სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი ქეთევან ბადალაშვილი
„სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური სპეციალისტების, მათ შორის, აგრონომების აქტიური ჩართულობა“, - ამბობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი ქეთევან ბადალაშვილი.
ქალბატონი ქეთევანი პროფესიით აგრონომია.
„პროფესიის დაუფლებას დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება. მომავალი პროფესიის არჩევისას, პირველ რიგში, საჭიროა საკუთარი ინტერესის და შესაძლებლობების კარგად გააზრება, გაანალიზება და, ბოლოს, გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი მარტივი საქმე სულაც არ არის; ხშირ შემთხვევაში, ბავშვობაში არჩეული და ნანატრი პროფესიის ერთგულიც ვეღარ რჩები. ჩემი თაობა, ძირითადად, მშობლების რჩევას უფრო ვითვალისწინებდით, ვიდრე საკუთარ ინტერესს. მეც ასე გავხდი აგრონომი ექიმის ნაცვლად. დღეს ეს პროფესია მომწონს, ამავე დროს, მახარებს, რომ ძალიან მოთხოვნადია იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგი აქტიურად ვითარდება.
ჩემი საქმიანობა, აგრარული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გენეტიკისა და სელექცია-მეთესლეობის კათედრაზე დაიწყო უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. პარალელურად, სწავლა გავაგრძელე ასპირანტურაში, დავამთავრე დოქტორანტურაც, თუმცა, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სადოქტორო დისერტაცია არ დამიცავს. 2015 წლიდან ვმუშაობ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში.
ლაბორატორიაში ძალიან გაიზარდა მომართვიანობა; რისი საფუძველიც გახლავთ როგორც გავრცელებული უამრავი მავნებელ-დაავადება, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული საინტერესო პროექტები, რომლებიც კვლევის კომპონენტებს ითვალისწინებს. ლაბორატორიაში ინერგება ახალი მეთოდები და იქმნება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი პროექტები.
ძალიან მნიშვნელოვანია, საქმე, რომელსაც აკეთებ, გიყვარდეს, გაინტერესებდეს; შენი პროფესიით საქმიანობა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. მიხარია, რომ მეც იმ ადამიანთა რიცხვში ვარ, ვისთვისაც საკუთარი პროფესია მნიშვნელოვანია. ჩემს საქმეს ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებ. არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როცა ჩემი სამსახურებრივი დაწინაურების გადაწყვეტილება საახალწლოდ მიიღეს და სიურპრიზად, სწორედ წინასაახალწლო დღეებში მითხრეს. ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს ხელმძღვანელობას.
თუ გსურთ, როგორც პროფესიონალმა მიაღწიოთ მიზანს, ყოველდღიურად უნდა ისწრაფოდეთ კვალიფიკაციის და კომპეტენციის ამაღლებისკენ, თვითგანვითარებისა და პიროვნული ზრდისკენ. უნდა ეცადოთ, იყოთ საუკეთესოები თქვენს სფეროში, ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს, მიიღეთ ისინი როგორც გამოწვევა და ყველაფერი გამოგივათ.“