საუდის არაბეთის დელეგაციის წევრების ვიზიტი
საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებმა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“ დაათვალიერეს. დელეგაციის წევრებს ლაბორატორიის შესახებ
ინფორმაცია დირექტორის მ/შ-მა, ანა გულბანმა მიაწოდა. შეხვედრის დროს, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზევე გასცნობოდნენ. არაბმა კოლეგებმა, როგორც მცენარეთა მავნე ორგანიზმების, ასევე ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიები მოინახულეს და სხვადასხვა კვლევაზე სპეციალისტებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრის დროს, ქ-ნ ანა გულბანმა ფიტოსანიტარულ მონიტორინგსა და ზედამხედველობაში, ლაბორატორიის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან დელეგაციის წევრებს განუმარტა, ლაბორატორია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზისა და სალიკვიდაციო პროგრამების განხორციელებაში, ვინაიდან არსებულ ბაზაზე სრულად არის შესაძლებელი ნებისმიერი ფიტოსაკარანტინო თუ სხვა (არასაკარანტინო) საშიში მავნე ორგანიზმების იდენტიფიკაცია. ასევე, ცხოველთა დაავადებების მიმართულებით, წლების განმავლობაში განხორიცელებული ღონისძიებები იძლევა სწორი, სანდო და დროული დიაგნოსტიკის საშუალებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ქვეყნის ეკონომიური განვითარების საქმეში. საუდის არაბეთის დელეგაციას საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დოქტორი ემად ალ დაიჯი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში არიან სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის, ნაჯრანის მებაღეობის კვლევითი ცენტრის, მცენარეთა დეპარტამენტის, ცხოველთა კარანტინის განყოფილების, ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს პირველად სტუმრობს. ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებს და მის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს რეგიონებსაც ეწვევიან.