ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ინტერვიუ საქართველოს სოფლის მეურნოების სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორთან, ირაკლი გულედანთან

#

საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ისტორია 1907 წლიდან იწყება. სწორედ ამ დროს დაარსდა საქართველოში პირველი ვეტერინარული ლაბორატორია. წლების განმავლობაში ლაბორატორია გაფართოვდა, შეიქმნა სხვადასხვა დაავადებების კვლევის განყოფილებები. დღეისათვის, ლაბორატორიას მინიჭებული აქვს საერთაშორისო  ISO 17 025 სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ ლაბორატორიაში ჩატარებული ყოველი კვლევა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

 

ბატონო ირაკლი, რა შესაძლებლობები აქვს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას?

როგორც იცით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია არის სახელმწიფო ორგანო. ჩვენ ვემსახურებით სოფლის მეურნეობის მიმართულებებს, რაც გულისხმობს, ვეტერინარიის სფეროში, სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიულ და მცენარეთა მავნე დაავადებების მიმართულებით კვლევების განხორციელებას.
სამივე მიმართულება, ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად უფრო ძლიერდება. კვლევების ჩატარების პარალელურად, შესაძლებელი გახდება ფერმერებისთვის, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის კონსტულტაციის გაწევა.
ლაბორატორიის სამივე მიმართულების დეპარტამენტი აქტიურად ფუნქციონირებს. ვეტერინარიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. სურსათის უვნებლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ასეთივე მნიშვნელობისაა ფიტოსანიტარიის კუთხით მიმდინარე კვლევები. სამივე დეპარტამენტი ჯანსაღი პროდუქტის შექმნას ემსახურება და უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საქმეში. 

 

რომელი კვლევები იწვევს მოსახლეობის მაღალ ინტერესს?

მოსახლეობას ძირითადად აინტერესებს, არის თუ არა პროდუქტი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული, ასევე, თაფლში ხომ არ არის ანტიბიოტიკები. კვლევები აქტიურად ტარდება ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით; ეს ეხება - ცოფის, ბრუველოზის დიაგნოსტიკას. მიმდინარეობს კვლევები მცენარეთა ვირუსული და სოკოვანი დაავადებების მიმართულებით.

 

რეგიონული ლაბორატორიების ფუნქციებზე და როლზე რას გვეტყვით?

რაც შეეხება რეგიონალურ ლაბორატორიებს, დღეისათვის ჩვენ გვაქვს თბილისის ჩათვლით 13 ლაბორატორია, მათ შორის 3 ლაბორატორია არის მსხვილი - თბილისი, ახალციხე, ქუთაისი. აღნიშნულ ლაბორატორიებში ხდება ისეთი კვლევები რომლებიც არამარტო სკრინინგით შემოიფარგლება, არამედ კვლევის შედეგის ადგილზე დადასტურებაც შესაძლებელია.  
რაც შეეხება დანარჩენ ლაბორატორიებს, ისინი შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა ყველა ჩვენი რეგიონალური ლაბორატორია  ახდენს კვლევას იმ სფეროში, რომელშიც მათ აქვთ აკრედიტაცია და კომპეტენცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება კვლევის ნიმუშის შესაბამის ლაბორატორიაში გადამისამართება.

 რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საერთაშორისო მხარდაჭერა?

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ორგნიზაციებთან. გვაქვს უამრავი მემორანდუმი როგორც სასწავლო დაწესებულებებთან, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მიმარულებით მოქმედ ლაბორატორიებთან.
ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს ლუგარის კვლევითი ცენტრთან. რაც შეეხება შიდა სისტემას, ლაბორატორიას მჭიდრო კავშირი აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, ასევე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრთან.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაც. ჩვენი დიდი ხნის წარმატებული პარტნიორია ამერიკული თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო DTRA, სურსათის უვნებლობის მიმართულებით, მსოფლიო ბანკის სხვადასხვა პროექტი ლაბორატორიაში აქტიურად ხორციელდება.

 

როგორია ლაბორატორიის სამომვალო გეგმები?

სამომავლო გეგმები ბევრი გვაქვს, მოგეხსენებათ, ქვეყანა ევროპასთან დაახლოების გზაზე დგას. ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ლაბორატორია. ლაბორატორიის გაძლიერება ნიშნავს უფრო სწრაფად შევასრულოთ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენ ვგეგმავთ კვლევების გაძლიერებას, თანამედროვე მეთოდების დანერგვას, ტექნიკის გაუმჯობესებასა და მოთხოვნის გათვალისწინებით პერსონალის დამატებას, ასევე, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.  

 

ლაბორატორიაში სიახლეების დანერგვა, მომხმარებელს უფრო მეტი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.