ოთარ შამუგიამ და კელი დეგნანმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შექმნილი გენეტიკური ლაბორატორია დაათვალიერეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შექმნილი გენეტიკური ლაბორატორია დაათვალიერა.
სტუმრებმა გენეტიკურ ლაბორატორიაში არსებული აპარატურა დაათვალიერეს და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის შესაძლებლობებს გაეცნენ.
ოთარ შამუგიამ ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრე და ხაზგასმით აღნიშნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის როლი განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა დიაგნოსტიკის მიმართულებით.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანადგომისთვის.
„სახელმწიფოს მხარდაჭერით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით, ლაბორატორიული შესაძლებლობები ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (CDC), ასევე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA). წელს, მათი მხარდაჭერით, ლაბორატორია აღიჭურვა ახალი ლაბორატორიული ხელსაწყოებით, რომლის საშუალებითაც გენეტიკური კვლევების საფუძველზე მოვახდენთ დაავადებათა დიაგნოსტიკას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, შეერთებული შტატების მხარე მოხარული და ამაყია, ვინაიდან ხელს უწყობს საქართველოში ლაბორატორიული კომპონენტის განვითარებას.
„დღევანდელი დღე არის მშვენიერი მაგალითი ხანგრძლივი თანამშრომლობის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას მნიშვნელოვანი გენომის სექვენირების აპარატურა გადაეცა. შეერთებული შტატები მოხარული და ამაყია, რომ ჩართულია ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის საქმეში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA), აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრისა (CDC) და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.