ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები სოფელ მუხურში მეფუტკრეებს შეხვდნენ

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში მეფუტკრეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს მეფუტკრეებისთვის ფუტკრის დაავადებების პრევენციის, დროული დიაგნოსტიკისა და თაფლის ხარისხობრივი კვლევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეხვედრის მონაწილეებს ფუტკრის ყველაზე გავრცელებული დაავადებების, მათი გამოვლენისა და ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობის მნიშვნელობას, რაც პირდაპირ აისახება თაფლის ხარისხზე.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები მეფუტკრეებს სანაშენე მეურნეობების განვითარების მნიშვნელობაზე, ქართული ფუტკრის გენეტიკური რესურსების დაცვის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით მიმდინარე საქმიანობაზე ესაუბრნენ.

მეფუტკრეებმა მომხსენებლებს საკუთარი გამოცდილება, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და საჭიროებები გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ მუხურის თაფლი არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც კავკასიური მთის რუხი ფუტკრის (მეგრული პოპულაცია) მიერ მზადდება. ფუტკრის დაავადებების პრევენცია მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისათვის და ხარისხიანი თაფლის წარმოებისათვის.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს დარგის წარმომადგენლების ცნობიერებას ამაღლებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.