გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან ერთად, ბათუმში ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში აკვაკულტურის სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და თევზის წარმოების მდგრადობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების საკითხს.
სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აკვაკულტურის ადგილობრივი წარმოების განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრაცია.
„საქართველოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი აკვაკულტურის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოსა და შესაბამისი სტრუქტურების მხარდაჭერით შეიქმნას ქართული მაღალი ხარისხის პროდუქტი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თევზის დაავადებების საკითხზეც, რაც ამ დარგის განვითარებისა და ჯანსაღი პროდუქტის შექმნის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ლაბორატორიას აქვს სრული მზაობა ახალი კვლევის მეთოდები დანერგოს და ფერმერთა მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრას აჭარის სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.