ვიზიტი ქუთაისის ლაბორატორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ლაბორატორიის გაძლიერების მიზნით მიმდინარე და განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნენ; შეხვედრის მონაწილეებმა ლაბორატორიის გაფართოების საჭიროებებზე და სამომავლო გეგმაზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულების კვლევების დანერგვის მნიშვნელობას და ლაბორატორიის შესაძლებლობებს.
„ქუთაისის ლაბორატორიაში თევზის დაავადების მიმართულებით კვლევის მეთოდის დანერგვა საშუალებას მოგვცემს, დასავლეთ საქართველოს რეგიონში დიაგნოსტიკა დროულად ჩატარდეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა. ჩვენი მთავარი მიზანია, რეგიონის მოსახლეობას მივცეთ საშუალება, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების შედეგები. აღნიშნული კვლევების დანერგვით უფრო დაჩქარდება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიც“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.