სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ განმეორებითი აკრედიტაცია წარმატებით გაიარა
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შემავალმა ცამეტივე ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა შეფასება განახლებადი აკრედიტაციის სტატუსის შენარჩუნების მიზნით.
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს შეფასებით, ლაბორატორიების ქსელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიაში აკრედიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება არსებული კვლევის მეთოდების გადამოწმება და სრული განახლება.
2025 წელს ლაბორატორიების ქსელმა აკრედიტაცია შემდეგი მიმართულებებით გაიარა:
• სურსათის კვლევა;
• ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა;
• მცენარეთა მავნე ორგანიზმების გამოვლენა;
• პოლიმერების ტესტირება.
ლაბორატორია აგრძელებს ზუსტი და ხარისხიანი კვლევების ჩატარებას, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და უსაფრთხოებას ხელს უწყობს.