სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
სტუმრებმა თბილისის ცენტრალური ლაბორატორიის სურსათის კვლევის, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტები დაათვალიერეს.
ამასთანავე, გაიმართა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის, ირაკლი გულედანის და აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის უფროსის, ლევან გორგილაძისა შეხვედრა.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო უკვე არსებული მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელ სწავლებებსა და სპეციალისტების გადამზადების საკითხებს.
„ორ სახელმწიფო ლაბორატორიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის მუდმივად ზრდისა და საჭიროებებზე ორიენტირებისთვის", - განაცხადა ირაკლი გულედანმა.
ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ჯემალ ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი და ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის უფროსის მოადგილე კობა კუპატაძე ესწრებოდნენ.