სარეველა მცენარეების გამოყენება მცენარეთა დაცვაში
უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მცენარეთა დაცვის ხალხური საშუალებების გამოყენებას, კერძოდ, შხამიანი სარეველა მცენარეების გამოყენებას. ცნობილია, რომ მცენარეთა სამყაროს საერთო რიცხობრიობის დაახლოებით 2%-მდე შხამიანი მცენარეა, ისინი შეიცავენ ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა: ალკალოიდები, გლიკოზიდები, საპონინები და სხვა. მცენარეულ შხამებს ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებდა. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ჰიმალაის მთებში დასახლებული უძველესი ტომები სპილოებსა და დათვებზე ნადირობისას იყენებდნენ ტილჭირისაგან მიღებული შხამით მოწამლულ ისრებს, ასევე მტერთან საბრძოლველად.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ზოგიერთი სარეველა მცენარის მოკლე დახასიათებას, რომლებიც ხასიათდება პესტიციდური აქტივობით და გამოიყენება მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ.
აბზინდა - Artemisia absinthium L.
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორმდგომი, 1 მ სიმაღლის, მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი; ფოთლები - ფრთისებრდანაკვთული; ყვავილედი - კალათა, სფეროსებური, 2,5-3,5 მმ დიამეტრით, ყვავილი ყვითელი, წვრილი, მილისებური, ყვავილობს ივნის-ივლისში. ახასიათებს სპეციფიკური სუნი და მწარე გემო. თესლურა ყავისფერი, მოგრძო ცილინდრული, 1 მმ, თესლი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. აბზინდას ახასიათებს ინსექტოაკარიციდული აქტივობა, მისი ნახარში მცენარეთა დაცვაში გამოიყენება ფოთოლმღრღნელ მანვებლებთან საბრძოლველად.
ანწლი - Sambucus ebulus L.
ბუჩქისებური, შხამიანი მცენარეა; ფესვი - ძლიერი, ფუნჯა, 20 სმ-მდე; ღერო დატოტვილი, 2-6 მ სიმაღლის, იშვიათად 10 მ-მდე, ქერქი გამერქნებულია, გულგული - რბილი, ფოროვანი, თეთრი; ფოთლები - მოპირდაპირედ განლაგებული, კვერცხისებური, დიდი ზომის (10-30 სმ), მოკლე ყუნწით, ზემოდან - მუქი, ქვემოდან - ღია მწვანე, სპეციფიკური სუნით; ყვავილები მოყვითალო თეთრი, შეკრული ფარად, დიამეტრით 5-8 მმ, ყვავილობს მაის - ივნისში. ნაყოფი - მოშავო იასამნისფერი, სფეროსებური, წვნიანი კენკრისმაგვარი, დიამეტრით 5-7 მმ, მწიფდება აგვისტო - სექტემბერში. ანწლი გამოიყენება მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ, კერძოდ, მისი სუნი აფრთხობს თაგვისებრ მღრღნელებს, ნაყენი ეფექტურია ბუგრების წინააღმდეგ.
წითელი გვირილა - Pyrethrum roseum M.B.P. cerneum M.B.
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესურა - მხოხავი, რომლიდანაც გამოდის მრავალი ნაკლებად დატოტვილი ღერო, 30-70 სმ სიმაღლის; ღეროს წვერზე ყვავილედი მსხვილკალათა ყვავილედებად არის შეკრებილი; კალათაში ნაპირა ყვავილედი მამრობითია, ენისებრი და წითელი, ცენტრისაკენ მოთავსებული ყვავილები ლულისებრი და ორსქესიანია, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი - მოგრძო თესლურას წარმოადგენს. მცენარე ინსექტოაკარიციდული აქტივობით ხასიათდება.
დალმაციური გვირილა - Pyrethrum cinerariaefolium Trev.
მრავალწლიანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, ძლიერი, 3 მ-მდე სიგრძის; ღერო - სწორი, დაღარული, მრავალრიცხოვანი, 70-80 სმ სიმაღლის; ფოთლები - ორჯერ, სამჯერ ფრთისებრდანაკვთული, შებუსული, მორიგეობით განლაგებული; ყვავილედი - კალათა, მოთეთრო, დიამეტრით 5-6 სმ; ნაყოფი - ვიწრო, მუქი ყვითელი თესლურა, სიგრძე 5 მმ, სიგანე 1 მმ. მცენარეს აქვს ინსექტოაკარიციდული მოქმედება.
დიყი - Heracleum dissectum L.
მრავალწლიანი, მსხვილბალახოვანი მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან, დაფარულია უხეში ბუსუსებით. ფესვი - მთავარღეძა, ვრცელდება 2 მ-მდე; ღერო - მსხვილი, დაღარული; ფოთლები - ღეროს ძირში გრძელყუნწიანი და ფრთისებრ დანაკვთული, ზედა ფოთლები ზოგჯერ მარტივია; ყვავილი - თეთრი, მსხვილი, დიამეტრით 50-80 სმ; ნაყოფი - უკუკვერცხისებური, ორნაწილიანი თესლურა, სიგრძე 10-12 მმ, სიგანე 8 მმ, მომწიფებისას ორ ნაწილად იყოფა. დიყის ნაყენს იყენებენ ბუგრებისა და სხვა მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ.
დურღენი - Anabasis aphylla L.
დურღენი მიეკუთვნება ნაცარქათამასებრთა ოჯახს, ძლიერ შხამიანი მცენარეა, შეიცავს ალკალოიდებს; ნახევრადბუჩქია, 70 სმ სიმაღლის; ფესურა სქელი, ფესვები - მთავარღერძა; ტოტი დანაწევრებულია, დატოტვილი; ფოთლები მოკლე ქერცლის სახით; ყვავილები ტოტის ბოლოზეა შეკრებილი (თავთავისებრი ყვავილედის სახით); ნაყოფი წყლიანი, მრგვალი, გვერდებიდან შეჭყლეტილი, ერთთესლიანი; გამოიყენება ჩრჩილის, ბუგრების, ტკიპების, ბაღლინჯოების წინააღმდეგ.
დეზურა - Delphinium elatum L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ბაიასებრთა ოჯახიდან; ფესურა - მოკლე, ფუნჯა, მონაცრისფრო-მოყავისფრო; ღერო - მარტივი, სწორი, დაღარული, 1-4 მ-მდე; ფოთლები - მომრგვალო ან მომრგვალო-გულისებრი, მორიგეობით განლაგებული; ყვავილედი - მტევანი, ფუნჯისებრი, ყვავილები - ცისფერი, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; ნაყოფი - ფოთლურა, თესლი პატარა, ყავისფერი, მბრწყინავი, სამკუთხა, სიგრძე 2,5 მმ, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. დეზურა გამოიყენება ადამიანისა და შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, ბუზებისა და ტარაკნების, სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ.
კონიო - Conium maculatum L.
ორწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან; ფესვი თითისტარისებური, მოთეთრო; ღერო დატოტვილი, შეუბუსავი, 60-180 სმ სიმაღლის; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ყუნწიანი, სამმაგად ფრთისებრდანაკვთული; ყვავილები თეთრი წვრილი, შეკრული ქოლგად, 12-20 სხივით, ყვავილობს ივნის - ივლისში. ნაყოფი - მომრგვალო ან კვერცხისებური, ღია ყავისფერი, ორთესლიანი, გვერდიდან ოდნავ შეჭყლეტილი, ხუთი წახნაგით, მწიფდება აგვისტო - სექტემბერში; თესლურა დანაოჭებული ზედაპირით, ღია ყავისფერი, ყვითელი, მწვანე, სიგრძე 3-3,75მმ, სიგანე 1,25-2 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 15 ათასი თესლი. კონიოს ნაყენი გამოიყენება მცენარეთა დაცვაში, ხოჭოების, ხერხიების წინააღმდეგ.
კოთხუჯი - Acorus calamus L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა იუკასებრთა ოჯახიდან; იზრდება ჭაობებში, მდინარისა და ტბის ნაპირებზე, ნესტიან ადგილებში, უმთავრესად ზღვის პირას. ფესურა - მსხვილი, ჰორიზონტალური, გრძელი, მხოხავი, გარედან რუხი ან მომწვანოა, შიგნით კი - თეთრი; ღერო - 60-100 სმ სიმაღლის, სამწახნაგოვანი, ცალ მხარეზე ღარიანი; ფოთლები - ხაზურა, ხასიათდება მკვეთრად გამოსახული შუა ძარღვით; ყვავილედი - ტაროს ფორმის, 4-12 სმ სიგრძის, ცილინდრული ან კონუსური, ბოლოში შევიწროვებული და განზე გადახრილი, ყვავილები - მომწვანო-ყვითელი, ყვავილობს მაის-ივლისში; ნაყოფი - მრავალთესლიანი, ტყავისებური, მშრალი, მოგრძო ფორმის კენკრა, წითელი ან მწვანე ფერის; კოთხუჯის ფესვები ტოქსიკურად მოქმედებენ თუთის აბრეშუმხვევიას კვერცხებსა და მატლებზე, ფესურებისგან დამზადებული ფხვნილი ტოქსიკურია ბუზების, კოღოების და ზოგიერთი ტკიპას წინააღმდეგ.
მთის ღანძილი - Allium victorialis L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 30-70 სმ-ს აღწევს, ნივრის მძაფრი სუნი აქვს; ბოლქვები - კონუსისმაგვარი საცრისებრი ბოჭკოების გარსშია გახვეული; ღერო - სწორი, უფოთლო, სამწახნაგოვანი, ძირში ფოთლებითაა შემოხვეული; ფოთლები - ლანცეტა ან ელიფსურია, 10-20 სმ სიგრძის და 2-8 სმ სიგანის, ფუძისკენ ვიწროვდება და ყუნწად იქცევა; ყვავილედი - მრგვალი ან ნახევრად მრგვალი ფორმისაა, ყვავილები მოთეთრო-მომწვანოა; ყვავილობს ივნის-ივლისში ან უფრო გვიან (იმის მიხედვით, თუ როდის დადგება გაზაფხული) ნაყოფი - სადგულიანი კოლოფია, თესლი მრგვალი, თითქმის შავი ფერის, მწიფდება ივლის-აგვისტოში. ნაყენი ეფექტურია ბუგრების, პამიდორის ფიტოფტოროზის წინააღმდეგ.
ოროვანდი - Arctium lappa L.
ორწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ხორცოვანი, 60 სმ-მდე; ღერო - სწორმდგომი, 60-180 სმ სიმაღლის; ფოთლები - დიდი, გულისებური, მორიგეობითი, მარტივი, ყუნწიანი; ყვავილედი - კალათა, 2,5-3 სმ დიამეტრის, ყვავილები მილისებური, იასამნისფერი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. თესლურა - მოგრძო, დაღარული, შიშველი, მოკლე ქოჩრით, ჭიპი მრგვალი, ყავისფერი, სიგრძე 4-6 მმ, სიგანე 2-2,5 მმ. ოროვანდის ნაყენი გამოიყენება სხვადასხვა მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად.
მთის ჩადუნა - Dryopteris filix mas (L.) Schott.
გვიმრასებრთა ოჯახის წარმომადგენელია; 1 მ-დე სიმაღლის სპოროვანი, ფესურიანი, მრავალწლიანი მცენარეა, ფესურა კარგად აქვს განვითარებული და ძველი ფოთლების ყუნწების ძირებსა და მრავალ თხელშრიან ქერქშია გახვეული, მიწის ზემოთ განვითარებული ღერო არ გააჩნია; ფოთლები დიდი ზომის, კენტფრთართული, ფესვის ყელთა ჯგუფურადაა შეკრებილი, ახალგაზრდა ფოთლები სპირალურადაა დახვეული და ზრდისას თანდათან სწორდება, ძლიერ შხამიანი მცენარეა; მცენარეთა დაცვაში გამოიყენება ნემატოდების წინააღმდეგ.
უცუნა ლამაზი - Colchicum speciosum Stev.
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან, 20-60 სმ სიმაღლის; ბოლქვი - მოგრძო, 5 სმ სიგრძის, დიამეტრით 3-4 სმ; 4-5 ფოთოლი მსხვილია და წაგრძელებული; ყვავილი მსხვილი, მოვარდისფრო, იშვიათად თეთრი, უსუნო, ყვავილობს აგვისტო-სექტემბერში; ნაყოფი - სამად გაყოფილი კოლოფია, ელიფსური, 3 სმ სიგრძის, თესლი მრგვალია, ყავისფერი, 2-3 სმ დიამეტრის, მწიფდება ივნისში, ერთი ტუბერბოლქვიდან 1-3 ყვავილი ამოდის, ყვავილსაფრის მილი ძალიან გრძელია, მისი ფუძე ტუბერბოლქვშია დაფარული. მცენარის გამონაწური გამოიყენება მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ.
ავტორები:
მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი