სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ვაზის დაავადება - ეუტიპა (Eutypa dieback; Eutypa lata)

ეუტიპა ვაზის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი დაავადებაა. მას მასპინძელი მცენარეების ფართო სპექტრი გააჩნია: 80 სახეობის 27 ბოტანიკური ოჯახის მცენარეს ასნებოვნებს.
სოკოვანი დაავადება წარმოქმნის იარებს როგორც შტამბზე, ასევე მხრებზე. იარა ჩნდება დაინფიცირების ადგილას. ვიზუალურად მისი აღმოჩენა ძნელია, რადგან იგი დაფარულია ძველი მკვდარი ქერქის ქვეშ, რომელიც გარკვეულწილად გაბრტყელებულია. შტამბის განივ გადანაჭერზე შეინიშნება სოლისმაგვარი ფორმის გამუქება (ნეკროზი), რომლის წვერიც შტამბის ცენტრს აღწევს. ეუტიპას სიმპტომები თვალსაჩინოა მას შემდეგ, რაც იარები კარგად გამოჩნდება. ეს კი ხდება დასნებოვნებიდან საორიენტაციოდ 2-4 წლის შემდეგ.

შტამბზე ახალი ყლორტებისა და მხრების წარმოქმნასთან ერთად ყლორტები დამჭკნარი, დაბეჩავებულია. მუხლთაშორისები დამოკლებული, სიმპტომები არ ჩანს გვიან შემოდგომამდე, იმიტომ რომ დაავადებული მხრები ჩვეულებრივ კვირტების გაშლის შემდეგ ვიზუალურად დემონსტირებას უკეთებს საღ ჯანმრთელ ყლორტებს. დაავადების პირველი სიმპტომი გამოჩნდება გაზაფხულზე ვაზის ახალგაზრდა 25-45 სმ სიგრძის ყლორტზე, რომლებიც ზრდაში ჩამორჩება, რასაც იწვევს მერქანში სოკოს შეჭრის შედეგად წვენის მოძრაობის დარღვევა. დაკნინებულ ყლორტებზე  დაავადებული ფოთლები მცირე ზომისაა, მოყვითალო (ქლოროზს ჰგავს)  და დანაოჭებული, შემდეგ ხმება. ნეკროზული ჭრილობები იზრდება ქვემოთ ყლორტზე. ყლორტები ჭკნება, ხმება და ბუჩქი თანდათან იღუპება. ყვავილები ხმება ყვავილობამდე.  მტევნები დაავადებულ ყლორტზე ცუდად ფორმირდება, გამოირჩევა ძლიერ მცირე ზომისა და შაქრის არასაკმარისი დაგროვებით. მოსავლის ხარისხი დაქვეითებულია.

ინფიცირება ხდება სოკოს ასკოსპორებით, რომლებიც გამოიფრქვევიან წვიმის დროს სოკოს ნაყოფსხეულიდან - პერიტეციუმიდან და შესაძლებელია მათი გადატანა დიდ მანძილზე ჰაერის ნაკადის საშუალებით. ასკოსპორები გამოიყოფიან წვიმიდან 2 საათის შემდეგ და თავისუფლდებიან 36 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ პერიტეციუმი ასკოსპორებისაგან ცარიელია. ასკოსპორები კვლავ მომწიფდება 12 დღის შემდეგ.  სპორები ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას ორი თვის განმავლობაში.

დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს წვიმა. დაინფიცირება ხდება ჰაერის ნაკადის გადატანილი ასკოსპორების გასხვლისას ან მექანიკური დაზიანებისას წარმოქმნილ ახალ ჭრილობასთან კონტაქტის შედეგად. ჭრილობებიდან ინფექციისადმი მგრძნობელობა მცირდება ასაკთან ერთად ანუ მცენარე ინფექციის მიმართ მდგრადი ხდება გასხვლიდან დაახლოებითნ 2-4 კვირის შემდეგ. ამგვარად, მოსვენების პერიოდის დასაწყისში წარმოქმნილი იარა უფრო მეტად მიმღებიანია, ვიდრე მოსვენების პერიოდის ბოლოს. თუმცა წყლის სტრესი ზრდის ინფექციისადმი ვაზის მიმღებიანობას. ვაზის განვითარება ფერხდება.  დაავადება ვენახში ვითარდება ნელა და ჩვეულებრივ არ შეინიშნება დასნებოვნებიდან მესამე ან მეოთხე წლამდე. ამ დროისათვის სიმპტომური ფოთლების მქონე მრავალწლიან შტამბზე უკვე განვითარებულია იარები. რამდენიმე წლის შემდეგ კი დაავადებული შტამბი და მხრები იღუპება.

მეტად მიმღებიანია უფროსი ასაკის მცენარეები. ერთწლიანი ვაზი უფო მეტად მდგრადია, გამძლეა გამომწვევის მიმართ, ვიდრე ორწლიანი. ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 1-დან 3 წლამდე, ვარირებს ვაზის ჯიშთან დამოკიდებულებით.
დაავადება ვრცელდება ნერგებით და კალმებით.

 

ავტორები:

ნინო ბოკერია

სოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.D
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი

ანნა დადეგაშვილი

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი