ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

მცენარეთა პარაზიტული ნემატოდები - ფიტოჰელმინთები

ფიტოჰელმინთები, მიკროსკოპული სიდიდის ორგანიზმებია, რომელთა მიზეზით შეიძლება განადგურდეს სასოფლო სამეურნეო კულტურების ნათესები, მრავალწლიან მცენარეთა პლანტაციები, ტყის მასივები, შენახული მოსავალი და სხვა. მეცნიერებისათვის ცნობილია 3000-ზე მეტი ფიტოჰელმინთი. აქედან 1000 სახეობას შეუძლია გამოიწვიოს მცენარის სხვადასხვა ორგანოებში პათოლოგიური რეაქციები, 500-მდე სახეობა ფიტოჰელმინთოზის გამომწვევია, ხოლო მათ შორის 100-მა სახეობამ შესაძლოა სასოფლო სამეურნეო კულტურები დიდ ფართობზე მასობრივად გაანადგუროს, გამოიწვიოს სახელმწიფოებრივი დონის კარანტინის აუცილებლობა და შეაჩეროს ექსპორტ-იმპორტი ქვეყნებს შორის. ნემატოდებით გამოწვეული ზარალი ყოველწლიურად მსოფლიოში, მოსავლიანობის დანაკარგით 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ნემატოდები ანუ მრგვალი ჭიები ფართოდ გავრცელებული მიკროსკოპული ცხოველებია. მათ შორის არიან როგორც თავისუფლად მცხოვრები, ისე პარაზიტული ფორმები. მათი სიგრძე 0,3მმ-დან 5მმ-მდე მერყეობს, თუმცა არის გამონაკლისებიც. მაგ, Dorylaimida-ს შორის ცნობილია 8.94მმ-ი (Xiphinema-ს გვარიდან) და 11 მმ-ზე მეტი სიგრძის მქონე ნემატოდები (Longidorus-ის გვარიდან). ცნობილია ასევე მცირე ზომის 0.3მმ-ზე ნაკლები სიგრძის ფორმებიც (Criconematidae-ს ოჯახიდან). ფიტოჰელმინთების სიგანე კი გაცილებით ნაკლებია, ჩვეულებრივ 15-20 მიკრონი და არა უმეტეს 200-400 მიკრონისა. სხეულის ფორმა ძაფისებრი ან თითისტარისებრია, მხოლოდ ზოგიერთ ფიტოჰელმინთს აქვს ლიმონისებრი, მსხლისებრი და სხვა ფორმა. ფიტოჰელმინთები ბინადრობენ როგორც ვეგეტაციაში მყოფი მცენარის ორგანოებში, ასევე თესლში, ბოლქვსა და ტუბერებში. ამიტომ მათი მავნე მოქმედება არ შემოიფარგლება მცენარის ვეგეტაციის პერიოდით, შენახვის დროს ნემატოდებისაგან დიდ ზიანს განიცდიან ტუბერები და ბოლქვები. 

გარდა პირდაპირი ზიანისა, რასაც ნემატოდები მცენარეებს აყენებ როგორც პარაზიტები, დიდია მათი მნიშვნელობა მცენარეთა სოკოვან და ბაქტერიული ინფექციების გადატანა-გავრცელებასა და დაავდებების განვითარებაში. ამასთანავე ნემატოდებს არა მარტო პასიურად გაადააქვთ სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები, არამედ იწვევენ მათი გამრავლების სტიმულირებას, აძლიერებენ მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს, მცენარეთა მიმღებიანობას ჭკნობის (ფუზარიოზული, ვერტიცილიოზური და სხვა) მიმართ, დიდ როლს ასრულებენ ფესვის სიდამპლის განვითარებაში, ამცირებენ სასუქების, ხელოვნური რწყვის და სხვა ღონისძიებების ეფექტურობას. ასევე, მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ ნემატოდები ვირუსული ინფექციების გადამტანებია, რომელთაც გადააქვთ სხვადასხვა ფიტოპათოგენური ვირუსი ვაზზე, ხეხილზე, ბოსტნეულ კულტურებზე და სხვა. გარდა ამისა, ნემატოდოზიანი მცენარე კარგავს გვალვაგამძლეობისა და ყინვაგამძლეობის უნარს და გამძლეობას სხვა დაავადებებისადმი. 

სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მეურნეობებში ფიტოჰელმინთების უმეტესობა ეკუთვნის ტილენქიდების  რიგს - Tylenchida, ხოლო მცირედი დორილაიმიდების -Dorylaimida-ს, მაგალითად Meloidogyne spp, Heterodera spp, Aphelenchoides spp, Ditylenchus dipsaci არიან ნემატოდები, რომლებიც აზიანებენ მცენარეებს მთელ მსოფლიოში. Meloidogyne spp, ფესვის გალიანი  ნემატოდა, რომელიც ძირითადად ფესვთა სისტემას აზიანებს, შეუძლია მცენარის მცირე დაინვაზირების შემთხვევაში 20%-30%-ით  შეამციროს მოსავლიანობა, ხოლო ძლიერ დაინვაზირების შემთხვევაში კი 50%-70%-ით. Heterodera spp, ძირითადად ფესვებს ასუსტებს და აფუჭებს. Ditylenchus dipsaci  აზიანებს როგორც მცენარის მიწისქვეშა ნაწილებს  (ტუბერი, ბოლქვი), ასევე გვხვდება მცენარის მიწისზედა ნაწილებში (ღეროში, ფოთოლში, ყვავილში, თესლში). მცენარეში შეჭრისას სიმპტომები ვლინდება მცენარის მიწისზედა ნაწილების შეშუპებით, დეფორმაციით, ფერის შეცვლით და ზრდის შეჩერებით, ხოლო ბოლქვების და ტუბერების შემთხვევაში, ლპობით. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნემატოდაა Bursaphelenchus xylophilus ფიჭვის მერქნის ნემატოდა, რომელსაც შეუძლია ძალზე სწრაფად გაახმოს ხე, ის ძალზე საშიში პარაზიტია.
ფიტოჰელმინთების გამოსავლენად აუცილებელია ნიადაგის და მცენარეული ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი  სპეციალური ღონისძიებების გატარება.

 

რეკომენდაციები:
სარწყავი სისტემის ტიპის გათვალისწინება (არ არის სასურველი მიგდებით მორწყვა, რაც მავნებლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს);
მექანიკური იარაღების დეზინფექცია, რათა თავიდან იყოს აცილებული ფიტოჰელმინთების შეტანა-გავრცელება სათეს-სარგავ სავარგულებზე;
სარგავი-სათესი მასალის გამძლე ჯიშებით ან ჰიბრიდებით ჩანაცვლება;
ხშირი თესლბრუნვები;
ნემატოდისადმი მიმღებიანი კულტურები თესლბრუნვიდან ამოღებული უნდა იქნეს არანაკლებ 4-5 წლით;
მცენარის გაძლიერება საკვები ნივთიერებებით;
ნიადაგის გასუფთავება ზედმეტი მცენარეული ნარჩენებისა თუ სარეველა მცენარეებისაგან;
დაინვაზირებული მცენარეების ამოძირკვა და განადგურება;
ნიადაგის ხშირი გაფხვიერება;
ფუმიგაცია, ნემატოციდების გამოყენება და სხვა.
სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვის ღონისძიებების სწორად წარმათვისა და პროდუქციის დანაკარგების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია წინასწარ იქნას ნიადაგი და სარგავ-სათესი მასალა შემოწმებული ფიტოჰელმინთებზე, რაც აგარიდებთ თავიდან  გაუთვალისწინებელ, ზედმეტ ხარჯებს.

 

ავტორები:

ნინო ბადალაშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის,  ენტომოლოგიის ლაბორატორიის უფროსი

ნინო ნაზარაშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის,  ენტომოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი