სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ესპარცეტის კულტურის სარეველები

ესპარცეტი (Onobrychis)  უძველესი კულტურაა, იგი ამიერკავკასიაში ცნობილი იყო მე-10 საუკუნეში, საფრანგეთში მისი მოვლა-მოყვანა მე-15 საუკუნიდან დაიწყეს. მსოფლიოში ესპარცეტის 80-ზე მეტი სახეობა აღინიშნება, თუმცა კულტურაში ძირითადად სამია ცნობილი: ჩვეულებრივი ესპარცეტი, ამიერკავკასიის ესპარცეტი, ქვიშის ესპარცეტი. 
ესპარცეტი მრავალწლიანი პარკოსანი ბალახია, იგი ძვირფასი საკვები კულტურაა მესაქონლეობისთვის, თაფლოვანი მცენარეა, გამოიყენება ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ. ესპარცეტი ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას, ფესვი ნიადაგში ჩადის 3-6 მ სიღრმეზე და უნარი აქვს გვალვის პერიოდში ნიადაგის ღრმა ფენებიდან გამოიყენოს წყალი, ფესვზე ივითარებს კოჟრის ბაქტერიებს, რომლებიც ინტენსიურად ახდენენ ატმოსფროს თავისუფალი აზოტის ფიქსაციას, რითაც მაღლდება ნიადაგის ნაყოფიერება, უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა, იგი საუკეთესო წინამორბედია თესლბრუნვაში საშემოდგომო ხორბლისთვის, შაქრის ჭარხლისთვის და სხვ. ესპარცეტს იყენებენ თივად, მწვანე საკვებად, საძოვრად, სიმინდსა და სხვა მარცვლოვნებთან შერეული უმაღლესი ხარისხის სილოსს იძლევა. 

 

ესპარცეტი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, უჯრედანას, ფერმენტებს, ვიტამინებს, ამინომჟავებს, მასში არსებული უაზოტო ნაერთები ხელს უწყობენ სისხლში შაქრის  და ქოლესტერინის დონის შემცირებას, ასკორბინის მჟავის შემცველობა ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და სხვ.
ესპარცეტის ნათესებში გავრცელებული სარეველებია: ყანის ბირკა (Caucalis daucoides L.), ბოლოკა (Rapistrum rugosum L.), ძაღლის ენა (Cynoglossum officinale L.), ეგილოფსი  (Aegilops cylindricum L.), სალათი ბერნეთი (Sanguisorba minor L.), ყანის რეზედა (Reseda lutea L.), ყვითელი ძიძო (Melilotus officinalis L.) შვრიუკა (Avena fatua L.), ბეგიაური (Galium aparine L.), მხოხავი ჭანგა (Elitrigia repens L.),  ხვართქლა (Convolvulus arvensis L) და სხვა.

 

 

ყანის ბირკა - Caucalis daucoides L.

ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია, ერთწლიანი სარეველა მცენარეა; ფესვი წვრილი, მარტივი; ღერო სწორი, დატოტვილი, 10-40 სმ სიმაღლის, ეკლიანი; ფოთლები 2-3 ფრთისებრ დანაკვთული; ყვავილები თეთრი ან მოწითალო, შეკრული ქოლგად, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი (თესლი) კვერცხისებური, ყავისფერი, ეკლისებური გამონაზარდებით.

 

 

ბოლოკა - Rapistrum rugosum L.

ერთწლიანი შხამიანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ღერო დატოტვილი, 30-100 სმ სიმაღლის; ფოთლები მოგრძო ლანცეტისებური; ყვავილი ყვითელი ან თეთრი, ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე; ნაყოფი ჭოტაკი, შებუსული, რომელშიც ორი თესლია, ნაყოფმსხმოიარობა ივლისი - სექტემბერი.

 

 

ძაღლის ენა  - Cynoglossum officinale L.

ორწლიანი, შხამიანი, ბალახოვანი სარეველაა 1 მ - მდე სიმაღლის; ფესვი მთავარღერძა; ღერო სწორი, დატოტვილი ზედა ნაწილში, შებუსული; ფოთლები მორიგეობითი, ლანცეტისებური, შებუსული; ყვავილი წვრილი, ძაბრისებური, მოწითალო - მეწამული ფერის, ყვავილობს მაის -  ივნისში; ნაყოფი კაკლუჭა, მწიფდება აგვისტო -სექტემბერში.

 

 

ეგილოფსი - Aegilops cylindricum L.

ერთწლიანი მარცვლოვანი ბალახოვანი სარეველაა, 15-65 სმ სიმაღლის; ეფემერია, ზამთარგამძლე, გვალვაგამძლე, იზრდება დამლაშებულ ნიადაგებზეც; ღერო სწორმდგომი, წვრილი; ფოთლები ხაზურა, ბრტყელი, იშვიათად შებუსული ან შიშველი; ყვავილედი თავთავი, ყვავილობს მაისში, ნაყოფს იძლევა ივლისში.

 

 

სალათი ბერნეთი - Sanguisorba minor L.

მრავალწლიანი ბალახოვანი ფესურიანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან; ღერო სწორი, 40-90 სმ; ფოთოლი რთული, შედგება 7-25 ფოთოლაკისგან, სიგრძე 5-30 სმ, კიდედაკბილული, მომრგვალო ან ელიფსური; ყვავილი მოთეთრო, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი თესლურა, მოგრძო, ყავისფერი, ხისებური, მეჭეჭისებური ზედაპირით.



ყანის რეზედა  - Reseda lutea L.

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა; ღერო სწორი, დატოტვილი, შებუსული, 30 -80 სმ; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ლანცეტისებური, 3-5 ფრთისებრდანაკვთული; ყვავილედი მტევანი, ყვავილი მომწვანო-მოყვითალო, ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი მოგრძო კვერცხისებური სამწახნაგოვანი კოლოფი; თესლი თირკმლისებური, პრიალა, მოშავო-ყავისფერი, მოყვითალო ელფერით; ერთი მცენარე იძლევა 400 000 თესლს, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ ხუთ წელიწადს. ყანის რეზედა  გავრცელებულია როგორც  საგაზაფხულო, ისე  საშემოდგომო ჭვავისა და ხორბლის ნათესებში, სათოხნ და ბოსტნეულ კულტურებში.

 

 

ყვითელი ძიძო - Melilotus officinalis L.

ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან; ფესვი მთავარღერძა; ღერო სწორი, დატოტვილი, 1–1,5 მ სიმაღლის; ფოთოლი სამფოთოლაკიანი, ლანცეტისებური, კიდედაკბილული; ყვავილედი ყვითელი ფერის მტევანი, ყვავილობს - ივნისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი - პარკი, ოვალური, 3–4 სმ, მურა შეფერილობის, შიშველი, ერი ან ორი თესლით; თესლი მოგრძო ოვალური, ოდნავ შეჭყლეტილი, გლუვი, ყვითელი, მოყვითალო - მომწვანო, ღია ყავისფერი.

 

 

შვრიუკა - Avena fatua L.

ერთწლიანი ერთლებნიანი სარეველაა, მარცვლოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 120 სმ. ფოთლები ლანცეტისებურია. კილიანი მარცვალი თითისტარისებურია, ფხიანი; გარეთა კილი ტყავისებურია, მჭიდროდ ეკვრის მარცვალს, წვეროში გაყოფილია ორად; ფხა მუხლისებურია, მაგარი, გამოდის შუა ნაწილიდან, სიგრძით 12-დან 20-მმ. მარცვალი ცილინდრული, ზედაპირი დაფარულია თხელი, მონაცრისფრო - მოყვითალო ზემოთ მიმართული ბუსუსებით, სიგრძე  6-8 მმ. შვრიუკა ძნელი გამოსარჩევია შვრიის, ხორბლის და საშემოდგომო ქერის თესლისგან.

 

 

ბეგიაური - Galium aparine L.

ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ნაცარქათამასებრთა ოჯახიდან;   ღეროს სიმაღლე 30-80 სმ; ფოთოლი ვიწრო ლანცეტისებური; ყვავილი წვრილი თეთრი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი კაკლუჭა, მომრგვალო, აქვს ამონაკვეთი, მონაცრისფრო-ყავისფერი, დაფარულია ჯაგრებით; თესლი ნაყოფის მაგვარი, ჯაგრების გარეშე.

 

 

მხოხავი ჭანგა - Elitrigia repens L.

მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან. ფესურა გრძელი, ვრცელდება ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად - 5-15 სმ-მდე; ღეროს სიმაღლე 40-150 სმ; ფოთოლი - შიშველი, ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - რთული თავთავი. თესლი - მარცვალი,  ჩალისფერი, სიგრძე - 0,5 სმ.

 

 

ხვართქლა - Convolvulus arvensis L.

მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი, შხამიანი სარეველაა ხვართქლასებრთა ოჯახიდან. ღერო ხვიარა შიშველი წვრილი, სიმაღლე ერთი მეტრი; ფოთლები ვიწრო შუბისმაგვარი; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი. ნაყოფი - კოლოფი, მონაცრისფრო - მწვანე, მონაცრისფრო - ყავისფერი, ნაცრისფერი, მომრგვალო - ოვალური, ხაოიანი ზედაპირით; თესლი უკუღმაკვერცხისებური, სამწახნაგოვანი, ზედაპირი გლუვი, მონაცრისფრო - ყავისფერი, მუქი ნაცრისფერი, თითქმის შავი.

 

 

ავტორები:


ნინო დათუკიშვილი

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

 

 

მაია გიორბელიძე

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ენტომოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი