თბილისის შემოგარენში გავრცელებული სარეველები
სარეველები ველურად მოზარდი მცენარეებია, რომელთა მოყვანა არ წარმოადგენს ადამიანის მიზანს და მათი არსებობა სავარგულებზე არასურველია, ისინი დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას, რაც გამოიხატება პროდუქციის ხარისხის გაუარესებაში, მოსავლის შემცირებაში, რის გამოც მიწათმფლობელები სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დასარევლიანებას უწოდებენ „მწვანე ხანძარს“.
სარეველები ადვილად ეგუებიან გარემო პირობებს, ახასიათებთ ყინვაგამძლეობა, გვალვაგამძლეობა, უხვი თესლმსხმოიარობა, თესლის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა, ადვილად გავრცელება, ისინი თრგუნავენ კულტურულ მცენარეებს, ხშირად ჩრდილავენ მათ, იწვევენ ჩაწოლას, ნიადაგიდან დიდი რაოდენობით გამოაქვთ წყალი, საკვები ნივთიერებები, ხელს უწყობენ მავნებელ-დაავადებების გავრცელებას, ზოგი მათგანი შხამიანია, ალერგიის გამომწვევი, რის გამოც საფრთხეს უქმნიან ადამიანებსა და ცხოველებს. სარეველები იწვევენ ნიადაგის ტემპერატურის დაწევას, რის გამოც ნელდება მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობა.
თბილისის შემოგარენში გავრცელებულია მრავალი სარეველა მცენარე, ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.
ლურჯი ანუ ჩვეულებრივი ძირწითელა - Echium vulgare L
ორწლიანი ბალახოვანი შხამიანი მცენარეა ლაშქარასებრთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა; ღერო სწორმდგომი, მსხვილი, შებუსული, 1 მ-მდე; ფოთლები ლანცეტისებური, ბოლოში წაწვეტებული, მჯდომარე; ყვავილები მჯდომარე, ყვავილობის დასაწყისში მოვარდისფრო - წითელი, შემდეგ - ლურჯი ფერის, ყვავილობს ივნის-ივლისში.
თავკომბალა - Echinops ritro L.
მრავალწლიანი ეკლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა, სუსტად დატოტვილი, მსხვილი; ღერო მარტივი, 1 მ-მდე; ფოთლები მორიგეობითი, ფრთისებრდანაკვთული, მუქი მწვანე; ყვავილედი კალათა, ლურჯი ყვავილებით, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე.
კუროსთავი - Tribulus terrestris L.
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა წყვილფოთლიანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა, წვრილი; ღერო დატოტვილი, მიწაზე გართხმული, 10-60 სმ; ფოთოლი წყვილფრთართული; ყვავილი წვრილი, ყვითელი, ერთეული, ყვავილობს შუა გაზაფხულიდან ყინვების დაწყებამდე; ნაყოფი კაკლუჭა, დაფარულია ეკლებით.
კრაზანა - Hypericum perforatum L.
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა კრაზანასებრთა ოჯახიდან. ფესურა ძლიერი, წვრილი; ღერო სწორმდგომი, 40-80 სმ, თავდაპირველად მწვანეა, შემდეგ მოწითალო-ყავისფერი; ფოთლები მჯდომარე, მოპირდაპირე, ელიფსური; ყვავილი ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე. ერთ მცენარეზე ვითარდება 16 000 თესლი.
მინდვრის მდოგვი - Sinapis arvensis L.
ერთწლიანი ბალახოვანი ფართოფოთლიანი შხამიანი სარეველაა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ღეროს სიმაღლე 10-100 სმ. ფოთლები მჯდომარე, მოგრძო- კვერცხისებური; ყვავილი ყვითელი ფერის; ნაყოფი - ჭოტი, ცილინდრული, შიშველი ან ოდნავ შებუსული, 2-4 სმ სიგრძის. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს ნიადაგში 10 წელიწადს, ერთი მცენარე ივითარებს 1200-2000 თესლს.
ბაბუაწვერა - Taraxacum officinale Wgg.
მრავალწლიანი ბალახოვანი ფესურიანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო სწორი, 30 სმ სიმაღლის; ფოთოლი მწვანე, დაკბილული; ყვავილედი - კალათა, ყვავილი ყვითელი, ერთეული. ერთ მცენარეზე ვითარდება 3000 – 8000 თესლი.
ქუთქუთა - Thlaspi arvense L.
ერთწლიანი ბალახოვანი, შხამიანი მცენარეა, ჯვაროსანთა ოჯახიდან, ღერო მარტივი ან დატოტვილი, 10-50 სმ სიმაღლის; ფოთლები ისრის მაგვარი მჯდომარე, ყვავილი წვრილი თეთრი ფერის. ყვავილობს აპრილიდან ივნისამდე. ნაყოფი ჭოტაკი, მრგვალი ან მომრგვალო ოვალური; ერთი მცენარე იძლევა 10 000-მდე თესლს.
გლერტა - Cynodon dactylon ( L. ) Pers.
მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან 15-50 სმ სიმაღლის; ღერო დატოტვილი, სწორი; ფოთლები ლანცეტისებური, უხეში; ყვავილედი - თავთავი წვრილი. კილიანი მარცვალი მოგრძო-კვერცხისებური; ერთი მცენარე იძლევა 10 000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს.
ყვითელი ძიძო -Melilotus officinalis L.
ორწლიანი ბალახოვანი შხამიანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა; ფოთოლი სამნაკვთიანი, ლანცეტისებური, დაკბილული; ყვავილი წვრილი, ყვითელი. ყვავილობს ივნის-სექტემბერში, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე თეთრი ძიძო. თესლი ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას 6-7 წელს; სინათლისმოყვარული, ზამთარგამძლე, გვალვაგამძლე მცენარეა და არ არის მომთხოვნი ნიადაგების მიმართ.
ღვარძლი - Lolium temulentum L.
ღვარძლი ერთწლიანი მარცვლოვანი შხამიანი სარეველაა. ფესვი - ფუნჯა, ღეროს სიმაღლე 50-100 სმ; ფოთლები - ხაზურა; თავთავი - ელიფსური, კილიანი მარცვალი ოვალური, მონაცრისფრო - მოყვითალო, ერთ მცენარეზე ვითარდება 600 მარცვალი. მარცვალი შხამიანია, რადგან შეიცავს ალკალოიდ თიმულინს.
ყვითელი ტუხტი - Althaea rugosa Alef.
მრავალწლიანი მცენარეა 50-200 სმ-მდე ბალბისებრთა ოჯახიდან; ღერო სწორი, ცილიდრული, შებუსული; ფოთლები 5-7 ფრთისებრდანაკვთული, ყუნწიანი, მორიგეობით განლაგებული; ყვავილები ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე; თესლმსხმოიარობა ივლისიდან, ერთ მცენარეზე ვითარდება 400-1000 თესლი.
თეთრი სამყურა - Trifolium repens L.
მრავალწლიანი ბალახოვანი სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა, დატოტვილი, ვრცელდება 40-60 სმ სიღრმეზე; ღერო მხოხავი, დატოტვილი, შიშველი; ფოთლები რთული, გრძელი ყუნწით, თითქმის სფეროსებური; ყვავილი თეთრი, ყვავილობს მაისიდან გვიან შემოდგომამდე; ნაყოფი პარკი, მწიფდება ივნის-ივლისში, ერთი მცენარე იძლევა 1000-10000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 2-3 წელს.
წითელი სამყურა - Trifolium pretense L.
მრავალწლიანი ბალახოვანი სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა, დატოტვილი; ღერო სწორი, 20-60 სმ სიმაღლის; ფოთოლი რთული, ელიფსური; ყვავილი წითელი, ვარდისფერი; ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი პარკი, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.
ავტორები:
ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ენტომოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი