ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

საქართველოში, სურსათის კვლევა 23 პარამეტრზე იქნება შესაძლებელი

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ევროპული სტანდარტების შესაბამისი კვლევის ახალი მეთოდები დაინერგა. ამასთან, უკვე დაწყებულია მუშაობა ლაბორატორიის გაფართოებაზე, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

ქვეყანაში, წლების განმავლობაში, სურსათის ხარისხის სრულყოფილი შემოწმება, გამოწვევად რჩებოდა. რაც ერთი მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა უსაფრთხო პროდუქციის არსებობას ბაზარზე, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებდა ქართული წარმოების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს. განსაკუთრებით კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც კვლევებისა და ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის არქონის გამო, ექსპორტი ფერხდებოდა. პრობლემის გასაჭრელად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში კვლევების არეალი გაფართოვდა და პროდუქციის ხარისხის შემოწმება დამატებით 13 პარამეტრზე ხორციელდება. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში "ბიზნესპარტნიორთან“ ამბობენ, რომ პირველად საქართველოში, უკვე შესაძლებელია რძისა და რძის პროდუქტებში სტაფილოკოკების გამოვლენა.

"უკვე დანერგილია კვლევის ახალი მეთოდები. კერძოდ: წყლის საერთო შემცველობის განსაზღვრა გაყინულ ქათამში და ქათმის ცალკეულ ნაჭრებში;. სიმსხოს განსაზღვრა ფქვილსა და ქატოში; აფლატოქსინი M1-ის განსაზღვრა რძეში მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფის გამოყენებით; ასევე მაკროლიდების და თიამულინის განსაზღვრა თაფლში სითხურ ქრომატოგრაფთან შეუღლებული სამმაგ კვადრუპოლიანი მას-სპექტრომეტრის (LC/MS/MS) საშუალებით და სხვა. ხოლო ახლო მომავალში იგეგმება 10 ახალი კვლევის მეთოდის დანრგვა, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო - ქიმიური კვლევების მიმართულებით“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ ანა გულბანმა.

მისივე თქმით, მიუხედავად პანდემიური ვითარებისა, 2020 წელს, ლაბორატორიაში შესული კვლევის ნიმუშების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 14 %-ით გაიზარდა. ხოლო ჩატარებული კვლევების მაჩვენებელი 19%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, სურსათის უვნებლობის შემოწმება ჯამში 700-მდე პარამეტრით ხორციელდება.

 

გადაცემა "ბიზნესპარტნიორი"

ავტორი: ნინო ბასილაშვილი