სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

მონილიოზი ანუ ნაყოფის სიდამპლე

დაავადებას იწვევს Monilia-ს გვარის პარაზიტული სოკოები.

ფართოდაა გავრცელებული თესლოვანთა და კურკოვანთა  ნაყოფის სიდამპლე. ავადდება თესლოვნების: ვაშლის, მსხლის,  კომშის, აგრეთვე კურკოვნების: ატმის, ნექტარინის, გარგარის,  ქლიავის, ალუბლის, ბლის, ალუჩის,  ნუშის, ნაყოფები. იგი აავადებს არა მარტო ნაყოფს, არამედ სანაყოფე ტოტს, ყვავილს და ყლორტს, რომლებიც დაავადებისთანავე ხმება.

 

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

ტემპერატურა 14-160C
ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 90-97%-ის ფარგლებში.

 

Monilia mali აავადებს ვაშლის როგორც მკვახე, ისე მწიფე ნაყოფებს. სოკოს სპორა ხვდება ნაყოფის დაზიანების ადგილას (უმთავრესად ნაყოფჭამიებით), იძლევა წინაზრდილს, რომელიც თანდათან ვრცელდება ნაყოფის რბილობში. ნაყოფი იცვლის ფერს: ჯერ დაზიანებული ადგილი ოდნავ გამუქდება, შემდეგ ბაცი ყავისფერი ხდება და დაზიანება ვრცელდება ნაყოფის რბილობის ქსოვილში. იგი გათუთქულს ემსგავსება. ვაშლის ნაყოფების კანქვეშ პატარა მეჭეჭების სახით ვითარდება კონიდიალური ნაყოფიანობა. ვაშლის ნაყოფის კანი ირღვევა და მის ზედაპირზე ჯერ ბაცი ყვითელი, ხოლო შემდეგ ყავისფერი მოზრდილი მეჭეჭები გამოდის. მეჭეჭები კონცენტრირებულად არის განლაგებული დაავადებულ ნაყოფზე. მეჭეჭი შედგება სტრომის მსგავსად შეკრული ჰიფებისაგან, რომლებიც ფუძეს ქმნის და მის წვერზე განვითარებულია ძეწკვებად შეკრული ლიმონისებრი კონიდიუმები. ზაფხულის განმავლობაში სოკო ვრცელდება კონიდიუმების საშუალებით. ზოგჯერ დაავადებულ ნაყოფზე მეჭეჭები საერთოდ არ წარმოიქმნება და დამპალი ნაყოფი შავდება, გამოივსება უნაყოფო მიცელიუმით და მუმიფიცირდება. ნაყოფი მთლად გაშავებულია, ზედაპირი მოკრიალდება და ბოლოს იჭმუჭნება, ჭკნება. დაავადების ამ ფორმას შავ სიდაპლეს უწოდებენ. დაავადებული ნაყოფები ან ცვივა ან ხეზევე რჩება.

 

ნაყოფებზე მეჭეჭების განვითარების შემთხვევაში გაზაფხულზე კონიდიალური ნაყოფიანობა ახლდება. შავი სიდაპლის სტადიის შემთხვევაში კი ხეზე მუმიფიცირებულ ნაყოფებში ან ნიადაგში გამოზამთრებული სოკო ივითარებს ჯამისებრ, გრძელფეხიან აპოტეციუმებს (ჩანთიანი სტადია). აპოტეციუმებში განვითარებული ჩანთებიდან გამოსული ასკოსპორები ადრე გაზაფხულზე მოხვდებიან ახალგაზრდა ნაყოფებზე და იწვევენ ახალ ინფექციას.

 

დაავადების ხელშემწყობი პირობებია სინოტივე, ტემპერატურა. დაავადების გავრცელდბას ხელს უწყობენ მწერები: რინქიტები, ნაყოჭამიები.
ვაშლის მონილიოზი ფოთლებსა და სანაყოფე კვირტებს აზიანებს. ყლორტი ხმება. დაავადება ყუნწის გზით ტოტზე გადადის.დაავადება ვრცელდება სპორებით, რომელიც მცენარეში იჭრება უმეტესად მექანიკური დაზიანების ადგილიდან. სპორები ვრცელდება ქარის, წვიმის, მწერების, განსაკუთრებით რინქიტების საშუალებით.

Monilia cydoniae აზიანებს კომშის  ნაყოფს, ყლორტს, სანაყოფე ტოტსა და ყვავილს.

კურკოვანი კულტურების-ატმის, ნექტარინის, ალუბლის, ბლის, ქლიავის,გარგარის, ნუშისა და სხვა კურკოვნების ნაყოფის სიდამპლეს იწვევს სპეციალიზირებული პათოგენური სოკო Monilia cinerea, ავადდება, აგრეთვე ყლორტი, ყვავილი, სანაყოფე ტოტი.

კურკოვნების მონილიოზი (ნაყოფის სიდამპლე) საკმაოდ გავრცელებული და მავნეობის მომტანი დაავადებაა. გაზაფხულზე დაავადების განვითარებისათვის დამახასიათებელია ყვავილების, ფოთლების, ახალგაზრდა სანაყოფე ტოტების და ერთწლიანი ყლორტების გამუქება და ხმობა. ნასკვის ფორმირების შემდეგ დაავადებისას იგი ხმება. ზაფხულის განმავლობაში ყლორტები და ცალკეული ტოტებიც კი ხმება.
ყვავილების დაავადება მეტად სწრაფად მიმდინარეობს. დაავადება შეიჭრება ნასკვიდან ან ყვავილის რომელიმე სხვა ადგილიდან, იწვევს ყვავილის ჭკნობას და მთლიანად ახმობს მას. მიცელიუმი გადადის ყვავილის ყუნწის გზით ტოტებში და ახმობს. გამხმარი ყვავილები და ფოთლებიც შვეულად არიან დაშვებული ძირს, მცენარეზეა დიდხანს შერჩენილი და არ ცვივა. გამხმარი ყლორტები და ყვავილები ცეცხლისგან დამწვარის შთაბეჭდილებას ტოვებს განვითარებულ, გამერქნიანებულ ტოტების დაავადებისას ადგილი აქვს ქერქის სიკვდილს ნეკროზს, ქერქი იჭმუჭნება და მკვეთრად ისაზღვრება საღი ნაწილისაგან.

ნაყოფის დაავადება მხოლოდ სიმწიფის პერიოდში ხდება. მასზე ჩნდება სწრაფად მზარდი მუქი ლაქა და იკავებს მთელ ნაყოფს. კურკოვნების ნაყოფი ჯერ ყავისფერი ხდება, წყლიანი კონსისტენციისაა, შემდეგ იფარება წვრილი, ნაცრისფერი და თანაბრად გაფანტული მეჭეჭებით.დამპალი ნაყოფი ნაოჭდება, მუმიფიცირდება და გამოშრება. გამომშრალი ნაყოფები ერთმანეთს მიცელიუმით შეეზრდება, ნაწილი ცვივა, ნაწილი კი ხეზეა შერჩენილი. ასეთი ნაყოფებით ხდება სოკოს გადაზამთრება.

ინფექციის ძირითადი გამავრცელებლებია რინქიტები, ღერღეტები, კვირტის ცხვირგრძელა და აღმოსავლური ნაყოფჭამია. დასნებოვნება შეიძლება მოხდეს საღი და დაავადებული ნაყოფის შეხებით. ამიტომ უნდა მოხდეს ნასკვების გამეჩხერება, როცა ისინი აღწევენ ბერძნული კაკლის ზომას (ივნისში).

დაავადების გამომწვევი - სპეციფიკური ჩანთიანი სოკო Monilia cinerea. სოკო გაზაფხულის ინფექციას ასკოსპორებით იწვევს. მუმიფიცირებული ნაყოფებიდან ვითარდება სოკოს ჩანთიანი სტადია ჯამნაირი აპოტეციუმების სახით. სპორები ერთუჯრედიანია და უფერული. ასნებოვნებს ხეს ყვავილობის შემდეგ და აგრძელებს მავნეობას მთელი ვეგეტაციის პერიოდში. პათოგენი ყვავილის ბუტკოს საშუალებით იჭრება ნასკვში და ვრცელდება მთელ მცენარეში ფესვთა სისტემის ჩათვლით. დაავადებულ ორგანოებზე  სოკო ნაყოფიანობას იძლევა ნაცრისფერი წვრილი მეჭეჭების სახით (კონიდიალური ნაყოფიანობა). კონიდიათმტარები ძირში ფხვიერადაა შეკრული, წვერისკენ კი ძეწკვებად ივითარებს ლიმონისებრ უფერულ კონიდიუმებს და მათი საშუალებით მრავლდება ზაფხულის განმავლობაში. 

სოკო იზამთრებს დაავადებული ყლორტების ქსოვილებში. დაავადების ნიშნების პირველი გამოვლენა ხდება ყვავილობის შემდეგ - ხის ცალკეული ტოტები უცებ ხმება. დაავადებული ფოთლები და ყვავილები მუქდება და ასევე ხმება. დაავადების განვითარებისას ყლორტზე ყველა ყვავილი ავადდება.

პირველი დასნებოვნება ხდება ყვავილობის პერიოდში წვიმების ან ტენიანი და ნისლიანი ამინდის პირობებში. გრილი გაზაფხული გახანგრძლივებული ყვავილობის პერიოდით ხელშემწყობია დაავადების გაძლიერებული განვითარებისათვის.

 

 

ავტორები:

 

ნინო ბოკერია

სოფლის მეურნეობის დოქტორი Ph.D
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი

 

ანნა დადეგაშვილი

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი