სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა წარმატებით გაიარეს საერთაშორისო ტესტირება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა წარმატებით გაიარეს საერთაშორისო ორმხრივი ლაბორატორიათშორისი შედარება (ILC), რომელიც ვაშლის მოზაიკის ვირუსის გამოვლენას ეხებოდა.
ლაბორატორიათშორისი შედარებები ტარდება იმის დასადგენად, რამდენად ეფექტურად მუშაობს კონკრეტული ანალიტიკური მეთოდი და შეესაბამება თუ არა ის დასახულ მიზნებს.
ოფიციალურ კონტროლში ჩართულ ლაბორატორიებს მოეთხოვებათ ტესტირების ჩატარების კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. ამ პროცესის გავლა აუცილებელია მათი საქმიანობის სანდოობის დასამტკიცებლად.
აღსანიშნავია, რომ აკრედიტებული ლაბორატორიები იყენებენ სტანდარტიზებულ მეთოდებს და ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ კვალიფიკაციის დადასტურების ტესტირებებში, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ გაცემული შედეგების სიზუსტესა და სანდოობას.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ვაშლის მოზაიკის ვირუსის ELISA მეთოდით გამოვლენის ტესტში 100%-იანი შეფასება დაიმსახურეს.
ტესტირებამ დაადასტურა, რომ მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ფლობენ მაღალი დონის თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას ვირუსების თანამედროვე მეთოდებით დიაგნოსტიკაში.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო ტესტირებებსა და გადამზადების პროგრამებში, რაც მათ საშუალებას აძლევს მუდმივად გაიუმჯობესონ კვალიფიკაცია და პროფესიული უნარები.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე იხილეთ ვებგვერდზე: http://sla.gov.ge/Ge/Tariffs