ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

კარტოფილის სარეველები

კარტოფილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა, მას მეორე პურს უწოდებენ; მისი სამშობლო სამხრეთი და ცენტრალური ამერიკაა. კარტოფილის კულტვირება ამერიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 14 ათასი წლის წინ დაიწყეს, იგი ევროპაში (ესპანეთში) შეიტანეს დაახლოებით მე-16 საუკუნეში, შემდეგ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში, რუსეთში კარტოფილის გავრცელებას უკავშირებენ პეტრე I-ს, რომელსაც მე-17 საუკუნის ბოლოს კარტოფილით სავსე ტომარა ჰოლანდიიდან სამშობლოში გაუგზავნია. 

საქართველოში კარტოფილის ნათესები პირველად მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა თბილისის ახლომახლო, ამჟამად იგი მოყავთ უმთავრესად ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ხულოს, შუახევის, ნინოწმინდის და სხვა რაიონებში, ხოლო საადრეო კარტოფილი ძირითადათ მოყავთ ბოლნისის რაიონში. 

კარტოფილი შეიცავს 76,3% წყალს,  23,7% მშრალ ნივთიერებას, 17,5% სახამებელს, 0,5% შაქარს, 1-2% ცილას, 1%-მდე მინერალურ მარილებს, აგრეთვე C, B1, B2, B6, PP და სხვა ვიტამინებს, ასევე მიკროელემენტებს: კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, სელენს, სპილენძს, მანგანუმს, რკინას, იოდს, დიდი რაოდენობით კალიუმს. კარტოფილისგან აწარმოებენ სახამებელს, სპირტს, აცეტონს, პლასტმასს, ფოტოფირს, წებოვან ნივთიერებებს და სხვა. 

 

კარტოფილი ზიანდება სხვადასხვა მავნე ორგანიზმით, რომელთაგან აღსანიშნავია სარეველა მცენარეები: ძაღლყურძენა (Solanum nigrum L.), შვრიუკა (Avena fatua L.), ბურჩხა (Echinochloa crusgalli (L.) P. Beauv.), ბოლოკა (Rapistrum rugosum (L.) All.), სპერგულა (Spergula L.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medik), ქუთქუთა (Thlaspi arvense L.), ყვითელი (Setaia glauca L.) და მწვანე ძურწა (Setaria pumila (Poir.) Roem. et Schult.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), ღიღილო (Centaurea depressa M. B.), მინდვრის მდოგვი (Sinapis arvenesis L.), შალგი (Brassica campestris L.), ბეგიაური (Galium aparine L.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense L.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ხოვერა (Galium tricorne With.), ყანის ჭლექი (Fallopia convolvulus (L.) A.Love), დანდური (Portulaca oleracea L.), თავცეცხლა (Galeopsis tetrahit L.) მატიტელა (Polygonum L.), გაზაფხულის თავყვითელა (Senecio vernalis W. et K.), გვირილა (Matricaria L.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L), საგველა (Apera spica venti L.), შავთარა (Fumaria officinalis L.), ჩვეულებრივი თივაქასრა (Poa trivialis L.), მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P. B.), გლერტა (Cynodon dactylon  (L.) Pers.), ღიჭა (Sonchus arvensis L.) და სხვა.

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.

 

თავცეცხლა - Galeopsis tetrahit L.

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით  50 სმ; ღერო - ძლიერ დატოტვილია, რომელიც დაფარულია უხეში ბუსუსებით; ფოთლები - მოგრძო-კვერცხისებური, წაწვეტებული, დაკბილული კიდეებით; ყვავილები - მოვარდისფრო; ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - კაკლუჭა, უკუკვერცხისებური ფორმის, მონაცრისფრო-ყავისფერი, ზედაპირი მარცვლოვანი, სიგრძე 2.75–3.25 მმ, სიგანე 2–2.25 მმ; ერთ მცენარეზე ვითარდება 100-600 თესლი, მისი სიცოცხლისუნარიანობა 14 წელია. 

 

მინდვრის სპერგულა - Spergula arvensis L.

ერთწლიანი, ბალახოვანი  სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან, 15-20 სმ სიმაღლის, დაფარულია ჯირკვლოვანი ბუსუსებით; ფოთლები - ხაზურა; ყვავილები - მცირე ზომის, თეთრი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბერამდე; ნაყოფი - კოლოფი, კვერცხისებური, თესლი 1,1 მმ დიამეტრის, სფერული, ლინზისებურად შეჭყლეტილი, ყავისფერი, მწიფდება ივლისიდან აგვისტომდე, ერთი მცენარე 10000-მდე თესლს იძლევა; იგი უპირატესობას ანიჭებს მჟავე და ტენიან ნიადაგებს.  



გვირილა  - Matricaria chamomilla L.

ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან სპეციფიკური სუნით. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - შიშველი, შეუბუსავი, სიმაღლე 15-60 სმ, ძირიდან დატოტვილი; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, ორმაგფრთისებრ დანაკვთული; ყვავილედი კალათა, დიამეტრით 25 მმ.  ნაყოფი ცილინდრული თესლურა ოდნავ მოხრილი, გვერდებთან შეჭყლეტილი, წვრილი, ზედაპირი გლუვი,  მუქი მწვანე, მასაში მოვერცხლისფრო - ნაცრისფერი, სიგრძე 0.8 – 1.25 მმ, სიგანე 0.2-0.3 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 5000 თესლი. გამოიყენება სამკურნალოდ, აგრეთვე ხალხურ ვეტერინარიაში.

 

ძაღლყურძენა - Solanum nigrum L.

ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი ფუნჯა, ღერო სწორი, დატოტვილი, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები მარტივი, მორიგეობით განლაგებული, ოვალურ - კვერცხისებური, კიდედაკბილული; ყვავილები თეთრი, ვარსკვლავისებური, შეკრული ნახევარქოლგად, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; ნაყოფი - შავი, წვნიანი კენკრა, მრგვალი, 1 სმ დიამეტრის, მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში; თესლი მომრგვალო, კვერცხისებური, გვერდებიდან შეჭყლეტილი, ფუძესთან შევიწროებული, ჭიპი გვერდული, სუსტად შესამჩნევი, ზედაპირი ბადისებური, მოყვითალო-ჩალისფერი, სიგრძე 1.75-2 მმ, სიგანე 1.25-1.5 მმ. 

 

შვრიუკა - Avena fatua L.

ერთწლიანი ერთლებნიანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 120 სმ; ფესვი - ფუნჯა; ფოთლები ლანცეტისებური; კილიანი მარცვალი თითისტარისებური, ფხიანი, გარეთა კილი ტყავისებური, მჭიდროდ ეკვრის მარცვალს, წვეროში გაყოფილია ორად, ფხა მუხლისებურია, მაგარი, გამოდის შუა ნაწილიდან, სიგრძით 12-20 მმ; მარცვალი ცილინდრული, ზედაპირი დაფარულია თხელი, მონაცრისფრო - მოყვითალო ზემოთ მიმართული ბუსუსებით, სიგრძე 6-8 მმ. 

 

ხოვერა - Galium tricorne With.

ერთწლიანი, ბალახოვანი, მხოხავი სარეველა მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან, სიგრძით 10-60 სმ; ღერო - მარტივი, მხოხავი, ოთხწახნაგიანი; ფოთლები - ხაზურა-ლანცეტისებური, რგოლურად შეკრებილი; ყვავილი - მოთეთრო, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - კაკლუჭა, მრგვალი, ყავისფერი, ბორცვიანი, დიამეტრით 2-3.5 მმ, თესლი მრგვალი, კაკლუჭისმაგვარი; კარტოფილის გარდა ასარევლიანებს მარცვლოვან და სათოხნ კულტურებს.



დანდური - Portulaca oleracea L.

ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა, სუკულენტი; ღერო - გართხმული, მოწითალო ფერის 10-40 სმ; ფოთლები  მჯდომარე, ხორცოვანი; ყვავილი წვრილი, ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე; ნაყოფი კვერცხისებური ან სფეროსებური კოლოფი,  მწიფდება სექტემბერში, თესლი თირკმლისებური, ოვალურ - მომრგვალო, ზოგჯერ სუსტად დაკუთხული, გვერდებზე შეჭყლეტილი, ზედაპირი სუსტად დაკბილული, ნაკლებად მბზინვარე, შავი, მუქი ყავისფერი სიგრძე - სიგანე 0.75-1 მმ.  ასრევლიანებს ბოსტნეულ კულტურებს, იზრდება გზის პირებთან. 

 

საგველა - Apera spica-venti L.

საშემოდგომო, ერთწლიანი, მარცვლოვანი სარეველა მცენარეა. ფესვი - ფუნჯა; ღეროს სიმაღლე 30-125 სმ; ფოთოლი  - ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - საგველა; მარცვალი - ლანცეტისებურ-კვერცხისებური, ვიწრო, ღრმა ღარით, სიგრძე 2.4-0.6 მმ, სიცოცხლისუნარიანობა 1-4 წელია, აღმოცენდება შემოდგომაზე, უპირატესობას ანიჭებს მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებს.



ჩვეულებრივი თივაქასრა -  Poa trivialis L.

მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი სარეველაამარცვლოვანთა ოჯახიდან; ღეროს სიმაღლე 20-100 სმ; ფოთლები რბილი, ბრტყელი, მწვანე ან იასამნისფერ-მომწვანო, სიგანე 2-4 მმ; ყვავილედი საგველა, სიგრძე 6 სმ; მარცვალი - ელიფსოიდური ან მოგრძო, მოწითალო-ყვითელი, სიგრძე 1.3-3 მმ, ერთი მცენარე ივითარებს 1000 მარცვალს.

 

 

ავტორები:


ნინო დათუკიშვილი

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

მაია გიორბელიძე

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი