სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული სამთვიანი სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება იორდანიაში გაიმართა
ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა, სასწავლო კურსის ფარგლებში, ანბარის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი მიიღო, რომელსაც, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული მეცადინეობებიც ჩაუტარდა.
პროგრამა მოიცავდა ბაქტერიოლოგიური და მოლეკულური ბიოლოგიის დიაგნოსტიკის მეთოდებს, კვლევებთან დაკავშირებული ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის პრინციპებს, რისკების იდენტიფიცირებას.
სასწავლო კურსის ორგანიზება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების გლობალურ ფონდს (CRDF) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) თანამშრომლობით მოხდა.
აღნიშნული სასწავლო კურსის დახურვის ღონისძიება იორდანიის დედაქალაქ ამანში გაიმართა, სადაც მხარეებმა კურსის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრაზე, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის უფროსი მარინა დონდუაშვილი სიტყვით გამოვიდა და შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა.