ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ლაბორატორიამ პროფესიულ ტესტირებაში მაქსიმალურად ზუსტი პასუხები წარადგინა

#

პროფესიულ ტესტირებაში ჩაერთო როგორც ადგილობრივი თბილისის ლაბორატორია, ასევე რეგიონული ფილიალები. 2016 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, ყველა ლაბორატორიამ მაქსიმალურად ზუსტი პასუხები წარადგინა.

   ს.ს.ი.პ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ“ 2015 წლის ოქტომბერში პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისოდ აღიარებულ პროვაიდერ FAPAS-ის მიერ ჩატარებულ ტესტირებაში, რომელიც რძის ფხვნილში მძიმე მეტალების აღმოჩენას ეხებოდა; ტესტირებაში მონაწილეობდა 73 ლაბორატორია; ინსტრუმენტული ქიმიის ლაბორატორიაში 2015 წელს დანერგილი მეთოდის გამოყენებით ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა მიღებული შედეგის უმაღლესი სიზუსტე.
   2015 წლის ნოემბერში კი თბილისის, ახალციხის, ქუთაისის, ბათუმის და გურჯაანის ლაბორატორიებმა მონაწილეობა პროფესიულ ტესტირებაში სურსათის მიკრობიოლოგიურ პარამტრებზე მიიღეს;
კერძოდ, თბილისის ლაბორატორიამ შეასრულა საქონლის ხორცში სალმონელის აღმოჩენის და რძის ფხვნილში ენტერობაქტერიების რაოდენობივი დათვლის ტესტები, ხოლო რეგიონულმა ლაბორატორიებმა- საქონლის ხორცში სალმონელის აღმოჩენის ტესტები.
   FAPAS-ის ნიშნით წარმოებულ პროფესიული ტესტირების სქემებს სურსათის მიკრობიოლოგიისა და ქიმიის სფეროებში წარმართავს დიდი ბრიტანეთის სააკრედიტაციო სამსახურის (UKAS) მიერ აკრედიტებული (ISO/IEC 17043:2010) პროვაიდერი „Fera Science Limited“( ყოფილი სურსათისა და გარემოს კვლევის სააგენტო), რომელიც არის კომპანია Capita-სა და დიდი ბრიტანეთის გარემოს, სურსათისა და სოფლად განვითარების დეპარტამენტის ერთობლივ მფლობელობაში.
   Fera არის საერთაშორისო მასშტაბით საყოველთაოდ ცნობილი პროფესიული ტესტირების პროვაიდერი, რომელსაც ამ სფეროში საქმიანობის 25 წლიანი ისტორია აქვს. მის მიერ წარმოებულ პროფესიულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიები მონაწილეობენ; მონაწილეთა მიერ შედეგების წარდგენის შემდეგ ხდება მათ მიერ ნაჩვენები შედეგების სტატისტიკური დამუშავება და დგება საბოლოო ანგარიში.
ამგვარად, თითოეული ლაბორატორიის პროფესიული კომპეტენცია ფასდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმავე მეთოდით მომუშავე ლაბორატორიებთან შედარების მეშვეობით.
   ს.ს.ი.პ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის “ სურსათის კვლევის დეპარტამენტის პროფესიულ ტესტირების პროგრამა დაიწყო შვედეთის სურსათის სააგენტოს ეგიდით 2014-2015 პერიოდში ოთხ ეტაპად ჩატარებულ პროფესიული ტესტირებით, რომელიც სურსათის და წყლის მიკრობიოლოგიურ კვლევებს მოიცავდა. მეორე ეტაპიდან- თბილისის სათაო ლაბორატორიასთან ერთად- ტესტირებაში ჩაერთვნენ ახალციხის, ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიები; მეოთხე ეტაპზე კი მათ გურჯაანის და ზუგდიდის ლაბორატორიები დაემატა.
პროფესიული ტესტირების ყველა ეტაპის წარმატებით გავლით ლაბორატორიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ მიერ წარმოებული კვლევების სიზუსტე და უტყუარობა; რაც შეეხება, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტს, მისი სპეციალისტები 2010 წლიდან ასრულებენ პროფესიულ ტესტებს ბრუცელოზის, ჯილეხის, ფრინველის გრიპის, თურქულისა და ღორის აფრიკული ცხელების დიაგნოსტიკაში, რომელსაც შესაბამისი საერთაშორისო რეფერალური ლაბორატორიები ატარებენ.
   პროფესიული ტესტირების პროგრამას 2016 წლიდან ასევე ინტენსიურად დანერგავს მცენარეთა დაავადებების დიაგნსოტიკის დეპარტმენტიც, რომელიც ითანამშრომლებს EPPO -ს (მცენარეთა დაცვის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონული ორგანიზაცია) მიერ აღიარებულ რეფერალურ ლაბორატორიებთან.