„აგროსკოლის” მოსწავლეები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვივნენ
ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებისა და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, პროექტ „აგროსკოლა 2026-ის“ ფარგლებში, მოსწავლეები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ლაბორატორიის საქმიანობის სპეციფიკას, ძირითად კვლევით მიმართულებებსა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობას. მათ ასევე დაათვალიერეს ლაბორატორიული სივრცეები და გაეცნენ კვლევების ჩატარების პროცესს.
მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ, უკეთ გაიაზრონ მეცნიერებისა და კვლევების როლი და მეტი ინტერესი გაუჩნდეთ სამეცნიერო საქმიანობის მიმართ.
„აგროსკოლა“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამაა, რომელიც 2022 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია პროფესიული განათლებისა და აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის პროფესიული არჩევანის გააზრებაში ხელშეწყობა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი მიმართულებების გაცნობა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და მომავალი თაობის დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით.















