სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სამეცნიერო სტატიები

ვაზის დაავადება ესკა

ვაზის კულტურა და მოსავალი ბევრადაა დამოკიდებული გავრცელებულ მავნე დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დროულად ჩატარებაზე. თუ ეს ღონისძიებები დროულად და აგრო-ვადებში არ იქნა ჩატარებული მოსავლიანობა მინიმუმადე შემცირდება, მოსავლის ხარისხი გაუარესდება და შეფერხდება თვით მცენარის ზრდა-განვითარება. საბოლოოდ კი მცენარე დაკნინდება და დაიღუპება.ვაზის ესკა - ზაფხულის დამბლა - ტრაქეომიკოზური სოკოვანი დაავადებაა. გავრცელებულია ყველგან, სადაც მისდევენ ყურძნის მოყვანას. დაავადებას აღწერდნენ ჯერ კიდევ რომაელები და ბერძნები და ითვლება ვაზის უძველეს და სერიოზულ  დაავადებად, რომელსაც იწვევს სხვადასხვა სახეობის სოკოები. ამგვარად ესკა კომპლექსური დაავადებაა, რომლის გამომწვევი რამდენიმე პათოგენური სოკოა: Fomitoporia mediterranea, Phaeomoniella chlamydospora, Phaeoacremonium aleophilum, Stereum hirsutum. ხოლო Phellinus igniarius, Fomitoporia punctata, Phellinus punctatus – უფრო მეორადი როლი აკისრიათ.  ესკა აავადებს 10 წლის და უფრო მეტი ხნოვანების ვაზს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ იგი სანერგეშიც გვხვდება.დაავადება შეიძლება გამოიწვიოს აქტიურმა გასხვლამ, შტამბის მექანიკურმა დაზიანებამ, ცივმა ზამთარმა. მერქანში შეღწეული ეს დაავადება ვრცელდება პერიფერიაში, გადადის წლიურ კონცენტრულ რგოლებზე. იწვევს გამტარი ჭურჭელბოჭკოვანი სისტემის პარალიზებას და საბოლოოდ ვაზი იწყებს ხმობას. ვაზი უეცრად იღუპება.დაავადება ვითარდება ორი განსხვავებული ფორმით: ნელი (ქრონიკული) და მწვავე (აპოპლექსური). დაავადების ქრონიკულად განვითარება მიმდინარეობს რამდენიმე წლის განმავლობაში და ხასიათდება ფოთლების ძარღვებს შორის ფერის შეცვლით. თეთრი ფერის ჯიშის ვაზზე წარმოიქმნება ყვითელ-მოყავისფრო ლაქები, ხოლო შეფერილ (წითელ) ჯიშებზე მოწითალო ფერის ლაქები. ლაქები თანდათან ერწყმიან ერთმანეთს და მწვანე რჩება მხოლოდ ძარღვები. ფოთლები კარგავენ ტურგორს. ეს სიმპტომები თვალსაჩინოა თავიდან ყლორტის ქვედა ფოთლებზე, ხოლო შემდეგ ვითარდება მთელ ყლორტზე. პროგრესირებად ფაზაში ფოთლები ხმება და დროზე ადრე ცვივა. ეს პირველი ფორმა წლიდან წლამდე შეიძლება შეგხვდეს სხვადასხვაგვარად. ერთ წელს დაავადებულ ვაზის მხარზე სიმპტომი ხილულია მტევნებსა და ფოთლებზე, მაგრამ შემდეგ წელს იგივე მხარზე შესაძლებებლია  დაავადების სიმპტომი საერთოდ არ შეინიშნებოდეს. ქრონიკული ესკის შემთხვევაში ვაზის ბუჩქის ხმობა ხდება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ. ფოთლის სიმპტომი შეიძლება აგვერიოს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პრობლემებში, როგორიცაა მაგნიუმის ნაკლებობა, წყლის დეფიციტი ან ინფექციური დაავადება - პათოგენური სოკო Armillaria melea-თ გამოწვეული ხმობა.მცირე შემთხვევაში უცაბედი ხმობა (აპოპლექსური) ხდება ხილული სიმპტომის გარეშე. ზაფხულის პირველი ცხელი დღეების დადგომისას ჩნდება პატარა შეუმჩნეველი ლაქები, რომლებიც სწრაფად დიდდება, რამდენიმე დღის განმავლობაში ფოთლები ხმება ქვემოდან ზევით, ყლორტი კვდება. ორივე შემთხვევაში შტამბის შიდა ქსოვილი შეიცავს მკვდარ ფაშარ ზონას, რომელიც საღი ნაწილიდან გამოიყოფა თხელი მოშავო-ყავისფერი მაგარი კონსისტენციის ზონით.დაავადება სწრაფად ვრცელდება სხვა მცენარეებზე. თავდაპირველად ღეროს და მხრების შიგნითა ნაწილი მუქდება ქერქის მოცლის შემთხვევაში. ყავისფერი ლაქა ვრცელდება გამხმარი ყლორტიდან ფესვამდე. განივ ჭრილზე კი ცენტრში ჩანს ყვითელი ფაშარი მერქანი. დასნეულებული ვაზი მერქანში სკდება, მისი ფხვნილის მასასავით შიგთავსი ქარის მიერ გადადის სხვა ჯანმრთელ მცენარეებზე და მათში აღწევს, შეიძლება მთელი ვენახების დიდი ფართობები მოიცვას ან სხვა კულტურაზე გადავიდეს, მაგალითად ხეხილიც დასნეულდეს. დაავადებას ხელს უწყობს ვეგატაციის პერიოდი, მაღალ ტემპერატურაზე ხდება ფოთლებიდან ინტენსიური აორთქლება, რომლის შევსებაც არ ხდება ფესვებიდან, რადგანაც სოკომ უკვე დაშალა გამტარი ჭურჭლები და წყალი ვერ მიედინება მასში. ამ სინდრომს ადგილი აქვს განსაკუთრებით ზაფხულში. ესკა შტამბის ზედა ნაწილზე ვითარდება, მის ქვემოთ წასვლა არ ხდება და ხშირად ვაზის ფესვი საღია.სიმწიფის დასაწყისში თეთრ ჯიშებზე ნაყოფებზე წარმოიქმნება წვრილი მუქი ყავისფერიდან იისფერამდე ლაქები, რომლებიც ნელა ვრცელდება ნაყოფის მთელ ზედაპირზე. დაავადების ქრონიკული ფორმის დროს ცალკეული ნაყოფები და მტევნები შეიძლება დასნებოვდეს. ძლიერი დაავადებისას კი დაავადებული ნაყოფი ხმება.დაავადებული მცენარეები ზრდაში ჩამორჩება. ნაკლებია მათი გამძლეობა ყინვების, სიცხის და საერთოდ გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ.დაავადება ვრცელდება ქარით და დაავადებული მცენარეებით.ავტორები: ნინო ბოკერიასოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსიანნა დადეგაშვილიმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი                       

იხილეთ სრულად

ვაზის დაავადება - ეუტიპა (Eutypa dieback; Eutypa lata)

ეუტიპა ვაზის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი დაავადებაა. მას მასპინძელი მცენარეების ფართო სპექტრი გააჩნია: 80 სახეობის 27 ბოტანიკური ოჯახის მცენარეს ასნებოვნებს.სოკოვანი დაავადება წარმოქმნის იარებს როგორც შტამბზე, ასევე მხრებზე. იარა ჩნდება დაინფიცირების ადგილას. ვიზუალურად მისი აღმოჩენა ძნელია, რადგან იგი დაფარულია ძველი მკვდარი ქერქის ქვეშ, რომელიც გარკვეულწილად გაბრტყელებულია. შტამბის განივ გადანაჭერზე შეინიშნება სოლისმაგვარი ფორმის გამუქება (ნეკროზი), რომლის წვერიც შტამბის ცენტრს აღწევს. ეუტიპას სიმპტომები თვალსაჩინოა მას შემდეგ, რაც იარები კარგად გამოჩნდება. ეს კი ხდება დასნებოვნებიდან საორიენტაციოდ 2-4 წლის შემდეგ.შტამბზე ახალი ყლორტებისა და მხრების წარმოქმნასთან ერთად ყლორტები დამჭკნარი, დაბეჩავებულია. მუხლთაშორისები დამოკლებული, სიმპტომები არ ჩანს გვიან შემოდგომამდე, იმიტომ რომ დაავადებული მხრები ჩვეულებრივ კვირტების გაშლის შემდეგ ვიზუალურად დემონსტირებას უკეთებს საღ ჯანმრთელ ყლორტებს. დაავადების პირველი სიმპტომი გამოჩნდება გაზაფხულზე ვაზის ახალგაზრდა 25-45 სმ სიგრძის ყლორტზე, რომლებიც ზრდაში ჩამორჩება, რასაც იწვევს მერქანში სოკოს შეჭრის შედეგად წვენის მოძრაობის დარღვევა. დაკნინებულ ყლორტებზე  დაავადებული ფოთლები მცირე ზომისაა, მოყვითალო (ქლოროზს ჰგავს)  და დანაოჭებული, შემდეგ ხმება. ნეკროზული ჭრილობები იზრდება ქვემოთ ყლორტზე. ყლორტები ჭკნება, ხმება და ბუჩქი თანდათან იღუპება. ყვავილები ხმება ყვავილობამდე.  მტევნები დაავადებულ ყლორტზე ცუდად ფორმირდება, გამოირჩევა ძლიერ მცირე ზომისა და შაქრის არასაკმარისი დაგროვებით. მოსავლის ხარისხი დაქვეითებულია.ინფიცირება ხდება სოკოს ასკოსპორებით, რომლებიც გამოიფრქვევიან წვიმის დროს სოკოს ნაყოფსხეულიდან - პერიტეციუმიდან და შესაძლებელია მათი გადატანა დიდ მანძილზე ჰაერის ნაკადის საშუალებით. ასკოსპორები გამოიყოფიან წვიმიდან 2 საათის შემდეგ და თავისუფლდებიან 36 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ პერიტეციუმი ასკოსპორებისაგან ცარიელია. ასკოსპორები კვლავ მომწიფდება 12 დღის შემდეგ.  სპორები ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას ორი თვის განმავლობაში. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს წვიმა. დაინფიცირება ხდება ჰაერის ნაკადის გადატანილი ასკოსპორების გასხვლისას ან მექანიკური დაზიანებისას წარმოქმნილ ახალ ჭრილობასთან კონტაქტის შედეგად. ჭრილობებიდან ინფექციისადმი მგრძნობელობა მცირდება ასაკთან ერთად ანუ მცენარე ინფექციის მიმართ მდგრადი ხდება გასხვლიდან დაახლოებითნ 2-4 კვირის შემდეგ. ამგვარად, მოსვენების პერიოდის დასაწყისში წარმოქმნილი იარა უფრო მეტად მიმღებიანია, ვიდრე მოსვენების პერიოდის ბოლოს. თუმცა წყლის სტრესი ზრდის ინფექციისადმი ვაზის მიმღებიანობას. ვაზის განვითარება ფერხდება.  დაავადება ვენახში ვითარდება ნელა და ჩვეულებრივ არ შეინიშნება დასნებოვნებიდან მესამე ან მეოთხე წლამდე. ამ დროისათვის სიმპტომური ფოთლების მქონე მრავალწლიან შტამბზე უკვე განვითარებულია იარები. რამდენიმე წლის შემდეგ კი დაავადებული შტამბი და მხრები იღუპება.მეტად მიმღებიანია უფროსი ასაკის მცენარეები. ერთწლიანი ვაზი უფო მეტად მდგრადია, გამძლეა გამომწვევის მიმართ, ვიდრე ორწლიანი. ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 1-დან 3 წლამდე, ვარირებს ვაზის ჯიშთან დამოკიდებულებით.დაავადება ვრცელდება ნერგებით და კალმებით. ავტორები:ნინო ბოკერიასოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსიანნა დადეგაშვილიმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი

იხილეთ სრულად

კარტოფილის სარეველები

კარტოფილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა, მას მეორე პურს უწოდებენ; მისი სამშობლო სამხრეთი და ცენტრალური ამერიკაა. კარტოფილის კულტვირება ამერიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 14 ათასი წლის წინ დაიწყეს, იგი ევროპაში (ესპანეთში) შეიტანეს დაახლოებით მე-16 საუკუნეში, შემდეგ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში, რუსეთში კარტოფილის გავრცელებას უკავშირებენ პეტრე I-ს, რომელსაც მე-17 საუკუნის ბოლოს კარტოფილით სავსე ტომარა ჰოლანდიიდან სამშობლოში გაუგზავნია. საქართველოში კარტოფილის ნათესები პირველად მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა თბილისის ახლომახლო, ამჟამად იგი მოყავთ უმთავრესად ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ხულოს, შუახევის, ნინოწმინდის და სხვა რაიონებში, ხოლო საადრეო კარტოფილი ძირითადათ მოყავთ ბოლნისის რაიონში. კარტოფილი შეიცავს 76,3% წყალს,  23,7% მშრალ ნივთიერებას, 17,5% სახამებელს, 0,5% შაქარს, 1-2% ცილას, 1%-მდე მინერალურ მარილებს, აგრეთვე C, B1, B2, B6, PP და სხვა ვიტამინებს, ასევე მიკროელემენტებს: კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, სელენს, სპილენძს, მანგანუმს, რკინას, იოდს, დიდი რაოდენობით კალიუმს. კარტოფილისგან აწარმოებენ სახამებელს, სპირტს, აცეტონს, პლასტმასს, ფოტოფირს, წებოვან ნივთიერებებს და სხვა.  კარტოფილი ზიანდება სხვადასხვა მავნე ორგანიზმით, რომელთაგან აღსანიშნავია სარეველა მცენარეები: ძაღლყურძენა (Solanum nigrum L.), შვრიუკა (Avena fatua L.), ბურჩხა (Echinochloa crusgalli (L.) P. Beauv.), ბოლოკა (Rapistrum rugosum (L.) All.), სპერგულა (Spergula L.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medik), ქუთქუთა (Thlaspi arvense L.), ყვითელი (Setaia glauca L.) და მწვანე ძურწა (Setaria pumila (Poir.) Roem. et Schult.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), ღიღილო (Centaurea depressa M. B.), მინდვრის მდოგვი (Sinapis arvenesis L.), შალგი (Brassica campestris L.), ბეგიაური (Galium aparine L.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense L.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ხოვერა (Galium tricorne With.), ყანის ჭლექი (Fallopia convolvulus (L.) A.Love), დანდური (Portulaca oleracea L.), თავცეცხლა (Galeopsis tetrahit L.) მატიტელა (Polygonum L.), გაზაფხულის თავყვითელა (Senecio vernalis W. et K.), გვირილა (Matricaria L.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L), საგველა (Apera spica venti L.), შავთარა (Fumaria officinalis L.), ჩვეულებრივი თივაქასრა (Poa trivialis L.), მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P. B.), გლერტა (Cynodon dactylon  (L.) Pers.), ღიჭა (Sonchus arvensis L.) და სხვა.ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება. თავცეცხლა - Galeopsis tetrahit L.ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით  50 სმ; ღერო - ძლიერ დატოტვილია, რომელიც დაფარულია უხეში ბუსუსებით; ფოთლები - მოგრძო-კვერცხისებური, წაწვეტებული, დაკბილული კიდეებით; ყვავილები - მოვარდისფრო; ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - კაკლუჭა, უკუკვერცხისებური ფორმის, მონაცრისფრო-ყავისფერი, ზედაპირი მარცვლოვანი, სიგრძე 2.75–3.25 მმ, სიგანე 2–2.25 მმ; ერთ მცენარეზე ვითარდება 100-600 თესლი, მისი სიცოცხლისუნარიანობა 14 წელია.  მინდვრის სპერგულა - Spergula arvensis L.ერთწლიანი, ბალახოვანი  სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან, 15-20 სმ სიმაღლის, დაფარულია ჯირკვლოვანი ბუსუსებით; ფოთლები - ხაზურა; ყვავილები - მცირე ზომის, თეთრი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბერამდე; ნაყოფი - კოლოფი, კვერცხისებური, თესლი 1,1 მმ დიამეტრის, სფერული, ლინზისებურად შეჭყლეტილი, ყავისფერი, მწიფდება ივლისიდან აგვისტომდე, ერთი მცენარე 10000-მდე თესლს იძლევა; იგი უპირატესობას ანიჭებს მჟავე და ტენიან ნიადაგებს.  გვირილა  - Matricaria chamomilla L.ერთწლიანი ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან სპეციფიკური სუნით. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - შიშველი, შეუბუსავი, სიმაღლე 15-60 სმ, ძირიდან დატოტვილი; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, ორმაგფრთისებრ დანაკვთული; ყვავილედი კალათა, დიამეტრით 25 მმ.  ნაყოფი ცილინდრული თესლურა ოდნავ მოხრილი, გვერდებთან შეჭყლეტილი, წვრილი, ზედაპირი გლუვი,  მუქი მწვანე, მასაში მოვერცხლისფრო - ნაცრისფერი, სიგრძე 0.8 – 1.25 მმ, სიგანე 0.2-0.3 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 5000 თესლი. გამოიყენება სამკურნალოდ, აგრეთვე ხალხურ ვეტერინარიაში. ძაღლყურძენა - Solanum nigrum L.ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი ფუნჯა, ღერო სწორი, დატოტვილი, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები მარტივი, მორიგეობით განლაგებული, ოვალურ - კვერცხისებური, კიდედაკბილული; ყვავილები თეთრი, ვარსკვლავისებური, შეკრული ნახევარქოლგად, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; ნაყოფი - შავი, წვნიანი კენკრა, მრგვალი, 1 სმ დიამეტრის, მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში; თესლი მომრგვალო, კვერცხისებური, გვერდებიდან შეჭყლეტილი, ფუძესთან შევიწროებული, ჭიპი გვერდული, სუსტად შესამჩნევი, ზედაპირი ბადისებური, მოყვითალო-ჩალისფერი, სიგრძე 1.75-2 მმ, სიგანე 1.25-1.5 მმ.  შვრიუკა - Avena fatua L.ერთწლიანი ერთლებნიანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 120 სმ; ფესვი - ფუნჯა; ფოთლები ლანცეტისებური; კილიანი მარცვალი თითისტარისებური, ფხიანი, გარეთა კილი ტყავისებური, მჭიდროდ ეკვრის მარცვალს, წვეროში გაყოფილია ორად, ფხა მუხლისებურია, მაგარი, გამოდის შუა ნაწილიდან, სიგრძით 12-20 მმ; მარცვალი ცილინდრული, ზედაპირი დაფარულია თხელი, მონაცრისფრო - მოყვითალო ზემოთ მიმართული ბუსუსებით, სიგრძე 6-8 მმ.  ხოვერა - Galium tricorne With.ერთწლიანი, ბალახოვანი, მხოხავი სარეველა მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან, სიგრძით 10-60 სმ; ღერო - მარტივი, მხოხავი, ოთხწახნაგიანი; ფოთლები - ხაზურა-ლანცეტისებური, რგოლურად შეკრებილი; ყვავილი - მოთეთრო, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - კაკლუჭა, მრგვალი, ყავისფერი, ბორცვიანი, დიამეტრით 2-3.5 მმ, თესლი მრგვალი, კაკლუჭისმაგვარი; კარტოფილის გარდა ასარევლიანებს მარცვლოვან და სათოხნ კულტურებს.დანდური - Portulaca oleracea L.ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა, სუკულენტი; ღერო - გართხმული, მოწითალო ფერის 10-40 სმ; ფოთლები  მჯდომარე, ხორცოვანი; ყვავილი წვრილი, ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე; ნაყოფი კვერცხისებური ან სფეროსებური კოლოფი,  მწიფდება სექტემბერში, თესლი თირკმლისებური, ოვალურ - მომრგვალო, ზოგჯერ სუსტად დაკუთხული, გვერდებზე შეჭყლეტილი, ზედაპირი სუსტად დაკბილული, ნაკლებად მბზინვარე, შავი, მუქი ყავისფერი სიგრძე - სიგანე 0.75-1 მმ.  ასრევლიანებს ბოსტნეულ კულტურებს, იზრდება გზის პირებთან.  საგველა - Apera spica-venti L.საშემოდგომო, ერთწლიანი, მარცვლოვანი სარეველა მცენარეა. ფესვი - ფუნჯა; ღეროს სიმაღლე 30-125 სმ; ფოთოლი  - ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - საგველა; მარცვალი - ლანცეტისებურ-კვერცხისებური, ვიწრო, ღრმა ღარით, სიგრძე 2.4-0.6 მმ, სიცოცხლისუნარიანობა 1-4 წელია, აღმოცენდება შემოდგომაზე, უპირატესობას ანიჭებს მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებს.ჩვეულებრივი თივაქასრა -  Poa trivialis L.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი სარეველაამარცვლოვანთა ოჯახიდან; ღეროს სიმაღლე 20-100 სმ; ფოთლები რბილი, ბრტყელი, მწვანე ან იასამნისფერ-მომწვანო, სიგანე 2-4 მმ; ყვავილედი საგველა, სიგრძე 6 სმ; მარცვალი - ელიფსოიდური ან მოგრძო, მოწითალო-ყვითელი, სიგრძე 1.3-3 მმ, ერთი მცენარე ივითარებს 1000 მარცვალს.  ავტორები:ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტიმაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        

იხილეთ სრულად