ალერგიის გამომწვევი სარეველა მცენარეები
ალერგია მეოცე საუკუნის დაავადებაა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში მოსახლეობის 12-15 %-ს აწუხებს ალერგია. პოლინოზი ალერგიული დაავადებაა, ის მოსახლეობის 10%-ს აწუხებს, მას „თივის ცხელებასაც“ უწოდებენ, თუმცა რეალურად ის არა თივით, არამედ ყვავილის მტვრით არის გამოწვეული. პოლინოზს უმეტესად ხეების, მარცვლოვანი მცენარეებისა და სარეველა ბალახის მტვერი იწვევს. ალერგიულ ადამიანებს პოლინოზი მაშინ უმწვავდებათ, როცა მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია განსაზღვრულ დონეს მიაღწევს. საქართველოსთვის დამახასიათებელია მცენარეთა ყვავილობის სამი სეზონი, რის გამოც აღინიშნება პოლინოზის გამწვავების სამი ტალღა: ადრე გაზაფხულზე, გაზაფხულ - ზაფხულის გარდამავალ პერიოდში და ზაფხულ - შემოდგომის გარდამავალ პერიოდში.
ალერგიის გამომწვევი სარეველებია: ავშანფოთლიანი ამბროზია, სამნაკვთიანი ამბროზია, მხოხავი ჭანგა, თათაბო, ავშანი, ოქროწკეპლა, წივანა, ტიმოთელა, მდელოს თივაქასრა, ნაცარქათამა, მრავალძარღვა, ვირისტერფა, ოროვანდი, ასფურცელა და სხვა. ქვემოთ წარმოგდენილია ზოგერთი მათგანის მოკლე დახასიათება.
ავშანფოთლიანი ამბროზია - Ambrosia artemisiifolia L.
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, ნიადაგში აღწევს 4 მ-მდე; ღერო - სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, 0,1-2,5 მ სიმაღლის; ფოთლები - ერთი ან ორმაგ ფრთისებრდანაკვთული, ქვედა მხრიდან შებუსული; ყვავილები - ყვითელი, კალათად შეკრებილი, ყვავილობს ივლის - აგვისტოში; მტვერი იწვევს ადამიანის ალერგიულ რეაქციებს.
სამნაკვთიანი ამბროზია - Ambrosia trifida L.
მსხვილი, მძლავრი, ერთწლიანი საგაზაფხულო მცენარეა, სამი მეტრი სიმაღლის ღეროთი, ვეგეტაციის ბოლოს ხევდება და იფარება უხეში, მოკლე ბუსუსებით; ფოთლები ყუნწიანი, პირდაპირ მჯდომარეა, ქვედა ფოთლები ღრმა - 3 ან 5 ნაკვთიანია, ყვავილები - ყვითელი, კალათად შეკრებილი, ყვავილობს ივლის - აგვისტოში; მტვერი იწვევს ალერგიას და თივის ციებ - ცხელებას.
მდელოს წივანა - Festuca pratensis Hunds.
მრავალწლიანი ბალახოვანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ფესვი - ფუნჯა, ვრცელდება ღრმად ნიადაგში; ღერო - სწორმდგომი, 120 სმ-მდე; ფოთლები - ვიწრო ლანცეტისებური, ღია მწვანედან მუქ მწვანემდე; ყვავილედი - საგველა, თავთავები მოგრძო, მწვანე, ოდნავ იასამნისფერი ელფერით, ყვავილობს ივნისში.
ტიმოთელა - Phleum pretense L.
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ფესვთა სისტემა ძლიერაა განვითარებული, რომელიც ნიადაგში ღრმად ვრცელდება. ღერო - სწორი, 30-100 სმ სიმაღლის; ფოთოლი - ვიწრო, შეუბუსავი, მოცისფრო-მომწვანო; ყვავილედი - რთული თავთავი; ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე.
მდელოს მელაკუდა - Alopecurus pratensis L.
მრავალწლიანი მარცვლოვანი ბალახოვანი სარეველაა, 50-120 სმ სიმაღლის; მოკლე ფესურა აქვს, ფოთოლი - მჯდომარე, მორიგეობითი, მარტივი, ხაზოვანი, მწვანე; ყვავილედი - რთული საგველა; ყვავილობს მაის-ივნისში.
თ ა თ ა ბ ო - Atriplex patula L.
ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველაა ნაცარქათამასებრთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, დატოტვილი, სიმაღლე 30-90 სმ; ფოთლები - არასწორი რომბისებური, მორიგეობითი, კიდემთლიანი ან დაკბილული, მწვანე ფერის, ახალგაზრდა ფოთლები მონაცრისფრო-მწვანე; ყვავილედი - თავთავისებური, ყვავილები წვრილი.
ოროვანდი - Arctium lappa L.
ორწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ხორცოვანი, 60 სმ-მდე; ღერო - სწორმდგომი, 60-180 სმ სიმაღლის; ფოთლები - დიდი, გულისებური, მორიგეობითი, მარტივი, ყუნწიანი; ყვავილედი - კალათა, ყვავილები მილისებური, იასამნისფერი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში.
აბზინდა - Artemisia absinthium L.
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორმდგომი; ფოთლები - ფრთისებრდანაკვთული; ყვავილედი - კალათა, სფეროსებური, ყვავილი ყვითელი, წვრილი, მილისებური, ყვავილობს ივნის-ივლისში.
ოქროწკეპლა - Solidago virga aurea L
მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო სწორმდგომი, შეფოთლილი, შებუსული, 30-100 სმ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობითი, ელიფსური, კიდედაკბილული. ყვავილედი - კალათა, ყვავილი ყვითელი, ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე.
ჭინჭარი - Urtica diodica L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა, 60-200 მმ სიმაღლის; ღერო სწორმდგომი, შებუსული; ფოთლები გულისებრი, კიდედაკბილული; ყვავილები მოყვითალო - მწვანე, ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე.
მრავალძარღვა - Plantago major L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა, 70 სმ-მდე, ფესურიანი; ფესვები - ძაფისებური, წვრილი; ფოთლები - ფართო, ოვალური ფორმის; ყვავილი წვრილი, მუქი; ყვავილობს მაისიდან - სექტემბრამდე.
ორკბილა - Bidens tripartita L.
ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, წვრილი; ღერო - ერთეული, სწორმდგომი, მოწითალო, 60-90 სმ; ფოთლები - მოპირდაპირე, მოკლე ყუნწით, სამნაკვთიანი, ლანცეტისებური, კიდედაკბილული, შიშველი მუქი მწვანე; ყვავილედი - კალათა, ყვავილი ყვითელი, ყვავილობს ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე.
ავტორები:
ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი