ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

მცენარეთა მავნე ორგანიზმების საიდენტიფიკაციოდ ნიმუშის აღების, შეფუთვის და შემოტანის წესები

#

საგამოცდო ნიმუშის შეფუთვის წესები:
მცენარის მიწისქვეშა ნაწილები შეფუთეთ მშრალ ქაღალდში (გაზეთში), შემდეგ მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში;
სარეველა მცენარე შეფუთეთ სწორ მდგომარეობაში, მშრალ ქაღალდში და შემდეგ პოლიეთილენის პარკში; 
თესლი ხარისხის განსაზღვრისთვის მშრალი თესლი მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში;
ფიტოჰელმინთოლოგიური ანალიზისთვის განკუთვნილი ნიადაგის ნიმუში მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში, ან კონტეინერში  ტენიანობის შესანარჩუნებლად;
ვირუსოლოგიური ანალიზისთვის აღებული მცენარეული ნიმუშები გაახვიეთ ქაღალდის დანამულ ხელსახოცში და მოათავსეთ ნასვრეტებიან პოლიეთილენის პარკში აერაციისათვის; 
ენტომოლოგიური ანალიზისთვის მწერები მოათავსეთ თავდახურულ პლასტმასის კონტეინერში, ან მინის ქილაში, სპირტიან ბამბასთან ერთად და შემდეგ პოლიეთილენის პარკში;
საგამოცდოდ შემოსატანი ნიმუშები მოათავსეთ პოლიეთილენის, ან ქაღალდის  პარკებში, გაუკეთეთ ეტიკეტი (ნიმუშის აღების თარიღის, მცენარის დასახელების და ადგილის მითითებით) და  დაურთეთ ნიმუშს.


ზოგადი, მიკოლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოცდისთვის:
შეაგროვეთ მცენარის როგორც დაუზიანებელი, ასევე  დაზიანებული (დაავადებული), მკვეთრად გამოხატული სიმპტომების მქონე ნაწილები. ნიმუში უნდა შეიცავდეს მცენარის თითქმის ყველა ნაწილს, მათ შორის ნაყოფსაც (თუ შესაძლებელია);
ხეების ჭკნობის, ან ხმობის შემთხვევაში შეაგროვეთ დამჭკნარი (მაგრამ არა სრულად), 20-25 სმ სიგრძის და 2-3 სმ დიამეტრის ტოტები (4-6 ც), ყლორტები (4-6 ც)  და შტამბი (დანაწევრებული, არაუმეტეს 40 სმ); 
დაავადებული, ან დაზიანებული ნერგის ნიმუში უნდა იყოს არანაკლებ სამი მცენარე, ხოლო ბოსტნეულის ჩითილების შემთხვევაში 6-10 ც ჩითილი;
ლაბორატორიაში საანალიზოდ  შემოიტანეთ/გამოაგზავნეთ  ახლად აღებული მასალა, მისი აღებიდან  არაუგვიანეს  სამი დღისა;
სასურველია ნიმუშს თან ახლდეს ფოტო-ვიდეო მასალა, რომელზეც კარგად იქნება ასახული მცენარეზე არსებული სიმპტომები და ლანდშაფტის ხედი, საიდანაც მოხდა ნიმუშის აღება;
ნიმუშების აღების საუკეთესო პერიოდია გაზაფხული/ზაფხულის თვეები. 


ფიტოჰელმინთოლოგიური გამოცდისთვის:
მცენარეული ნიმუშების გამოსაკვლევად საჭიროა: ფესვთა სისტემა, ტუბერები/ბოლქვები (მინიმუმ 10 ც), თესლი (პარკოსნები/მარცვლოვნები 100-500 გრ-მდე);
სიმპტომური მცენარეების შემთხვევაში ნიმუშის აღება უმჯობესია მოხდეს ფესვთა სისტემასთან  ახლოს, ჯანმრთელ და დაზიანებულ უბნებს შორის, შუალედში;
ნიმუში აიღეთ მაშინ, როცა ნიადაგი ტენიანია და არა სველი (ახალი ნაწვიმარი). შემდეგ  ჩაყარეთ  პლასტიკურ, ან ქაღალდის  ტომრებში და გაუკეთეთ ეტიკეტირება; 
ტრანსპორტირებისა და შენახვისას მიიღეთ უსაფრთხოების ზომები ნიადაგის ნიმუშების განმეორებითი დასენიანების თავიდან ასაცილებლად, კერძოდ, გამოცდისთვის განკუთვნილი ნიადაგის სინჯები აიღეთ სტერილური იარაღებით, აურიეთ სტერილურ ზედაპირზე და მოათავსეთ სტერილურ ტარაში;
ნიმუშები შეფუთეთ და შეინახეთ გრილ ადგილას, ან მაცივარში, გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, თუ ვერ ხერხდება ლაბორატორიაში იმავე დღეს  ტრანსპორტირება;
წიწვოვანი მცენარეების შემთხვევაში, ფიტოჰელმინთოლოგიური  გამოცდისათვის, მოიტანეთ ნიადაგი, მერქანი, ნახერხი (ხის ანათალი) ან 15-20 სმ-ის ტოტები; 
აღებული ნიადაგის ნიმუში მცირე რაოდენობით უნდა შეიცავდეს დაავადებული მცენარის ფესვებს.

ენტომოლოგიური გამოცდისთვის:
მარცვლოვანი, ტექნიკური, პარკოსანი მცენარეები - საანალიზოდ შეარჩიეთ 3-4 ც დაზიანებული  მცენარე (ფესვი, ღერო, ფოთოლი, თუ შესაძლებელია ნაყოფიც); 
ბუჩქოვანი და ხე-მცენარეების ნიმუში უნდა მოიცავდეს დაზიანებულ ქერქებს შტამბიდან, სამ-ოთხ დაზიანებულ 20 -50 სმ -ის სიგრძის ტოტებს, ფოთლებით ან წიწვებით.
დაზიანებული ნაყოფები  თესლოვანი და კურკოვანი კულტურების  - 10-15 ც, ხოლო კენკროვანები 300 გრ.
ფქვილი და ბურღულეული  დიდი  ტომრების არსებობის შემთხვევაში   ნიმუში აიღეთ ქვედა, შუა და ზედა  იარუსებიდან, 350-400 გრ თითოეულ იარუსზე, შემდეგ გააერთიანეთ  ერთ სინჯად და ლაბორატორიაში შემოიტანეთ 1-1,5 კგ-ის ოდენობით.  ხოლო  1 კგ-იანი შეფუთვებით შემოიტანეთ გაუხსნელად.
მცენარეზე ცოცხალი მწერების აღმოჩენის შემთხვევაში - მწერები მოათავსეთ  ხრახნიან სინჯარაში, ან პატარა ქილაში, მწერთან ერთად სასურველია სპირტში დასველებული ბამბის ტამპონის მოთავსება.  
მწერების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელია მასალას ახლდეს დაზიანებული მცენარის ნაწილებიც;

ნიადაგის ნიმუშის აღება 
მიკოლოგიურ, ბაქტერიოლოგიური, ფიტოჰელმინთოლოგიური და  ენტომოლოგიური ნიმუშებისთვის
ნიადაგი და ფესვები ნაკვეთზე აიღეთ მცენარის ფესვთა სისტემის განვითარების-/სიღრმის შესაბამისად 10-15 სმ, 20-25 სმ, მაქსიმუმ 30-60 სმ სიღრმიდან ზიგზაგისებურად, კვადრატებად, პერიმეტრზე, დიაგონალზე, W ან M ფორმით  (1 ჰა-ზე 25 წერტილოვანი  სინჯი). წერტილოვანი სინჯების გაერთიანების შემდეგ  აიღეთ საშუალო ნიმუში (ნიადაგი  მაქსიმუმ 1 კგ).
იგივე პრინციპით ხდება ნიმუშის აღება ჯეჯილისა და გაზონის ბალახისთვის - ნიმუში აიღეთ რამდენიმე წერტილოვანი ჭრილიდან, (1 მ2 კვადრატული ზომის ჭრილი) სიმპტომატური მცენარეები შემდგომ გააერთიანეთ (ნიადაგი/წერტილოვანი ჭრილი, მცენარესთან ერთად - 3-5 ც) გააერთიანეთ და მოიტანეთ ლაბორატორიაში კვლევისთვის.   
   

ვირუსოლოგიური  გამოცდისათვის
ვირუსოლოგიური გამოცდისთვის შეარჩიეთ სიმპტომიანი ნედლი და (არა გამხმარი) მცენარეული მასალა: ფოთლები ყუნწებით, მცენარის ნორჩი ყლორტები და ა.შ;
კალმები აჭერით მცენარის ოთხივე მხრიდან (სასურველია 20-25 სმ სიგრძის).

ჰერბოლოგიური გამოცდისთვის:
მცენარის ნიმუში უნდა შეიცავდეს მის ყველა ნაწილს (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი, თესლი). ლაბორატორიაში საგამოცდოდ შემოიტანეთ აღებიდან არა უგვიანეს 3-4 საათისა, რათა არ მოხდეს ნიმუშის დაზიანება. 
თესლის ხარისხის განსაზღვრისთვის (სიწმინდე, აღმოცენება, 1000 მარცვლის მასა)
სასურველია ნიმუშის აღება მოხდეს მოსავლის აღებიდან ერთი თვის შემდეგ (ხორბალი, სიმინდი და ა.შ.). ლაბორატორიაში წარმოდგენილი უნდა იყოს საშუალო ნიმუში, რაც გულისხმობს ნიმუშის სხვადასხვა ადგილიდან (ტომრიდან, ყუთიდან და სხვ.) აღებას და გაერთიანებას. მარცვლოვნების, პარკოსნების, მზესუმზირას თესლებისთვის ნიმუშის რაოდენობა უნდა იყოს 1 კგ, ბოსტნეულისთვის - 50-100 გრ.

როგორი ნიმუში არ უნდა შემოიტანოთ:   
ძლიერ დაზიანებული (სრულად დამპალი, გამხმარი, დამჭკნარი) ნიმუშის წარმოდგენა ხშირად შეუძლებელს ხდის იდენტიფიკაციას, ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი ნიმუშის მოთხოვნა; 
დიდი ხე-მცენარე დანაწევრების გარეშე არ მიიღება;
ნიმუში არ უნდა იყოს მცირე რაოდენობის (მაგ. ორი ფოთოლი, ერთი ცალი ნაყოფი, ერთი ცალი მცირე ზომის ტოტი, 1 ცალი მწერი და ა.შ.);
ნიმუში არ უნდა იყოს დიდი ხნის აღებული (აღებიდან  არაუგვიანეს  3 დღისა);
თესლის ხარისხის განსაზღვრისთვის (სიწმინდე, აღმოცენება, 1000 მარცვლის მასა)  არ არის სასურველი ნიმუშის აღება ახლად აღებული მოსავლიდან.
ნიადაგის ნიმუში არ უნდა იყოს 500 გრ-ზე ნაკლები.



იხილეთ მცენარეული ნიმუშის აღებისა და შეფუთვის შესაბამისი ფოტომასალა
   
     
   

დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 32 2 53 09 68; შიდა ნომერი 2531 ან 2525.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლაბორატორიის ვებგვერდს - http://sla.gov.ge/