სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი თამარ ბაისონაშვილი
„ბავშვობიდან ცხოველები განსაკუთრებულად მიყვარდა; ვეტერინარის პროფესიაც ამ სიყვარულის გამო ავირჩია”, - ამბობს თამარ ბაისონაშვილი, რომელიც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ერთ-ერთი ახალგაზრდა თანამშრომელია და აქტიურად არის ჩართული ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში.
თამარი აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტია.
“სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესახებ ჩემი ლექტორისაგან გავიგე. დავინტერესდი, გასაუბრებაზე მოვედი, შემდეგ წარმატებით გავიარე სტაჟირება, დღეს კი, ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი ვარ.
ლაბორატორიაში ცოდნას ყოველდღიურად ვიღრმავებ და ვვითარდები. აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სამუშაოში, რაც კოლექტივის დამსახურებაა. კოლეგებთან ერთად ვმუშაობ ახალი კვლევის მეთოდების დანერგვაზე. ლაბორატორიის თანამშრომლებმა განსაკუთრებული სითბო მაგრძნობინეს, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ, ისინი ჩემზე, როგორც ახალგაზრდა თამანშრომელზე სულ ზრუნავენ.
ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო; ლაბორატორიაში, ყოველდღიურად, 5000 ნიმუში შემოდიოდა გამოსაკვლევად. ძალიან დატვირთულები ვიყავით, მაგრამ გუნდური მუშაობით, ერთმანეთის მხარდაჭერით შევძელით სირთულეების გადალახვა და საქმე წარმატებით შევასრულეთ. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდურება ყოველთვის წარმატებას მოგვიტანს.
მინდა ჩემს თანატოლებს და ჩემზე უმცროსებს, ყველა ახალგაზრდას ვურჩიო - იშრომონ და ბევრი ისწავლონ. მაქსიმალურად გამოიყენონ დრო. მათ შრომა ყოველთვის დაუფასდებათ. როდესაც საკუთარი შრომის შედეგს მიიღებ, ამაზე უკეთესი გრძნობა არ არსებობს”.