადებული ხის გარშემო.ხელშემწყობია ნესტიანინ ნიადაგი. ფუზარიოზი - Fusarium lateritium  თხილის ტოტებზე ჩნდება ნაცრისფერი ნეკროზული იარები. შემდეგ იარები იღებს მოწითალო-ყავისფერ შეფერილობას. დაავადებული უბნის კამბიუმი კვდება და ტოტი იღებს L-მაგვარ დეფორმაციას. დაავადების განვითარებისას და ტოტების იარით შემორკალის შემდეგ ფოთლები ხმება. იარებზე შეინიშნება ყვითლიდან ნარინჯისფერამდე სპოროდოხიების განვითარება. ნაჭუჭის შიგნით ნაყოფის ზედაპირი იფარება სოკოს მიცელიუმით-ფიფქით. ნაყოფი ლპება. საბოლოოდ მცენარე ხმება.  ფოთლის ლაქიანობა და კვირტის დაავადებები - ანთრაქნოზი გამოწვეულია რამდენიმე სოკოთი - Piggotia coryli, Gloesporium coryli. მათ უმეტესობას პათოგენობის თვალსაზრისით მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. საბოლოოდ ხდება 20-დან 22-მდე და 18-დან 20%-მდე ფოთლების და ნაყოფების ინფექცია. ფოთლებზე სიმპტომი ვარირებს შეუმჩნეველი ყავისფერი ლაქებიდან შედარებით დიდ არარეგულირებად ქლოროტიულ დაზიანებამდე, რომლებიც იწვევს ფოთლების ნაადრევ ჩამოკიდებას. პათოგენი ინფექციურ ფაზაშია მორიგეობით ფოთლებზე ზაფხულში და ჩამოცვენისას და გაზაფხულზე ნეკროტიკულ კვირტებზე.  მოყვითალო ყავისფერი ლაქიანობა - Phyllosticta coryli თხილის ფოთლები იფარება დიდი ზომის მოყვითალი-ყავისფერი ლაქებით, რომლებიც შემოსაზღვრულია წვრილი მურა აშიით და აქვს უსწორმასწორო ფორმა. შემდგომ ლაქები ხმება და იღებს ჟანგისფერ შეფერილობას. ამასთან არშია კვლავ მკვეთრად არის გამოსახული. დროთა განმავლობაში ინფიცირებულ ფოთლებზე ქსოვილები იბზარება და გამოვარდება.  ლაქებზე ვითარდება სოკოს ნაყოფსხეულები პიკნიდიები, რომლებიც განლაგებულია დაავადებული უბნის ცენტრში.  თხილის ნაცრისფერი სიდამპლე - Botrytis cinereaსოკო იწვევს   ფოთლების, ყლორტების, ნაყოფების დაავადებას. თავდაპირველად ჩნდება მოწითალო ყავისფერი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლაქები, რომლებიც მუქ-ყავისფერში გადადის ერთდება და იკავებს ფოთლის ფირფიტის დიდ ნაწილს. ფოთლები ჭკნება, ნაცრისფერდება და ცვივა. ნაყოფის დაავადება ვითარდება ნაჭუჭის გამერქნებამდე ყავისფერი სველი ლაქის სახით. მაღალი ტენიანობის პირობებში მთელი ნაყოფი იფარება სოკოს მიცელიუმით. ნაყოფი დეფორმირდება, ჭკნება და ცვივა. სოკო იზამთრებს ჩამოცვენილ ან მცენარეზე დარჩენილ დაავადებულ ფოთლებზე. ჭარბი ტენიანობისას ნაყოფში შეიძლება დაგროვდეს მავნე ნივთიერებები მიკოტოქსინების სახით. ისინი შეიცავენ ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებას კანცეროგენულ აფლატოქსინებს, მათ შორის ყველაზე კანცეროგენულ აფლოტოქსინ B-ს.  ნაყოფის ობი სიმპტომები ჩნდება ნაყოფის მომწიფებისას და  შრობისას. გამომწვევი სოკოს სახეობიდან გამომდინარე სიმპტომი სხვადასხვაგვარად გამოიხატება.ობი შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვადასხვა სახეობის სოკოებით, როგორიცაა Rhizopus sp., Aspergillus sp., Penicillium sp., Cladosporium sp., Rhizomucor sp., Alternaria sp., Epicoccum sp., Trichotecium sp.   ადგილი აქვს გულის წვერის ნეკროზს, რომელიც ვრცელდება რამდენიმე მილიმეტრზე. წვერი შავდება და ნაოჭდება, მცირდება ნაყოფის ხარისხი;თხილის გული გაუფერულებულია. დასნებოვნებული გული განსხვავდება ნორმალურისაგან, გაუმჭირვალე თეთრიდან ნახევრად გამჭირვალემდე. თანდათან ხდება ზეთოვანი და მოყვითალო ფერის. აქვს მწარე, მძაღე გამო. სიმპტომი ყოველთვის არ ვლინდება გულის ზედაპირზე.გულის დაზიანება  ვლინდება  ლაქების განვითარებით. ლაქები არის მუქი, ჩაღრმავებული და მრავალფეროვანი ზომით და ფორმით. შესაძლებელია გულის მთელი ზედაპირი იყოს დაავადებული.თხილის გული გამოშრება და ხმება და მასზე შეინიშნება სოკოს სპორათგროვები.ობის სოკოები გამოყოფენ ტოქსინებს, რათა გაანადგურონ კონკურენტი სასარგებლო ორგანიზმები. ობი შეიძლება იყოს თეთრი, შავი, ცისფერი, მწვანე. ყველაზე შხამიანი საშიშია ყვითელი ობი. ობის სოკოებს არ აქვთ არც გემო, არც სუნი და გააჩნიათ ძლიერი ტოქსიკურობა, რაც იწვევს აფლატოქსიკოზს. აფლატოქსინი სწრაფად იჭრება თხილის გულში. 2 მკგ/კგ იწვევს სისტემურ დაავადებას, საშიშია კანცეროგენური თვისებებით.  თხილის ბაქტერიული ჭკნობა (Bacterial blight)რომლის გამომწვევი პათოგენია Xanthomonas arboricola pv. corylina, პირველად 1913 წელს იქნა აღწერილი  აშშ-ში (ორეგონის შტატი) Corylus maxima-ზე. შემდეგ იგივე დაავადება იქნა აღწერილი C. avellana-ზე ევროპის ქვეყნებში: იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, რუსეთი (სამხრეთი), სერბეთი, მონტენეგრო, შვეიცარია, თურქეთი და ბრიტანეთი (EPPO/CABI, 1997). საქართველოში დაავადება არ არის აღწერილი. საკარანტინო ორგანიზმია.დაავადების სიმპტომები მცენარეზე შეიძლება გამოვლინდეს სანერგეშიც და მინდორშიც. სანერგეში შესაძლოა გაზაფხულზე განვითარდეს კვირტის ხმობა და ერთწლიანი ყლორტების წვეროს ნეკროზი. მოგვიანებით ღეროები შეიძლება მთლიანად გახმეს. პათოგენი ხშირად ღეროზე 10-12 სმ სიგრძის წყლულის მიზეზია. ფოთლებზე შეიმჩნევა მრავალკუთხოვანი დაზიანებები, ზეთოვანი გამონაყოფით, რომლებიც შემდგომ ერთიანდებიან.მინდორში, კვირტების და გვერდითი ტოტების ხმობა, აგრეთვე წყლულები ღეროს გასწვრივ ხშირად შეინიშნება გაზაფხულზე და ზაფხულში. ნაყოფზე (ნაჭუჭზე) ვითარდება ყავისფერი ლაქები, გარეთა მწვანე საფარზე კი -  ცხიმოვანი დაზიანებები.ბაქტერიული ჭკნობის სიმპტომები ვითარდება მცენარის შემდეგ ორგანოებზე: ფოთლებზე (წვრილიკუთხოვანი ნეკროზული დაზიანებები), ნაჭუჭზე (მრგვალი ან წაგრძელებული შავი ნეკროზული დაზიანებები), ნაჭუჭის გარეთა მწვანე საფარზე (2-4 მმ დიამეტრის ზეთოვანი ან ნეკროზული მრგვალი ლაქები), გვერდით ტოტებზე (ნაწილობრივი ან მთლიანი ხმობა), ღეროზე (ნაწილობრივი ან მთლიანი ხმობა, სიგრძივი წყლული, რომელიც ვითარდება კვირტიდან.  თხილის ბაქტერიული კიბო (Bark canker and decline)გამომწვევია Pseudomonas syringae pv.avellanae, (Psa) [= P. avellanae (Scortichini, 2002)]. ეს დაავადება პირველად აღწერილ იქნა საბერძნეთში 1976 წელს, შემდეგ იტალიაში, როგორც კულტურულ ასევე ველურ ჯიშებზე. დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემო ფაქტორები (ქარი, წვიმა). დამჭკნარი ღეროების პოვნა ნებისმიერ დროს შეიძლება, განსაკუთრებით ზაფხულში. პათოგენი ნაპოვნია ნიადაგში, განსაკუთრებით იქ, სადაც ნიადაგის მჟავიანობა მაღალია და იყენებენ ისეთ სასუქებს, როგორიცაა ამონიუმის სულფატი, მაღალია ნიადაგში ალუმინის შემცველობა, ფესვებში რკინის და მანგანუმის მაღალი დონეა. ადრე შემოდგომით ქარის და წვიმის გზით ბაქტერია იჭრება ფოთლის უბეში, გამოიზამთრებს ქერქის ქვეშ პარენქიმის და ქსილემის ქსოვილში. გაზაფხულზე ბაქტერია შეიძლება გადამოძრავდეს ფლოემაში ინფიცირებული ღეროდან მცენარის სხვა ნაწილისკენ, მათ შორის ფესვებისკენ. ყინვიან ამინდში, ღეროზე წარმოქმნილი ბზარების გამო, გაადვილებულია Pseudomonas syringae pv.avellanae დასახლება მცენარეზე. ბაქტერიების ეპიფიტური პოპულაცია ნაყოფზე და თესლზე არ სახლდება. ზაფხულის განმავლობაში ღეროზე შეიძლება წარმოიქმნას სიგრძივი იარა. დაავადებული მცენარის ღერო მოწითალო-ყავისფერია. შესაძლოა მოხდეს ფესვის ნეკროზი. ინფიცირებულმა მცენარემ შესაძლოა გამოიზამთროს და შემდეგ ზაფხულს გახმეს.Pseudomonas syringae pv.avellanae-თი გამოწვეული ფოთლების სწრაფი ჭკნობა ადრეულ გაზაფხულზე   სიგრძივი წყლული თხილზეPseudomonas syringae pv.avellanae არასაკარანტინო ორგანიზმია.დაავადებული მცენარიდან მწერების საშუალებით შესაძლებელია პათოგენის გადატანა ჯანმრთელ მცენარეზე. ვექტორებს წარმოადგენენ: Xyleborus (Anisandrus) dispar (L.), X. saxesenii (Ratz.) და სხვ.თხილის ნარგაობაში გავრცელებული სარეველებია: ეწრის გვიმრა (Pteridium tauricum Presl. V. Kreez.), ჩადუნა (Dryopteris Adans.), მაყვალი (Rubus L.), ეკალღიჭა (Smilax excelsa L.), გრაკლა (Spiraea L.), ოქროწკეპლა (Solidago virga aurea L.), კაროლინის ძაღლყურძენა (Solanum carolinense L.), ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia L.), მწვანე ძურწა (Setaria viridis (L.) P. B.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca (L.) P. B.), მწყერფეხა (Digitaria sanguinalis (L.) Scop.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), ღიღილო (Centaurea depressa M. B.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.),  გვირილა (Pyrethrum ), მინდვრის მდოგვი (Sinapis arvensis L.), ღიჭა (Sonchus L.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense (L.) Scop.), ჩაქვის ბალახი (Pollinia imberbis Nees), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.) და სხვა.   ავტორები:ნინო ბოკერიასოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსიმანანა გურიელიძებიოლოგიის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიმაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტინინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიანნა დადეგაშვილიმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტიმანანა ზუბადალაშვილიმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი                                                                                                                                                                                                                                                                

იხილეთ სრულად

შხამიანი სარეველა მცენარეები

შხამიანი სარეველა მცენარეები წარმოქმნიან ტოქსიკურ ნივთიერებებს (ფიტოტოქსინებს), რომელთა მცირე რაოდენობა  იწვევს ადამიანისა და ცხოველების მოწამვლას ან სიკვდილს. ტოქსიკური ნივთიერებები სარეველებისთვის წარმოადგენენ თავდაცვის საშუალებას, მათ მიეკუთვნება: ალკალოიდები, გლიკოზიდები, საპონინები, ეთერზეთები და სხვა, ისინი განაპირობებენ შხამიანი სარეველების არასასიამოვნო სუნსა და მწარე გემოს. მცენარეული ტოქსინები კონცენტრირდება როგორც მთლიანად მცენარეში, ასევე მის ცალკეულ ორგანოში. ფიტოტოქსინები ხასიათდება კუმულაციური თვისებებით, ისინი ნელ-ნელა, თანდათანობით გროვდება ცხოველის ორგანიზმში, შემდეგ კი იწვევენ პირუტყვის სიკვდილს. შხამიანი სარეველებით კვებისას რძეს და მის პროდუქტებს ეძლევათ არასასიამოვნო სუნი და გემო, მაგალითად, რძეს მწარე გემოს აძლევს გვირილა, მჟაუნათი კვების შედეგად იგი ცუდად იდღვიბება, ისლით კვებისას კი რძე წყალ-წყალა ხდება,ზოგიერთი სარეველა მცენარის ნაყოფის თვისებაა ჩაეხვიოს მატყლში, ასეთი მატყლის სასაქონლო ღირებულება მცირდება. ვაციწვერას თესლები ცხვრის ჩლიქებში  წარმოშობს ჭრილობა - ნაპრალებს, რაც იწვევს დაკოჭლებას და სახსრების ანთებას. ხშირად მეფუკრეები მოწმენი ხდებიან ფუტკრების მასიური დაღუპვისა ისეთი შხამიანი მცენარეების ნექტარით, როგორიცაა ბაია, შხამა და სხვ.  ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი  მათგანის მოკლე  დახასიათება.                                                                  ლენცოფა - Hyoscyamus niger L.ორწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი მთავარღერძა, ვერტიკალური 2-3 სმ სისქის; ღერო სწორმდგომი, 20-115 სმ; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, მოგძო კვერცხისებური ან ელიფსური, ფრთისებრდანაკვთული; ყვავილები მჯდომარე, ჭუჭყიანი მოყვითალო, იშვიათად თეთრი, შუაში მეწამული  -  იასამნისფერი, ყვავილობს ივნის  -  ივლისში. ლენცოფათი მოწამვლის შემთხვევაში სიმპტომები ცოფით დაავადებების მსგავსია. ლენცოფით მოწამვლა ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება. ლემა - Datura stramonium L.ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან; ფესვი მთავარღერძა, დატოტვილი ძლიერი; ღერო 1,5 მ სიმაღლის; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, კვერცხისებური, კიდედაკბილული, წვეროში წაწვეტებული, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა მხრიდან მონაცრისფრო; ყვავილები ერთეული, კენწრული ან ფოთლის უბესთან განვითარებული, თეთრი, დიდი ზომის,  არასასიამოვნო სუნით, ყვავილობს ივლის - აგვისტოში.ლემას „ანგელოზის საყვირსაც“ უწოდებენ, იგი  დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდ პიოსციმინს (ფოთოლში 0,28&, თესლში 0,33-,-0,48,7%), აგრეთვე სკოპოლამინს და ატროპინს, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ის საკმაოდ სახიფათო მცენარეა, არსებობს მისი ნაყენის დალევის შედეგად ადამიანთა დაღუპვის შემთხვევები.                                                              შხამა - Veratrum lobelianum Bernh.მრავალწლიანი, შხამიანი, ფესურიანი, ბალახოვანი, აბეზარი სარეველაა შროშანისებრთა ოჯახიდან; საქართველოში გვხვდება ყაზბეგის, ბორჯომ - ბაკურიანის, ბახმაროს, დუშეთის მიდამოებში, იშვიათად - ტყის სარტყელში. ფესურა მოკლე, სქელი; ღერო სქელი, მრავალფოთლიანი, 1-1,5 მ სიმაღლის; ფოთლები ელიფსური, მორიგეობით განლაგებული, ქვემოდან შებუსული; ყვავილედი პირამიდული საგველა, ყვავილი მოყვითალო ან მოთეთრო, ყვავილობს ივნის - აგვისტოში.  შხამას ნექტარში არსებული ალკალოიდებით მოწამლული ფუტკარი იღუპება, განსაკუთრებული ტოქსიკურობით ფესურა და ფესვები გამოირჩევა. ალკალოიდების გარდა ფესურა შეიცავს საღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს, ამინომჟავებს, ფისებს, გუმფისს, ცხიმებს, სახამებელს, შაქრებს, მინერალურ მარილებს და სხვ.                                                                            შმაგა, ბელადონა - Atropa caucasica Kreyer.                                                                                                                      მრავალწლიანი, შხამიანი, ბალახოვანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, მთლიანად შებუსულია, აქვს არასასიამოვნო სუნი, შეიცავს ალკალოიდებს; იზრდება ჩრდილიან და ტენიან ადგილებში. ფესვი მთავარღერძა, ივითარებს ფესურას; ღერო სწორმდგომი დატოტვილი, 60 სმ - დან  2 მ-მდე; ფოთლები ფართო, ოვალური, წყვილად განლაგებული; ყვავილები მუქი იასამნისფერი, ზოგჯერ ყვითელი, ერთეული, ყვავილობს ივნის - ივლისში, ნაყოფი შხამიანია, რადგან შეიცავს მომაკვდინებელ ალკალოიდ ატროპინს, საშიშია მისი როგორც ფოთოლი, ასევე ყვავილი. ბელადონას მიღების შემდეგ ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს, ან მხედველობა დაუზიანდეს.                                                                     ტილჭირი, აკონიტუმი - Aconitum napellus L.მრავალწლიანი, ბალახოვანი შხამიანი სარეველაა ბაიასებრთა ოჯახიდან; ღერო სწორმდგომი, 60-150 სმ სიმაღლის; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ფრთისებრდანაკვთული; ყვავილედი მტევანი, ცისფერი, იასამნისფერი, ყვითელი ან თეთრი, ყვავილობს ივლისიდან - სექტემბრამდე. ძველ დროში, მის წვენში ამოვლებულ ისრებს მგლების მოსაკლავად იყენებდნენ. ადამიანებში იწვევს პირღებინებას, დიარეას და მგრძნობელობის დაკარგვას.                                                               საპონა - Saponaria officinalis L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესურა ძლიერ დატოტვილი, მოწითალო - ყავისფერი; ღერო სწორმდგომი, შიშველი ან ოდნავ შებუსული, 30-100 სმ სიმაღლის; ფოთლები მოპირდაპირედ განლაგებული, მოგრძო ან ოვალური, ბოლოში წამახვილებული, შეუბუსავი, ზედა - მჯდომარე, ქვედა - მოკლე ყუნწით; ყვავილები თეთრი ან მოვარდისფრო - თეთრი, შეკრული მტევნად, 5 სმ დიამეტრის, სასიამოვნო სურნელით, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე.  ფესურები ძლიერ შხამიანია, შეიცავს საპონინებს 35 %-ს, მისი ფესურები წყალში გასრესისას ქაფდება საპონივით.  ციკუტა - Cicuta virosa L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ქოლგოსანთა ოჯახიდან, განსაკუთრებით შხამიანია ფესურა; ფესურა ვერტიკალური, ხორციანი, თეთრი, მრავალი წვრილი ფესვით; ღერო დატოტვილი, 1-1,2 მ სიმაღლის; ფოთლები რთული, ორმაგად ფრთისებრდანაკვთული, კიდედაკბილული; ყვავილები წვრილი, ყვითელი ან თეთრი, შეკრებილია ქოლგა ყვავილედად, 10-15 სხივიანი, ყვავილობს ივლის - აგვისტოში.  ციკუტას მრავალი გართულებისა და სიკვდილის გამოწვევა შეუძლია.                                                                    ოშოშა - Glechoma hederacea L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა, შეიცავს ალკალოიდებს, დამახასიათებელია სპეციფიკური სუნი; ფესურა მხოხავი, წვრილი, მოკლე ფესვებით; ღერო მხოხავი, ოთხწახნაგიანი, ოდნავ შებუსული, 20-50 სმ სიმაღლის, მიწასთან შეხებისას ფესვიანდება; ფოთლები მომრგვალო თირკმლისებური, გრძელი ყუნწით, მოპირდაპირედ განლაგებული, გლუვი, ოდნავ შებუსული; ყვავილები მცირე ზომის, ორტუჩა, იასამნისფერი ამ მოცისფრო იასამნისფერი, რამდენიმე ერთად (3-4) შეკრული ფოთლის უბესთან, ყვავილობს ზაფხულის პირველ ნახევარში.  სელიჭა - Linaria vulgaris Mill. მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან; ფესურა წვრილი, გრძელი; ღერო სწორმდგომი, მარტივი ან დატოტვილი, შეფოთლილი, 30-90 სმ სიმაღლის; ფოთლები ლანცეტისებური ან ხაზურა - ლანცეტისებური, ბოლოწაწვეტებული, შეუბუსავი, მჯდომარე; ყვავილები შეკრული მტევნად, ყვითელი, 5-15 სმ სიგრძის, ყვავილობს ზაფხულის განმავლობაში.სელიჭას ღერო და ფოთლები ალკალოიდ პეგანინს შეიცავს.                                                                                ხრიალა - Rhinanthus minor L.ერთწლიანი, შხამიანი, ბალახოვანი, ნახევრად პარაზიტი სარეველა მცენარეა კელაპტარასებრთა ოჯახიდან (სხვა მცენარეების ფესვებიდან იღებს საკვებ ნივთიერებებს); ღერო მარტივი ან დატოტვილი, 20-50 სმ სიმაღლის; ფოთლები მოპირდაპირედ განლაგებული, ლანცეტისებური ან მოგრძო ლანცეტისებური, ბოლოში შევიწროებული, კიდედაკბილული, შეუბუსავი; ყვავილები შეკრული მტევნად კენწეროში, ყვითელი, ყვავილობს ზაფხულის განამვლობაში;  ისხამს კოლოფა ნაყოფს; თესლი ნაყოფის კედლებს სცილდება და თიბვის დროს ხრიალი გააქვს.იზრდება მდელოებზე, მინდვრებში, ნათესებსა და რუდერალურ ადგილებში ალპურ სარტყლამდე. სახლდება მდელოს მარცვლოვნების ფესვებზე და აკნინებს მათ.                                                                                ძაღლყურძენა - Solanum nigrum L.ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი ფუნჯა, ღერო სწორი, დატოტვილი, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები მარტივი, მორიგეობით განლაგებული, ოვალურ - კვერცხისებური, კიდედაკბილული; ყვავილები თეთრი, ვარსკვლავისებური, შეკრული ნახევარქოლგად, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; ბალახი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, მწარე გლუკოზიდ დუკლამარინს და გლიკოალკალოიდ სოლანინს, ეს უკანასკნელი კენკრის მომწიფების მომენტისთვის სრულიად ქრება, ამიტომ მწიფე ნაყოფი საჭმელად ვარგისია, უმწიფარმა ნაყოფმა შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.    ავტორები:მაია გიორბელიძე     სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტინინო დათუკიშვილი     სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიმარიამ აზნარაშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი        

იხილეთ სრულად

ხორბლის მავნე ორგანიზმები

ხორბალი (Triticum) ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა. მას მარცვლოვანთა დედოფალს უწოდებენ. ხორბლის მარცვალი შეიცავს 13%-მდე ცილას, 60%-მდე ნახშირწყლებს, 1,5% ცხიმებს,  ვიტამინებს (B1, B2, B6, P, PP, E- რომელიც ანტიოქსიდანტს წარმოადგენს), მაკრო და მიკროელემენტებს.უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც სხვა კულტურული მცენარეები, ხორბალიც ზიანდება სხვადასხვა მავნე ორგანიზმით (მავნებლები, დაავადებები, სარეველები).ხორბალზე გავრცელებულია სხვადასხვა სოკოვანი დაავადება, როგორიცაა: ხორბლის  მტვრიანა  გუდაფშუტა (Ustilago tritici Jens), ხორბლის მყრალი  ანუ სველი გუდაფშუტა   (Tilletia tritici Wint), ხორბლის ღეროს ჟანგა (Puccinia graminis Pers), ხორბლის მურა ჟანგა (Puccinia triticina Erikss), ხორბლის ყვითელი ჟანგა (Puccinia glumarum Erikss et Henn), ნაცარი (Erysiphe graminis DC),  სეპტორიოზი (Septoria gramineum Des), ფესვის სიდამპლე (Ophiobolus graminis  Sacc), ფუზარიოზი (Fusarium graminearum Schwabe), ჭვავის რქა (Claviceps purpurea Tul) და სხვა. დაავადებებიდან გუდაფშუტები ყველა დანარჩენ სოკოვან ავადმყოფობათა შორის პირველ ადგილზე დგანან, რადგან ამ დროს ისპობა მარცვალი, რაც უშუალოდ მოსავლის ოდენობაზე ახდენს  გავლენას. გუდაფშუტიანი ხორბლიდან მიღებული ფქვილი დიდხანს არ ინახება, მალე ფუჭდება, შმორდება და უგემური პური ცხვება.ხორბლის მყრალი  ანუ სველი გუდაფშუტა (Tilletia tritici Wint)ყველა დანარჩენ გუდაფშუტასთან შედარებით თავისი უარყოფითი ეკონომიკური მნიშვნელობით პირველი ადგილი უკავია. დაავადება ხდება თესლის გაღივების დროს.  ავადმყოფი მცენარეები მწვანედ უფრო ძლიერ არიან შეფერილნი, ვიდრე საღი მცენარეები. თავთავის სრული დაპურების დროს, განსხვავება უფრო აშკარად ემჩნევა. დაავადებული, გუდაფშუტიანი მარცვალი თავისი სირბილის გამო, ადვილად ისრისება და შედგება სველი, ნესტიანი შავი მასისგან. სოკოსგან იშლება მხოლოდ მარცვლის შიგნითა ნაწილი (კანი მთელი რჩება) უკანასკნელს მყრალი სუნი უდის.   ხორბლის  მტვრიანა  გუდაფშუტა (Ustilago tritici Jens) საქართველოში ყველგან არის გავრცელებული. ამ სახის გუდაფშუტას გარეგნული დამახასიათებელი ნიშნებია: მთელი თავთავი მთლიანად დაშლილია  და გადაქცეული არის სპორებისგან შემდგარ შავ მტვრად. დაუშლელი რჩება მხოლოდ თავთავის მთავარი ღერძი. ავადმყოფი მარცვლების ზედაპირი საღი მარცვლის ზედაპირთან შედარებით უფრო დანაოჭებული, აფშრუკულია.            ხორბლის ღეროს ჟანგა (Puccinia graminis Pers) ფოთლები, ღერო  და თავთავის ნაწილები დაფარულია ჟანგისფერი მეჭეჭებით. ხშირად, ძლიერი დაავადების პერიოდში, ნესტიან ამინდებში მთელ ნათესებს ჟანგისფერი გადაჰკრავს. ზაფხულის დასასრულს და ადრე შემოდგომაზე ჟანგისფერი თანდათან შავ ფერად შეიცვლება. დაავადებულ მცენარეს უხმება  ფოთოლი, მარცვალი კარგად არ სრულდება, იფშრუკება  და წონითაც შედარებით ნაკლები გამოდის,  ვიდრე საღი მცენარის მარცვლები. დაავადება მეტწილად ზაფხულის განმავლობაში ჩნდება.  ხორბლის მურა ჟანგა (Puccinia triticina Erikss) უმთავრესად ფოთლების დაზიანებას იწვევს. პურის დანარჩენ ჟანგებთან შედარებით, მას ყველაზე დიდი გავლენა აქვს  მცენარეზე, რამდენადაც მათი დაავადება ადრე, აღმოცენების დროიდანვე  იწყება და გრძელდება მცენარის დათავთავებამდე.  ეს სოკო გვხვდება შემოდგომის ნათესებზე. ხორბლეულის ფოთლებზე მრგვალ მეჭეჭებს   აჩენს.  დასაწყისში ალაგ-ალაგ ჩნდება, ძლიერი განვითარების  შემთხვევაში მეჭეჭები იმდენად ხშირია, რომ მთელი ფოთლის ფირფიტას ფარავს. ფერით ჯერ მოყვითალო მურაა, შემდეგ კი შავდება. მეჭეჭები პირველად ქვედა ფოთლებზე ვითარდება, შემდეგ ზედა ფოთლებზე გადადის.  დაავადების გაძლიერება შეიმჩნევა  ძირითადად  გაზაფხულზე.  ხორბლის ყვითელი ჟანგა (Puccinia glumarum Erikss et Henn)ყვითელი ჟანგა მეტად  მნიშვნელოვანი დაავადებაა. აქაც მცენარის დაავადება განვითარების ადრეულ სტადიებში ხდება და დათავთავებამდე ძლიერდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ყვითელი ჟანგას მეჭეჭებით ფოთლები მთლიანადაა დაფარული და შემდეგ ხმება. ზოგჯერ მცენარის ცარიელი ღერო და თავთავიღაა შერჩენილი. მეჭეჭები, გარდა ფოთლებისა, თავთავის ნაწილებზედაც გვხვდება, ძირითადად კილებზე. მეჭეჭების  მწკრივად განლაგებით,  მკაფიოდ გამოხატული  ყვითელი ფერით და ხაზების სიწვრილით, ყვითელი ჟანგა ადვილად გამოსაცნობია.                                                               ხორბლის ფუზარიოზი (Fusarium graminearum Schwabe)დაავადება ჩნდება თავთავის კილებზე და ღეროებზე თეთრი მიცელიუმის ფიფქის სახით, რომელიც თანდათან მოწითალო-პირისფერი ხდება. სოკო ქსოვილების სიღრმეში აღწევს, არღვევს თავთავის კილებს და გადადის მარცვალში. დაავადებული მარცვალი საღთან შედარებით მომცროა, აფშრუკული და წონითაც ნაკლებია. თუ ფუზარიუმით დაავადებული მარცვალი ბევრია დასაფქვავ ხორბალში, შეიძლება გამოიწვიოს „სიმთვრალის“ მოვლენა, რადგან სოკო პურში შემავალი ცილოვანი ნივთიერებების დაშლას იწვევს, საიდანაც შხამები წარმოიქმნება.  მისი პურად გამოცხობა დაუშვებელია (მინარევში 1%-ს არ უნდა აჭარბებდეს).  ჭვავის რქა (Claviceps purpurea Tul) მათრობელა პურის ერთ-ერთი მიზეზთაგანია. ეს სახელწოდება იმიტომ ეწოდა, რომ დაავადებული მარცვალი თავთავიდან რქასავითაა ამოშვერილი, თავთავი სწორია ან ოდნავ მოხრილი და მუქ იისფრად შეფერილი. დაავადებული მარცვალი შემდგარია სოკოს მტკიცედ შეზრდილი ქსოვილისაგან. დაავადება ადრე გაზაფხულზე ხდება. ფქვილად გადამუშავებისათვის მარცვალის მინარევში მისი შემცველობა 0,1%-ს არ უნდა აჭარბებდეს. გუდაფშუტების წინააღმდეგ ხორბლის თესლს წინასწარ წამლავენ ქიმიური პრეპარატებით; ჟანგებისა და სხვა სოკოების წინააღმდეგ გამოიყენება სხვადასხვა სისტემური და კონტაქტური ფუნგიციდები.  ხორბლის უმთავრესი მავნებლებია :  ამიერკავკასიის პურის ბზუალა (Zabrus tenebrioides elongatus), მავნე კუსებურა (Eurigaster integriceps), ხორბლის თრიფსი (Haplothrips tritici), მარცვლეულთა ხვატარი (Apamea sordens), შვედური ბუზი (Oscinella frist), აზიური ანუ გადამფრენი კალია (Locusta migratoria), მაროკოული კალია (Dociostaurus maroccanus), იტალიური კალია (Calliptamus italicus), ჭია-წურბელა (Lema melanopus), მღრღნელები  და სხვა. მათგან ხორბალს ძლიერ აზიანებს ამიერკავკასიის პურის ბზუალა (Zabrus tenebrioides elongatus).  პურის ბზუალა (Zabrus tenebrioides elongatus). ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.  გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 11-120-ს მიაღწევს, გამოზამთრებული მატლები კვებას იწყებენ შებინდებიდან დილამდე, ისინი აგროვებენ ჯეჯილის ფოთლებს, ძენძავენ, რის გამოც ფოთლებისგან მხოლოდ ძარღვებიღა რჩება. მოღრუბლულ ამინდში მატლები შეიძლება დღისითაც იკვებებოდნენ, მოწმენდილ ამინდში კი ისინი თავიანთ სოროებში    იმალებიან, თუ მავნებლის დასახლების სიხშირე დიდია, კალო-კალო შიშველი ლაქები წარმოიშობა, რის გამოც მატლი ახალ ხვრელს რამდენჯერმე იკეთებს.  მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps)მავნე კუსებურა  მთელ საქართველოშია გავრცელებული.  დაზიანება ადრე გაზაფხულიდან იწყება, როდესაც მწერი ხორბლის, ქერის, ჭვავის და სხვა ჯეჯილს მიეძალება და უმთავრესად ღეროს ფუძეს აზიანებს. წუწნის ადგილები იმით შეიმჩნევა, რომ ნაჩხვლეტი ადგილებიდან ჟონავს მცენარის წვენი, რომელიც ჰაერზე თანდათან მაგრდება. კუსებურა  თავთავსაც აზიანებს, რის გამოც თავთავი თეთრ ფერს იღებს, ხოლო ღერო ძლიერ დეფორმირდება, დაზიანებული მცენარე ყვითლდება და ზოგჯერ ხმება კიდეც.  კუსებურა თავის განვითარების აქტიურ ფაზებში მარცვალსაც აზიანებს.  ხორბლის თრიფსი (Haplothrips tritici) გავრცელებულია ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში  და საკმაოდ დიდი ზიანის მომტანია. გაზაფხულზე, როდესაც მატლები მეზამთრეობიდან  გამოდიან, ისინი ამოდიან ნიადაგის ზედაპირზე და  კვებას იწყებენ ჯერ შემოდგომის ჭვავის ჯეჯილით, შემდეგ გადადიან საშემოდგომო ხორბალზე. მარცვალს აზიანებენ თავთავებში.  თრიფსებით დაზიანებული მარცვალი ფშუტეა, ხოლო მისგან გამომცხვარი პური - უყუათო. ვეგეტაციის პერიოდში მწერების წინააღმდეგ გამოიყენება კონტაქტური და სისტემური ინსექტიციდები, მრღნელების წინააღმდეგ - როდენტიციდები, რადგან ისინი მოსავლის რაოდენობაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენენ.   ხორბლის ნათესებში გავრცელებულია სხვადასხვა სარეველები :  შვრიუკა (Avena fatua L), ძურწა (Setaria), ხვართქლა (Convolvulus arvensis L), ნარი (Cirsium), მინდვრის მდოგვი (Sinapsis arvensis), ყანის ჭლექი Fallopia convolvulus), ბურჩხა (Echinochloa crus-galli L.), საგველა -ცოცხა ბალახი (Apera cpica-venti L.)  და სხვ.  სარეველები იწვევენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის შემცირებას, დაავადებების განვითარებას და მავნებლების გავრცელებას,  ნათესების ჩაწოლას. შხამიანი სარეველები შეიცავენ ალკალოიდებს, საპონინებს, გლიკოზიდებს, ორგანულ მჟავებს და როდესაც მათი თესლი შეერევა ხორბალს, ფქვილი უგემური და მწარე გამოდის.  შვრიუკა (Avena fatua L.)  ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველაა, ძალიან ჰგავს შვრიას. იგი იზრდება ძირითადად მძიმე, კარბონატულ, ზომიერად ტენიან თიხნარ და თიხა ნიადაგებზე. შვრიუკა აღმოცენდება გაზაფხულზე, ყვავილობს ზაფხულში; ფოთლები ხაზურა აქვს, მუქი მწვანე ფერის, ღეროს სიმაღლე 50-120 სმ.  თესლის რაოდენობა ერთ მცენარეზე 200 (500-1000) ცალია.        ხვართქლა (Convolvulus arvensis L) მრავალწლიანი ფესვნაყარი სარეველაა, უპიტარესობას ანიჭებს საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგს, შხამიანი მცენარეა, შეიცავს ალკალოიდებს, დიდი დოზით იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას, დამბლას და სხვა. ხვართქლა  აღმოცენდება გაზაფხულზე. ყვავილობის დრო - ადრე გაზაფხული - ადრე შემოდგომაა, ივითარებს ხვიარა ღეროს, 1-3 მ სიგრძით, ფოთლები - წაგრძელებულ-კვერცხისებური, ყვავილი ძირითადათ თეთრი ფერისაა. თესლის რაოდენობა ერთ მცენარეზე დაახლოებით 500 ცალია.   ნარი (Cirsium) მრავალწლიანი, ორლებნიანი, ფესვნაყარი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, შხამიანია, შეიცავს ალკალოიდებს, იგი იზრდება დაახლოებით 1,5 მეტრამდე; ფოთლები ეკლიანია, დაკბილული; ყვავილები მოიისფროა; თესლი წვრილი, რუხი ფერის, ქარით შორ მანძილზე ვრცელდება.სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება აგროტექნიკური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები.   ავტორები:ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიმაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი                                                                                                                                                                                                                            

იხილეთ სრულად

თბილისის შემოგარენში გავრცელებული სარეველები

სარეველები ველურად მოზარდი მცენარეებია, რომელთა მოყვანა არ წარმოადგენს ადამიანის მიზანს და მათი არსებობა სავარგულებზე არასურველია,  ისინი დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას, რაც გამოიხატება პროდუქციის ხარისხის გაუარესებაში, მოსავლის შემცირებაში, რის გამოც მიწათმფლობელები სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დასარევლიანებას უწოდებენ „მწვანე ხანძარს“. სარეველები ადვილად ეგუებიან გარემო პირობებს, ახასიათებთ ყინვაგამძლეობა, გვალვაგამძლეობა, უხვი თესლმსხმოიარობა, თესლის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა, ადვილად გავრცელება,  ისინი თრგუნავენ კულტურულ მცენარეებს, ხშირად ჩრდილავენ მათ, იწვევენ ჩაწოლას, ნიადაგიდან დიდი რაოდენობით გამოაქვთ წყალი, საკვები ნივთიერებები, ხელს უწყობენ მავნებელ-დაავადებების გავრცელებას, ზოგი მათგანი შხამიანია, ალერგიის გამომწვევი, რის გამოც საფრთხეს უქმნიან ადამიანებსა და ცხოველებს.  სარეველები იწვევენ ნიადაგის ტემპერატურის დაწევას, რის გამოც ნელდება მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობა.  თბილისის შემოგარენში გავრცელებულია მრავალი სარეველა მცენარე, ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი  მათგანის მოკლე  დახასიათება.    ლურჯი ანუ ჩვეულებრივი ძირწითელა - Echium vulgare L ორწლიანი ბალახოვანი შხამიანი მცენარეა ლაშქარასებრთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა; ღერო სწორმდგომი, მსხვილი, შებუსული, 1 მ-მდე; ფოთლები ლანცეტისებური, ბოლოში წაწვეტებული, მჯდომარე; ყვავილები მჯდომარე, ყვავილობის დასაწყისში მოვარდისფრო - წითელი, შემდეგ - ლურჯი ფერის, ყვავილობს ივნის-ივლისში.                                                                             თავკომბალა - Echinops ritro L.მრავალწლიანი ეკლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა, სუსტად დატოტვილი, მსხვილი; ღერო მარტივი, 1 მ-მდე; ფოთლები მორიგეობითი, ფრთისებრდანაკვთული, მუქი მწვანე; ყვავილედი კალათა, ლურჯი ყვავილებით, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე.  კუროსთავი - Tribulus terrestris L.ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა წყვილფოთლიანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა, წვრილი; ღერო დატოტვილი, მიწაზე გართხმული, 10-60 სმ; ფოთოლი წყვილფრთართული; ყვავილი წვრილი, ყვითელი, ერთეული, ყვავილობს შუა გაზაფხულიდან ყინვების დაწყებამდე; ნაყოფი კაკლუჭა, დაფარულია ეკლებით.   კრაზანა - Hypericum perforatum L.ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა კრაზანასებრთა ოჯახიდან. ფესურა ძლიერი, წვრილი; ღერო სწორმდგომი, 40-80 სმ, თავდაპირველად მწვანეა, შემდეგ  მოწითალო-ყავისფერი; ფოთლები მჯდომარე, მოპირდაპირე, ელიფსური; ყვავილი ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე. ერთ მცენარეზე ვითარდება 16 000 თესლი.  მინდვრის მდოგვი - Sinapis arvensis L.ერთწლიანი ბალახოვანი ფართოფოთლიანი შხამიანი სარეველაა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ღეროს სიმაღლე 10-100 სმ. ფოთლები მჯდომარე, მოგრძო- კვერცხისებური; ყვავილი ყვითელი ფერის; ნაყოფი - ჭოტი, ცილინდრული, შიშველი ან ოდნავ შებუსული, 2-4 სმ სიგრძის.  აღმოცენების უნარს ინარჩუნებს ნიადაგში 10 წელიწადს, ერთი მცენარე ივითარებს 1200-2000  თესლს.  ბაბუაწვერა  - Taraxacum officinale Wgg.მრავალწლიანი ბალახოვანი ფესურიანი სარეველაა  რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო სწორი, 30 სმ სიმაღლის; ფოთოლი მწვანე, დაკბილული; ყვავილედი - კალათა, ყვავილი ყვითელი, ერთეული.  ერთ მცენარეზე ვითარდება 3000 – 8000 თესლი.  ქუთქუთა - Thlaspi arvense L.ერთწლიანი ბალახოვანი, შხამიანი  მცენარეა, ჯვაროსანთა ოჯახიდან, ღერო მარტივი ან დატოტვილი, 10-50 სმ სიმაღლის; ფოთლები ისრის მაგვარი მჯდომარე, ყვავილი წვრილი თეთრი ფერის. ყვავილობს აპრილიდან ივნისამდე. ნაყოფი ჭოტაკი, მრგვალი ან მომრგვალო ოვალური; ერთი მცენარე იძლევა 10 000-მდე თესლს.  გლერტა - Cynodon dactylon ( L. ) Pers.მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან 15-50 სმ სიმაღლის; ღერო დატოტვილი, სწორი;  ფოთლები ლანცეტისებური, უხეში; ყვავილედი  - თავთავი წვრილი. კილიანი მარცვალი მოგრძო-კვერცხისებური; ერთი მცენარე იძლევა 10 000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს.  ყვითელი ძიძო -Melilotus officinalis L.ორწლიანი ბალახოვანი შხამიანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა; ფოთოლი სამნაკვთიანი, ლანცეტისებური, დაკბილული; ყვავილი წვრილი, ყვითელი. ყვავილობს ივნის-სექტემბერში, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე თეთრი ძიძო. თესლი ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას 6-7 წელს; სინათლისმოყვარული, ზამთარგამძლე,  გვალვაგამძლე მცენარეა და    არ არის მომთხოვნი ნიადაგების მიმართ.  ღვარძლი - Lolium temulentum L.ღვარძლი ერთწლიანი მარცვლოვანი შხამიანი სარეველაა. ფესვი - ფუნჯა, ღეროს სიმაღლე 50-100 სმ; ფოთლები - ხაზურა; თავთავი - ელიფსური, კილიანი მარცვალი ოვალური, მონაცრისფრო - მოყვითალო, ერთ მცენარეზე ვითარდება 600 მარცვალი. მარცვალი შხამიანია, რადგან შეიცავს ალკალოიდ თიმულინს.  ყვითელი ტუხტი - Althaea rugosa Alef.მრავალწლიანი მცენარეა 50-200 სმ-მდე ბალბისებრთა ოჯახიდან; ღერო სწორი, ცილიდრული, შებუსული; ფოთლები 5-7 ფრთისებრდანაკვთული, ყუნწიანი, მორიგეობით განლაგებული; ყვავილები ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე; თესლმსხმოიარობა ივლისიდან, ერთ მცენარეზე ვითარდება 400-1000 თესლი.  თეთრი სამყურა - Trifolium repens L.მრავალწლიანი ბალახოვანი სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა, დატოტვილი, ვრცელდება 40-60 სმ სიღრმეზე; ღერო მხოხავი, დატოტვილი, შიშველი; ფოთლები რთული, გრძელი ყუნწით, თითქმის სფეროსებური; ყვავილი თეთრი, ყვავილობს მაისიდან გვიან შემოდგომამდე; ნაყოფი პარკი, მწიფდება ივნის-ივლისში, ერთი მცენარე იძლევა 1000-10000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 2-3 წელს.  წითელი სამყურა - Trifolium pretense L.მრავალწლიანი ბალახოვანი სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა, დატოტვილი;  ღერო სწორი, 20-60 სმ სიმაღლის; ფოთოლი რთული, ელიფსური; ყვავილი წითელი, ვარდისფერი; ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი პარკი, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.    ავტორები: ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიმაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ენტომოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

იხილეთ სრულად

ესპარცეტის კულტურის სარეველები

ესპარცეტი (Onobrychis)  უძველესი კულტურაა, იგი ამიერკავკასიაში ცნობილი იყო მე-10 საუკუნეში, საფრანგეთში მისი მოვლა-მოყვანა მე-15 საუკუნიდან დაიწყეს. მსოფლიოში ესპარცეტის 80-ზე მეტი სახეობა აღინიშნება, თუმცა კულტურაში ძირითადად სამია ცნობილი: ჩვეულებრივი ესპარცეტი, ამიერკავკასიის ესპარცეტი, ქვიშის ესპარცეტი. ესპარცეტი მრავალწლიანი პარკოსანი ბალახია, იგი ძვირფასი საკვები კულტურაა მესაქონლეობისთვის, თაფლოვანი მცენარეა, გამოიყენება ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ. ესპარცეტი ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას, ფესვი ნიადაგში ჩადის 3-6 მ სიღრმეზე და უნარი აქვს გვალვის პერიოდში ნიადაგის ღრმა ფენებიდან გამოიყენოს წყალი, ფესვზე ივითარებს კოჟრის ბაქტერიებს, რომლებიც ინტენსიურად ახდენენ ატმოსფროს თავისუფალი აზოტის ფიქსაციას, რითაც მაღლდება ნიადაგის ნაყოფიერება, უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა, იგი საუკეთესო წინამორბედია თესლბრუნვაში საშემოდგომო ხორბლისთვის, შაქრის ჭარხლისთვის და სხვ. ესპარცეტს იყენებენ თივად, მწვანე საკვებად, საძოვრად, სიმინდსა და სხვა მარცვლოვნებთან შერეული უმაღლესი ხარისხის სილოსს იძლევა.  ესპარცეტი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, უჯრედანას, ფერმენტებს, ვიტამინებს, ამინომჟავებს, მასში არსებული უაზოტო ნაერთები ხელს უწყობენ სისხლში შაქრის  და ქოლესტერინის დონის შემცირებას, ასკორბინის მჟავის შემცველობა ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და სხვ.ესპარცეტის ნათესებში გავრცელებული სარეველებია: ყანის ბირკა (Caucalis daucoides L.), ბოლოკა (Rapistrum rugosum L.), ძაღლის ენა (Cynoglossum officinale L.), ეგილოფსი  (Aegilops cylindricum L.), სალათი ბერნეთი (Sanguisorba minor L.), ყანის რეზედა (Reseda lutea L.), ყვითელი ძიძო (Melilotus officinalis L.) შვრიუკა (Avena fatua L.), ბეგიაური (Galium aparine L.), მხოხავი ჭანგა (Elitrigia repens L.),  ხვართქლა (Convolvulus arvensis L) და სხვა.  ყანის ბირკა - Caucalis daucoides L.ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია, ერთწლიანი სარეველა მცენარეა; ფესვი წვრილი, მარტივი; ღერო სწორი, დატოტვილი, 10-40 სმ სიმაღლის, ეკლიანი; ფოთლები 2-3 ფრთისებრ დანაკვთული; ყვავილები თეთრი ან მოწითალო, შეკრული ქოლგად, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი (თესლი) კვერცხისებური, ყავისფერი, ეკლისებური გამონაზარდებით.  ბოლოკა - Rapistrum rugosum L.ერთწლიანი შხამიანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ღერო დატოტვილი, 30-100 სმ სიმაღლის; ფოთლები მოგრძო ლანცეტისებური; ყვავილი ყვითელი ან თეთრი, ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე; ნაყოფი ჭოტაკი, შებუსული, რომელშიც ორი თესლია, ნაყოფმსხმოიარობა ივლისი - სექტემბერი.  ძაღლის ენა  - Cynoglossum officinale L.ორწლიანი, შხამიანი, ბალახოვანი სარეველაა 1 მ - მდე სიმაღლის; ფესვი მთავარღერძა; ღერო სწორი, დატოტვილი ზედა ნაწილში, შებუსული; ფოთლები მორიგეობითი, ლანცეტისებური, შებუსული; ყვავილი წვრილი, ძაბრისებური, მოწითალო - მეწამული ფერის, ყვავილობს მაის -  ივნისში; ნაყოფი კაკლუჭა, მწიფდება აგვისტო -სექტემბერში.  ეგილოფსი - Aegilops cylindricum L.ერთწლიანი მარცვლოვანი ბალახოვანი სარეველაა, 15-65 სმ სიმაღლის; ეფემერია, ზამთარგამძლე, გვალვაგამძლე, იზრდება დამლაშებულ ნიადაგებზეც; ღერო სწორმდგომი, წვრილი; ფოთლები ხაზურა, ბრტყელი, იშვიათად შებუსული ან შიშველი; ყვავილედი თავთავი, ყვავილობს მაისში, ნაყოფს იძლევა ივლისში.  სალათი ბერნეთი - Sanguisorba minor L.მრავალწლიანი ბალახოვანი ფესურიანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან; ღერო სწორი, 40-90 სმ; ფოთოლი რთული, შედგება 7-25 ფოთოლაკისგან, სიგრძე 5-30 სმ, კიდედაკბილული, მომრგვალო ან ელიფსური; ყვავილი მოთეთრო, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი თესლურა, მოგრძო, ყავისფერი, ხისებური, მეჭეჭისებური ზედაპირით.ყანის რეზედა  - Reseda lutea L.ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა; ღერო სწორი, დატოტვილი, შებუსული, 30 -80 სმ; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ლანცეტისებური, 3-5 ფრთისებრდანაკვთული; ყვავილედი მტევანი, ყვავილი მომწვანო-მოყვითალო, ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი მოგრძო კვერცხისებური სამწახნაგოვანი კოლოფი; თესლი თირკმლისებური, პრიალა, მოშავო-ყავისფერი, მოყვითალო ელფერით; ერთი მცენარე იძლევა 400 000 თესლს, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ ხუთ წელიწადს. ყანის რეზედა  გავრცელებულია როგორც  საგაზაფხულო, ისე  საშემოდგომო ჭვავისა და ხორბლის ნათესებში, სათოხნ და ბოსტნეულ კულტურებში.  ყვითელი ძიძო - Melilotus officinalis L.ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან; ფესვი მთავარღერძა; ღერო სწორი, დატოტვილი, 1–1,5 მ სიმაღლის; ფოთოლი სამფოთოლაკიანი, ლანცეტისებური, კიდედაკბილული; ყვავილედი ყვითელი ფერის მტევანი, ყვავილობს - ივნისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი - პარკი, ოვალური, 3–4 სმ, მურა შეფერილობის, შიშველი, ერი ან ორი თესლით; თესლი მოგრძო ოვალური, ოდნავ შეჭყლეტილი, გლუვი, ყვითელი, მოყვითალო - მომწვანო, ღია ყავისფერი.  შვრიუკა - Avena fatua L.ერთწლიანი ერთლებნიანი სარეველაა, მარცვლოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 120 სმ. ფოთლები ლანცეტისებურია. კილიანი მარცვალი თითისტარისებურია, ფხიანი; გარეთა კილი ტყავისებურია, მჭიდროდ ეკვრის მარცვალს, წვეროში გაყოფილია ორად; ფხა მუხლისებურია, მაგარი, გამოდის შუა ნაწილიდან, სიგრძით 12-დან 20-მმ. მარცვალი ცილინდრული, ზედაპირი დაფარულია თხელი, მონაცრისფრო - მოყვითალო ზემოთ მიმართული ბუსუსებით, სიგრძე  6-8 მმ. შვრიუკა ძნელი გამოსარჩევია შვრიის, ხორბლის და საშემოდგომო ქერის თესლისგან.  ბეგიაური - Galium aparine L.ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ნაცარქათამასებრთა ოჯახიდან;   ღეროს სიმაღლე 30-80 სმ; ფოთოლი ვიწრო ლანცეტისებური; ყვავილი წვრილი თეთრი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი კაკლუჭა, მომრგვალო, აქვს ამონაკვეთი, მონაცრისფრო-ყავისფერი, დაფარულია ჯაგრებით; თესლი ნაყოფის მაგვარი, ჯაგრების გარეშე.  მხოხავი ჭანგა - Elitrigia repens L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ფესურა გრძელი, ვრცელდება ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად - 5-15 სმ-მდე; ღეროს სიმაღლე 40-150 სმ; ფოთოლი - შიშველი, ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - რთული თავთავი. თესლი - მარცვალი,  ჩალისფერი, სიგრძე - 0,5 სმ.  ხვართქლა - Convolvulus arvensis L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი, შხამიანი სარეველაა ხვართქლასებრთა ოჯახიდან. ღერო ხვიარა შიშველი წვრილი, სიმაღლე ერთი მეტრი; ფოთლები ვიწრო შუბისმაგვარი; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი. ნაყოფი - კოლოფი, მონაცრისფრო - მწვანე, მონაცრისფრო - ყავისფერი, ნაცრისფერი, მომრგვალო - ოვალური, ხაოიანი ზედაპირით; თესლი უკუღმაკვერცხისებური, სამწახნაგოვანი, ზედაპირი გლუვი, მონაცრისფრო - ყავისფერი, მუქი ნაცრისფერი, თითქმის შავი.  ავტორები:ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი  მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისენტომოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  

იხილეთ სრულად

სარეველა მცენარეების გამოყენება მცენარეთა დაცვაში

უკანასკნელ წლებში  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მცენარეთა დაცვის ხალხური საშუალებების გამოყენებას, კერძოდ, შხამიანი სარეველა მცენარეების გამოყენებას. ცნობილია, რომ მცენარეთა სამყაროს საერთო რიცხობრიობის დაახლოებით 2%-მდე შხამიანი მცენარეა, ისინი შეიცავენ ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა: ალკალოიდები, გლიკოზიდები, საპონინები და სხვა. მცენარეულ შხამებს ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებდა. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ჰიმალაის მთებში დასახლებული უძველესი ტომები სპილოებსა და დათვებზე ნადირობისას იყენებდნენ ტილჭირისაგან მიღებული შხამით მოწამლულ ისრებს, ასევე მტერთან საბრძოლველად.   ქვემოთ წარმოგიდგენთ ზოგიერთი სარეველა მცენარის მოკლე დახასიათებას, რომლებიც ხასიათდება პესტიციდური აქტივობით და გამოიყენება მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ.  აბზინდა - Artemisia absinthium L.მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორმდგომი, 1 მ სიმაღლის, მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი; ფოთლები - ფრთისებრდანაკვთული; ყვავილედი - კალათა, სფეროსებური, 2,5-3,5 მმ დიამეტრით, ყვავილი ყვითელი, წვრილი, მილისებური, ყვავილობს ივნის-ივლისში. ახასიათებს სპეციფიკური სუნი და მწარე გემო. თესლურა ყავისფერი, მოგრძო ცილინდრული, 1 მმ, თესლი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. აბზინდას ახასიათებს ინსექტოაკარიციდული აქტივობა, მისი ნახარში მცენარეთა დაცვაში გამოიყენება ფოთოლმღრღნელ მანვებლებთან საბრძოლველად. ანწლი - Sambucus ebulus L.ბუჩქისებური, შხამიანი მცენარეა; ფესვი - ძლიერი, ფუნჯა, 20 სმ-მდე; ღერო დატოტვილი, 2-6 მ სიმაღლის, იშვიათად 10 მ-მდე, ქერქი გამერქნებულია, გულგული - რბილი, ფოროვანი, თეთრი; ფოთლები - მოპირდაპირედ განლაგებული, კვერცხისებური, დიდი ზომის (10-30 სმ), მოკლე ყუნწით, ზემოდან - მუქი, ქვემოდან - ღია მწვანე, სპეციფიკური სუნით; ყვავილები მოყვითალო თეთრი, შეკრული ფარად, დიამეტრით 5-8 მმ, ყვავილობს მაის - ივნისში. ნაყოფი - მოშავო იასამნისფერი, სფეროსებური, წვნიანი კენკრისმაგვარი, დიამეტრით 5-7 მმ, მწიფდება აგვისტო - სექტემბერში. ანწლი გამოიყენება მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ, კერძოდ, მისი სუნი აფრთხობს თაგვისებრ მღრღნელებს, ნაყენი ეფექტურია ბუგრების წინააღმდეგ.  წითელი გვირილა - Pyrethrum roseum M.B.P. cerneum M.B.მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესურა - მხოხავი, რომლიდანაც გამოდის მრავალი ნაკლებად დატოტვილი ღერო, 30-70 სმ სიმაღლის; ღეროს წვერზე ყვავილედი მსხვილკალათა ყვავილედებად არის შეკრებილი; კალათაში ნაპირა ყვავილედი მამრობითია, ენისებრი და წითელი, ცენტრისაკენ მოთავსებული ყვავილები ლულისებრი და ორსქესიანია, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი - მოგრძო თესლურას წარმოადგენს. მცენარე ინსექტოაკარიციდული აქტივობით ხასიათდება. დალმაციური  გვირილა - Pyrethrum cinerariaefolium Trev.მრავალწლიანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, ძლიერი, 3 მ-მდე სიგრძის; ღერო - სწორი, დაღარული, მრავალრიცხოვანი, 70-80 სმ სიმაღლის; ფოთლები - ორჯერ, სამჯერ ფრთისებრდანაკვთული, შებუსული, მორიგეობით განლაგებული; ყვავილედი - კალათა, მოთეთრო, დიამეტრით 5-6 სმ; ნაყოფი - ვიწრო, მუქი ყვითელი თესლურა, სიგრძე 5 მმ, სიგანე 1 მმ. მცენარეს აქვს ინსექტოაკარიციდული მოქმედება.  დიყი - Heracleum dissectum L.მრავალწლიანი, მსხვილბალახოვანი  მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან, დაფარულია უხეში ბუსუსებით. ფესვი - მთავარღეძა, ვრცელდება 2 მ-მდე; ღერო - მსხვილი, დაღარული; ფოთლები - ღეროს ძირში გრძელყუნწიანი და ფრთისებრ დანაკვთული, ზედა ფოთლები ზოგჯერ მარტივია; ყვავილი - თეთრი, მსხვილი, დიამეტრით 50-80 სმ; ნაყოფი - უკუკვერცხისებური, ორნაწილიანი თესლურა, სიგრძე 10-12 მმ, სიგანე 8 მმ, მომწიფებისას ორ ნაწილად იყოფა. დიყის ნაყენს იყენებენ ბუგრებისა და სხვა მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ. დურღენი - Anabasis aphylla L.დურღენი მიეკუთვნება ნაცარქათამასებრთა ოჯახს, ძლიერ შხამიანი მცენარეა, შეიცავს ალკალოიდებს;  ნახევრადბუჩქია, 70 სმ სიმაღლის; ფესურა სქელი, ფესვები - მთავარღერძა; ტოტი დანაწევრებულია, დატოტვილი; ფოთლები მოკლე ქერცლის სახით; ყვავილები ტოტის ბოლოზეა შეკრებილი (თავთავისებრი ყვავილედის სახით); ნაყოფი წყლიანი, მრგვალი, გვერდებიდან შეჭყლეტილი, ერთთესლიანი; გამოიყენება ჩრჩილის, ბუგრების, ტკიპების, ბაღლინჯოების წინააღმდეგ. დეზურა - Delphinium elatum L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ბაიასებრთა ოჯახიდან; ფესურა - მოკლე, ფუნჯა, მონაცრისფრო-მოყავისფრო; ღერო - მარტივი, სწორი, დაღარული, 1-4 მ-მდე; ფოთლები - მომრგვალო ან მომრგვალო-გულისებრი, მორიგეობით განლაგებული; ყვავილედი - მტევანი, ფუნჯისებრი, ყვავილები - ცისფერი, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; ნაყოფი - ფოთლურა, თესლი პატარა, ყავისფერი, მბრწყინავი, სამკუთხა, სიგრძე 2,5 მმ, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. დეზურა გამოიყენება ადამიანისა და შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების,  ბუზებისა და ტარაკნების, სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ. კონიო - Conium maculatum L.ორწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან; ფესვი თითისტარისებური, მოთეთრო; ღერო დატოტვილი, შეუბუსავი, 60-180 სმ სიმაღლის; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ყუნწიანი, სამმაგად ფრთისებრდანაკვთული; ყვავილები თეთრი წვრილი, შეკრული ქოლგად, 12-20 სხივით, ყვავილობს ივნის - ივლისში. ნაყოფი -  მომრგვალო ან კვერცხისებური, ღია ყავისფერი, ორთესლიანი, გვერდიდან ოდნავ შეჭყლეტილი, ხუთი წახნაგით, მწიფდება აგვისტო - სექტემბერში; თესლურა დანაოჭებული ზედაპირით, ღია ყავისფერი, ყვითელი, მწვანე, სიგრძე 3-3,75მმ, სიგანე 1,25-2 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 15 ათასი თესლი. კონიოს ნაყენი გამოიყენება მცენარეთა დაცვაში, ხოჭოების, ხერხიების წინააღმდეგ.კოთხუჯი - Acorus calamus L.მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა იუკასებრთა ოჯახიდან; იზრდება ჭაობებში, მდინარისა და ტბის ნაპირებზე, ნესტიან ადგილებში, უმთავრესად ზღვის პირას. ფესურა - მსხვილი, ჰორიზონტალური, გრძელი, მხოხავი, გარედან რუხი ან მომწვანოა, შიგნით კი  - თეთრი; ღერო - 60-100 სმ სიმაღლის, სამწახნაგოვანი, ცალ მხარეზე ღარიანი; ფოთლები - ხაზურა, ხასიათდება მკვეთრად გამოსახული შუა ძარღვით; ყვავილედი - ტაროს ფორმის, 4-12 სმ სიგრძის, ცილინდრული ან კონუსური, ბოლოში შევიწროვებული და განზე გადახრილი, ყვავილები - მომწვანო-ყვითელი, ყვავილობს მაის-ივლისში; ნაყოფი - მრავალთესლიანი, ტყავისებური, მშრალი, მოგრძო ფორმის კენკრა, წითელი ან მწვანე ფერის; კოთხუჯის ფესვები ტოქსიკურად მოქმედებენ თუთის აბრეშუმხვევიას კვერცხებსა და მატლებზე, ფესურებისგან დამზადებული ფხვნილი ტოქსიკურია ბუზების, კოღოების და ზოგიერთი ტკიპას წინააღმდეგ.  მთის ღანძილი - Allium victorialis L.მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 30-70 სმ-ს აღწევს, ნივრის მძაფრი სუნი აქვს; ბოლქვები - კონუსისმაგვარი საცრისებრი ბოჭკოების გარსშია გახვეული; ღერო - სწორი, უფოთლო, სამწახნაგოვანი, ძირში ფოთლებითაა შემოხვეული; ფოთლები - ლანცეტა ან ელიფსურია, 10-20 სმ სიგრძის და 2-8 სმ სიგანის, ფუძისკენ ვიწროვდება და ყუნწად იქცევა; ყვავილედი - მრგვალი ან ნახევრად მრგვალი ფორმისაა, ყვავილები მოთეთრო-მომწვანოა; ყვავილობს ივნის-ივლისში ან უფრო გვიან (იმის მიხედვით, თუ როდის დადგება გაზაფხული) ნაყოფი - სადგულიანი კოლოფია, თესლი მრგვალი, თითქმის შავი ფერის, მწიფდება ივლის-აგვისტოში. ნაყენი ეფექტურია ბუგრების, პამიდორის ფიტოფტოროზის წინააღმდეგ.  ოროვანდი - Arctium lappa L.ორწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ხორცოვანი, 60 სმ-მდე; ღერო - სწორმდგომი, 60-180 სმ სიმაღლის; ფოთლები - დიდი, გულისებური, მორიგეობითი, მარტივი, ყუნწიანი; ყვავილედი - კალათა, 2,5-3 სმ დიამეტრის, ყვავილები მილისებური, იასამნისფერი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. თესლურა - მოგრძო, დაღარული, შიშველი, მოკლე ქოჩრით, ჭიპი მრგვალი, ყავისფერი, სიგრძე 4-6 მმ, სიგანე 2-2,5 მმ. ოროვანდის ნაყენი გამოიყენება სხვადასხვა მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად.  მთის ჩადუნა - Dryopteris filix mas (L.) Schott.გვიმრასებრთა ოჯახის წარმომადგენელია; 1 მ-დე სიმაღლის სპოროვანი, ფესურიანი, მრავალწლიანი მცენარეა, ფესურა კარგად აქვს განვითარებული და ძველი ფოთლების ყუნწების ძირებსა და მრავალ თხელშრიან ქერქშია გახვეული, მიწის ზემოთ განვითარებული ღერო არ გააჩნია; ფოთლები დიდი ზომის, კენტფრთართული, ფესვის ყელთა ჯგუფურადაა შეკრებილი, ახალგაზრდა ფოთლები სპირალურადაა დახვეული და ზრდისას თანდათან სწორდება, ძლიერ შხამიანი მცენარეა; მცენარეთა დაცვაში გამოიყენება ნემატოდების წინააღმდეგ.  უცუნა ლამაზი - Colchicum speciosum Stev.მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან, 20-60 სმ სიმაღლის; ბოლქვი - მოგრძო, 5 სმ სიგრძის, დიამეტრით 3-4 სმ; 4-5 ფოთოლი მსხვილია და წაგრძელებული; ყვავილი მსხვილი, მოვარდისფრო, იშვიათად თეთრი, უსუნო, ყვავილობს აგვისტო-სექტემბერში;  ნაყოფი - სამად გაყოფილი კოლოფია, ელიფსური, 3 სმ სიგრძის, თესლი მრგვალია, ყავისფერი, 2-3 სმ დიამეტრის, მწიფდება ივნისში,  ერთი ტუბერბოლქვიდან 1-3 ყვავილი ამოდის, ყვავილსაფრის მილი ძალიან გრძელია, მისი ფუძე ტუბერბოლქვშია დაფარული. მცენარის გამონაწური გამოიყენება მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ.  ავტორები: მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტინინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        

იხილეთ სრულად