სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების ოფიცერი ანა კეკელიძე
„ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის განსაკუთრებით მიზიდავდა. პროფესიაც ამ ინტერესის გათვალისწინებით ავირჩიე", - ამბობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების ოფიცერი ანა კეკელიძე.
ანა პროფესიით ბიომედიკოსი, გენეტიკოსი, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტია.
„ჩემი სწავლის პერიოდი დაემთხვა ღეროვანი უჯრედების კვლევისა და ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის აღმოჩენების ბუმს. ინერგებოდა ახალი, ეგრეთ წოდებული, პჯრ (PCR) კვლევების მეთოდები, რომელიც ახლა ფართოდ გამოიყენება კორონავირუსის დიაგნოსტირებაში. სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში, გავაერთიანე ორი მიმართულების - ბიოლოგიისა და ფიზიკის კვლევები.
ცოდნის გასაღრმავებლად, გავდიოდი სტაჟირებას ჰემატოლოგიის ინსტიტუტის, ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციული კვლევითი ინსტიტუტის, ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში.
ლაბორატორიებში მუშაობისას, აღმოვაჩინე, რომ გარდა კვლევებისა, მნიშვნელოვანია მუშაობის სწორი პრაქტიკა; რომ ლაბორატორიაში მუშაობისთვის საჭიროა გარკვეული უნარ-ჩვევები. აღნიშნული საკითხებით დაინტერესების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე აშშ-ში, ფლორიდის უნივერსიტეტში, რათა უფრო ღრმად შემესწავლა ეპიდემიოლოგია, ზოონოზური დაავადებები, ბიოეთიკა და ბიოუსაფრთხოების პრინციპები.
ლაბორატორიებში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება მაქვს, ხოლო, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, 2016 წლიდან, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის ოფიცრად ვმუშაობ.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მუდმივად ინერგება თანამედროვე მიდგომები და მეთოდები ლაბორატორიის მუშაობის და მასში მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა მიზნით. ლაბორატორიის ხელშეწყობით, ხშირად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში და სამუშაო შეხვედრებში.
2019 წლიდან, სახელმწიფო ლაბორატორიის ორგანიზებით, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გავიარე სპეციალური კურსები გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების დარგში და გავხდი აღნიშნული დარგების აკრედიტებული სპეციალისტი.
ლაბორატორიაში მუშაობა საკმაოდ საპასუხისმგებლოა. ბიოუსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა მოითხოვს განახლებული ინფორმაციების შესწავლა-დანერგვას. ჩემი მოვალეობაა, სპეციალისტებს ავუხსნა და ვასწავლო: რისთვის არის დადგენილი უსაფრთხოების გარკვეული მოთხოვნები, შექმნილი შესაბამისი აღჭურვილობა და აღჭურვილობის სწორი გამოყენების პრინციპები, ხოლო საფრთხის შემთხვევაში, რისკების სწორი შეფასება და რეაგირება.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გავიზარდე როგორც პროფესიონალი და მივიღე საფუძვლიანი სამუშო გამოცდილება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი კოლეგების მაღალი პროფესიონალიზმი ჩემ ყოველდღიურ სამუშაო პროცესს საინტერესოს და შემეცნებითს ხდის”.