სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯისა" და შპს „ვაკიჯვარის კალმახის" წარმომადგენლები გაეცნენ.
სტუმრებმა ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში არსებული, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს.
შეხვედრის ფარგლებში, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დონდუაშვილმა ლაბორატორიაში უკვე არსებული და უახლოეს მომავალში დასანერგი კვლევების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.
მონაწილეებმა აკვაკულტურის სექტორში არსებული გამოწვევებისა და თევზის წარმოების ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის საკითხს. ბიზნესოპერატორებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა ბიზნესოპერატორებთან და დაინტერესებულ პირებთან. ლაბორატორია უწყვეტად მუშაობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვის მიმართულებით, რაც იძლევა გარანტიას, რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტიკა და ხელი შეეწყოს ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.
ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.