ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სათბურში გავრცელებული სარეველა მცენარეები

სათბური არის კონსტრუქცია,  სადაც ხდება ნერგის, ჩითილის გამოზრდა, ბოსტნეულის მოყვანა. ის მცენარეებს იცავენ ბუნების არახელსაყრელი ზემოქმედებისგან (სეტყვა, ქარი, გვალვა, წაყინვები), რადგან აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია შეიქმნას მცენარეთა განვითარებისთვის ოპტიმალური პირობები: ტემპერატურა, ტენიანობა, განათება  მაქსიმალური მოსავალის მისაღებად. 

სათბურში ხშირად გავრცელებულია მცენარისათვის საშიში მრავალი მავნე ორგანიზმი: სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები, მწერები, ტკიპები, სარეველა მცენარეები.

 

სარეველა მცენარეებიდან გავრცელებულია: ჟუნჟრუკი (Stallaria media (L.) Cyr.), ღიჭა (Sonchus  arvensis L.), ღორის ქადა (Lactuca serriola L.), ყაყაჩო (Papaver rhoeas L.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), ტყის წიწმატი (Cardamine hirsuta L.), ბაბუაწვერა  (Taraxacum officinale Wigg.), ჭინჭარი ორსახლიანი (Urtica diodica L.), რძიანა (Euphorbia L.), ბალბა (Malva sylvestris L.), მწყერფეხა (Digitaria ischaemum L.), მჟაველა (Oxalis L.), ნარი (Cirsium L.) და სხვ.

 

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.

 

ჟუნჟრუკი - Stallaria media (L.) Cyr. 

ერთწლიანი, ბალახოვანი, ეფემერი, სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან; ფესვი - ფუნჯა; ღერო - სუსტი, მწოლარე, ცილინდრული, დატოტვილი, 10 სმ-მდე; ფოთლები - კვერცხისებური, ბოლოში წაწვეტებული; ყვავილები - პატარა, თეთრი; ყვავილობს  მაის-აგვისტოში; ნაყოფი - კოლოფი, მოგრძო ფორმის; თესლი - მომრგვალო ან თირკმლისებური, მუქი ყავისფერი ან მონაცრისფრო-ყავისფერი, სიგრძე 0.75-1.25 მმ, ერთი მცენარე იძლევა 15 000 თესლს, აღმოცენების უნარს 2-5 წლის განმავლობაში. სათბურში ფართოდ გავრცელებული და ძნელად აღმოსაფხვრელი მცენარეა.

 

ღიჭა - Sonchus  arvensis L. 

მრავალწლიანი, ფესვნაყარი, აბეზარი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით  150-170 სმ; ფესვი - მთავარღერძა, ნიადაგში ვრცელდება 4 მ-ზე, ჰორიზონტალურად  1 მ-ზე; ღერო  - შებუსული ჯირკვლოვანი ბუსუსებით; ფოთლები - დაკბილული; ივითარებს ყვითელ, ბაბუაწვერას მსგავს  ყვავილებს; ნაყოფი - მოგრძო-ოვალური თესლურაა, ნაოჭიანი, ოდნავ მოხრილი, მუქი ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.2 მმ, სიგანე 0.7-1.2 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება  6 000-20 000  თესლი, სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს  5 წელიწადს.

 

ღორის ქადა - Lactuca serriola L. 

ორწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესურა ვრცელდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად; ღერო - სწორმდგომი, ეკლიანი, უხეში, სიმაღლე 60 – 150 სმ, შეიცავს რძისებურ სითხეს; ფოთოლი - მჯდომარე მონაცრისფრო - მწვანე, დაკბილული; ყვავილედი - კალათა, ყვავილი წვრილი ყვითელი, ყვავილობს ივნის-სექტემბერში;  ნაყოფი - თესლურა, უკუკვერცხისებრი, ყავისფერი, თეთრი საფრენით, ჭიპი მომრგვალებული, ზედაპირი დანაოჭებული, სიგრძე 3-3.25 მმ, სიგანე 1-1.25 მმ.

 

ყაყაჩო - Papaver rhoeas L. 

ერთწლიანი, ბალახოვანი, მოზამთრე, შხამიანი, აბეზარი სარეველა მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, შებუსული  30-80 სმ; ფოთოლი - ფრთისებრდანაკვთული, მონაცრისფრო-მწვანე, მორიგეობით განლაგებული; ყვავილი - ერთეული, წითელი, იშვიათად თეთრი ან ვარდისფერი,  ყვავილობა  მაისი-აგვისტო; ნაყოფი - კოლოფი, მრგვალი ან უკუკვერცხისებრი, შიშველი, სიგრძე 2.2 სმ;  თესლი თირკმლისებური, ყავისფერი მოწითალო ელფერით, სიგრძე 0.75-1 მმ, სიგანე 0.5-0.75 მმ, ნაყფომსხმოიარობა ივლისი-სექტემბერი, ერთი მცენარე ივითარებს 50 000 თესლს. სათბურში ფართოდ გავრცელებული და ძნელად აღმოსაფხვრელი მცენარეა. 

 

ჯიჯლაყა - Amaranthus retroflexus L. 

ერთწლიანი საგაზაფხულო სარეველა მცენარეა ჯიჯლაყასებრთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მარტივი ან დატოტვილი, ღია მწვანედან მოწითალომდე, სიმაღლე 20-150 სმ; ფოთლები - კვერცხისებურ-რომბისებური; ყვავილედი - ცილინდრული, მწვანე ფერის, ყვავილობს ივნის-სექტემბერში; თესლი - მომრგვალო, მუქი ყავისფერი, პრიალა, დიამეტრით 1 მმ, ერთი მცენარე იძლევა 5 000 თესლს.

 

ტყის წიწმატი - Cardamine hirsuta L. 

ერთი ან ორწლიანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან,  რომელიც ფუძესთან დატოტვილია; ღერო - შეუბუსავი ან ოდნავ შებუსული, 5-30 სმ სიმაღლის; ქვედა ფოთლები ყუნწიანი, თირკმლისებური, როზეტის ფოთლები 3-7 ფრთისებრდანაკვთული, ღეროს ფოთლები - მჯდომარე, გრძელი, 5-9 ფრთისებრდანაკვთული; ყვავილები - თეთრი, პატარა; ნაყოფი - ჭოტაკი, 12-25 მმ სიგრძის, გრძელი ყუნწით; თესლი - ღია ყავისფერი, მცირე ზომის; მცენარე ყვავილობს და ნაყოფს იძლევა მაისიდან აგვისტომდე. მცენარე ფართოდ არის გავრცელებული სათბურებში.

 

ბაბუაწვერა  - Taraxacum officinale Wigg. 

მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი სარეველა მცენარეა  რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, 30 სმ სიმაღლის; ფოთოლი - მწვანე, ლანცეტა, დაკბილული, ფუძესთან როზეტად შეკრებილი; ყვავილედი - კალათა, ყვავილი ყვითელი, ერთეული; ყვავილობს მაის-ივნისში, ზოგჯერ გვიან შემოდგომაზეც აღინიშნება; ნაყოფს იძლევა მაისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე. თესლურა თითისტრისებური, ყავისფერი, დანაოჭებული, ზედა მხარეს მცირე ზომის ეკლიანი გამონაზარდებით, თეთრი ქოჩრით, სიგრძე  3-4 მმ, სიგანე  1.25-1.5 მმ; ერთ მცენარეზე ვითარდება 3000 – 8000 თესლი. 

 

ბალბა - Malva sylvestris L. 

ორწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ბალბისებრთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, დატოტვილი, შებუსული, 30-120 სმ-მდე; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული,  გრძელი ყუნწით, 5-7 ფრთისებრდანაკვთული, ხერხისებრ დაკბილული; ყვავილი - მოვარდისფრო-იასამნისფერი 1-5 ცალის რაოდენობით ფოთლის იღლიებშია განლაგებული, ყვავილობს ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე; თესლი     მომრგვალო-თირკმლისებური, შეჭყლეტილი, გლუვი, მოყავისფრო, სიგრძე და სიგანე 1.75-2 მმ, მწიფდება არათანაბრად, აგვისტოდან ყინვების დაწყებამდე. 

 

მწყერფეხა - Digitaria ischaemum L. 

ერთწლიანი, მარცვლოვანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა. ფესვი - ფუნჯა; ღერო სწორმდგომი, 10-50 სმ-მდე, შეუბუსავი, გლუვი; ფოთლები - ლანცეტა, მწვანე ან მომწვანო-იასამნისფერი; ყვავილედი - თავთავი, სიგრძე 2.2-2.5 მმ, ყვავილობს ივლისში;  მარცვალი - ელიფსური, მოყვითალო-ყავისფერი, სიგრძე 1-2.8 მმ,  თესლს იძლევა აგვისტო-სექტემბერში.

 

ნაცარქათამა - Chenopodium album L.

 
ერთწლიანი, ბალახოვანი, საგაზაფხულო სარეველა მცენარეა ნაცარქათმასებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მომწვანო-მონაცრისფრო, სიმაღლე 20-100 სმ; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, კვერცხისებურ-რომბისებური, დაკბილული; ყვავილედი - თავთავისმაგვარი, სიგრძე 10-40 სმ, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლურა - მომრგვალო, წვრილი, შავი, დიამეტრით 1.5 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 100000 თესლი, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 8 წელიწადს. 

 

რძიანა - Euphorbia L. 

მრავალწლიანი, ფესურიანი, შხამიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა რძიანასებრთა ოჯახიდან; ფესვი - ძლიერი, დატოტვილი, სქელი, ვრცელდება 4 მ-მდე; ღერო - სწორი, მარტივი, დატოტვილი ზედა ნაწილში, ნაცრისფერი, 30-70 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა ან ლანცეტისებრი, სიგრძე 2-9 სმ; ყვავილი - შეკრებილია 15 სხივური ქოლგის სახით, ყვითელი, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; ნაყოფი - კოლოფი, სამბუდიანი, მოჩალისფრო-ყავისფერი, თესლი - ოვალური, მოგრძო - კვერხცისებური, ზემოთ დიდი დანამატით, ზედაპირი გლუვი, მბზინავი, ნაცრისფერი, სიგრძე 2.5-3.25 მმ, სიგანე 1.5-2 მმ.

 

ჭინჭარი ორსახლიანი - Urtica dioica L. 

მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, ძნელად აღმოსაფხვრელი სარეველა მცენარეა ჭინჭრისებრთა ოჯახიდან, 60-200 სმ სიმაღლის. ღერო  - სწორმდგომი, შებუსული;  ფოთლები - კვერცხისებურ-ლანცეტისებრი, გრძელი ყუნწით, კიდედაკბილული; ყვავილები - მოყვითალო-მწვანე, წვრილი, ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე; თესლი - კვერცხისებური, წვეროსკენ ოდნავ შევიწროებული, ფუძესთან - ფართო, ჭიპი მომრგვალო, მკაფიოდ შესამჩნევი, გლუვი, მონაცრისფრო - ყავისფერი, სიგრძე  1.25-1.75 მმ, სიგანე 0.75-1 მმ, მწიფდება ივლისიდან.

 

 

 

ავტორები: 

მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის  დოქტორი PhD
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის
დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის
მთავარი სპეციალისტი

ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის  დოქტორი PhD
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის
დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის
მთავარი სპეციალისტი