სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2021 წელს შესრულებული სამუშაოს მოკლე ანგარიში
ლაბორატორიის საქმიანობის სფერო
სსიპ სოფლის მეურნეობის სხელმწიფო ლაბორატორიის (SLA) საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ცხოველთა (მ.შ. ფრინველი, თევზი, ფუტკარი) და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტირება, ასევე სურსათისა და სასმელი წყლის კვლევა.
ლაბორატორია კომპეტენციის ფარგლებში ჩართულია ქვეყნის მასშტაბით დაავადების კერის სალიკვიდაციო და საკარანტინო ღონისძიებებში და ხელს უწყობს ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდების აპრობაციასა და დანერგვას.
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მოიცავს თბილისის ლაბორატორიას, 2 ზონალურ‐დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას (ქუთაისი, ახალციხე) და 10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე და მესტია).
ხარისხის მართვა ლაბორატორიაში
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ყოველწლიურად წარმატებით გადის საერთაშორისო აკრედიტაციას, 2021 წლის მონაცემებით ლაბორატორია აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტის ისო/იეკ 17025:2017/2018‐ის მოთხოვნებს.
ეპიდ‐ზედამხედველობა ქვეყნის მასშტაბით
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო რეგიონული ლაბორატორიები აქტიურად არიან ჩართული აშშ‐ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის” ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის“ პროგრამაში და სრულიად მზადყოფნაში არიან ეპიდ‐აფეთქებების რისკის დროს, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში არსებული რეგიონული ლაბორატორიები აქტიურად მუშაობდნენ ყოველი რეგულაციისა და მოთხოვნის დაცვით.
ლაბორატორიის სპეციალისტთა გადამზადება/პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა
ლაბორატორიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, როგორც სამეცნიერო‐კვლევით საქმიანობას, ასევე, ლაბორატორიის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; უწყვეტად ხდება კადრების გადამზადება ლაბორატორიული კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის მიმართულებით. მიმდინარე წელს ლაბორატორიის სპეციალისტების სწავლებები მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში.
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ჩართულია პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ლაბორატორია აბარებს გამოცდებს პროფესიულ კვლევებში. მსგავს აქტიობებში მონაწილეობა წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის შეთავაზებული ტესტირების უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ‐ერთ სავალდებულო პირობას.
პროფესიული განათლების ხელშეწყობა
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. ლაბორატორიაში აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული სასწავლებლებიდან და უნივერსიტეტებიდან სტუდენტების ჩართვა საწარმოო პრაქტიკაში მათი მომავალი დასაქმების მიზნით. ამის საფუძველზე, საგრძნობლად გაიზარდა ახალგაზრდა კვალიფიციური ადამიანური რესურსი. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების მიღების შემდეგ გრძელდება მათი პროფესიული განვითარება. დასაქმებულმა სტუდენტებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა რიგ სამუშაო სწავლებებსა და ტრენინგებში.
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩართულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებში. 2021 წელს ლაბორატორიაში, ევროკავშირის ERASMUS + პროექტისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სტუდენტბის გაცნობითი და სასწავლო ვიზიტები ლაბორატორიაში. სტუდენტებმა სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და აკრედიტებული მეთოდების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღეს.
სტატისტიკა
2020 წლის მონაცემებთან შედარებით ლაბორატორიაში შემოსული კვლევის ნიმუშების რაოდენობა 2021 წელს 8%-ით გაიზარდა, ხოლო ჩატარებული კვლევების მაჩვენებელი 9%- ით არის გაზრდილი.
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
• 2021 წლის განმავლობაში შემუშავდა და დაინერგა 16 კვლევა;
• შემუშავდა და დამტკიცდა 19 სტანდარტული ოპერატიული პროცედურა;
• დეპარტამენტის ეროვნული აკრედიტაციის სფეროს დაემატა 1 მეთოდი, ხოლო რეაკრედიტაცია გაიარა 15 მეთოდზე;
• დეპარტამენტის სპეციალისტებმა გაიარეს სხვადასხვა ტრეინინგები;
• სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დატრეინინგდნენ და გაეცნენ დეპარტამენტში არსებულ კვლევებს;
• მიმდინარეობდა მუშაობა შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე;
• დეპარტამენტის სპეციალისტებმა წარადგინეს სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო კონფერენციაზე, სპეციალისტების სტატიები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალებში;
• სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს საკვალიფიკაციო ტესტირებებში.
ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
• 2021 წლის განმავლობაში შემუშავდა და დამტკიცდა 8 სტანდარტული ოპერატიული პროცედურა;
• სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სტრეინინგსა და სწავლებებში;
• დეპარტამენტმა წარმატებით გაიარა ეროვნული აკრედიტაციის ცენტრის მიერ ყოველწლიური შეფასება და აკრედიტაციის სფეროს გაფართოების სააკრედიტაციო აუდიტი;
• ცვლილებები შევიდა ლაბორატორიების სამუშაოს აღწერილობაში;
• დღეის მდგომარეობით, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში არსებულ ლაბორატორიებში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტების გახორციელება;
• დეპარტამენტს ემსახურება ვივარიუმი.
სურსათის კვლევის დეპარტამენტი
• 2021 წლის განმავლობაში შემუშავდა 10 კვლევის მეთოდი;
• დეპარტამენტში განახლდა 27 სტანდარტული ოპერაციული პროცედურა;
• სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს პრეისკურანტის განახლებაში;
• სპეციალისტებმა გაიარეს ონლაინ სწავლებები;
• დეპარტამენტმა წარმატებით გაიარა რეაკრედიტაცია და აკრედიტაცია ახალ მეთოდზე;
• მიმდინარე პერიოდში, სურსათის კვლევის დეპარტამენტში არსებულ ლაბორატორიებში, სტაჟირება გაიარა 10-მა სტუდენტმა.