სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მთავარმა სპეციალისტმა თამარ ბაისონაშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, თამარ ბაისონაშვილმა 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა. მას სრულად დაუფინანსდა სადოქტორო ნაშრომის განხორციელების ხარჯები.
თამარ ბაისონაშვილის სამეცნიერო პროექტის მიზანია საქართველოში ძაღლის ჭირის ვირუსის (Canine Distemper Virus) გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა შინაურ და გარეულ ძაღლისნაირებში.
პროექტის ფარგლებში, კვლევები აქტიურად ჩატარდება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, კერძოდ, მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის ლაბორატორიებში.
ძაღლის ჭირის ვირუსი მიეკუთვნება მორბილივირუსების გვარს, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე ინფექციურ ვირუსებს, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 90-95%-ია.
ჩატარებული კვლევის შედეგად, დოქტორანტი დაადგენს ძაღლის ჭირის ვირუსის პრევალენტობას, გავრცელების გზებს შინაურ და გარეულ ძაღლისნაირებში. ამასთანავე, დადგინდება ქვეყანაში მოცირკულირე ძაღლის ჭირის ვირუსის შტამები, რაც საშუალებას მისცემს ეპიდემიოლოგებს შეარჩიონ საქართველოში არსებული შტამების გენეტიკურად იდენტური ვაქცინები სწორი ვაქცინაციის ჩასატარებლად.
აღსანიშნავია რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ზრუნავს სპეციალისტების წინსვლასა და განვითარებაზე. სპეციალისტებს საშუალება აქვთ, აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა თეორიულ, პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობაში. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები აკრედიტებულია და შეესაბამება საერთაშორისო დონის მოთხოვნებს.