სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ხეხილის სარეველები

მეხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია; თესლოვანი ხეხილიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია: ვაშლი და მსხალი, ხოლო კურკოვანებიდან: ატამი, ქლიავი, ვაშლატამა, ალუჩა, ბალი, ალუბალი, გარგარი.
ხეხილს აქვს კვებითი და დიეტური ღირებულება,  მათი ნაყოფები შეიცავენ ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, პექტინოვან, მთრიმლავ ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ანტიბიოტიკებს, რაც აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას;  მათი ნაკლებობა კვების რაციონში იწვევს სერიოზულ დაავადებებს, მაგალითად, ვაშლში დადგენილია ქიმიური ნაერთების არსებობა, რომლებიც ბოჭავენ ადამიანისთვის მავნე რადიაქტიურ ნივთიერებებს და უზრუნველყოფენ მათ გამოყოფას ორგანიზმიდან. ხეხილის ნაყოფები გამოიყენება როგორც ნედლი სახით, ისე გადამამუშავებელ მრეწველობაში, ამზადებენ წვენებს, ხილფაფას, მურაბას, ჩირს, ცუკატებს, ჟელეს, ჯემს, კომპოტს, ასევე მზადდება მსხლის თაფლი (ბექმეზი), ხოლო ვაშლის ჯიში „ანტონოვკა“ ვარგისია დასამწნილებლად. 
ხეხილს დიდ ზიანს აყენებენ სხვადასხვა მავნე ორგანიზმები (მავნებლები, დაავადებების გამომწვევები, სარეველები). თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის ბაღებში გავრცელებული სარეველებია: ჟუნჟრუკი (Stallaria media (L.) Cyr.), სპერგულა (Spergula  L.),  თეთრი სასტვენა (Melandrium album (Mill.) Garcke), წიწმატურა (Capsella bursa-pastoris (L.) Medic.), ძაღლყურძენა (Solanum nigrum L.), ცოცხა-ბალახი (Apera spica-venti (L.) P. B.), მწყერფეხა (Digitaria ischaemum L.), შავთარა (Fumaria officinalis L.), ბოლოკა (Rapistrum rugosum (L.) All.), შალგი (Brassica campestris L), ლემა (Datura stramonium L.),  ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia L.), შვიტა (Equisetum  L.), შვრიუკა (Avena fatua L.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.), ნაცარქათამა (Chenopodium album L.), გვირილა (Matricaria L.), ჯიჯლაყა (Amaranthus retroflexus L.), დედოფლისთითა (Veronica arvensis L.), მხოხავი ჭანგა (Agropyrum repens (L.) P. B.),   ნარი (Cirsium arvense L.), ჩვეულებრივი მატიტელა (Polygonum aviculare L.), გლერტა (Cynodon dactylon  (L.) Pers.), ხვართქლა (Convolvulus arvensis L.), ღიჭა (Sonchus  arvensis L.), ქუთქუთა (Thlaspi arvense L.) და სხვა.




ჟუნჟრუკი - Stallaria media (L.) Cyr.

ერთწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან; ფესვი - ფუნჯა; ღერო - სუსტი, მწოლიარე, ცილინდრული, დატოტვილი, 10 სმ-მდე; ფოთლები - კვერცხისებური, ბოლოში წაწვეტებული; ყვავილები - მცირე ზომის, თეთრი, ყვავილობს მაისიდან აგვისტოს ბოლომდე; ნაყოფი - კოლოფი, მოგრძო ფორმის; ერთი მცენარე იძლევა 15 000 თესლს, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 2-5 წლის განმავლობაში.



სპერგულა - Spergula  L.

ერთწლიანი, ბალახოვანი  სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან, 15-20 სმ სიმაღლის; ფოთლები - ხაზურა; ყვავილები - მცირე ზომის, თეთრი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი - კოლოფი, კვერცხისებური ფორმის; მცენარე უპირატესობას ანიჭებს მჟავე და ტენიან ნიადაგებს.  

 

ცოცხა-ბალახი  - Apera spica-venti (L.) P. B.

საშემოდგომო, ერთწლიანი, ბალახოვანი, მარცვლოვანი სარეველა მცენარეა; ფესვი - ფუნჯა; ღერო - სწორი, სიმაღლე 30-125 სმ; ფოთოლი  - ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - საგველა; მარცვალი - ლანცეტისებრ-კვერცხისებური, ვიწრო, ღრმა ღარით, სიგრძე 2.4-0.6 მმ, სიცოცხლისუნარიანობა 1-4 წელია, აღმოცენდება შემოდგომაზე, უპირატესობას ანიჭებს მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებს.

 

თეთრი სასტვენა -  Melandrium album (Mill.) Garcke

ორწლიანი, შხამიანი სარეველა მცენარეა მიხაკისებრთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, შებუსული,  30-100 სმ; ფოთლები  - მოპირდაპირედ განლაგებული, მოგრძო-ლანცეტისებრი; ყვავილები - თეთრი, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - კოლოფი კვერცხისებური ფორმის;  ერთი მცენარე ივითარებს 6000 თესლს.



შალგი - Brassica campestris L.

მრავალწლიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან. ფესვი - მთავარღერძა; ღერო -  სწორი, დატოტვილი, შიშველი ან ოდნავ შებუსული, სიმაღლე 30-80 სმ; ფოთლები - მოგრძო გულისებრი, დაკბილული; ყვავილები - მოყვითალო-ოქროსფერი, ერთად შეკრებილი; ნაყოფი - ჭოტაკი, მოგრძო, ერთი მცენარე ივითარებს 10 000 თესლს.



შავთარა  - Fumaria officinalis L.

ერთწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა შავთარასებრთა ოჯახიდან; ღერო - სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, სიმაღლე 20-30 სმ, ფოთლები  - ორმაგფრთისებრდანაკვთული, მორიგეობით განლაგებული; ყვავილი - მოვარდისფრო-იასამნისფერი, სიგრძე  7–9 მმ,  ყვავილობს ივნისიდან ოქტომბრამდე; ნაყოფი -  კაკლუჭა ზემოთ შეჭყლეტილი, ნაოჭიანი, მონაცრისფრო - ყავისფერი, ერთ მცენარეზე ვითარდება 1500 თესლი.

 

ლემა - Datura stramonium L.

ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველა მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდებს; ფესვი - მთავარღერძა, დატოტვილი, ძლიერი; ღერო - სწორი, დატოტვილი,  1.5 მ სიმაღლის; ფოთლები - მორიგეობით განლაგებული, კვერცხისებური, დაკბილული, წვეროში წაწვეტებული, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა მხრიდან მონაცრისფრო; ყვავილები - ერთეული, კენწრული ან ფოთლის უბესთან განვითარებული, თეთრი, დიდი ზომის,  არასასიამოვნო სუნით, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი - ოთხბუდიანი კოლოფი, დაფარული ეკლებით; ერთ კოლოფში მწიფდება 500-800 თესლი, ერთ მცენარეზე ვითარდება 25-45 ათასი თესლი.

 

დედოფლისთითა - Veronica arvensis L.


ერთწლიანი ან ორწლიანი,  ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან; ღერო - მხოხავი, შებუსული, დატოტვილი, სიგრძით 5-30 სმ; ფოთლები - მოპირდაპირედ ან მორიგეობით განლაგებული, მოკლე ყუნწიანი გულისებურ- კვერცხისებრი; ყვავილი - ღია ცისფერი, ყვავილობს გაზაფხულიდან შემოდგომამდე; ნაყოფი -კოლოფი უკუკვერცხისებრი, სიგრძე 3-4 მმ,  ნაყოფს იძლევა ივლისიდან.


მხოხავი ჭანგა - Agropyrum repens (L.) P. B.

მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი, ძლიერ საშიში სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესურა - გრძელი, ვრცელდება, როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად  5-15 სმ-მდე; ღერო  -  სწორი, სიმაღლე 40 -150 სმ; ფოთოლი - შიშველი, ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი - რთული თავთავი.

 

გლერტა - Cynodon dactylon  (L.) Pers.

მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან 15-50 სმ სიმაღლის; ღერო დატოტვილი, სწორი;  ფოთლები ლანცეტისებრი, უხეში; ყვავილედი  - თავთავი წვრილი; მარცვალი ოვალურ - კვერცხისებრი, ყავისფერი, სიგრძე 1.25-1.75 მმ, ერთი მცენარე იძლევა 10000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს. 

 

წიწმატურა - Capsella bursa-pastoris (L.) Medic.

ერთწლიანი, ბალახოვანი, სარეველა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ფესვი - მთავარღერძა; ღერო - სწორი, მარტივი, დატოტვილი, სიმაღლე 20-60 სმ; ფოთოლი - მორიგეობით განლაგებული, მჯდომარე, მოგრძო-ლანცეტისებრი; ყვავილი - წვრილი, ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე; ნაყოფი - ჭოტაკი, სიგრძე 5-8 მმ, გულისებრი.

 

ავტორები:

 

ნინო დათუკიშვილი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

 

მაია გიორბელიძე
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი