ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ამბროლაურის ლაბორატორიის უფროსი გია ოშხერელი

ბატონმა გიამ ვეტერინარის პროფესია ცხოველების სიყვარულის გამო აირჩია. მისი პროფესიული საქმიანობა 1991 წლიდან იწყება. მას შემდეგ, რაც სავეტერინარო ინსტიტუტი დაამთავრა, მუშაობა ამბროლაურში, ხვანჭკარის ვეტუბანში დაიწყო, შემდეგ ცხოველთა დაავადებების ცენტრში გადავიდა; მალევე, ამბროლაურში სარაიონთაშორისო ვეტ-ლაბორატორია შეიქმნა, რომელიც  სოფლის მეურნეობის სახელმწფიო ლაბორატორიად გადაკეთდა. 2006 წელს, ბატონი გია ლაბორატორიის უფროსად დაინიშნა და დღემდე წარმატებული ხელმძღვანელია.

 

ამბროლაურის ლაბორატორია საერთაშორისოდ აკრედირებული კვლევის მეთოდებით მუშაობს, ლაბორატორია აღჭურვილია საერთაშორისო დონის მაღალტექნოლოგიური აპარატურით, პერსონალი კი, ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიული კომპეტენციის ტესტირებებს.

 

გია ოშხერელი:

- „ამბროლაურის ლაბორატორია ყოველთვის მუშაობს ახალ კვლევებზე, რომლებიც რეგიონის მოთხოვნის შესაბამისად ინერგება.  მაგალითად, ლაბორატორიაში მასტიტების გამოკვლევა თანამედროვე კალიფორნიული ტესტებით ხდება. ვაწარმოებთ პარაზიტოლოგიურ კვლევებსაც. დაინერგა ბრუცელოზის დამადასტურებელი კვლევებიც და ასევე, აქტიურად ვმუშაობთ სასმელი წყლის კვლევების დასანერგად. ლაბორატორიაში მუშაობა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობაა; მუშაობის პროცესში, შესაძლებელია, სირთულეებსაც წააწყდე. დაახლოებით 3 წლის წინ, რამდენჯერმე გადავამოწმეთ ნიმუშები, რადგან რეგინში არ ველოდითი იმ დიაგნოზს, რომელიც კვლევამ აჩვენა. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ჩვენ მიერ დასმული დიაგნოზი სწორი იყო.

 

ახალგაზრდა თაობას მინდა მივმართო.. მოგეხსენებათ, რაჭა მაღალმთიანი, ძალიან ლამაზი და მრავლმხრივი შესაძლებლობების მქონე მხარეა. მეცხოველეობის განვითარების შესაძლებლობები კი, განსაკუთრებულია. თუმცა, ვეტექიმების ნაკლებობას განვიცდით; ახალგაზრდები კი, ნაკლებად არიან დაინტერესებული აღნიშნული პროფესიით. ახალგაზრდებს ვურჩევდი, დაფიქრდნენ, სხვაგან წასვლას ნამდვილად სჯობს, დარჩნენ საკუთარ მხარეში, აქ წამოიწყონ საქმე, ვეტერინარიის პროფესიასაც დაეუფლონ და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი საქმისადმი სიყვარულით და შრომით შევქმნათ”.