მზესუმზირას სარეველები
მზესუმზირას სამშობლო ჩრდილოეთი ამერიკაა. არქეოლოგიური გათხრებით დამტკიცდა, რომ ინდიელებმა მისი კულტივირება 2000 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყეს, ზოგი არქეოლოგი ამტკიცებს, რომ მზესუმზირას მოვლა-მოყვანა დაიწყეს ხორბალზე უფრო ადრე. ინდიელები მას მიიჩნევდნენ მზის ღვთაების (ინტის ანუ პუნჩაოს) სიმბოლოდ, განსაკუთრებით აცტეკები, ოტომები (მექსიკაში) და ინკები (პერუში). მე-16 საუკუნეში მზესუმზირა ამერიკიდან ევროპაში გავრცელდა, სადაც მას „მზის ყვავილი“ უწოდეს.
საქართველოში მზესუმზირა უმეტესად მოჰყავთ კახეთის რეგიონში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი); მოსავალს იღებენ კალათების ძირითადი მასის (80-90 %) მურა ყვითლად ან მურად შეფერვისას; მზესუმზირა შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, ვიტამინსა და მინერალს: კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, ნატრიუმს, კალციუმს, ცხიმებს, მეთიონინს, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს; მზესუმზირას ზეთს იყენებენ კულინარიაში, მისი ნაცრისგან მიღებული პოტასიუმი გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში, ჩენჩოზე 10 %-იანი სინთეზური წებოს დამატებით და დაწნეხით იღებენ მოზაიკურ, ძვირფას ფილებს ავეჯისთვის და სხვა ნივთებს; კოპტონი, ჩენჩო, ბზე და სილოსი ცხოველთა საკვებად გამოიყენება.
მზესუმზირას დიდ ზიანს აყენებენ სარეველა მცენარეები: მზესუმზირას კელაპტარა (Orobanche cumana Wallr.), მდელოს თივაქასრა (Poa pratensis L.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca (L.) P.B.), შალაფა (Sorghum halepense L.), ყანის ბირკა (Caucalis daucoides L.), ბოლოკა (Rapistrum rugosum (L.) All.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medic.), ჩვეულებრივი ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia L.), ბეგიაური (Galium aparine L.) და სხვა.
ქვემოთ წარმოდგენილია მათი მოკლე დახასიათება.
მზესუმზირას კელაპტარა - Orobanche cumana Wallr.
ფესვის პარაზიტია, ნიადაგის ზემოთ ღეროს თეთრი ფერისაა, შემდეგ იასამნისფერს იღებს, რომლის სიგრძე 50 სმ შეადგენს; ყვავილი - მოცისფრო საყვირის ფორმის; ნაყოფი - ყავისფერი კოლოფია, ერთი მცენარე 40 კოლოფს ივითარებს, თითოეულ კოლოფში 2000 თესლია, მცირე ზომის მტვრისებური, ქინძისთავისებურ- მსხლისებური, ოვალური, თითქმის სფეროსებური, ზედა ნაწილი ფართო, ქვედა შევიწროვებული, ზედაპირი დანაოჭებული, ჭიპი სუსტად გამოხატული, მუქი ყავისფერი, მონაცრისფრო-ყავისფერი, სიგრძე 0.25-0.3 მმ, სიგანე 0.25 მმ, ერთი მცენარე ივითარებს 60000 – 100000 თესლს, სიცოცხლის უნარს ინარჩუნებს 12 წელი.
მდელოს თივაქასრა - Poa pratensis L.
მრავალწლიანი, ფესურიანი, ერთ-ერთი ადრე საგაზაფხულო სარეველაა; ღერო სიმაღლით 30-90 სმ, იშვიათად 10-20 სმ; ფოთლები - ვიწრო, ხაზურა, სიგრძით 4 მმ, სუსტად შებუსული, ყვავილედი - საგველა, სიგრძით 20 სმ, თავთავი - კვერცხისებური, 2-5 ყვავილიანი, მწვანე, იშვიათად იასამნისფერი; მარცვალი - კილიანი, მოგრძო-ცილინდრული, მომწვანო-ნაცრისფერი, ყავისფერი, მოყვითალო-ყავისფერი, სიგრძე 2.25-3 მმ, სიგანე 0.5-0.75 მმ, მარცვალი ოვალურ-ცილინდრული, დანაოჭებული, ღია ან მუქი ყავისფერი, ერთი მცენარე ივითარებს 2000-5000 თესლს.
ავშანფოთლიანი ამბროზია - Ambrosia artemisiifolia L.
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილო
ვანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, ნიადაგში აღწევს 4 მ-მდე; ღერო - სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, 0.1-2.5 მ სიმაღლის; ფოთლები - ერთი ან ორმაგ ფრთისებრდანაკვთული, ქვედა მხრიდან შებუსული; ყვავილები - ყვითელი, კალათად შეკრებილი (ერთსახლიანი მცენარეა მდედრობითი და მამრობითი ყვავილებით); ნაყოფი - უკუკვერცხისებრი თესლურაა საბურველით, ცენტრში ერთი დიდი ქაცვით და 5-7 პატარა ქაცვებით ირგვლივ თესლის ზედა მრგვალ ნაწილზე; მომწვანო -მონაცრისფრო, ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.25 მმ, სიგანე და სისქე 1.5-2 მმ. ნაყოფს ანუ თესლურას ადვილად შორდება საბურველი, თესლი უკუკვერცხისებრი, გლუვი, ბზინვარე, ყავისფრიდან შავამდე, სიგრძე 1.5-2.2 მმ, სიგანე და სისქე 1-1.5 მმ. ყვავილობა - ივლისის ბოლო, აგვისტო; ნაყოფს იძლევა სექტემბერ-ოქტომბერში.
ბოლოკა - Rapistrum rugosum (L.) All.
ერთწლიანი, მოზამთრე სარეველაა ჯვაროსანთა ოჯახიდან, ფესვი - მთავარღერძა, ძლიერი; ღერო - სწორი, სუსტად დაღარული, დატოტვილი, 30-100 სმ სიმაღლის; ფესვთან მდებარე ფოთლები, ყუნწიანია, მუქი მწვანე, ზოგჯერ მოწითალო ელფერით, ზედა ფოთლები, მოგრძო ლანცეტისებური ან ოვალური დაკბილული; ყვავილი - ყვითელი, ღეროს ბოლოში განლაგებული, ყვავილობს მაის-აგვისტოში; ნაყოფი - ჭოტაკი შედგება ორი ნაწილისგან, ზედა - მომრგვალო კაკლუჭაა, ქვედა ცილინდრული, ზედაპირი დანაოჭებული, ნაცრისფერ-ჩალისფერი, ხშირად შავი წერტილებით, სიგრძე 3-4 მმ, სიგანე 2-3 მმ, თესლი ოვალური ყავისფერი, გლუვი, მწიფდება ივლის-სექტემბერში.
ნაცარქათამა - Chenopodium album L.
ერთწლიანი, ბალახოვანი, საგაზაფხულო სარეველაა; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მომწვანო-მონაცრისფრო, სიმაღლე 20-100 სმ; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, კვერცხისებურ-რომბისებური, დაკბილული; ყვავილედი - თავთავისმაგვარი, სიგრძე 10-40 სმ, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლურა - მომრგვალო, წვრილი, შავი, დიამეტრით 1.5 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 100 000 თესლი, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 8 წელიწადს.
ხვართქლა - Convolvulus arvensis L.
მრავალწლიანი ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი, შხამიანი სარეველაა ხვართქლასებრთა ოჯახიდან; ღერო - ხვიარა შიშველი წვრილი, სიმაღლე ერთი მეტრი; ფოთლები - ვიწრო შუბისმაგვარი; ყვავილი - თეთრი ან ვარდისფერი; ნაყოფი - კოლოფი, მონაცრისფრო-მწვანე, მონაცრისფრო-ყავისფერი, ნაცრისფერი, მომრგვალო-ოვალური, ხაოიანი ზედაპირით, სიგრძე 6-7.5 მმ, სიგანე 6.5 მმ, თესლი უკუკვერცხისებრი, სამწახნაგოვანი, ზედაპირი გლუვი, მონაცრისფრო-ყავისფერი, მუქი ნაცრისფერი, თითქმის შავი, სიგრძე 2.5-3.5 მმ, სიგანე 2-2.5 მმ.
ყვითელი ძურწა - Setaria glauca (L.) P.B.
ერთწლიანი მარცვლოვანი საგაზაფხულო სარეველაა, გვალვაგამძლე; ფესვი - ფუნჯა, ღერო - სწორმდგომი, სიმაღლით 10 – 60 სმ; ფოთლები - ლანცეტისებური, მოყვითალო - მომწვანო; ყვავილედი - თავთავი, სიგრძით 4-6 სმ; მარცვალი - კვერცხისებურ-ოვალური ფორმის, მოყვითალო-მომწვანო ან მუქი ყავისფერი, სიგრძე 2-2.75 მმ, სიგანე 1.5-1.75 მმ, სიცოცხლისუნარიანობა 30 წელია.
შალაფა - Sorghum halepense (L.) Pers.
მიეკუთვნება მარცვლოვანთა ოჯახს, ფესურიანი სარეველაა, აბეზარი; ღერო -სწორმდგომი 2 მ-მდე; ფოთოლი ლანცეტისებური; ყვავილედი თავთავი; ნაყოფი - მარცვალი, მოგრძო კვერცხისებური, ყავისფერი, სიგრძე 5-6 მმ, სიგანე 2 მმ, ერთ თავთავში 500-800-მდე მარცვალია.
ყანის ბირკა - Caucalis daucoides L.
ერთწლიანი სარეველა მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან; ფესვი - წვრილი, მარტივი; ღერო - სწორი, დატოტვილი, 10-40 სმ სიმაღლის, ეკლიანი; ფოთლები - 2-3 ფრთისებრ დანაკვთული; ყვავილები თეთრი ან მოწითალო, შეკრული ქოლგად, ყვავილობს ივნის -ივლისში. ნაყოფი (თესლი) კვერცხისებრი, ყავისფერი, ეკლისებური გამონაზარდებით, სიგრძე 10 მმ, სიგანე 5 მმ.
წიწმატურა - Capsella bursa-pastoris (L.) Medic.
ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მარტივი, დატოტვილი, სიმაღლე 20-60 სმ; ფოთოლი - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, მოგრძო-ლანცეტისებური; ყვავილი -წვრილი, თეთრი ფერის, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - ჭოტაკი, სიგრძე 5-8 მმ, უკუღმა სამკუთხა-გულისებრი; თესლი - მოყავისფრო-მოყვითალო, ოვალური, სიგრძე 1-2.5 მმ, სიგანე 0.5-0.7 მმ, მწიფდება მაისიდან სექტემბრამდე, ერთი მცენარე იძლევა 70 000 თესლს.
ჩვეულებრივი ჯიჯლაყა - Amaranthus retroflexus L.
ერთწლიანი საგაზაფხულო სარეველაა; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მარტივი ან დატოტვილი, ღია მწვანედან მოწითალომდე, სიმაღლე 20-150 სმ; ფოთლები - კვერცხისებრ-რომბისებრი; ყვავილედი - ცილიდრული, მწვანე ფერის, ყვავილობს ივნის-სექტემბერში; თესლი - მომრგვალო, მუქი ყავისფერი, პრიალა, დიამეტრით 1 მმ; ერთი მცენარე იძლევა 5 000 თესლს.
ბეგიაური - Galium aparine L.
ერთწლიანი, შხამიანი, ბალახოვანი სარეველაა ენდროსებრთა ოჯახიდან, ღეროს სიმაღლე 30-80 სმ; ფოთოლი ვიწრო ლანცეტისებური; ყვავილი - წვრილი თეთრი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი კაკლუჭა, მომრგვალო, აქვს ამონაკვეთი, მონაცრისფრო-ყავისფერი, დაფარულია ჯაგრებით, სიგრძე 1.75-3 მმ, სიგანე 1.25-2.25 მმ; თესლი ნაყოფის მაგვარი, ჯაგრების გარეშე.
მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის
მთავარი სპეციალისტი
ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის
მთავარი სპეციალისტი