სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

თხილის დაავადებები და სარეველები

თხილი (Corylus avellana L.)  მნიშვნელოვანი კაკლოვანი კულტურაა. ძველ ბერძნებს იგი ოჯახური ბედნიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ მიაჩნდათ, რომაელები კი მას ჯანმრთელობასა და ძალასთან აიგივებდნენ. 
მისი ნაყოფი ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური მარილების მაღალი შემცველობის გამო ფართოდ გამოიყენება ადამიანის ბალანსირებულ კვებაში, გადასამუშავებელ მრეწველობაში, საკონდიტრო წარმოებაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში. იგი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნიან და ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას.
თხილი ტენის მოყვარული, ყინვაგამძლე მცენარეა, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ ნიადაგურ პირობებს, ოღონდ არ უყვარს ჭაობიანი და მძიმე თიხნარი ნიადაგები, უკეთ ხარობს თუ ნიადაგის მჟავიანობა  შედარებით დაბალია. თხილი ეროზიის საწინააღმდეგო კულტურაა, იცავს ნიადაგს ჩამორეცხვისგან, მისი მერქანი მსუბუქი და მტკიცეა.
თხილის ნარგავები მნიშვნელოვნად ზიანდება სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან. მათი მოქმედების შედეგად მცირდება მოსავლიანობა და  ნაყოფის სასაქონლო ღირებულება.

 

 

თხილის ნაცარი - Phyllactinia coryli 

სწრაფად გავრცელებადი სოკოვანი დაავადება. ფოთლის ფირფიტის ზედა მხარეს ჩნდება მოყვითალო ქლოროტიული ლაქები დაახლოებით 3 სმ დიამეტრით, რომლებიც ქვედა მხრიდან იფარება ნაზი მოთეთრო ფიფქით. დაავადებული ადგილები თანდათან დიდდება, იკავებს  მთელ ფოთლის ფირფიტას და იღებს მოთეთრო შეფერილობას.  ლაქაზე ჩნდება მოწითალი-მურა წერტილები - სოკოს  სპორების (კონიდიების) შემცველი ნაყოფსხეულები. მცენარის ქვედა ფოთლები ყვითლდება, ჩამოეკიდება და ატროფირდება. კონიდიები სოკოს გამრავლების ორგანოებია და ვრცელდება ქარის საშუალებით. 

ფიფქი ხელს უშლის ფოტოსინთეზის პროცესს.  მცენარე გამოიყურება არაჯანსაღად, რადგანაც სოკო ართმევს მას საკვებ ნივთიერებებს. ხელსაყრელ პირობებში იწვევს ნაადრევ ფოთოცვენას. საბოლოოდ მცენარე მიდის ჭკნობამდე.

 

 

თხილის კიბო

თხილის ღეროსა და ტოტების მძიმე დაავადებაა კიბო. დაავადების განვითარებისას დიდია მოსავლის დანაკარგები და შესაბამისად დიდი ეკონომიკური ზარალის მომტანია.
თხილის მძიმე დაავადებას იწვევს Botryospaeria-ს გვარის წარმომადგენლები. მცენარის დასნებოვნებისას ხდება ფოთლების და ტოტების  ინფექცია, შემდეგ ფოთლების ლაქიანობა, ჭკნობა და ხმობა, ტოტებსა და ღეროზე ქერქი სკდება, ქერქის ქვეშ მერქანი გამუქებულია, წარმოიქმნება იარები, ადგილი აქვს გომოზს. 
სოკოს მოქმედების შედეგად ზიანდება კამბიუმის ფენა, ირღვევა საკვები ნივთიერებებისა და წყლის მიწოდება, რასაც მივყავართ მცენარის ზედა ნაწილისა და ფესვთა სისტემის დაღუპვისაკენ. ნაყოფი შავდება და ლპება. საბოლოოდ მცენარე იღუპება.

დაავადების ხელშემწყობი პირობებია მცენარის სტრესული მდგომარეობა, ტემპერატურა და ტენი, მექანიკური და ყინვისგან გამოწვეული დაზიანებები, ცუდად დრენაჟირებული ნიადაგი.

 

 

ციტოსპორა (Cytospora canker) 

ხეების ღეროსა და ტოტებზე ახმობს ქერქის უბნებს, წარმოქმნის მომრგვალო, ოვალურ ან წაგრძელებულ ჩაღრმავებულ კერებს. იარები თავდაპირველად ჩნდება ახალგაზრდა ხეებზე ყავისფერი, ოდნავჩაღმავებული უბნების სახით ტოტების და ღეროს გლუვ ქერქზე. იარებს აქვს მომრგვალო ან ოვალური ფორმა. კიბოს განვითარებასთან ერთად თანდათან დაავადებული ღერო შემოირკალება და ხმება.

ყლორტები ჩვეულებრივ ხმება ტიპიური დაზიანების გარეშე. დაზიანების უბნების ქერქზე და კიბოს საზღვრებზე  შეინიშნება ვერტიკალური ბზარები. იარების გაზრდისას გარე ქერქი შეიძლება გახდეს შავი, ყავისფერი ან ნაცრისფერი და ჩაღრმავებული. შიდა ქერქი ხდება შავი და გამოიყოფა. იარა არის მოწითალო ყავისფერი და გაჟღენთილია წყლით.

 

 

                     

თხილის აღმოსავლური კიბო - Eastern Filbert Blight გამომწვევი Anisogramma anomala

ახალგაზრდა 6 წლამდე მცენარეებზე შეინიშნება. ის აზიანებს მცენარის ქსოვილებს და იწვევს მის სწრაფ  გაუფერულებასა და ჭკნობას. საწყისი სიმპტომი დაავადებისა არის იარები, რომლებიც ჩნდება ხის ზედა ტოტებზე, შემდეგ ისინი შეიძლება გაჩნდეს მცენარის ყველა უბანზე, რაც იწვევს ფოთლების ნაადრევ ჭკნობას და ტოტების ხმობას.  იარების წარმოქმნამდე ფლოემისა და კამბიუმის ქსოვილებში კოლონიზირებული პათოგენის მიერ ვითარდება ნეკროზული შოკოლადისფერ-ყავისფერი გაუფერულებული ლაქები. ისინი შეინიშნება გაზაფხულზე დაავადებულ ტოტებზე ქერქის მოცლის შედეგად. გაზაფხულზე პათოგენის სტრომატა ვითარდება დაავადებული ტოტების ქერქის ქვეშ, რომელიც იწვევს ტოტების სიგრძივ ჩაღრმავებულ იარებს. სტრომატა იჭრება ქერქში ივნისსა და ივლისში. იარები დიდდება სეზონიდან სეზონამდე, დაავადების განვითარებისას ხე შემოირკალება იარით. შემორკალულ ტოტებზე ფოთლები სწრაფად ჭკნება და რჩება ტოტზე ზაფხულის განმავლობაში.

საბოლოოდ ხე ხმება 5-15 წლის განმავლობაში. დაავადება ვრცელდება ტენიანი ამინდის პირობებში. სპორები ვრცელდება წვიმის საშუალებით.

 

 

ფომოპსისი -Phomopsis sp.- Stem and twig cankers 

როგორც წესი იწყება გაზაფხულზე ზრდის ადრეულ სტადიებზე. ეს გავლენას ახდენს ფოთლებზე, ნაყოფებზე, მცენარის ყლორტებზე და იწვევს მათ დაზიანებებს, ნაყოფის სიდამპლეს. ტოტების ხმობა წვერიდან იწყება. ჯერ ჩნდება ერთეული მონაცრისფერო ლაქები, რომლებიც თანდათან იზრდება და ტოტის წვერს მთლიანად ფარავს. დაავადებული ტოტების ფოთლები თანდათან ყვითლდება, ხმება და ცვივა. 

დაავადების ხელშემწყობი პირობებია სეტყვა, ჭარბი ტენიანობა, მექანიკური დაზიანებული ადგილები. დაავადება დიდი ეკონომიური ზარალის მომტანია. 

 

 

ფესვის ლპობა - Armillarea mellea  

ნიადაგის სოკოა, რომელიც იწვევს ფესვის ლპობას.
ფოთლის სიმპტომი მოიცავს მუხლთაშორისების ზრდის შეჩერებას (შენელებას), დეფოლაციას, ტოტების განტოტვას, ნაადრევ გაყვითლებულ და დაკნინებულ ფოთლებს. ქერქსა და ფოთლებს შორის წარმოიქმნება თეთრი ფერის მარაოსებრი მიცელიუმი. ფესვზე სოკო ივითარებს იზომორფებს.  ტენიან გარემოში მერქანი შეიძლება იყოს ბოჭკოვანი. შემოდგომით ღია ოქროსფერი სოკოები იზრდება დაავადებული ხის გარშემო.

ხელშემწყობია ნესტიანინ ნიადაგი.

 

ფუზარიოზი - Fusarium lateritium  

თხილის ტოტებზე ჩნდება ნაცრისფერი ნეკროზული იარები. შემდეგ იარები იღებს მოწითალო-ყავისფერ შეფერილობას. დაავადებული უბნის კამბიუმი კვდება და ტოტი იღებს L-მაგვარ დეფორმაციას. დაავადების განვითარებისას და ტოტების იარით შემორკალის შემდეგ ფოთლები ხმება. იარებზე შეინიშნება ყვითლიდან ნარინჯისფერამდე სპოროდოხიების განვითარება. ნაჭუჭის შიგნით ნაყოფის ზედაპირი იფარება სოკოს მიცელიუმით-ფიფქით. ნაყოფი ლპება. საბოლოოდ მცენარე ხმება.

 

 

ფოთლის ლაქიანობა და კვირტის დაავადებები - ანთრაქნოზი 

გამოწვეულია რამდენიმე სოკოთი - Piggotia coryli, Gloesporium coryli. მათ უმეტესობას პათოგენობის თვალსაზრისით მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. საბოლოოდ ხდება 20-დან 22-მდე და 18-დან 20%-მდე ფოთლების და ნაყოფების ინფექცია. ფოთლებზე სიმპტომი ვარირებს შეუმჩნეველი ყავისფერი ლაქებიდან შედარებით დიდ არარეგულირებად ქლოროტიულ დაზიანებამდე, რომლებიც იწვევს ფოთლების ნაადრევ ჩამოკიდებას. პათოგენი ინფექციურ ფაზაშია მორიგეობით ფოთლებზე ზაფხულში და ჩამოცვენისას და გაზაფხულზე ნეკროტიკულ კვირტებზე.

 

 

მოყვითალო ყავისფერი ლაქიანობა - Phyllosticta coryli 

თხილის ფოთლები იფარება დიდი ზომის მოყვითალი-ყავისფერი ლაქებით, რომლებიც შემოსაზღვრულია წვრილი მურა აშიით და აქვს უსწორმასწორო ფორმა. შემდგომ ლაქები ხმება და იღებს ჟანგისფერ შეფერილობას. ამასთან არშია კვლავ მკვეთრად არის გამოსახული. დროთა განმავლობაში ინფიცირებულ ფოთლებზე ქსოვილები იბზარება და გამოვარდება.  ლაქებზე ვითარდება სოკოს ნაყოფსხეულები პიკნიდიები, რომლებიც განლაგებულია დაავადებული უბნის ცენტრში.

 

 

თხილის ნაცრისფერი სიდამპლე - Botrytis cinerea

სოკო იწვევს   ფოთლების, ყლორტების, ნაყოფების დაავადებას. თავდაპირველად ჩნდება მოწითალო ყავისფერი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლაქები, რომლებიც მუქ-ყავისფერში გადადის ერთდება და იკავებს ფოთლის ფირფიტის დიდ ნაწილს. ფოთლები ჭკნება, ნაცრისფერდება და ცვივა. ნაყოფის დაავადება ვითარდება ნაჭუჭის გამერქნებამდე ყავისფერი სველი ლაქის სახით. მაღალი ტენიანობის პირობებში მთელი ნაყოფი იფარება სოკოს მიცელიუმით. ნაყოფი დეფორმირდება, ჭკნება და ცვივა. სოკო იზამთრებს ჩამოცვენილ ან მცენარეზე დარჩენილ დაავადებულ ფოთლებზე. 

ჭარბი ტენიანობისას ნაყოფში შეიძლება დაგროვდეს მავნე ნივთიერებები მიკოტოქსინების სახით. ისინი შეიცავენ ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებას კანცეროგენულ აფლატოქსინებს, მათ შორის ყველაზე კანცეროგენულ აფლოტოქსინ B-ს.

 

 

ნაყოფის ობი 

სიმპტომები ჩნდება ნაყოფის მომწიფებისას და  შრობისას. გამომწვევი სოკოს სახეობიდან გამომდინარე სიმპტომი სხვადასხვაგვარად გამოიხატება.
ობი შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვადასხვა სახეობის სოკოებით, როგორიცაა Rhizopus sp., Aspergillus sp., Penicillium sp., Cladosporium sp., Rhizomucor sp., Alternaria sp., Epicoccum sp., Trichotecium sp.   
ადგილი აქვს გულის წვერის ნეკროზს, რომელიც ვრცელდება რამდენიმე მილიმეტრზე. წვერი შავდება და ნაოჭდება, მცირდება ნაყოფის ხარისხი;
თხილის გული გაუფერულებულია. დასნებოვნებული გული განსხვავდება ნორმალურისაგან, გაუმჭირვალე თეთრიდან ნახევრად გამჭირვალემდე. თანდათან ხდება ზეთოვანი და მოყვითალო ფერის. აქვს მწარე, მძაღე გამო. სიმპტომი ყოველთვის არ ვლინდება გულის ზედაპირზე.
გულის დაზიანება  ვლინდება  ლაქების განვითარებით. ლაქები არის მუქი, ჩაღრმავებული და მრავალფეროვანი ზომით და ფორმით. შესაძლებელია გულის მთელი ზედაპირი იყოს დაავადებული.
თხილის გული გამოშრება და ხმება და მასზე შეინიშნება სოკოს სპორათგროვები.

ობის სოკოები გამოყოფენ ტოქსინებს, რათა გაანადგურონ კონკურენტი სასარგებლო ორგანიზმები. ობი შეიძლება იყოს თეთრი, შავი, ცისფერი, მწვანე. ყველაზე შხამიანი საშიშია ყვითელი ობი. ობის სოკოებს არ აქვთ არც გემო, არც სუნი და გააჩნიათ ძლიერი ტოქსიკურობა, რაც იწვევს აფლატოქსიკოზს. აფლატოქსინი სწრაფად იჭრება თხილის გულში. 2 მკგ/კგ იწვევს სისტემურ დაავადებას, საშიშია კანცეროგენური თვისებებით.

 

 

თხილის ბაქტერიული ჭკნობა (Bacterial blight)

რომლის გამომწვევი პათოგენია Xanthomonas arboricola pv. corylina, პირველად 1913 წელს იქნა აღწერილი  აშშ-ში (ორეგონის შტატი) Corylus maxima-ზე. შემდეგ იგივე დაავადება იქნა აღწერილი C. avellana-ზე ევროპის ქვეყნებში: იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, რუსეთი (სამხრეთი), სერბეთი, მონტენეგრო, შვეიცარია, თურქეთი და ბრიტანეთი (EPPO/CABI, 1997). საქართველოში დაავადება არ არის აღწერილი. საკარანტინო ორგანიზმია.
დაავადების სიმპტომები მცენარეზე შეიძლება გამოვლინდეს სანერგეშიც და მინდორშიც. სანერგეში შესაძლოა გაზაფხულზე განვითარდეს კვირტის ხმობა და ერთწლიანი ყლორტების წვეროს ნეკროზი. მოგვიანებით ღეროები შეიძლება მთლიანად გახმეს. პათოგენი ხშირად ღეროზე 10-12 სმ სიგრძის წყლულის მიზეზია. ფოთლებზე შეიმჩნევა მრავალკუთხოვანი დაზიანებები, ზეთოვანი გამონაყოფით, რომლებიც შემდგომ ერთიანდებიან.
მინდორში, კვირტების და გვერდითი ტოტების ხმობა, აგრეთვე წყლულები ღეროს გასწვრივ ხშირად შეინიშნება გაზაფხულზე და ზაფხულში. ნაყოფზე (ნაჭუჭზე) ვითარდება ყავისფერი ლაქები, გარეთა მწვანე საფარზე კი -  ცხიმოვანი დაზიანებები.
ბაქტერიული ჭკნობის სიმპტომები ვითარდება მცენარის შემდეგ ორგანოებზე: ფოთლებზე (წვრილიკუთხოვანი ნეკროზული დაზიანებები), ნაჭუჭზე (მრგვალი ან წაგრძელებული შავი ნეკროზული დაზიანებები), ნაჭუჭის გარეთა მწვანე საფარზე (2-4 მმ დიამეტრის ზეთოვანი ან ნეკროზული მრგვალი ლაქები), გვერდით ტოტებზე (ნაწილობრივი ან მთლიანი ხმობა), ღეროზე (ნაწილობრივი ან მთლიანი ხმობა, სიგრძივი წყლული, რომელიც ვითარდება კვირტიდან.

 

 

თხილის ბაქტერიული კიბო (Bark canker and decline)

გამომწვევია Pseudomonas syringae pv.avellanae, (Psa) [= P. avellanae (Scortichini, 2002)]. ეს დაავადება პირველად აღწერილ იქნა საბერძნეთში 1976 წელს, შემდეგ იტალიაში, როგორც კულტურულ ასევე ველურ ჯიშებზე. დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემო ფაქტორები (ქარი, წვიმა). დამჭკნარი ღეროების პოვნა ნებისმიერ დროს შეიძლება, განსაკუთრებით ზაფხულში. პათოგენი ნაპოვნია ნიადაგში, განსაკუთრებით იქ, სადაც ნიადაგის მჟავიანობა მაღალია და იყენებენ ისეთ სასუქებს, როგორიცაა ამონიუმის სულფატი, მაღალია ნიადაგში ალუმინის შემცველობა, ფესვებში რკინის და მანგანუმის მაღალი დონეა. ადრე შემოდგომით ქარის და წვიმის გზით ბაქტერია იჭრება ფოთლის უბეში, გამოიზამთრებს ქერქის ქვეშ პარენქიმის და ქსილემის ქსოვილში. გაზაფხულზე ბაქტერია შეიძლება გადამოძრავდეს ფლოემაში ინფიცირებული ღეროდან მცენარის სხვა ნაწილისკენ, მათ შორის ფესვებისკენ. ყინვიან ამინდში, ღეროზე წარმოქმნილი ბზარების გამო, გაადვილებულია Pseudomonas syringae pv.avellanae დასახლება მცენარეზე. ბაქტერიების ეპიფიტური პოპულაცია ნაყოფზე და თესლზე არ სახლდება. ზაფხულის განმავლობაში ღეროზე შეიძლება წარმოიქმნას სიგრძივი იარა. დაავადებული მცენარის ღერო მოწითალო-ყავისფერია. შესაძლოა მოხდეს ფესვის ნეკროზი. ინფიცირებულმა მცენარემ შესაძლოა გამოიზამთროს და შემდეგ ზაფხულს გახმეს.

Pseudomonas syringae pv.avellanae-თი გამოწვეული 
ფოთლების სწრაფი ჭკნობა ადრეულ გაზაფხულზე   სიგრძივი წყლული თხილზე

Pseudomonas syringae pv.avellanae არასაკარანტინო ორგანიზმია.
დაავადებული მცენარიდან მწერების საშუალებით შესაძლებელია პათოგენის გადატანა ჯანმრთელ მცენარეზე. ვექტორებს წარმოადგენენ: Xyleborus (Anisandrus) dispar (L.), X. saxesenii (Ratz.) და სხვ.

თხილის ნარგაობაში გავრცელებული სარეველებია: ეწრის გვიმრა (Pteridium tauricum Presl. V. Kreez.), ჩადუნა (Dryopteris Adans.), მაყვალი (Rubus L.), ეკალღიჭა (Smilax excelsa L.), გრაკლა (Spiraea L.), ოქროწკეპლა (Solidago virga aurea L.), კაროლინის ძაღლყურძენა (Solanum carolinense L.), ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia L.), მწვანე ძურწა (Setaria viridis (L.) P. B.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca (L.) P. B.), მწყერფეხა (Digitaria sanguinalis (L.) Scop.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), ღიღილო (Centaurea depressa M. B.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.),  გვირილა (Pyrethrum ), მინდვრის მდოგვი (Sinapis arvensis L.), ღიჭა (Sonchus L.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense (L.) Scop.), ჩაქვის ბალახი (Pollinia imberbis Nees), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.) და სხვა.

 

 

 

ავტორები:


ნინო ბოკერია
სოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.D
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი

მანანა გურიელიძე
ბიოლოგიის დოქტორი Ph.D
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.D
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.D
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

ანნა დადეგაშვილი
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი

მანანა ზუბადალაშვილი
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი