ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

"მეამაყება ჩემი პროფესია"

#

-რატომ აირჩიეთ ვეტერინარის პროფესია?

-„მამა მყავდა ვეტ-ექიმი. ერთ დღეს შევესწარი როგორ გადაარჩინა მამამ ძროხა, რომელსაც გართულებული მშობიარობა ჰქონდა. დავინახე, თითქოს ძროხას ცრემლები მოსდიდოდა და გადავწყვიტე მეც მამასავით დავხმარებოდი ცხოველებს.მათმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა გავმხდარიყავი ვეტერინარი. წელს, ზუსტად 50 წელიწადია, რაც ჩემი პროფესიით ვმუშაობ ამ ლაბორატორიაში.“

-როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა?

-„1967 წელს წარჩინებით დავამთავრე სწავლა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში ვეტერინარიის ფაკულტეტზე. იმავე წელს, დავიწყე მუშაობა ვაშლიჯვარში მდებარე ლაბორატორიაში.ის გარემო, რომელიც დამხვდა, ის სტრუქტურა და სპეციალისტების კვალიფიკაცია, გვიტოვებდა ისეთ შეგრძნებას, რომ თითოეულ ჩვენგანს საპასუხისმგებლო საქმე ეკისრებოდა. თავდაპირველად, ლაბორანტის პოზიცია მეკავა სხვადასხვა განყოფილებებში. მინდოდა, რაც შეიძლება მეტი მესწავალა გამოცდილი ვეტერინარებისგან. ბოლოს, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მაინტერესებდა სხვადასხვა დაავადებების დროს, რა პროცესები ვითარდებოდა ცხოველის ორგანიზმში და პათოლოგიური მორფოლოგიის განყოფილებაში განვაგრძე მუშაობა. 1982 წელს ამ განყოფილების გამგეც გავხდი.“

-რამე სიახლე თუ გაქვთ შეტანილი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სფეროში?

-„იმ პერიოდში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში გავრცელებული იყო ლეიკოზის და ტუბერკულოზის დაავადება. ლაბორატორიაში დანერგილი მეთოდები, ან არ იყო საკმარისი საბოლოო დიაგნოზის დასასმელად, ან კიდევ დროში ძალიან იწელებოდა, ამიტომ საჭირო იყო ახალი მეთოდის დანერგვა, რომელიც იქნებოდა უფრო სწრაფი და სანდო. მე გავიარე სწავლებები და საბოლოოდ ჩვენს ლაბორატორიაში დავნერგე ჰისტოლოგიური კვლევა, ანუ დაავადების დიაგნოსტიკა ქსოვილის დონეზე. ეს, მაშინ მნიშვნელოვანი სიახლე იყო, ვინაიდან პასუხი 2 თვის ნაცვლად 7 დღეში გაიცემოდა და 99%-ით იყო საიმედო. დღესაც, ვეტ-ექიმ ჰისტოლოგად ვმუშაობ.“

-50 წლის მანძილზე, რა იყო ის მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?

-„ასეთი ბევრი რამ იყო. ყოველი დღე თავისებურად დასამახსოვრებელი და საინტერესოა. მაგალითად, 1976 წელს, ჩვენს ლაბორატორიაში გამოვიკვლიეთ ის მაიმუნები, რომლებიც ცირკის წარმოდგენებში მისაღებად, გასტროლებით მყოფმა ჯგუფმა ჩამოიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი დაავადებულები იყვნენ და საქართველოს ტერიტორიაზე დაიხოცნენ. ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, დიაგნოსტირებას ესწრებოდნენ მოწვეული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და რაც ყველაზე საინტერესოა, დიაგნოზი დაისვა ისეთ დაავადებაზე, რომელიც არ იყო მასიურად გავრცელებული. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ მსგავსი ტიპის კვლევა ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა.

ჩვენივე ლაბორატორიის ბაზაზე დაისვა ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობის დიაგნოზი 1982 წელს. როდესაც მეღორეობის ფერმა-კომპლექსში დაიწყო მაისურად ახალშობილი გოჭების დახოცვა და დიაგნოზის დასასმელად, კვლევის პროცესს ესწრებოდნენ მოწვეული სპეციალისტები მოკავშირე რესპუბლიკებიდან. ღორების ვირუსულ გასტროენტერიტზე დიაგნოზი დაისვა იმ მეთოდით, რომელიც მე დავნერგე ამ ლაბორატორიაში.

განსაკუთრებულად მახსენდება 90-იანი წლების პერიოდიც. ეს იყო ურთულესი პერიოდი, შექმნილმა ვითარებამ გავლენა რა თქმა უნდა მოახდინეს ლაბორატორიების მუშაობაზეც. არ გაგვაჩნდა საკმარისი დიაგნოსტიკუმები, არ იყო ელექტროენერგია. ფაქტიურად, არც ტრანსპორტი მოძრაობდა სამსახურში მოსასვლელად. თუმცა, ჩვენს ლაბორატორიას მუშაობა არ შეუწყვეტია. დიაგნოზს ვსვამდით პათ. ანატომიური გაკვეთით და დიაგნოზის უტყუარობა დასტურდებოდა ცხოველების სწორი მკურნალობით. ეს იყო განსაკუთრებული გარემო. ჩვენ ყველანი, ერთად დგომით და პროფესიის სიყვარულით დავდიოდით სამსახურში, რომელიც იგივე ჩვენი სახლი იყო.“ - ლალი კვიტაიშვილი.

#მეამაყება #ჩემი #პროფესია
#სოფლისმეურნეობა2017
#სოფლისმეურნეობისლაბორატორია