ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში პოლიმერების ტესტირების ლაბორატორია შეიქმნა

#

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი საქართველოში პარკების მწარმოებლებს და იმპორტიორებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დამსწრეებს  პოლიმერების ტესტირების ლაბორატორიის შესაძლებლობები გააცნეს. მხარეებმა პარკების წარმოებასა და იმპორტის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს; განიხილეს რეგულაციები, რომელთა გათვალისწინებაც ბიზნესოპერატორებს სამომავლოდ მოუწევთ. 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, საქართველოს საბაჟოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და შევქმენით ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს პარკების დეგრადაციის ხარისხს და შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან. პარკების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გავეცანით მწარმოებლების საჭიროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სექტორმა შეძლოს სტანდარტების დანერგვა და მომზადებული შეხვდეს სამომავლო სახელმწიფო კონტროლს და ინსპექტირებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პოლიმერების ტესტირების ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ხელსაწყოებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. 

პოლიმერული ტესტირების ლაბორატორია საქართველოში პარკების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია დეგრადირებადი არის თუ არა მათი ნაწარმი. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ლაბორატორიაში ტესტირება ჩატარდება მხოლოდ იმ პარკებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის N472 ტექნიკური რეგლამენტის წესებისა და მოთხოვნების დაცვით არის წარმოებული.