კენკროვანი კულტურების სარეველები
საქართველოში კენკროვანი კულტურები ფართოდ არის გავრცელებული, ზოგი მათგანი ველურად იზრდება, ზოგიც ადამიანს მოჰყავს, ისინი წარმოადგენენ მრავალწლიან მცენარეებს (ბუჩქებს, ნახევარბუჩქებს, ბალახებს), რომელთაც საჭმელად ვარგისი ნაყოფი კენკრა აქვთ.
საქართველოში უმეტესად მოჰყავთ მარწყვი, ჟოლო, უეკლო მაყვალი, ლურჯი მოცვი, ხურტკმელი, მოცხარი.
კენკრა შეიცავს ადამიანის კვებისთვის მნიშვნელოვან ორგანულ მჟავებს, შაქარს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებსა და არომატულ ნივთიერებებს, იხმარება ნედლად, გაყინული, გამხმარი სახით; ამზადებენ მურაბას, ჯემს, კომპოტს, სასმელს, მარმელადს და სხვ.
კენკროვანი კულტურების ნაყოფს სამკურნალოდ იყენებენ: მოცვს შეუძლია დაბლოკოს კიბოს უჯრედები, მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი მფრინავები ღამით მხედველობის გაუმჯობესების მიზნით მოცვს იღებდნენ; მაყვალს იყენებენ ნევროზის, სკლეროზის, ჰიპერტონიის და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, ფოთლის ნახარში გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების დროს. ჟოლო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კენკრაა, მას ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ და კიბოს უჯრედებსაც ებრძვის.
კენკროვანებს დიდ ზიანს აყენებენ სხვადასხვა მავნე ორგანიზმები (მავნებლები, დაავადებების გამომწვევები, სარეველები). კენკროვანი კულტურების სარეველებია: დედოფლისთითა (Veronica officinalis L), ჩვეულებრივი მატიტელა (Polygonum aviculare L.), მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P. B), გლერტა (Cynodon dactylon (L.) Pers.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ნარი (Cirsium arvense L.), ღიჭა (Sonchus arvensis L.), ქუთქუთა (Thlaspi arvense L.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medic.), შალგი (Brassica campestris L.), ჟუნჟრუკი (Stallaria media (L.) Cyr.), სპერგულა (Spergula L.), Garcke), ლემა (Datura stramonium L.), ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia L.), შვიტა (Equisetum L.), ძაღლყურძენა (Solanum nigrum L.), შვრიუკა (Avena fatua L.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.), მწყერფეხა (Digitaria ischaemum L.), რუსული ღიღილო (Centaurea cyanus L.), მინდვრის მდოგვი (Sinapis arvensis L.), ხოვერა (Galium tricorne With.), ყანის ჭლექი (Fallopia convolvulus (L.) A.Love), დანდური (Portulaca oleracea L.), თავცეცხლა (Galeopsis tetrahit L.), გვირილა (Matricaria officinalis L.), საგველა (Apera spica-venti L.), შავთარა (Fumaria officinalis L.), ბოლოკა (Rapistrum rugosum (L.) All.) და სხვა.
მინდვრის მდოგვი - Sinapis arvensis L.
ერთწლიანი, ბალახოვანი, ფართოფოთლიანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ღერო - სწორმდგომი, კუთხოვანი, დატოტვილი, შებუსული, სიმაღლე 10-100 სმ; ფოთლები - მჯდომარე, მოგრძო კვერცხისებრი, დაკბილული, ბოლოწაწვეტებული; ყვავილი - ყვითელი, გვირგვინის ფურცლები ფართო კვერცხისებური, ყვავილობს მაის-ივნისში; ნაყოფი - ჭოტი, ცილინდრული, შიშველი ან ოდნავ შებუსული, თესლი მწიფდება ივლის-აგვისტოში, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს ნიადაგში 10 წელიწადს, ერთი მცენარე ივითარებს 1200-2000 ცალ თესლს.
თავცეცხლა - Galeopsis tetrahit L.
ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, დატოტვილი; ღერო - ძლიერ დატოტვილი, დაფარული უხეში ბუსუსებით, სიმაღლით 50 სმ; ფოთლები - მოგრძო-კვერცხისებური, წაწვეტებული, დაკბილული კიდეებით; ყვავილები - მოვარდისფრო იასამნისფერი ან თეთრი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - კაკლუჭა, ერთ მცენარეზე ვითარდება 100-600 თესლი, სიცოცხლისუნარიანობა - 14 წელია.
ხოვერა - Galium tricorne With.
ერთწლიანი, ბალახოვანი, მხოხავი სარეველა მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან, სიგრძით 10-60 სმ; ღერო - მარტივი, მხოხავი, ოთხწახნაგიანი; ფოთლები - ხაზურა-ლანცეტისებური, რგოლებად შეკრებილი; ყვავილი - მოთეთრო, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - კაკლუჭა, მრგვალი, ყავისფერი, ბორცვიანი, დიამეტრით 2-3.5 მმ, თესლი - მრგვალი, კაკლუჭისმაგვარი.
ავშანფოთლიანი ამბროზია - Ambrosia artemisiifolia L.
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, ნიადაგში აღწევს 4 მ-მდე; ღერო - სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, 0.1-2.5 მ სიმაღლის; ფოთლები - ერთი ან ორმაგ ფრთისებრდანაკვთული, ქვედა მხრიდან შებუსული; ყვავილები - ყვითელი, კალათად შეკრებილი ყვავილობა - ივლისის ბოლო, აგვისტო; ნაყოფს იძლევა სექტემბერ - ოქტომბერში. მტვერი იწვევს ადამიანის ალერგიულ რეაქციებს.
ბოლოკა - Rapistrum rugosum (L.) All.
ერთწლიანი, მოზამთრე სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, ძლიერი; ღერო - სწორი, სუსტად დაღარული, დატოტვილი 30-100 სმ სიმაღლის; ფესვთან მდებარე ფოთლები, ყუნწიანია, მუქი მწვანე, ზოგჯერ მოწითალო ელფერით, ზედა ფოთლები, მოგრძო ლანცეტისებური ან ოვალური დაკბილული; ყვავილი - ყვითელი ფერის, ღეროს ბოლოში განლაგებული, ყვავილობს მაის-აგვისტოში; ნაყოფი - ჭოტაკი შედგება ორი ნაწილისგან, ზედა - მომრგვალო კაკლუჭაა, ქვედა ცილინდრული, ზედაპირი დანაოჭებული, ნაცრისფერ-ჩალისფერი, ხშირად შავი წერტილებით.
ძაღლყურძენა - Solanum nigrum L.
ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი - ფუნჯა; ღერო - სწორი, დატოტვილი, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები - მარტივი, მორიგეობით განლაგებული, ოვალურ - კვერცხისებური, დაკბილული; ყვავილები - თეთრი, ვარსკვლავისებური, შეკრული ნახევარქოლგად, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; ნაყოფი - შავი, წვნიანი კენკრა, მრგვალი, 1 სმ დიამეტრის, მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.
რუსული ღიღილო - Centaurea cyanus L.
ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, წვრილი; ღერო - სწორი, დაღარული, სიმაღლე 15-10 სმ; ფოთლები -ლანცეტისებრი, მჯდომარე, შებუსული; ყვავილი - ლურჯი, მოლურჯო- იასამნისფერი დიამეტრით 3 სმ, ყვავილობს ივნის-სექტემბერში; თესლურა მწიფდება აგვისტოში.
გვირილა - Matricaria officinalis L.
ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან სპეციფიკური სუნით; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - შიშველი, შეუბუსავი, სიმაღლე 15-60 სმ, ძირიდან დატოტვილი; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, ორმაგფრთისებრ დანაკვთული; ყვავილედი - კალათა, დიამეტრით 25 მმ; ნაყოფი - ცილინდრული თესლურა ოდნავ მოხრილი, გვერდებთან შეჭყლეტილი, ერთ მცენარეზე ვითარდება 5000 თესლი.