ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სამეცნიერო სტატიები

ვაშლის ნაცარი

გამომწვევი სოკო – Podospharea leucotricha Salm.ნაცარით დაავადებულ ორგანოების (ფოთლები, ყლორტი, ყვავილი, მკვახე ნაყოფი) ზედაპირზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი. დაავადების შედეგად ახალგაზრდა ფოთოლი კოვზისებურად იზნიქება – იხვევა მთავარი ძარღვის გასწვრივ. იგი კიდეებიდან იწყებს ხმობას და ცვივა. ყლორტები იფარება თავდაპირველად თეთრი, ხოლო შემდეგ კი მონაცრისფრო ფერის ფიფქისაგან შემდგარი ლაქებით. დროთა განმავლობაში ლაქები ერთმანეთს უერთდება და ყლორტების ზედაპირი სრულად იფარება ასეთი ფიფქით. ძლიერ დაზიანებულ ყლორტებზე არსებული ფოთლები ხმება და ცვივა. დაზიანებული ყვავილის კვირტი გვიან იხსნება და ნელა ვითარდება. დაავადებულ ყვავილედებზე ნაყოფი ვეღარ ვითარდება. ნაცარით დაზიანებული ნაყოფები იფარება ფიფქის თხელი ფენით და ნელა ვითარდება.ავადდება ახალგაზრდა, განვითარებადი ქსოვილები, ამიტომ ვეგეტაციის დასაწყისში ნაცრის გამოჩენა ძალზე სახიფათოა.მოსავლიანობა მცირდება და ვაშლის განვითარება უარესდება. იგი იძლევა სუსტ აღმონაცენს, ცუდად იზამთრებს, რამდენიმე წლის განმავლობაში ძლიერი დაავადებისას შეიძლება დაიღუპოს კიდეც.ხელშემწყობი პირობებია მშრალი, ცხელი ამინდი, განსაკუთრებით ვეგეტაციის პერიოდის დასწყისაში. განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა: 15-25°Cჰაერის ოპტიმალური შეფარდებითი ტენიანობა: 70-90%სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.ნაცარის გამომწვევი სოკო იზამთრებს დაავადებული ორგანიების ქერქის ქვეშ, ან ნაკლებად ცივი ზამთრის პირობებში, პირდაპირ დაზიანებული ყლორტების ზედაპირზე. აქედან გამომდინარე, ცივი ზამთრის პირობებში დაავადების გავრცელების მასშტაბები მკვეთრად მცირდება. ავტორები:ნინო ბოკერიასოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსიანნა დადეგაშვილიმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი 

იხილეთ სრულად

მონილიოზი ანუ ნაყოფის სიდამპლე

დაავადებას იწვევს Monilia-ს გვარის პარაზიტული სოკოები.ფართოდაა გავრცელებული თესლოვანთა და კურკოვანთა  ნაყოფის სიდამპლე. ავადდება თესლოვნების: ვაშლის, მსხლის,  კომშის, აგრეთვე კურკოვნების: ატმის, ნექტარინის, გარგარის,  ქლიავის, ალუბლის, ბლის, ალუჩის,  ნუშის, ნაყოფები. იგი აავადებს არა მარტო ნაყოფს, არამედ სანაყოფე ტოტს, ყვავილს და ყლორტს, რომლებიც დაავადებისთანავე ხმება. დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:• ტემპერატურა 14-160C• ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 90-97%-ის ფარგლებში. Monilia mali აავადებს ვაშლის როგორც მკვახე, ისე მწიფე ნაყოფებს. სოკოს სპორა ხვდება ნაყოფის დაზიანების ადგილას (უმთავრესად ნაყოფჭამიებით), იძლევა წინაზრდილს, რომელიც თანდათან ვრცელდება ნაყოფის რბილობში. ნაყოფი იცვლის ფერს: ჯერ დაზიანებული ადგილი ოდნავ გამუქდება, შემდეგ ბაცი ყავისფერი ხდება და დაზიანება ვრცელდება ნაყოფის რბილობის ქსოვილში. იგი გათუთქულს ემსგავსება. ვაშლის ნაყოფების კანქვეშ პატარა მეჭეჭების სახით ვითარდება კონიდიალური ნაყოფიანობა. ვაშლის ნაყოფის კანი ირღვევა და მის ზედაპირზე ჯერ ბაცი ყვითელი, ხოლო შემდეგ ყავისფერი მოზრდილი მეჭეჭები გამოდის. მეჭეჭები კონცენტრირებულად არის განლაგებული დაავადებულ ნაყოფზე. მეჭეჭი შედგება სტრომის მსგავსად შეკრული ჰიფებისაგან, რომლებიც ფუძეს ქმნის და მის წვერზე განვითარებულია ძეწკვებად შეკრული ლიმონისებრი კონიდიუმები. ზაფხულის განმავლობაში სოკო ვრცელდება კონიდიუმების საშუალებით. ზოგჯერ დაავადებულ ნაყოფზე მეჭეჭები საერთოდ არ წარმოიქმნება და დამპალი ნაყოფი შავდება, გამოივსება უნაყოფო მიცელიუმით და მუმიფიცირდება. ნაყოფი მთლად გაშავებულია, ზედაპირი მოკრიალდება და ბოლოს იჭმუჭნება, ჭკნება. დაავადების ამ ფორმას შავ სიდაპლეს უწოდებენ. დაავადებული ნაყოფები ან ცვივა ან ხეზევე რჩება. ნაყოფებზე მეჭეჭების განვითარების შემთხვევაში გაზაფხულზე კონიდიალური ნაყოფიანობა ახლდება. შავი სიდაპლის სტადიის შემთხვევაში კი ხეზე მუმიფიცირებულ ნაყოფებში ან ნიადაგში გამოზამთრებული სოკო ივითარებს ჯამისებრ, გრძელფეხიან აპოტეციუმებს (ჩანთიანი სტადია). აპოტეციუმებში განვითარებული ჩანთებიდან გამოსული ასკოსპორები ადრე გაზაფხულზე მოხვდებიან ახალგაზრდა ნაყოფებზე და იწვევენ ახალ ინფექციას. დაავადების ხელშემწყობი პირობებია სინოტივე, ტემპერატურა. დაავადების გავრცელდბას ხელს უწყობენ მწერები: რინქიტები, ნაყოჭამიები.ვაშლის მონილიოზი ფოთლებსა და სანაყოფე კვირტებს აზიანებს. ყლორტი ხმება. დაავადება ყუნწის გზით ტოტზე გადადის.დაავადება ვრცელდება სპორებით, რომელიც მცენარეში იჭრება უმეტესად მექანიკური დაზიანების ადგილიდან. სპორები ვრცელდება ქარის, წვიმის, მწერების, განსაკუთრებით რინქიტების საშუალებით.Monilia cydoniae აზიანებს კომშის  ნაყოფს, ყლორტს, სანაყოფე ტოტსა და ყვავილს.კურკოვანი კულტურების-ატმის, ნექტარინის, ალუბლის, ბლის, ქლიავის,გარგარის, ნუშისა და სხვა კურკოვნების ნაყოფის სიდამპლეს იწვევს სპეციალიზირებული პათოგენური სოკო Monilia cinerea, ავადდება, აგრეთვე ყლორტი, ყვავილი, სანაყოფე ტოტი.კურკოვნების მონილიოზი (ნაყოფის სიდამპლე) საკმაოდ გავრცელებული და მავნეობის მომტანი დაავადებაა. გაზაფხულზე დაავადების განვითარებისათვის დამახასიათებელია ყვავილების, ფოთლების, ახალგაზრდა სანაყოფე ტოტების და ერთწლიანი ყლორტების გამუქება და ხმობა. ნასკვის ფორმირების შემდეგ დაავადებისას იგი ხმება. ზაფხულის განმავლობაში ყლორტები და ცალკეული ტოტებიც კი ხმება.ყვავილების დაავადება მეტად სწრაფად მიმდინარეობს. დაავადება შეიჭრება ნასკვიდან ან ყვავილის რომელიმე სხვა ადგილიდან, იწვევს ყვავილის ჭკნობას და მთლიანად ახმობს მას. მიცელიუმი გადადის ყვავილის ყუნწის გზით ტოტებში და ახმობს. გამხმარი ყვავილები და ფოთლებიც შვეულად არიან დაშვებული ძირს, მცენარეზეა დიდხანს შერჩენილი და არ ცვივა. გამხმარი ყლორტები და ყვავილები ცეცხლისგან დამწვარის შთაბეჭდილებას ტოვებს განვითარებულ, გამერქნიანებულ ტოტების დაავადებისას ადგილი აქვს ქერქის სიკვდილს ნეკროზს, ქერქი იჭმუჭნება და მკვეთრად ისაზღვრება საღი ნაწილისაგან.ნაყოფის დაავადება მხოლოდ სიმწიფის პერიოდში ხდება. მასზე ჩნდება სწრაფად მზარდი მუქი ლაქა და იკავებს მთელ ნაყოფს. კურკოვნების ნაყოფი ჯერ ყავისფერი ხდება, წყლიანი კონსისტენციისაა, შემდეგ იფარება წვრილი, ნაცრისფერი და თანაბრად გაფანტული მეჭეჭებით.დამპალი ნაყოფი ნაოჭდება, მუმიფიცირდება და გამოშრება. გამომშრალი ნაყოფები ერთმანეთს მიცელიუმით შეეზრდება, ნაწილი ცვივა, ნაწილი კი ხეზეა შერჩენილი. ასეთი ნაყოფებით ხდება სოკოს გადაზამთრება.ინფექციის ძირითადი გამავრცელებლებია რინქიტები, ღერღეტები, კვირტის ცხვირგრძელა და აღმოსავლური ნაყოფჭამია. დასნებოვნება შეიძლება მოხდეს საღი და დაავადებული ნაყოფის შეხებით. ამიტომ უნდა მოხდეს ნასკვების გამეჩხერება, როცა ისინი აღწევენ ბერძნული კაკლის ზომას (ივნისში).დაავადების გამომწვევი - სპეციფიკური ჩანთიანი სოკო Monilia cinerea. სოკო გაზაფხულის ინფექციას ასკოსპორებით იწვევს. მუმიფიცირებული ნაყოფებიდან ვითარდება სოკოს ჩანთიანი სტადია ჯამნაირი აპოტეციუმების სახით. სპორები ერთუჯრედიანია და უფერული. ასნებოვნებს ხეს ყვავილობის შემდეგ და აგრძელებს მავნეობას მთელი ვეგეტაციის პერიოდში. პათოგენი ყვავილის ბუტკოს საშუალებით იჭრება ნასკვში და ვრცელდება მთელ მცენარეში ფესვთა სისტემის ჩათვლით. დაავადებულ ორგანოებზე  სოკო ნაყოფიანობას იძლევა ნაცრისფერი წვრილი მეჭეჭების სახით (კონიდიალური ნაყოფიანობა). კონიდიათმტარები ძირში ფხვიერადაა შეკრული, წვერისკენ კი ძეწკვებად ივითარებს ლიმონისებრ უფერულ კონიდიუმებს და მათი საშუალებით მრავლდება ზაფხულის განმავლობაში. სოკო იზამთრებს დაავადებული ყლორტების ქსოვილებში. დაავადების ნიშნების პირველი გამოვლენა ხდება ყვავილობის შემდეგ - ხის ცალკეული ტოტები უცებ ხმება. დაავადებული ფოთლები და ყვავილები მუქდება და ასევე ხმება. დაავადების განვითარებისას ყლორტზე ყველა ყვავილი ავადდება.პირველი დასნებოვნება ხდება ყვავილობის პერიოდში წვიმების ან ტენიანი და ნისლიანი ამინდის პირობებში. გრილი გაზაფხული გახანგრძლივებული ყვავილობის პერიოდით ხელშემწყობია დაავადების გაძლიერებული განვითარებისათვის.  ავტორები: ნინო ბოკერიასოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.Dმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი ანნა დადეგაშვილიმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტიფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი

იხილეთ სრულად

სათბურში გავრცელებული სარეველა მცენარეები

სათბური არის კონსტრუქცია,  სადაც ხდება ნერგის, ჩითილის გამოზრდა, ბოსტნეულის მოყვანა. ის მცენარეებს იცავენ ბუნების არახელსაყრელი ზემოქმედებისგან (სეტყვა, ქარი, გვალვა, წაყინვები), რადგან აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია შეიქმნას მცენარეთა განვითარებისთვის ოპტიმალური პირობები: ტემპერატურა, ტენიანობა, განათება  მაქსიმალური მოსავალის მისაღებად. სათბურში ხშირად გავრცელებულია მცენარისათვის საშიში მრავალი მავნე ორგანიზმი: სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები, მწერები, ტკიპები, სარეველა მცენარეები.  სარეველა მცენარეებიდან გავრცელებულია: ჟუნჟრუკი (Stallaria media (L.) Cyr.), ღიჭა (Sonchus  arvensis L.), ღორის ქადა (Lactuca serriola L.), ყაყაჩო (Papaver rhoeas L.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), ტყის წიწმატი (Cardamine hirsuta L.), ბაბუაწვერა  (Taraxacum officinale Wigg.), ჭინჭარი ორსახლიანი (Urtica diodica L.), რძიანა (Euphorbia L.), ბალბა (Malva sylvestris L.), მწყერფეხა (Digitaria ischaemum L.), მჟაველა (Oxalis L.), ნარი (Cirsium L.) და სხვ. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება. ჟუნჟრუკი - Stallaria media (L.) Cyr. ერთწლიანი, ბალახოვანი, ეფემერი, სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან; ფესვი - ფუნჯა; ღერო - სუსტი, მწოლარე, ცილინდრული, დატოტვილი, 10 სმ-მდე; ფოთლები - კვერცხისებური, ბოლოში წაწვეტებული; ყვავილები - პატარა, თეთრი; ყვავილობს  მაის-აგვისტოში; ნაყოფი - კოლოფი, მოგრძო ფორმის; თესლი - მომრგვალო ან თირკმლისებური, მუქი ყავისფერი ან მონაცრისფრო-ყავისფერი, სიგრძე 0.75-1.25 მმ, ერთი მცენარე იძლევა 15 000 თესლს, აღმოცენების უნარს 2-5 წლის განმავლობაში. სათბურში ფართოდ გავრცელებული და ძნელად აღმოსაფხვრელი მცენარეა. ღიჭა - Sonchus  arvensis L. მრავალწლიანი, ფესვნაყარი, აბეზარი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით  150-170 სმ; ფესვი - მთავარღერძა, ნიადაგში ვრცელდება 4 მ-ზე, ჰორიზონტალურად  1 მ-ზე; ღერო  - შებუსული ჯირკვლოვანი ბუსუსებით; ფოთლები - დაკბილული; ივითარებს ყვითელ, ბაბუაწვერას მსგავს  ყვავილებს; ნაყოფი - მოგრძო-ოვალური თესლურაა, ნაოჭიანი, ოდნავ მოხრილი, მუქი ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.2 მმ, სიგანე 0.7-1.2 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება  6 000-20 000  თესლი, სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს  5 წელიწადს. ღორის ქადა - Lactuca serriola L. ორწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესურა ვრცელდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად; ღერო - სწორმდგომი, ეკლიანი, უხეში, სიმაღლე 60 – 150 სმ, შეიცავს რძისებურ სითხეს; ფოთოლი - მჯდომარე მონაცრისფრო - მწვანე, დაკბილული; ყვავილედი - კალათა, ყვავილი წვრილი ყვითელი, ყვავილობს ივნის-სექტემბერში;  ნაყოფი - თესლურა, უკუკვერცხისებრი, ყავისფერი, თეთრი საფრენით, ჭიპი მომრგვალებული, ზედაპირი დანაოჭებული, სიგრძე 3-3.25 მმ, სიგანე 1-1.25 მმ. ყაყაჩო - Papaver rhoeas L. ერთწლიანი, ბალახოვანი, მოზამთრე, შხამიანი, აბეზარი სარეველა მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, შებუსული  30-80 სმ; ფოთოლი - ფრთისებრდანაკვთული, მონაცრისფრო-მწვანე, მორიგეობით განლაგებული; ყვავილი - ერთეული, წითელი, იშვიათად თეთრი ან ვარდისფერი,  ყვავილობა  მაისი-აგვისტო; ნაყოფი - კოლოფი, მრგვალი ან უკუკვერცხისებრი, შიშველი, სიგრძე 2.2 სმ;  თესლი თირკმლისებური, ყავისფერი მოწითალო ელფერით, სიგრძე 0.75-1 მმ, სიგანე 0.5-0.75 მმ, ნაყფომსხმოიარობა ივლისი-სექტემბერი, ერთი მცენარე ივითარებს 50 000 თესლს. სათბურში ფართოდ გავრცელებული და ძნელად აღმოსაფხვრელი მცენარეა.  ჯიჯლაყა - Amaranthus retroflexus L. ერთწლიანი საგაზაფხულო სარეველა მცენარეა ჯიჯლაყასებრთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მარტივი ან დატოტვილი, ღია მწვანედან მოწითალომდე, სიმაღლე 20-150 სმ; ფოთლები - კვერცხისებურ-რომბისებური; ყვავილედი - ცილინდრული, მწვანე ფერის, ყვავილობს ივნის-სექტემბერში; თესლი - მომრგვალო, მუქი ყავისფერი, პრიალა, დიამეტრით 1 მმ, ერთი მცენარე იძლევა 5 000 თესლს. ტყის წიწმატი - Cardamine hirsuta L. ერთი ან ორწლიანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან,  რომელიც ფუძესთან დატოტვილია; ღერო - შეუბუსავი ან ოდნავ შებუსული, 5-30 სმ სიმაღლის; ქვედა ფოთლები ყუნწიანი, თირკმლისებური, როზეტის ფოთლები 3-7 ფრთისებრდანაკვთული, ღეროს ფოთლები - მჯდომარე, გრძელი, 5-9 ფრთისებრდანაკვთული; ყვავილები - თეთრი, პატარა; ნაყოფი - ჭოტაკი, 12-25 მმ სიგრძის, გრძელი ყუნწით; თესლი - ღია ყავისფერი, მცირე ზომის; მცენარე ყვავილობს და ნაყოფს იძლევა მაისიდან აგვისტომდე. მცენარე ფართოდ არის გავრცელებული სათბურებში. ბაბუაწვერა  - Taraxacum officinale Wigg. მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი სარეველა მცენარეა  რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, 30 სმ სიმაღლის; ფოთოლი - მწვანე, ლანცეტა, დაკბილული, ფუძესთან როზეტად შეკრებილი; ყვავილედი - კალათა, ყვავილი ყვითელი, ერთეული; ყვავილობს მაის-ივნისში, ზოგჯერ გვიან შემოდგომაზეც აღინიშნება; ნაყოფს იძლევა მაისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე. თესლურა თითისტრისებური, ყავისფერი, დანაოჭებული, ზედა მხარეს მცირე ზომის ეკლიანი გამონაზარდებით, თეთრი ქოჩრით, სიგრძე  3-4 მმ, სიგანე  1.25-1.5 მმ; ერთ მცენარეზე ვითარდება 3000 – 8000 თესლი.  ბალბა - Malva sylvestris L. ორწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ბალბისებრთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, დატოტვილი, შებუსული, 30-120 სმ-მდე; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული,  გრძელი ყუნწით, 5-7 ფრთისებრდანაკვთული, ხერხისებრ დაკბილული; ყვავილი - მოვარდისფრო-იასამნისფერი 1-5 ცალის რაოდენობით ფოთლის იღლიებშია განლაგებული, ყვავილობს ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე; თესლი     მომრგვალო-თირკმლისებური, შეჭყლეტილი, გლუვი, მოყავისფრო, სიგრძე და სიგანე 1.75-2 მმ, მწიფდება არათანაბრად, აგვისტოდან ყინვების დაწყებამდე.  მწყერფეხა - Digitaria ischaemum L. ერთწლიანი, მარცვლოვანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა. ფესვი - ფუნჯა; ღერო სწორმდგომი, 10-50 სმ-მდე, შეუბუსავი, გლუვი; ფოთლები - ლანცეტა, მწვანე ან მომწვანო-იასამნისფერი; ყვავილედი - თავთავი, სიგრძე 2.2-2.5 მმ, ყვავილობს ივლისში;  მარცვალი - ელიფსური, მოყვითალო-ყავისფერი, სიგრძე 1-2.8 მმ,  თესლს იძლევა აგვისტო-სექტემბერში. ნაცარქათამა - Chenopodium album L. ერთწლიანი, ბალახოვანი, საგაზაფხულო სარეველა მცენარეა ნაცარქათმასებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მომწვანო-მონაცრისფრო, სიმაღლე 20-100 სმ; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, კვერცხისებურ-რომბისებური, დაკბილული; ყვავილედი - თავთავისმაგვარი, სიგრძე 10-40 სმ, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; თესლურა - მომრგვალო, წვრილი, შავი, დიამეტრით 1.5 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 100000 თესლი, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 8 წელიწადს.  რძიანა - Euphorbia L. მრავალწლიანი, ფესურიანი, შხამიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა რძიანასებრთა ოჯახიდან; ფესვი - ძლიერი, დატოტვილი, სქელი, ვრცელდება 4 მ-მდე; ღერო - სწორი, მარტივი, დატოტვილი ზედა ნაწილში, ნაცრისფერი, 30-70 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა ან ლანცეტისებრი, სიგრძე 2-9 სმ; ყვავილი - შეკრებილია 15 სხივური ქოლგის სახით, ყვითელი, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; ნაყოფი - კოლოფი, სამბუდიანი, მოჩალისფრო-ყავისფერი, თესლი - ოვალური, მოგრძო - კვერხცისებური, ზემოთ დიდი დანამატით, ზედაპირი გლუვი, მბზინავი, ნაცრისფერი, სიგრძე 2.5-3.25 მმ, სიგანე 1.5-2 მმ. ჭინჭარი ორსახლიანი - Urtica dioica L. მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, ძნელად აღმოსაფხვრელი სარეველა მცენარეა ჭინჭრისებრთა ოჯახიდან, 60-200 სმ სიმაღლის. ღერო  - სწორმდგომი, შებუსული;  ფოთლები - კვერცხისებურ-ლანცეტისებრი, გრძელი ყუნწით, კიდედაკბილული; ყვავილები - მოყვითალო-მწვანე, წვრილი, ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე; თესლი - კვერცხისებური, წვეროსკენ ოდნავ შევიწროებული, ფუძესთან - ფართო, ჭიპი მომრგვალო, მკაფიოდ შესამჩნევი, გლუვი, მონაცრისფრო - ყავისფერი, სიგრძე  1.25-1.75 მმ, სიგანე 0.75-1 მმ, მწიფდება ივლისიდან.   ავტორები: მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის  დოქტორი PhDსოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისდეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიისმთავარი სპეციალისტინინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის  დოქტორი PhDსოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისმცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისდეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიისმთავარი სპეციალისტი

იხილეთ სრულად

კენკროვანი კულტურების სარეველები

საქართველოში კენკროვანი კულტურები ფართოდ არის გავრცელებული, ზოგი მათგანი ველურად იზრდება, ზოგიც ადამიანს მოჰყავს, ისინი წარმოადგენენ მრავალწლიან მცენარეებს (ბუჩქებს, ნახევარბუჩქებს, ბალახებს), რომელთაც საჭმელად ვარგისი ნაყოფი კენკრა აქვთ. საქართველოში უმეტესად მოჰყავთ მარწყვი, ჟოლო, უეკლო მაყვალი,  ლურჯი მოცვი, ხურტკმელი, მოცხარი.კენკრა შეიცავს ადამიანის კვებისთვის მნიშვნელოვან ორგანულ მჟავებს, შაქარს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებსა და არომატულ ნივთიერებებს, იხმარება ნედლად, გაყინული, გამხმარი სახით; ამზადებენ მურაბას, ჯემს, კომპოტს, სასმელს, მარმელადს და სხვ.კენკროვანი კულტურების ნაყოფს სამკურნალოდ იყენებენ: მოცვს შეუძლია დაბლოკოს კიბოს უჯრედები, მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი მფრინავები ღამით მხედველობის გაუმჯობესების მიზნით მოცვს იღებდნენ; მაყვალს იყენებენ ნევროზის, სკლეროზის, ჰიპერტონიის და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, ფოთლის ნახარში გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების დროს. ჟოლო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კენკრაა, მას ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ და  კიბოს უჯრედებსაც ებრძვის.კენკროვანებს დიდ ზიანს აყენებენ სხვადასხვა მავნე ორგანიზმები (მავნებლები, დაავადებების გამომწვევები, სარეველები). კენკროვანი კულტურების სარეველებია: დედოფლისთითა (Veronica officinalis L), ჩვეულებრივი მატიტელა (Polygonum aviculare L.), მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P. B), გლერტა (Cynodon dactylon  (L.) Pers.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ნარი (Cirsium arvense L.), ღიჭა (Sonchus arvensis L.), ქუთქუთა (Thlaspi arvense L.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medic.), შალგი (Brassica campestris L.), ჟუნჟრუკი (Stallaria media (L.) Cyr.), სპერგულა (Spergula L.), Garcke), ლემა (Datura stramonium L.), ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia L.), შვიტა (Equisetum L.), ძაღლყურძენა (Solanum nigrum L.), შვრიუკა (Avena fatua L.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.),  მწყერფეხა (Digitaria ischaemum L.), რუსული ღიღილო (Centaurea cyanus L.), მინდვრის მდოგვი (Sinapis arvensis L.), ხოვერა (Galium tricorne With.), ყანის ჭლექი (Fallopia convolvulus (L.) A.Love), დანდური (Portulaca oleracea L.), თავცეცხლა  (Galeopsis tetrahit L.), გვირილა (Matricaria officinalis L.), საგველა (Apera spica-venti L.), შავთარა (Fumaria officinalis L.), ბოლოკა (Rapistrum rugosum (L.) All.) და სხვა. მინდვრის მდოგვი - Sinapis arvensis L.ერთწლიანი, ბალახოვანი, ფართოფოთლიანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ღერო - სწორმდგომი, კუთხოვანი, დატოტვილი, შებუსული, სიმაღლე 10-100 სმ; ფოთლები - მჯდომარე, მოგრძო კვერცხისებრი, დაკბილული, ბოლოწაწვეტებული; ყვავილი - ყვითელი, გვირგვინის ფურცლები ფართო კვერცხისებური, ყვავილობს მაის-ივნისში; ნაყოფი - ჭოტი, ცილინდრული, შიშველი ან ოდნავ შებუსული, თესლი მწიფდება ივლის-აგვისტოში, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს ნიადაგში 10 წელიწადს, ერთი მცენარე ივითარებს 1200-2000 ცალ თესლს. თავცეცხლა - Galeopsis tetrahit L.ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, დატოტვილი; ღერო - ძლიერ დატოტვილი, დაფარული უხეში ბუსუსებით, სიმაღლით  50 სმ; ფოთლები - მოგრძო-კვერცხისებური, წაწვეტებული, დაკბილული კიდეებით; ყვავილები - მოვარდისფრო იასამნისფერი ან თეთრი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - კაკლუჭა, ერთ მცენარეზე ვითარდება 100-600 თესლი, სიცოცხლისუნარიანობა - 14 წელია. ხოვერა - Galium tricorne With.ერთწლიანი, ბალახოვანი, მხოხავი სარეველა მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან, სიგრძით 10-60 სმ; ღერო - მარტივი, მხოხავი, ოთხწახნაგიანი; ფოთლები - ხაზურა-ლანცეტისებური, რგოლებად შეკრებილი; ყვავილი - მოთეთრო, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - კაკლუჭა, მრგვალი, ყავისფერი, ბორცვიანი, დიამეტრით 2-3.5 მმ, თესლი - მრგვალი, კაკლუჭისმაგვარი. ავშანფოთლიანი ამბროზია - Ambrosia artemisiifolia L.ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა  ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, ნიადაგში აღწევს 4 მ-მდე; ღერო - სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, 0.1-2.5 მ სიმაღლის; ფოთლები - ერთი ან ორმაგ ფრთისებრდანაკვთული, ქვედა მხრიდან შებუსული; ყვავილები - ყვითელი, კალათად შეკრებილი ყვავილობა - ივლისის ბოლო, აგვისტო; ნაყოფს იძლევა სექტემბერ - ოქტომბერში. მტვერი იწვევს ადამიანის ალერგიულ რეაქციებს. ბოლოკა - Rapistrum rugosum (L.) All.ერთწლიანი, მოზამთრე სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, ძლიერი; ღერო - სწორი, სუსტად დაღარული, დატოტვილი 30-100 სმ სიმაღლის; ფესვთან მდებარე ფოთლები, ყუნწიანია, მუქი მწვანე, ზოგჯერ მოწითალო ელფერით, ზედა ფოთლები, მოგრძო ლანცეტისებური ან ოვალური დაკბილული; ყვავილი - ყვითელი ფერის, ღეროს ბოლოში განლაგებული, ყვავილობს მაის-აგვისტოში; ნაყოფი - ჭოტაკი შედგება ორი ნაწილისგან, ზედა - მომრგვალო კაკლუჭაა, ქვედა ცილინდრული, ზედაპირი დანაოჭებული, ნაცრისფერ-ჩალისფერი, ხშირად შავი წერტილებით. ძაღლყურძენა - Solanum nigrum L.ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი - ფუნჯა; ღერო - სწორი, დატოტვილი, 30-120 სმ სიმაღლის; ფოთლები - მარტივი, მორიგეობით განლაგებული, ოვალურ - კვერცხისებური, დაკბილული; ყვავილები - თეთრი, ვარსკვლავისებური, შეკრული ნახევარქოლგად, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე; ნაყოფი - შავი, წვნიანი კენკრა, მრგვალი, 1 სმ დიამეტრის, მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში. რუსული ღიღილო - Centaurea cyanus L.ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა, წვრილი; ღერო - სწორი, დაღარული, სიმაღლე 15-10 სმ; ფოთლები -ლანცეტისებრი, მჯდომარე, შებუსული; ყვავილი - ლურჯი, მოლურჯო- იასამნისფერი დიამეტრით 3 სმ, ყვავილობს ივნის-სექტემბერში;  თესლურა მწიფდება აგვისტოში. გვირილა - Matricaria officinalis L.ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან სპეციფიკური სუნით; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - შიშველი, შეუბუსავი, სიმაღლე 15-60 სმ, ძირიდან დატოტვილი; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, ორმაგფრთისებრ დანაკვთული; ყვავილედი - კალათა, დიამეტრით 25 მმ; ნაყოფი - ცილინდრული თესლურა ოდნავ მოხრილი, გვერდებთან შეჭყლეტილი, ერთ მცენარეზე ვითარდება 5000 თესლი.

იხილეთ სრულად

ხეხილის სარეველები

მეხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია; თესლოვანი ხეხილიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია: ვაშლი და მსხალი, ხოლო კურკოვანებიდან: ატამი, ქლიავი, ვაშლატამა, ალუჩა, ბალი, ალუბალი, გარგარი.ხეხილს აქვს კვებითი და დიეტური ღირებულება,  მათი ნაყოფები შეიცავენ ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, პექტინოვან, მთრიმლავ ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ანტიბიოტიკებს, რაც აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას;  მათი ნაკლებობა კვების რაციონში იწვევს სერიოზულ დაავადებებს, მაგალითად, ვაშლში დადგენილია ქიმიური ნაერთების არსებობა, რომლებიც ბოჭავენ ადამიანისთვის მავნე რადიაქტიურ ნივთიერებებს და უზრუნველყოფენ მათ გამოყოფას ორგანიზმიდან. ხეხილის ნაყოფები გამოიყენება როგორც ნედლი სახით, ისე გადამამუშავებელ მრეწველობაში, ამზადებენ წვენებს, ხილფაფას, მურაბას, ჩირს, ცუკატებს, ჟელეს, ჯემს, კომპოტს, ასევე მზადდება მსხლის თაფლი (ბექმეზი), ხოლო ვაშლის ჯიში „ანტონოვკა“ ვარგისია დასამწნილებლად. ხეხილს დიდ ზიანს აყენებენ სხვადასხვა მავნე ორგანიზმები (მავნებლები, დაავადებების გამომწვევები, სარეველები). თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის ბაღებში გავრცელებული სარეველებია: ჟუნჟრუკი (Stallaria media (L.) Cyr.), სპერგულა (Spergula  L.),  თეთრი სასტვენა (Melandrium album (Mill.) Garcke), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medic.), ძაღლყურძენა (Solanum nigrum L.), ცოცხა-ბალახი (Apera spica-venti (L.) P. B.), მწყერფეხა (Digitaria ischaemum L.), შავთარა (Fumaria officinalis L.), ბოლოკა (Rapistrum rugosum (L.) All.), შალგი (Brassica campestris L), ლემა (Datura stramonium L.),  ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia L.), შვიტა (Equisetum  L.), შვრიუკა (Avena fatua L.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), გვირილა (Matricaria L.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), დედოფლისთითა (Veronica arvensis L.), მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P. B.),   ნარი (Cirsium arvense L.), ჩვეულებრივი მატიტელა (Polygonum aviculare L.), გლერტა (Cynodon dactylon  (L.) Pers.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ღიჭა (Sonchus  arvensis L.), ქუთქუთა (Thlaspi arvense L.) და სხვა.ჟუნჟრუკი - Stallaria media (L.) Cyr.ერთწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან; ფესვი - ფუნჯა; ღერო - სუსტი, მწოლიარე, ცილინდრული, დატოტვილი, 10 სმ-მდე; ფოთლები - კვერცხისებური, ბოლოში წაწვეტებული; ყვავილები - მცირე ზომის, თეთრი, ყვავილობს მაისიდან აგვისტოს ბოლომდე; ნაყოფი - კოლოფი, მოგრძო ფორმის; ერთი მცენარე იძლევა 15 000 თესლს, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 2-5 წლის განმავლობაში.სპერგულა - Spergula  L.ერთწლიანი, ბალახოვანი  სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან, 15-20 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა; ყვავილები - მცირე ზომის, თეთრი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი - კოლოფი, კვერცხისებური ფორმის; მცენარე უპირატესობას ანიჭებს მჟავე და ტენიან ნიადაგებს.   ცოცხა-ბალახი  - Apera spica-venti (L.) P. B.საშემოდგომო, ერთწლიანი, ბალახოვანი, მარცვლოვანი სარეველა მცენარეა; ფესვი - ფუნჯა; ღერო - სწორი, სიმაღლე 30-125 სმ; ფოთოლი  - ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - საგველა; მარცვალი - ლანცეტისებრ-კვერცხისებური, ვიწრო, ღრმა ღარით, სიგრძე 2.4-0.6 მმ, სიცოცხლისუნარიანობა 1-4 წელია, აღმოცენდება შემოდგომაზე, უპირატესობას ანიჭებს მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებს. თეთრი სასტვენა -  Melandrium album (Mill.) Garckeორწლიანი, შხამიანი სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, შებუსული,  30-100 სმ; ფოთლები  - მოპირდაპირედ განლაგებული, მოგრძო-ლანცეტისებრი; ყვავილები - თეთრი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - კოლოფი კვერცხისებური ფორმის;  ერთი მცენარე ივითარებს 6000 თესლს.შალგი - Brassica campestris L.მრავალწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო -  სწორი, დატოტვილი, შიშველი ან ოდნავ შებუსული, სიმაღლე 30-80 სმ; ფოთლები - მოგრძო გულისებრი, დაკბილული; ყვავილები - მოყვითალო-ოქროსფერი, ერთად შეკრებილი; ნაყოფი - ჭოტაკი, მოგრძო, ერთი მცენარე ივითარებს 10 000 თესლს.შავთარა  - Fumaria officinalis L.ერთწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა შავთარასებრთა ოჯახიდან; ღერო - სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, სიმაღლე 20-30 სმ, ფოთლები  - ორმაგფრთისებრდანაკვთული, მორიგეობით განლაგებული; ყვავილი - მოვარდისფრო-იასამნისფერი, სიგრძე  7–9 მმ,  ყვავილობს ივნისიდან ოქტომბრამდე; ნაყოფი -  კაკლუჭა ზემოთ შეჭყლეტილი, ნაოჭიანი, მონაცრისფრო - ყავისფერი, ერთ მცენარეზე ვითარდება 1500 თესლი. ლემა - Datura stramonium L.ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი - მთავარღერძა, დატოტვილი, ძლიერი; ღერო - სწორი, დატოტვილი,  1.5 მ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, კვერცხისებური, დაკბილული, წვეროში წაწვეტებული, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა მხრიდან მონაცრისფრო; ყვავილები - ერთეული, კენწრული ან ფოთლის უბესთან განვითარებული, თეთრი, დიდი ზომის,  არასასიამოვნო სუნით, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - ოთხბუდიანი კოლოფი, დაფარული ეკლებით; ერთ კოლოფში მწიფდება 500-800 თესლი, ერთ მცენარეზე ვითარდება 25-45 ათასი თესლი. დედოფლისთითა - Veronica arvensis L.ერთწლიანი ან ორწლიანი,  ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან; ღერო - მხოხავი, შებუსული, დატოტვილი, სიგრძით 5-30 სმ; ფოთლები - მოპირდაპირედ ან მორიგეობით განლაგებული, მოკლე ყუნწიანი გულისებურ- კვერცხისებრი; ყვავილი - ღია ცისფერი, ყვავილობს გაზაფხულიდან შემოდგომამდე; ნაყოფი -კოლოფი უკუკვერცხისებრი, სიგრძე 3-4 მმ,  ნაყოფს იძლევა ივლისიდან.მხოხავი ჭანგა - Agropyrum repens (L.) P. B.მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი, ძლიერ საშიში სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესურა - გრძელი, ვრცელდება, როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად  5-15 სმ-მდე; ღერო  -  სწორი, სიმაღლე 40 -150 სმ; ფოთოლი - შიშველი, ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - რთული თავთავი. გლერტა - Cynodon dactylon  (L.) Pers.მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან 15-50 სმ სიმაღლის; ღერო დატოტვილი, სწორი;  ფოთლები ლანცეტისებრი, უხეში; ყვავილედი  - თავთავი წვრილი; მარცვალი ოვალურ - კვერცხისებრი, ყავისფერი, სიგრძე 1.25-1.75 მმ, ერთი მცენარე იძლევა 10000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს.  წიწმატურა - Capsella bursa-pastoris (L.) Medic.ერთწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მარტივი, დატოტვილი, სიმაღლე 20-60 სმ; ფოთოლი - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, მოგრძო-ლანცეტისებრი; ყვავილი - წვრილი, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - ჭოტაკი, სიგრძე 5-8 მმ, გულისებრი. ავტორები: ნინო დათუკიშვილისოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი მაია გიორბელიძესოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი 

იხილეთ სრულად