სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი თაფლის კვლევების სრულის სპექტრის დანერგვა მიმდინარეობს.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი თაფლის კვლევების სრულის სპექტრის დანერგვა მიმდინარეობს.
ეს მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად მეფუტკრეობის დარგის აღორძინებისთვის, ასევე ქართული თაფლის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტირების ხელშეწყობისთვის.
თანამედროვე კვლევის მეთოდებით თაფლის პროდუქტის შემოწმებისას მოხდება ისეთი რთულად გამოსაკვლევი მახასიათებლების განსაზღვრა, როგორიცაა ანტიბიოტიკების და პესტიციდების შემცველობა. აღნიშნულ მახასიათებლებზე კვლევას ევროკავშირი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის საფუძველზე ითხოვს. იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა, საკუთარი პროდუქციის რეალიზება ევროკავშირის ბაზარზე მოახდინოს, ექსპორტირებული საქონელი ამ ქიმიურ ნაერთებს არ უნდა შეიცავდეს.
მეფუტკრეობის დარგის განვითარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ევროკავშირის სტანდარტის კვლევების დანერგვის უზრუნველყოფისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა შეიძინა, რამაც შესაძლებელი გახადა აღნიშნული კვლევების საქართველოში ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ LMA-ში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგები აღიარებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ამას განაპირობებს 2014 წლის მარტში ლაბორატორიის მიერ მიღებული ISO 17 025 საერთაშორისო აკრედიტაცია ANAB-დან (ANSI-ASQ National Accreditation Board), რაც საშუალებას აძლევს ლაბორატორიას ჩატარებული კვლევის შედეგები საერთაშორისო მასშტაბით იქნეს აღიარებული.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) გაფორმების შემდეგ, საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა DCFTA-ის გათვალისწინებული ვალდებულებაც იყო.
მეფუტკრეობის დარგი, თავისი პოტენციალიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, შემუშავდა პროგრამა, რომელიც მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებას, განვითარებას, ხელშეწყობას და საწარმოო პროცესებში მაქსიმალურ ჩართვას ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამის ამოქმედება ხდება საბაზო წერტილიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლაბორატორია თაფლის 1 ნიმუშის ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად კვლევას რეგლამენტით გათვალისწინებულ სრულ სპექტრზე, მეფუტკერობის კოოპერატივებს შესთავაზებს სრულიად უსასყიდლოდ (2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით). აღსანიშნავია, რომ დღეისათვის სურსათის უვნებლობა სავალდებულო მოთხოვნაა არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც, რასაც არეგულირებს „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სურსათის კვლევის დეპარტამენტში მ.წ 1იანვრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, თაფლის ხარისხობრივ კვლევაზე სულ შემოსულია 102 ნიმუში, აქედან 47 ნიმუშს ჩაუტარდა სრული კვლევა. 53 ნიმუში გამოკვლეულ იქნა ნატურალობაზე (ჰიდროოქსიმეთილფურფუროლის აღმოჩენა), საიდანაც მხოლოდ 1 ნიმუში აღმოჩნდა არანატურალური. ლაბორატორიულ ქსელში თაფლის დიაგნოსტირებისათვის წარმოდგენილი ნიმუში უნდა იყოს არა-ნაკლებ 400 გრამის რაოდენობის და ინახებოდეს სუფთა, დახურულ ჭურჭელში.