სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

შხამიანი სარეველა მცენარეები

შხამიანი სარეველა მცენარეები წარმოქმნიან ტოქსიკურ ნივთიერებებს (ფიტოტოქსინებს), რომელთა მცირე რაოდენობა  იწვევს ადამიანისა და ცხოველების მოწამვლას ან სიკვდილს. ტოქსიკური ნივთიერებები სარეველებისთვის წარმოადგენენ თავდაცვის საშუალებას, მათ მიეკუთვნება: ალკალოიდები, გლიკოზიდები, საპონინები, ეთერზეთები და სხვა, ისინი განაპირობებენ შხამიანი სარეველების არასასიამოვნო სუნსა და მწარე გემოს. მცენარეული ტოქსინები კონცენტრირდება როგორც მთლიანად მცენარეში, ასევე მის ცალკეულ ორგანოში. ფიტოტოქსინები ხასიათდება კუმულაციური თვისებებით, ისინი ნელ-ნელა, თანდათანობით გროვდება ცხოველის ორგანიზმში, შემდეგ კი იწვევენ პირუტყვის სიკვდილს. შხამიანი სარეველებით კვებისას რძეს და მის პროდუქტებს ეძლევათ არასასიამოვნო სუნი და გემო, მაგალითად, რძეს მწარე გემოს აძლევს გვირილა, მჟაუნათი კვების შედეგად იგი ცუდად იდღვიბება, ისლით კვებისას კი რძე წყალ-წყალა ხდება,ზოგიერთი სარეველა მცენარის ნაყოფის თვისებაა ჩაეხვიოს მატყლში, ასეთი მატყლის სასაქონლო ღირებულება მცირდება. ვაციწვერას თესლები ცხვრის ჩლიქებში  წარმოშობს ჭრილობა - ნაპრალებს, რაც იწვევს დაკოჭლებას და სახსრების ანთებას. ხშირად მეფუკრეები მოწმენი ხდებიან ფუტკრების მასიური დაღუპვისა ისეთი შხამიანი მცენარეების ნექტარით, როგორიცაა ბაია, შხამა და სხვ.

 

 

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი  მათგანის მოკლე  დახასიათება.   

 

                                                              

ლენცოფა - Hyoscyamus niger L.


ორწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი მთავარღერძა, ვერტიკალური 2-3 სმ სისქის; ღერო სწორმდგომი, 20-115 სმ; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, მოგძო კვერცხისებური ან ელიფსური, ფრთისებრდანაკვთული; ყვავილები მჯდომარე, ჭუჭყიანი მოყვითალო, იშვიათად თეთრი, შუაში მეწამული  -  იასამნისფერი, ყვავილობს ივნის  -  ივლისში. ლენცოფათი მოწამვლის შემთხვევაში სიმპტომები ცოფით დაავადებების მსგავსია. ლენცოფით მოწამვლა ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება.

 

ლემა - Datura stramonium L.


ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან; ფესვი მთავარღერძა, დატოტვილი ძლიერი; ღერო 1,5 მ სიმაღლის; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, კვერცხისებური, კიდედაკბილული, წვეროში წაწვეტებული, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა მხრიდან მონაცრისფრო; ყვავილები ერთეული, კენწრული ან ფოთლის უბესთან განვითარებული, თეთრი, დიდი ზომის,  არასასიამოვნო სუნით, ყვავილობს ივლის - აგვისტოში.
ლემას „ანგელოზის საყვირსაც“ უწოდებენ, იგი  დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდ პიოსციმინს (ფოთოლში 0,28&, თესლში 0,33-,-0,48,7%), აგრეთვე სკოპოლამინს და ატროპინს, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ის საკმაოდ სახიფათო მცენარეა, არსებობს მისი ნაყენის დალევის შედეგად ადამიანთა დაღუპვის შემთხვევები.

 

                                                             

შხამა - Veratrum lobelianum Bernh.


მრავალწლიანი, შხამიანი, ფესურიანი, ბალახოვანი, აბეზარი სარეველაა შროშანისებრთა ოჯახიდან; საქართველოში გვხვდება ყაზბეგის, ბორჯომ - ბაკურიანის, ბახმაროს, დუშეთის მიდამოებში, იშვიათად - ტყის სარტყელში. ფესურა მოკლე, სქელი; ღერო სქელი, მრავალფოთლიანი, 1-1,5 მ სიმაღლის; ფოთლები ელიფსური, მორიგეობით განლაგებული, ქვემოდან შებუსული; ყვავილედი პირამიდული საგველა, ყვავილი მოყვითალო ან მოთეთრო, ყვავილობს ივნის - აგვისტოში.  
შხამას ნექტარში არსებული ალკალოიდებით მოწამლული ფუტკარი იღუპება, განსაკუთრებული ტოქსიკურობით ფესურა და ფესვები გამოირჩევა. ალკალოიდების გარდა ფესურა შეიცავს საღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს, ამინომჟავებს, ფისებს, გუმფისს, ცხიმებს, სახამებელს, შაქრებს, მინერალურ მარილებს და სხვ.

 

                                                                           

შმაგა, ბელადონა - Atropa caucasica Kreyer.                                                                                                                      


მრავალწლიანი, შხამიანი, ბალახოვანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, მთლიანად შებუსულია, აქვს არასასიამოვნო სუნი, შეიცავს ალკალოიდებს; იზრდება ჩრდილიან და ტენიან ადგილებში. ფესვი მთავარღერძა, ივითარებს ფესურას; ღერო სწორმდგომი დატოტვილი, 60 სმ - დან  2 მ-მდე; ფოთლები ფართო, ოვალური, წყვილად განლაგებული; ყვავილები მუქი იასამნისფერი, ზოგჯერ ყვითელი, ერთეული, ყვავილობს ივნის - ივლისში, ნაყოფი შხამიანია, რადგან შეიცავს მომაკვდინებელ ალკალოიდ ატროპინს, საშიშია მისი როგორც ფოთოლი, ასევე ყვავილი. ბელადონას მიღების შემდეგ ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს, ან მხედველობა დაუზიანდეს.

 

                                                                    

ტილჭირი, აკონიტუმი - Aconitum napellus L.


მრავალწლიანი, ბალახოვანი შხამიანი სარეველაა ბაიასებრთა ოჯახიდან; ღერო სწორმდგომი, 60-150 სმ სიმაღლის; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ფრთისებრდანაკვთული; ყვავილედი მტევანი, ცისფერი, იასამნისფერი, ყვითელი ან თეთრი, ყვავილობს ივლისიდან - სექტემბრამდე. 
ძველ დროში, მის წვენში ამოვლებულ ისრებს მგლების მოსაკლავად იყენებდნენ. ადამიანებში იწვევს პირღებინებას, დიარეას და მგრძნობელობის დაკარგვას.

 

                                                              

საპონა - Saponaria officinalis L.

მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესურა ძლიერ დატოტვილი, მოწითალო - ყავისფერი; ღერო სწორმდგომი, შიშველი ან ოდნავ შებუსული, 30-100 სმ სიმაღლის; ფოთლები მოპირდაპირედ განლაგებული, მოგრძო ან ოვალური, ბოლოში წამახვილებული, შეუბუსავი, ზედა - მჯდომარე, ქვედა - მოკლე ყუნწით; ყვავილები თეთრი ან მოვარდისფრო - თეთრი, შეკრული მტევნად, 5 სმ დიამეტრის, სასიამოვნო სურნელით, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე.  
ფესურები ძლიერ შხამიანია, შეიცავს საპონინებს 35 %-ს, მისი ფესურები წყალში გასრესისას ქაფდება საპონივით.

 

 

ციკუტა - Cicuta virosa L.


მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ქოლგოსანთა ოჯახიდან, განსაკუთრებით შხამიანია ფესურა; ფესურა ვერტიკალური, ხორციანი, თეთრი, მრავალი წვრილი ფესვით; ღერო დატოტვილი, 1-1,2 მ სიმაღლის; ფოთლები რთული, ორმაგად ფრთისებრდანაკვთული, კიდედაკბილული; ყვავილები წვრილი, ყვითელი ან თეთრი, შეკრებილია ქოლგა ყვავილედად, 10-15 სხივიანი, ყვავილობს ივლის - აგვისტოში.  ციკუტას მრავალი გართულებისა და სიკვდილის გამოწვევა შეუძლია.

 

                                                                   

ოშოშა - Glechoma hederacea L.


მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა, შეიცავს ალკალოიდებს, დამახასიათებელია სპეციფიკური სუნი; ფესურა მხოხავი, წვრილი, მოკლე ფესვებით; ღერო მხოხავი, ოთხწახნაგიანი, ოდნავ შებუსული, 20-50 სმ სიმაღლის, მიწასთან შეხებისას ფესვიანდება; ფოთლები მომრგვალო თირკმლისებური, გრძელი ყუნწით, მოპირდაპირედ განლაგებული, გლუვი, ოდნავ შებუსული; ყვავილები მცირე ზომის, ორტუჩა, იასამნისფერი ამ მოცისფრო იასამნისფერი, რამდენიმე ერთად (3-4) შეკრული ფოთლის უბესთან, ყვავილობს ზაფხულის პირველ ნახევარში.

 

 

სელიჭა - Linaria vulgaris Mill.

 

მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან; ფესურა წვრილი, გრძელი; ღერო სწორმდგომი, მარტივი ან დატოტვილი, შეფოთლილი, 30-90 სმ სიმაღლის; ფოთლები ლანცეტისებური ან ხაზურა - ლანცეტისებური, ბოლოწაწვეტებული, შეუბუსავი, მჯდომარე; ყვავილები შეკრული მტევნად, ყვითელი, 5-15 სმ სიგრძის, ყვავილობს ზაფხულის განმავლობაში.
სელიჭას ღერო და ფოთლები ალკალოიდ პეგანინს შეიცავს.

 

                                                                               

ხრიალა - Rhinanthus minor L.


ერთწლიანი, შხამიანი, ბალახოვანი, ნახევრად პარაზიტი სარეველა მცენარეა კელაპტარასებრთა ოჯახიდან (სხვა მცენარეების ფესვებიდან იღებს საკვებ ნივთიერებებს); ღერო მარტივი ან დატოტვილი, 20-50 სმ სიმაღლის; ფოთლები მოპირდაპირედ განლაგებული, ლანცეტისებური ან მოგრძო ლანცეტისებური, ბოლოში შევიწროებული, კიდედაკბილული, შეუბუსავი; ყვავილები შეკრული მტევნად კენწეროში, ყვითელი, ყვავილობს ზაფხულის განამვლობაში;  ისხამს კოლოფა ნაყოფს; თესლი ნაყოფის კედლებს სცილდება და თიბვის დროს ხრიალი გააქვს.
იზრდება მდელოებზე, მინდვრებში, ნათესებსა და რუდერალურ ადგილებში ალპურ სარტყლამდე. სახლდება მდელოს მარცვლოვნების ფესვებზე და აკნინებს მათ.

 

                                                                               

ძაღლყურძენა - Solanum nigrum L.

ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი ფუნჯა, ღერო სწორი, დატოტვილი, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები მარტივი, მორიგეობით განლაგებული, ოვალურ - კვერცხისებური, კიდედაკბილული; ყვავილები თეთრი, ვარსკვლავისებური, შეკრული ნახევარქოლგად, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; ბალახი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, მწარე გლუკოზიდ დუკლამარინს და გლიკოალკალოიდ სოლანინს, ეს უკანასკნელი კენკრის მომწიფების მომენტისთვის სრულიად ქრება, ამიტომ მწიფე ნაყოფი საჭმელად ვარგისია, უმწიფარმა ნაყოფმა შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.

 

 

 

 

ავტორები:

მაია გიორბელიძე     
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის 
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი


ნინო დათუკიშვილი     
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის 
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი


მარიამ აზნარაშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი