ლაბორატორიამ პირველადი დასკვნით აკრედიტაცია წარმატებით გაიარა
ლაბორატორიაში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო ექსპერტებმა ახლად დანერგილი მეთოდების სტანდარტთან შესაბამისობა დადებითად შეაფასეს.
17-იდან 22 იანვრის ჩათვლით საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს ANAB-ის სპეციალისტები აკვირდებოდნენ თუ რამდენად პასუხობს ლაბორატორიაში ახლად დანერგილი მეთოდები საერთაშორისო სტანდარტს. იმისათვის, რომ ლაბორატორიაში დანერგილ მეთოდი დაემატოს აკრედიტაციის სფეროს, მოწმდება სხვადასხვა მახასიათებელი: სამუშაო პროცედურა, დოკუმენტაცია, დანადგარის შესაბამისობა, პერსონალის კვალიფიკაცია და სხვა. ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიის მიერ წარმოებული კვლევები არის საერთაშორისოდ აღიარებული - ქმნის სანდოობის განცდას , როგორც ქვეყანაში მყოფი მომხმარებლისთვის, ასევე საზღვრებს გარეთ პროდუქტის მაკონტროლებლებისთვის; საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭებით სარწმუნო ხდება გამოცდების შედეგების უტყუარობა, სიზუსტე, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა. ლაბორატორიული პოტენციალის გამოყენება ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის არის მიმართული. ფერმერებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის მოქნილი სერვისის მიწოდება, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის დაშვებას. ლაბორატორიაში დანერგილი სამუშაო პროცესები მთელი ქსელის მასშტაბითაა უნიფიცირებული. თბილისის, ქუთაისისა და ახალციხის ლაბორატორიებმა პირველად აკრედიტაცია 2014-2015 წლებში გაიარეს. წლევანდელი ვიზიტის ფარგლებში მოხდა რეგიონული ლაბორატორიების დამატებაც პროგრამაში: ბათუმის, გურჯაანის, გორის, მარნეულისა და დუშეთის ფილიალებმა დაამტკიცეს სტანდარტთან შესაბამისობა. ბათუმის ლაბორატორიის სააკრედიტაციო სფერო მოიცავს როგორც ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკას, ისე სურსათის მიკრობიოლოგიურ კვლევებს. გურჯაანის, მარნეულის, გორის და დუშეთის ლაბორატორიების სფეროები კი ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკას მოიცავს.